კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№35 ქართველი ავტომობილების დიზაინერი, რომელმაც კარიერა ინტერნეტში ნასწავლი კომპიუტერული თამაშების შექმნით დაიწყო, ახლა „მაზერატის“, „ალფა-რომეოსა“ და „ფერარის“ მოდელებს ქმნის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ალექსანდრე იმნაძე ავტომობილების დიზაინერია და მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Alfa Rome, Maserati, Bertone, Ford. ის არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია, „ფერარის“, „ალფა-რომეოს“ ულამაზეს მოდელებს ქმნის და მის შესახებ არაერთი სტატია დაიწერა ისეთი ცნობილ ინტერნეტ-პორტალებზე, როგორიცაა: TopGear, Autobuild, GQ, CNN, BBC და ასე შემდეგ. ალექსანდრე ამჟამად თბილისშია და საკუთარი ჩანთების ბრენდის შექმნას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში შეიკერება და ევროპაში გაიყიდება.
ალექსანდრე იმნაძე:
მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ, საქართველოში გავხსნათ სტუდია, სადაც ვიმუშავებთ არქიტექტურასა და ასევე, ბრენდინგზე. გარდა ამისა, მინდა, შევქმნა მამაკაცების ჩანთების, აქსესუარების ბრენდი. უკვე ვმუშაობ ამ კუთხით.  როდესაც „ალფა-რომეოსა” და „მაზერატის“ სტუდიაში ვმუშაობდი, მაშინ გადმომრთეს ინტერიერის დიზაინზე. შესაბამისად, მომიწია მათთან თანამშრომლობა, ვინც ტყავზე მუშაობს. დამაინტერესა ამ სფერომ და ზოგადად, ფეშენ-დიზაინი მომწონს, რადგან ეს გაძლევს საშუალებას, საკუთარი თავის პრეზენტაცია მოახდინო. 2013-2014 წლებში ვითანამშრომლე ერთ-ერთ ცნობილ კომპანიასთან, რომელიც თავისი ჩანთების ბრენდს აკეთებდა. მე და ჩემმა მეგობარმა შევქმენით ძალიან საინტერესო კონცეფცია, ისტორია. ახლაც ვფიქრობთ იდეაზე, რომელიც ჩვენი ბრენდის კონცეფცია იქნება და ხალხს მოეწონება.  
–  რა იყო შენი პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში?
– დავიბადე თბილისში, ვარკეთილში, ზღვასთან ახლოს, ძალიან შორს თბილისის ცენტრიდან. საქართველოში ბევრს არ სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაცის მიღწევა შესაძლებელია. მე ამის მაგალითი ვარ. 3 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, 5 წლის ასაკში – დედა. მამა ინჟინერი იყო, დენმა დაარტყა, ხოლო დედას თავში სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა. დეიდამ გამზარდა. ყოველთვის მაინტერესებდა რობოტები, მანქანები. სკოლაში სულ ვხატავდი. 12 წლის ვიყავი, როცა გამიჩნდა იდეა, შემექმნა კომპიუტერული თამაშები. კომპიუტერული თამაშების ჟურნალში ვნახე რუსულენოვანი საიტი, საიდანაც შემეძლო, მესწავლა. სერიოზულად მივუდექი საქმეს, დავიწყე გრაფიკული პროგრამების სწავლა. 15 წლის ასაკში 3D ისე კარგად ვიცოდი, რომ  გადავწყვიტე: უნდა ვნახო საქართველოში ფირმა, სადაც ჩემს ცოდნას გამოვიყენებ-მეთქი. არქიტექტურულ ფირმებში მივდიოდი და საკუთარი თავის პრეზენტაციას ვახდენდი. ბოლოს ერთმა ფირმამ შემომთავაზა მუშაობა: არქიტექტურული ფირმებისთვის ვაწყობდით მაკეტებს. ერთ დღესაც სამსახურში მოვიდა შემკვეთი, რომელმაც ჩემს იმ ნამუშევრებსაც მოჰკრა თვალი, თავისუფალ დროს რომ ვაკეთებდი. მკითხა: არ გინდა, არქიტექტორ მასიმილიანო ფუკსასთან იმუშაო,  რომელიც თბილისის რიყესა და იუსტიციის სახლის პროექტის ავტორია და  მსოფლიოს არქიტექტორთა ტოპ-ათეულში შედისო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. წარმოიდგინეთ, პატარა ბიჭს, რომელიც სახლში ზის, რობოტებს აკეთებს, ხატავს, უცებ სთავაზობენ მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტორთან მუშაობას.  ეს, ალბათ, იმაზე იყო დამოკიდებული, რომ თავდაჯერებულიც ვიყავი და ასევე, ვცდილობდი, ბევრი მემუშავა. როცა რუსულ საიტზე შევდიოდი, იქ ვეკონტაქტებოდი ორ ადამიანს, რომლებიც ჰოლივუდისთვის ქმნიდნენ გრაფიკულ ნამუშევრებს და როდესაც მათ კითხვებს ვუსვამდი, ყოველთვის მაძლევდნენ რჩევებს. სადაც მივედი, ყველგან მათი რჩევა დამეხმარა. მათ მასწავლეს ისეთი რაღაცები, რისი სწავლაც არავის შეეძლო არც საქართველოში და არც რუსეთში. შემდეგ ვმუშაობდი მთელ მსოფლიოში ყველაზე განთქმულ კომპიუტერული თამაშების კომპანიაში. ერთ-ერთი თამაშის პერსონაჟისთვის ვქმნიდი სამოსს, იარაღებს და ის ცოდნა, რომელსაც კომპიუტერულ თამაშებში ვიყენებდი, არქიტექტურაში ძალიან გამომადგა.
