კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ვინ შეაბა ჭიშკარი ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში დარიალის გადმოსასვლელს და ვის ხელში იყო მისი გახსნის უფლება

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ფარნავაზ მეფის შვილს, მეფე საურმაგს ვაჟი არ ჰყავდა. მის მერე ტახტზე ავიდა მისი სიძე, ასულის ქმარი, სამშვილდის ერისთავი მირიანი (მირვანი) – „ნებროთის შთამომავალი“, საურმაგის ცოლის დედის დისწული, რომელიც ნაშვილები ჰყავდა მეფე-სიმამრს და მემკვიდრედ გამოცხადებული. იმ დროს, ბაგრატიონებამდე, სამეფო მემკვიდრეობა ქალით კი გადადიოდა, თუმცა, ისევე როგორც ბაგრატიონების დროს, ტახტზე ქალი ვერ ავიდოდა (გამონაკლისია თამარ მეფე, ამაზე სხვა დროს). სამეფოს მხედართმთავარი სჭირდებოდა, ქალი კი ჯარს ვერ წარუძღვებოდა ბრძოლაში. ამგვარად, საურმაგ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის (იბერიის) და თითქმის მთელი საქართველოს მეფე გახდა ფარნავაზის შვილიშვილის, მეფე საურმაგის ასულის,    ქმარი – მირიანი. თეიმურაზ ბაგრატიონის თქმით, იმ დროს მთელი ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ქართველ მეფეს ემორჩილებოდა.
იბერიის სამეფო ოჯახს ნათესაობა ჰქონდა დურძუკთა მთავრებთან, ფარნავაზის მეუღლე იყო დურძუკი ქალი. დურძუკებს, ძურძუკებს უწოდებდნენ დღევანდელი ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრებს, ვაინახების წინაპრებს. გარდა დურძუკებისა, ქართლის სამეფო ოჯახს ნათესაობა ჰქონდა ეგრისის ერისთავთა ოჯახთან. ფარნავაზმა ეგრისის მთავარს  - ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონას, კეთილშობილ და ქვეყნის ერთიანობისათვის საკუთარი ინტერესების დამთმობს, ქუჯის და მიათხოვა ცოლად. შემდეგში ქუჯისა და ფარნავაზის დის ვაჟს, თავის მამიდაშვილს, საურმაგმაც მიათხოვა თავისი ასული (ქრისტიანობამდე ნათესავთა შორის ქორწინება, როგორც ჩანს, აკრძალული არ ყოფილა). ამრიგად, ქუჯის შთამომავლები ფარნავაზიანებადაც ითვლებოდნენ, რადგან გვარი ქალითაც გადადიოდა სამეფო ოჯახში და ტახტზე პრეტენზია ჰქონდათ.
თეიმურაზ ბაგრატიონი ასე ახასიათებს მირიან პირველს: „მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი, უხვი, მოწყალე და კეთილის-მოყვარე და მეფობდა კეთილად“. ქართლის სამეფო დაკავშირებული ყოფილა რეგიონში არსებულ, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს, სელევკიდების ელინისტურ სახელმწიფოსთან. თვითონ ფარნავაზი დაუკავშირდა სელევკიდების სამეფოს და მოიპოვა მათი მხარდაჭერა. თუმცა, იმ ხანებში შედარებით დასუსტდა სელევკიდების სამეფო.
მირიანი ტახტზე უნდა ასულიყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 162 წელს. მეფეთა ცხოვრება მოგვითხრობს, რომ მირიანის მეფობისას დურძუკებმა დაივიწყეს ფარნავაზისა და მისი შთამომავლებისადმი სიყვარული და შემოჭრილან საქართველოში. მათ შეერთებიან ჭართალელნი, რომელნიც ცხოვრობდენ მთიულეთის არაგვის შუა წელზე. ჭართალს ესაზღვრებოდა ბაზალეთი. ჭართალელებსა და დურძუკებს დაურბევიათ ბაზალეთი და მერე კახეთში შეჭრილან. მირიან მეფემ მოუწოდა იბერიის ერისთავებს და შეკრიბა ჯარი. მთელმა კავკასიამ ერთგულება გამოუცხადა ქართველთა ხელმწიფეს. დაამარცხა მირვანმა ჭართალელები და გადავიდა დურძუკეთში. დურძუკები ციხე-სიმაგრეებსა და ვიწრო ხეობებში იყვნენ გამაგრებულები.
ქართველთა ჯარი მირიან მეფის წინამძღოლობით მიადგა დურძუკთა მთავარ სიმაგრეს. „მეფეთა ცხოვრება“ მოგვითხრობს: „მირვანს ვერ ჰკვეთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა, და დგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა (ომი) მათ შორის. მიუდგეს უკან ქართველნი, მოსრნეს და ტყვე ქმნეს“. შევიდა ჩვენი ხელმწიფე დურძუკეთში, მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალი. ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელ ვიწრო უღელტეხილზე ქვითკირის ციხე ააშენა და უწოდაო „დარუბალ“ (თეიმურაზ ბაგრატიონს თავისი წიგნის, „ივერიის ისტორიის“,  შენიშვნებში უწერია: „(ვახტანგის მოთხრობით)... შეაბნა შესავალსა დურძუკეთისასა კარნი და მოქმნნა იგი მტკიცედ ქვიტკირითა და უწოდა სახელად დარუბანდ“.
