კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-34(869)

​​​
– ეგ ბინა გენო აივაზოვისაა, მაგრამ თვითონ მეიდანში ცხოვრობს და ხუთ თუმნად აქირავებს თვეში. კარგი ბინაა, სუფთა, სამი ოთახი. მებელიანია. სანტექნიკა მე თვითონ გამოვუცვალე შარშან. მერე მაგრადაც დავლიეთ და ბავშვობაც გავიხსენეთ. გენო დიდი შარიანი ვინმე იყო. ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ იაღლიში არ მოსვლოდა. ერთხელ ბიცოლაჩემმა სევანზე წაგვიყვანა დასასვენებლად. გენომ ცურვა არ იცოდა. წყალში შემომყვა და კინაღამ დაიხრჩო. ძლივს გამოვათრიე. მერე ისე გვცემა ორივე ბიცოლაჩემმა ვართანუშამ, რომ ჭამა აღარ გვინდოდა, – შარიქიანი აშკარად შორიდან უვლიდა სათქმელს და ბოლოს ამოღერღა, – უფროსო, გენო ჩემი ბიძაშვილია და რა დააშავა?
– ბიძაშვილი? – გაეცინა გიგაურს.
– ჰო. მაშ.
– არაფერი დაუშავებია. ნუ ნერვიულობ. მე უფრო მისი მდგმურები მაინტერესებს და არაფერი დამიმალო, – დაამშვიდა ვარდენი ზურაბმა.
შარიქიანს მეორე სუნთქვა გაეხსნა და აჭიკჭიკდა:
– ზნაჩიტ ტაკ, შარშან, გენომ ერთ ქუთაისელ მუზიკანტს ბინა მიაქირავა. სკრიპაჩია და ოპერაში უკრამს. გუშინწინ წავიდა, წავიდა, – ვარდენს ენა დაება და დააყოლა, – რა ჰქვია, ვერ გავიხსენე, მუზიკანტების კამანდიროვკაში.
– გასტროლებზე, – შეაშველა ზურაბმა.
– ჰო, გასტროლებზე მოსკოვში. მოკლედ, ეგ ვარდენა, მაგასაც ვარდენა ჰქვია აფსუს, რა სახელს აფუჭებს. ეგ ვარდენა დიდი მუდო ვინმეა. არც ქალი ევასება, არც დასალევი, არც ტაბაკი. ზის მთელი დღე და სკრიპკას ხერხამს. ერთხელ ვუთხარი: ვარდენ-ჯან, მიდექი, მოდექი, სულ რომ ხერხამ, ან ნაშა გაიჩინე, ან ღვინო დალიე-მეთქი. მაგან კი პასუხის მაგივრად, ისევ ხერხვა არ დაიწყო?
– ესე იგი, კარგად იცნობ მევიოლინეს?
– ვისა, უფროსო?
– მევიოლინეს. სკრიპაჩი ქართულად მევიოლინეა.
– ჰო, უფროსო, მე მივდივარ ხოლმე და ქირას ვართმევ. გენოს ჩემი ვალი აქვს და მითხრა, – გამოართვიო.
– გასაგებია. შემდეგ?
– მე ზაპასნოი კლუჩიც მაქვს. სკრიპაჩი რომ გასტროლ-კამანდიროვკაში მიდის, შევდივარ და ბინას ვამოწმებ ხოლმე – ან შუქი ხომ არ დარჩა, ან წყალი. ამ დილითაც ვიყავი. ზაირა მინდოდა მიმეყვანა, მაგრამ ვიფიქრე, – მეზობლებმა არ ჩამიშვან ჩემ ცოლთან-მეთქი. თანაც, სახლი ცარიელი არ იყო.
– ეგ როგორ? – გამოცოცხლდა გიგაური.