– როგორ განვითარდა უცხოეთში შენი კარიერა?
თავიდან სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი, მაგრამ ხატვის გამოცდაზე ჩამჭრეს. შემდეგ „გაუში“ ჩავაბარე, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჩემმა
ლექტორებმა იცოდნენ, რომ გრაფიკული პროგრამები ძალიან კარგად ვიცოდი და ჩემთვის არქიტექტურული პროექტის შექმნა ერთი ღამის საქმე იყო. ამიტომაც, უნივერსიტეტმა მესამე კურსიდან გაცვლითი პროგრამით გამაგზავნა იტალიაში, რომის ერთ-ერთ ცნობილ დიზაინის ინსტიტუტში. სწავლა არქიტექტურის ფაკულტეტზე განვაგრძე. ჩემმა ლექტორმა, ელი როზენბერგმა, რომელიც „რედ დოტის“ ჯილდოს მფლობელია, შენიშნა ჩემი დახატული მანქანები, ასევე იცოდა, რომ კარგად ვიცოდი 3D პროგრამაც. ამიტომ, მუშაობა შემომთავაზა. ასევე მირჩია: საერთაშორისო კონკურსებში უნდა სცადო მონაწილეობა, რომ გრანტი მიიღოო – საავტომობილო დიზაინის ფაკულტეტზე სწავლა ძალიან ძვირია იტალიაში. მოკლედ, მონაწილეობა მივიღე კონკურსში. უნდა შეგექმნა პროექტი შენი ქვეყნისთვის. 36 გრანტიდან მხოლოდ ორი იყო ასპროცენტიანი: ერთი – ფეშენ-დიზაინისთვის მილანში და მეორე – ავტომობილების დიზაინისთვის ტურინში. იმ წელს კონკურსში 870-მდე ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად, ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ გავიმარჯვებდი. შევქმენი პროექტი: ეს იყო იახტა, რომლის რაღაც ნაწილი იყო ელექტრონული მანქანა. ბათუმისთვის შევქმენი – თუ გიყვარს მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქში ზღვით, გყავს იახტა და ავტომობილიც. გავაგზავნე პროექტი და 2-3 თვის შემდეგ „მეილზე” მომივიდა შეტყობინება: გამარჯობა, ალექსანდრე, თქვენ მიიღეთ 100-პროცენტიანი დაფინანსება ტურინის უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზეო. IED Istituto Europeo di Design-Torino  ავტომობილების დიზაინის  განხრით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
– როგორც ვიცი, ტურინში არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავე.
– უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, სადიპლომო ნამუშევრის გაკეთებისას

ითანამშრომლონ სხვადასხვა კომპანიასთან. მოდის კომპანია, გიკვეთავს პროექტს, რომელიც შესაძლებელია, მომავალში გამოიყენონ. „მაჰინდრა“ ეს ძალიან ცნობილი ინდური ბრენდია, მონოპოლისტია და ძალიან ბევრ სფეროსთან აქვს შეხება. მისთვის უნდა შეგვექმნა პროექტი. რადგან თითოეული მაკეტის დამზადებას, დაახლოებით 20 ათასი ევრო სჭირდება, ამიტომ მთელი კლასიდან მხოლოდ 3 პროექტი უნდა შეერჩიათ. ანუ, კლასშივე იყო კონკურენცია შექმნილი. პროექტის ხელმძღვანელად კომპანიამ მოიწვია BMW Group-ის ყოფილი შეფ-დიზაინერი, კრის ბენგლი. ავტომობილების დიზაინი იყო კრის ბენგლამდე და მის შემდეგ – ეპოქა შექმნა ადამიანმა. 36 ვიყავით კლასში, სხვები გუნდებად დაყოფილები მუშაობდნენ. მხოლოდ მე და ერთი სტუდენტი ვმუშაობდით დამოუკიდებლად, ის თავისთვის, მე – ჩემთვის და ასევე, დანარჩენი გუნდები. Mahindra Bee – ასე ერქვა ჩემს პროექტს. არ მეგონა, რამეს თუ მოვიგებდი, ამიტომ ჩემთვის ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. თან, იმ პერიოდში, სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი და პირველად ჩემს ცხოვრებაში, ისე ვიღლებოდი, რომ გული მიმდიოდა. დღეები არ გვეძინა: ცხვირიდან სისხლის დენა ნორმალური მდგომარეობა, დღიური ტრადიცია იყო. მოკლედ, ჩემმა პროექტმა კრის ბენგლის მოწონება დაიმსახურა. „მაჰინდრასთან“ ოფიციალურ პრეზენტაციაზე კი ჩემი პროექტი იმდენად მოეწონათ, მათთან მუშაობა შემომთავაზეს. მაგრამ „მაჰინდრა“ არ მაინტერესებდა, უარი ვუთხარი. საბოლოოდ, ჩემი პროექტი სამ გამარჯვებულს შორის მოხვდა. მოგვიანებით კი, ეს პროექტი ჩემი უნივერსიტეტის ერთგვარ სახედ იქცა. Mahindra Bee გატანილი იყო მილანის დიზაინის კვირეულზე, სხვადასხვა გამოფენასა და ავტოსალონზე, ყველაზე მნიშვნელოვან, ჩემთვის საამაყო ადგილას – ტურინში ავტომობილების ისტორიულ მუზმეუმში, ბოლო 25 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის.