მართალია ტექსტებში წერია „დარუბალ“ და „დარუბანდი“, მაგრამ აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს დარუბანდ-დერბენტზე, კასპიის ზღვისპირა გადმოსასვლელზე ჩრდილო კავკასიიდან. უფრო სწორი იქნება, ვიგულისხმოთ, რომ ლაპარაკია არაგვის კარზე, დარიალის სახელით რომ ვიცნობთ, რომელსაც ვითომდა, ალანების გამო ერქვა დარიალი („დარი ალან“ - კარი ალანებისა). ალანთა კარი უფრო მოგვიანებით ეწოდა (ან გაიგივდა). „დარბანდ“ სპარსულად ნიშნავს „დახშულ კარს“. ალბათ, იგულისხმება, რომ კავკასიის ქედის შუა წელზე „დახშული კარი“ შექმნა მირიანმა, რომელსაც მერე „დარიალანი“ უწოდეს. ჭართალი დარიალის ხეობასთანაა ახლოს და დარიალთან ახლოს ცხოვრობდნენ დურძუკებიც. თვითონ თეიმურაზ ბაგრატიონი დარუბანდ-დერბენტის კარის შექმნას უფრო ადრეულ პერიოდს უკავშირებს თავისავე წიგნში და სიტყვა დარუბანდს ასე ხსნის - „დახშა კარი”. შესაძლოა, პირველადი სახელი დარუბალ შეიცვალა დარიელას (დარია, დარი), მთის ძველი პანთეონის ღმერთის სახელით (ბეჟან აბაშიძე), მერე კი ალანებს მიაწერეს.
ამ გადმოცემებიდან ჩანს, რომ დარიალის კართან მირიან პირველის დროს ცხოვრობდნენ დურძუკები და არა ოსები, რომლებიც მერე მივიდნენ იქ.
იმ დროიდან დარიალის, დარიელას, არაგვთა კარის ჭიშკარი ქართველი მეფის მიერ იყო ჩაკეტილი და ჩვენი ხელმწიფეების ნების გარეშე, ვერავინ გადმოივლიდა მას. ბერძენ გეოგრაფსა და ისტორიკოს სტრაბონს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე I - ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეები) აქვს ცნობა აღნიშნული ციხის შესახებ: „... (იბერიაში) მეორე გზა შემოდის  ჩრდილოეთთან, სადაც მომთაბარე ხალხი ცხოვრობს. ეს გზა მეტად ძნელია. კაცი ჯერ სამ დღეს უნდება რომ ავიდეს საშინელ ვიწრო ქედზე, რომელიც ისე ვიწროა, ორი კაცი ერთად ვერ გაივლის. ასვლის შემდეგ ამ ქედზე უნდა იაროს მგზავრმა კიდევ ოთხი დღე და ბოლოს შეხვდება მიუდგომელი ციხე, რომელიც იცავს ამ გზას.“ არაგვთა კარის ციხის შესახებ ცნობა აქვს გადმოცემული ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის რომაელ მწერალსა და მეცნიერს პლინიუს უფროსს: „კავკასიის კარები უზარმაზარი ქმნილებაა ბუნებისა, მთების უეცარი გაპობის შედეგი. თვით გასავლელი მოზღუდულია რკინით შემოჭედილი დირებით... მდინარის გამოღმა აგებულია „კუმანიად” წოდებული სიმაგრე, აშენებული იმ მიზნით, რათა დააბრკოლონ მრავალრიცხოვანი ტომების გადმოსვლა“.
ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში სამი გადმოსასვლელია. ერთი აფხაზეთის სანაპიროზე, მეორე – დარიალის ხეობაში და მესამე – დარუბანდში (დერბენტში). ვინც ამ გადმოსასვლელებს აკონტროლებდა და გავლენა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებზე, მას დიდი სამხედრო რესურსი ეკავა ხელში და შეეძლო დიდი იმპერიების წინააღმდეგ წარმატებული მოქმედებაც. შემდეგში ჩვენი მეფეები იყენებდნენ ამ რესურსს და ცდილობდნენ, სამივე გადმოსასვლელი მათ დამორჩილებოდა.
დაბრუნდა მირიან მეფე მცხეთაში და მეფობდა ნებიერად და უშიშრად. ქვეყანაც ვითარდებოდა და უყვარდათ ის ქართველებს.
თეიმურაზ ბაგრატიონს, ალბათ, „მეფეთა ცხოვრების“ გარდა, სხვა გადმოცემების არსებობის საფუძველზე, მეცხრამეტე საუკუნეში დაუწერია, რომ დურძუკთა შემოტევა დაგეგმილა ეგრისის ერისთავის, ფარნავაზის თანამოაზრისა და თანამებრძოლის, ქუჯის შთამომავალთა ოჯახში. კერძოდ, ქუჯის მემკვიდრეები უკმაყოფილო იყვნენ მირიანის გამეფებით, რადგან ფარნავაზის უპირატეს მემკვიდრედ თვითონ მიიჩნევდნენ თავს – ქუჯი იყო ფარნავაზის დის ქმარი, ხოლო ქუჯის ვაჟი კი, საურმაგის ასულის ქმარი. ამიტომ, ქუჯიან-ფარნავაზიანებმა წამოიწყეს ამბოხი მცხეთის ტახტის დაუფლების მიზნით – „შეკრიბეს მათ კავკასიელნი ძურძუკნი და კერძოთაგან კოლხიდიისათა, რომელ არს მეგრელია და მხედრობითა მრავლითა წარმოვიდეს წინააღმდეგ მირვანისა და მოსტყვივნნეს სოფლნი არაგვისა ბაზალეთი, და რომელნიმე სოფელნი კახეთისა სანაპიროსანი“.
მაშასადამე, თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით, მირიანის წინააღმდეგ ომს მხოლოდ დურძუკთაგან და ჭართალელთაგან ბაზალეთისა და სხვა სოფლების რბევა არ ჰქონია მიზნად, არამედ მეფის ტახტზე ქუჯის შთამომავლის აყვანა.

скачать dle 11.3