– როგორ და, რომ მივედი და ზამოკში კლუჩი გადავატრიალე და ხელით მივაწექი, კარი არ გაიღო. ზნაჩიტ, შიგნიდან იყო ჩაკეტილი ზადვიჟკაზე. ჯერ ვიფიქრე – სკრიპაჩი ხომ არ ჩამოვიდა კამანდიროვკიდან-მეთქი. მაგრამ, რომ ჩამოსულიყო, მაშინ გახერხამდა. თანაც, მუზიკანტი ზადვიჟკას არ ხმარობდა. კაროჩე დავეჭვდი და დავაკაკუნე. არავინ გააღო. მერე ბრახუნი ავტეხე და მაინც არავინ გააღო. ბოლოს ავყვირდი, – მილიციას დავურეკავ, თქვე ქურდებო, გამოდით, ვერსად გამექცევით-მეთქი! ბოლოს ერთმა ქალმა გამიღო და მითხრა:
– კტო ტიო.
– რუსულად დაგელაპარაკა? – გულის ფანცქალით იკითხა გიგაურმა.
– ჰო, რუსი ქალი იყო. პენუარი ეცვა და ძუძუები მოუჩანდა, – თქვა შარიქიანმა. პაუზა გააკეთა და დააყოლა, – მე რუსული არ მეშლება და ვუთხარი, – ვინა ხარ-მეთქი. ვარდენის ნათესავები ვართ და თბილისში ციმბირიდან ჩამოვედით გუშინ. გვეძინა და გაგვაღვიძეო. ვიფიქრე, – კაი დამა ქალია. მეორეც კაი იქნება, შევალ, დავებაზრები და დლია რაზნოობრაზია, იქნებ წავქინძო კიდეც-მეთქი. ამიტომ ვუთხარი:
– შემომიშვი. მე რა ვიცი, ვინა ხართ. იქნებ ქურდებიც ხართ. საბუთები უნდა შეგიმოწმოთ-მეთქი.
– მე და ჩემი ქმარი ვართო, – მითხრა, მაგრამ ვიფიქრე, მატყუებს-მეთქი და მილიციით შევაშინე.
კაროჩე, შევედი და მართლა მაგისი ქმარი არ დამხვდა? ცოტა ხანი ვიყავი და წამოვედი.
– საბუთები არ შეუმოწმე?
– ისე, სპონტამ ვუთხარი. მაგის ქმარი რომ დავინახე, ბოდიში ვთქვი და მოვდიოდი. ქალმა კი პასპორტი მანახა და ჩავხედე.
– რა ეწერა?
– ირინა ვარლამოვა.
– მაგის ქმარს?
– კაცის პასპორტი აღარ მინახავს, ისე წამოვედი.
– სახეზე თუ დაიმახსოვრე.
– მაშ?
ზურაბმა ვარდენ შარიქიანს ევგენი მოროზოვის სურათი უჩვენა და ჰკითხა:
– ეს ხომ არ იყო?
– კი, უფროსო, სწორედ ეგაა. თავს მოვიჭრი, რომ არ მეშლება, – მიუგო გიგაურს შარიქიანმა.
– რომელ საათზე იყო ეგ, თუ გახსოვს?
– თერთმეტზე, უფროსო. ზუსტად მახსოვს. რომ წამოვედი, საათს დავხედე და ზუსტად თერთმეტს უჩვენებდა, – შარიქიანმა მაჯის საათს დახედა და სიამაყით დააყოლა, – ზუსტი საათი მაქვს. ბაბუაჩემმა მაჩუქა, სკოლა რომ დავამთავრე. თავისი აწყობილია, მესაათე იყო. არ გაგიგონია, უფროსო, არტურ შარიქიანი? თბილისში ცნობილი მესაათე იყო. ჰავლაბრის ბაზართან ბუტკა ჰქონდა და ორმოცდაათი წელი იქ იჯდა. ეეჰ, საცოდავი ბაბუაჩემი. თავის პოსტზე მოკვდა, ბუტკაში, – ამოიოხრა შარიქიანმა.
ვარდენის ლაყბობის მოსმენის დრო არ ჰქონდა ზურაბ გიგაურს. სანამ შარიქიანი თავის სხვა ნათესავებზე გადავიდოდა, მაიორმა პაუზით ისარგებლა და უთხრა:
– როგორც ვხვდები, ეგ ხალხი ადრე არ გინახავს აივაზოვის სახლში.