– შენი სახელი ფიგურირებდა?
– უნივერსიტეტის სახელით ხდებოდა, მაგრამ მანქანას უკან, ნომერზე  აწერია: ალექს იმნაძე. ახლა ის ჩემი უნივერსიტეტის შესასვლელში დგას. მოზრდილი მაკეტია და ყველას შეუძლია მისი ნახვა. უნივერსიტეტში, ბოლო გამოცდაზე, ჩვენი პორტფოლიო უნდა წარგვედგინა სხვადასხვა შეფ-დიზაინერისთვის, იმ ფირმებისთვის, რომლებიც ტურინშია. ტურინი კი ავტომობილების დიზაინის დედაქალაქად მიიჩნევა. ჩემმა პროექტმა, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს, იტალიაში სწავლისას გავაკეთე, მოწონება დაიმსახურა. კარგი ნიშნები დამიწერეს და შემდეგ „ბერტონედან“ დამირეკეს – მუშაობა შემომთავაზეს. დავიწყე მუშაობა და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო, რადგან ამ კომპანიამ შექმნა ისეთი მანქანები, რომლებმაც დღევანდელი რეალობა სრულიად შეცვალა. კომპანია
100 წელზე მეტია, არსებობს და ისინი მუშაობდნენ „ლამბორჯინისთვის“, „მაზერატისთვის,” „ალფა-რომეოსთვის,” „ასტონ მარტინისთვის.” „ბერტონეში“ ვიმუშავე სამ ჩინურ ბრენდზე და კიდევ ერთ პროექტზე, რომელზეც ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ზუსტად ერთ წელიწადში მექნება საუბრის უფლება. თავისუფალ დროს შევქმენი პროექტი, რომელსაც ჰქვია „მაზერატი ბორა“. მის შესახებ  დაწერა „ტოპგირმა“, „ბიბისიმ“, ასევე, შენიშნეს „მაზერატის“ ინჟინრებმა და ტურინში დიზაინ-სტუდიას მისწერეს: ეს ბიჭი ჩვენთან უნდა მუშაობდესო. დამირეკეს და Alfa Romeo-Maserati-Lancia სტუდიაში დავიწყე მუშაობა. „მაზერატს“ დღესაც არ აქვს ახალი პროექტები – აკეთებენ ერთ ძვირადღირებულ მოდელს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ყიდიან. მე კი მიმიწვიეს „მაზერატის“ პროექტებზე სამუშაოდ, მაგრამ რადგან არ ჰქონდათ ახალი, ამიტომ „ალფა-რომეოს“ პროექტებზე გადამიყვანეს. იმ დროს „ალფა-რომეო“ აკეთებდა 8 მანქანას და რადგან ინტერიერში ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ნანახი, გადამიყვანეს „ალფა რომეოს“ ინტერიერზე. რაზეც ვიმუშავე, უკვე გამოსულია. ესენია: Alfa Romeo Giulia, Alfa Romeo stelvio. სულ ახალი მანქანებია, ბოლო 2 წელს გამოშვებული. ამის შემდეგ უკვე „ფორდი“ დამიკავშირდა, რომელიც  ახალ დიზაინ-სტუდიას აკეთებდა და ეძებდნენ პროფესიონალებს. საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს, მათ შორის, ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელთან ერთადაც ვიმუშვებდი. ჩემს სფეროში ამ პოზიციაში რომ დაიწყო მუშაობა, მინიმუმ, 5 წელი გჭირდება და მე მოვანდომე 3 წელი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თან, „ალფა რომეოს“ 4 პროექტზე მქონდა ნამუშევარი და არაფერს ვკარგავდი, 2015 წელს გადავედი „ფორდში“, სადაც ორ პროექტზე ვიმუშავე. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ახლა საკუთარი პროექტების განხორცილებაზე ვფიქრობ, თუმცა საინტერესო შემოთავაზებები მაქვს და ამ სფეროდან წამოსვლას არ ვაპირებ.
скачать dle 11.3