– არა, უფროსო, პირველად ვნახე დღეს.
– იქნებ იმალებოდნენ. იქ ხომ სამი ოთახია და ყველგან ხომ არ შედიხარ?
– შევდივარ, უფროსო, მა როგორ. რომ მივდივარ, აბხოდს ვაკეთებ და ვუყურებ, რომ ყველაფერი ჩისტად იყოს.
მაიორ ზურაბ გიგაურს ვარდენ შარიქიანთან მეტი შეკითხვა აღარ ჰქონდა. უკვე ღამის სამი საათი იყო დაწყებული და ზურაბმა ვარდენს უთხრა:
– ბატონო ვარდენ, თქვენმა ინფორმაციებმა ბევრ რამეს მოჰფინეს შუქი და ძალიან დაგვეხმარეთ.  ამისთვის დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. ამასთანავე, უკვე ოფიციალურად გაფრთხილებთ, რომ ჩვენი საუბრის შინაარსისა და უშიშროების კომიტეტში ყოფნის შესახებ, არავისთან არაფერი დაგცდეთ. ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა და კანონით მკაცრად ისჯება. მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ძალიან საშიშ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ. ხომ გასაგებია?
ვარდენ შარიქიანი, სერიოზული გამომეტყველებით, პირდაღებული უსმენდა ზურაბს და მიუგო:
– გასაგებია, უფროსო. ორი თავი ხომ არა მაქვს „კაგებეს“ ვუღალატო. არაფერს ვიტყვი.
– ძალიან კარგი, – თქვა ზურაბმა, – ქალბატონ ზაირასთან დაბრუნდები?
– მაშ, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა შარიქიანმა.
– ჩვენი მანქანით მიგიყვანენ. სასიამოვნო დროსტარებას გისურვებ, ნახვამდის, – უთხრა შარიქიანს გიგაურმა. ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გაისტუმრა.
ღამის სამი საათი სრულდებოდა, როდესაც ზურაბის კაბინეტში ერთ-ერთი მისი ხელქვეითი შევიდა და უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, მოსკოვიდან ინფორმაციაა.
– გისმენ, – თქვა გიგაურმა და დაიძაბა, რადგან ინტუიციით იგრძნო, რომ მოსკოვური ინფორმაცია „სკრიპაჩს“ ეხებოდა.
– „ცენტრის“ ოპერატიულმა ჯგუფმა, მოსკოვში საგასტროლოდ მყოფი მევიოლინეს, ვარდენ ხერხაძის შემოწმება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ხერხაძე სასტუმრო „მოსკვაში“, მისთვის განკუთვნილ ნომერში არაა.
– ეგ, როგორ? – აღელდა მაიორი.
– როგორც მოკვლევის შედეგად დადგინდა, სიმფონიურმა ორკესტრმა, სადაც ვარდენ ხერხაძე უკრავს, ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დარბაზში, ღამის თერთმეტ საათზე დაასრულა თავისი გამოსვლა. შუაღამეზე მთელი დასი უკვე სასტუმრო „მოსკვაში“ დაბრუნდა. ხერხაძე ერთადგილიან ნომერში ცხოვრობს და როცა ოპერმუშაკები მის დასაკითხად მივიდნენ, ის იქ არ აღმოჩნდა.
– დრო მაინტერესებს, – მკაცრად უთხრა მაიორმა თავის ხელქვეითს, რადგან ამ საქმეში ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, – მოსკოვიდან მოსულ შეტყობინებაში ყველაფერი საათობრივად უნდა იყოს აღნიშნული. ასეთი წესია და ყველაფერი ზუსტად მომახსენეთ.
– ბოდიში, ამხანაგო მაიორო, – თქვა გიგაურის ხელქვეითმა, – როგორც მორიგე პორტიემ განაცხადა, თავისი 506 ნომრის გასაღები ვარდენ ხერხაძემ ღამის 23 საათსა და 50 წუთზე გამოართვა მას. 00 საათსა და 25 წუთზე, ანუ ოცდათხუთმეტი წუთის შემდეგ, მასთან სასაუბროდ უშიშროების ოპერმუშაკები მივიდნენ, მაგრამ ის ნომერში არ დახვდათ.
– გამოდის, რომ სკრიპაჩი, ოცდათხუთმეტწუთიან მონაკვეთში გაუჩინარდა, – თქვა მაიორმა.
– დიახ, – დაუდასტურა ზურაბს ხელქვეითმა.
– განაგრძეთ, – თქვა გიგაურმა და სიგარეტი გააბოლა.
– როგორც მორიგე პორტიემ განაცხადა, ხერხაძეს მისთვის გასაღები არ ჩაუბარებია და არც სასტუმროდან გასულა. ჩვენი კოლეგები ახლაც სასტუმრო „მოსკვაში“ იმყოფებიან და ხერხაძეს ეძებენ. მოსკოვში კი მთელი ჩვენი უწყება ფეხზე დგას და მუსიკოსის ტოტალური ძებნა მიმდინარეობს, – გიგაურის ხელქვეითმა მოხსენება დაასრულა და მაიორს მიაჩერდა.
– რომელ საათზეა გამოგზავნილი ეგ შეტყობინება?
– ღამის პირველ საათსა და ორმოცდაათ წუთზე.
ღამის ოთხის თხუთმეტი წუთი იყო. მაიორმა ზურაბ გიგაურმა სპეცკავშირით გენერალ-მაიორ იური პავლოვს კაბინეტში დაურეკა. თუმცა, იმედი არ ჰქონდა, რომ უპასუხებდა, რადგან ფიქრობდა, საბჭოთა კონტრდაზვერვის უფროსი სახლში იქნებოდა წასული.
– გისმენთ, – მალევე უპასუხა მაიორს გენერალ-მაიორმა.
– გამარჯობა, იური ანდრეევიჩ. არ მეგონა, თუ სამსახურში იქნებოდით და ალალბედზე დავრეკე, – უთხრა გიგაურმა თავის უშუალო უფროსს.
– გაგიმარჯოს, ზურაბ. ზუსტად ვიცოდი, რომ დამირეკავდი და რა დროს დასვენებაა. აქ, ჩვენთან ადუღებული ვულკანია, – მიუგო ზურაბს პავლოვმა.
– რატომ, რა ხდება, იური ანდრეევიჩ?
– ის, რისთვისაც შენ დამირეკე, – მიუგო პავლოვმა და დააყოლა, – მუზიკანტს ვეძებთ.
– ახალი არაფერია, ამხანაგო გენერალო? ამწუთას მივიღე ოპერატიული შეტყობინება და ამიტომ დაგირეკეთ.
– მეც ამიტომ დავრჩი სამსახურში, – მიუგო ზურაბს პავლოვმა, – მთელი ჩვენი უწყება ფეხზე დგას და მუზიკანტს ეძებენ.
– იური პავლოვიჩ, აქ ვარლამოვებს ინტენსიურად ეძებენ, მაგრამ ისინი ძალიან კონსპირაციულად მოქმედებენ და საიმედოდ იმალებიან. ვფიქრობ, ჩემი მოსკოვში ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია და პირველივე რეისით გამოვფრინდები. ჩემი აზრით, ვარდენ ხერხაძე ცოლ-ქმარ ვარლამოვებთან საკმაოდ დაახლოებული პირია და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. მთავარია, აღმოვაჩინოთ.
– როგორც შენ მიიჩნევ საჭიროდ, ისე მოიქეცი, – უთხრა პავლოვმა გიგაურს და დააყოლა, – გეთანხმებით, რომ მუზიკანტი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, მოიშორეს კიდეც თავიდან.
– ასე მალე?
– რატომაც არა. რა იცი, რა ხდება? – მიუგო პავლოვმა გიგაურს.
– პრინციპში, მართალია, ამხანაგო გენერალო. გამოვდივარ და იმედი მაქვს, დილის შვიდი საათისთვის რაიმე სიახლე იქნება.
– სასურველია, სასიამიოვნო სიახლე, – თქვა პავლოვმა, გიგაურმა კი დააყოლა:
– იმედი ვიქონიოთ.
***
დილის შვიდ საათზე მაიორი ზურაბ გიგაური მოსკოვში ჩაფრინდა. მან ტაქსი აიყვანა და პირდაპირ სასტუმრო „მოსკვასკენ“ აიღო გეზი, სადაც „კაგებეს“ ოპერატიული ჯგუფი მევიოლინე ვარდენ ხერხაძის გაუჩინარების ამბავს იკვლევდა. ზურაბი მაიორ კარცევს წარუდგა და ჰკითხა:
– რა ხდება, მაიორო, ხერხაძეს ვერ მიაგენით?
– კარცევმა ზურაბის პირადობის მოწმობას დახედა და მიუგო:
– ჯერჯერობით, ვერა, ამხანაგო ზურაბ.
– რა ზომებია მიღებული?
– აბსოლუტურად ყველა კუთხე-კუნჭული გადავჩხრიკეთ, მაგრამ ხერხაძე არსადაა. როგორც ეტყობა, სასტუმროდან გასვლა მოახერხა და ქალაქშია. იქაც ინტენსიურად ეძებენ და სავარაუდოდ, იპოვიან.
კარცევი გიგაურს სასტუმრო „მოსკვას“ შესასვლელში პატაკობდა. ზურაბი კი ჰოლს ათვალიერებდა, თან მაიორის არცერთი სიტყვა არ ეპარებოდა. კარცევი რომ გაჩუმდა და ზურაბს მიაჩერდა, გიგაურმა მას უთხრა:
– პორტიეს დაუძახეთ.
პორტიეს გიგაურმა საუბრისას, უამრავი კითხვა დაუსვა, რაც ძირითადად, სასტუმროს შენობის შესასვლელ-გასასვლელების მდებარეობას ეხებოდა. ბოლოს კი  უთხრა:
– თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ხერხაძეს სასტუმრო არ დაუტოვებია, რადგან აქედან შეუმჩნევლად გასვლა შეუძლებელია.
– თავს დავდებ, რომ სწორედ ასეა, – თქვა პორტიემ.
– იქნებ რაღაც მომენტში გაერთეთ, ან სულაც გასული იყავით. თუნდაც ტუალეტში?
– არა, თავი გააქნია პორტიემ, – როდესაც ვმუშაობ, ყოველთვის ყველაფერს ვაკონტროლებ და შემიძლია, წუთობრივი სიზუსტით გითხრათ, თუ ვინ როდის გავიდა ან შემოვიდა. ასე რომ, ხერხაძეს შანსი არ ჰქონდა, მალულად  გამპარვოდა აქედან.
– ესე იგი, შეუმჩნევლად ვერ გავიდოდა, ხომ?
– თუ არ გაფრინდა, ან უჩინმაჩინის ქუდი არ დაიხურა, – მხრები აიჩეჩა პორტიემ.
– ყველაფერი გასაგებია. გმადლობთ, – უთხრა ზურაბმა პორტიეს. შემდეგ კი სახანძრო უსაფრთხოების უფროსს მიუბრუნდა:
– თქვენი დახმარება მჭირდება.
– მზად ვარ. რით გემსახუროთ? – გამოეჯგიმა გიგაურს მთავარი „პაჟარნიკი“.
– თქვენი წერტილები უნდა დამათვალიერებინოთ სასტუმროში. კარადები, ოთახები და საერთოდ, ყველაფერი, რაც თქვენს მეურნეობაშია.
– წამობრძანდით, სარდაფიდან დავიწყოთ.
– სხვენზე გაქვთ რამე? – იკითხა გიგაურმა.
– დიახ. იქ ანტისახანძრო ინვენტარს ვინახავთ, – მკვირცხლად თქვა მეხანძრეების უფროსმა.
– მოდი, იქიდან დავიწყოთ.
– კარგი. ლიფტს გამოვიძახებ.
– არა. ფეხით ავიდეთ.
– კეთილი, წამობრძანდით, – მეხანძრეების უფროსმა ხელით მიიპატიჟა გიგაური და საევაკუაციო კიბისკენ მიუთითა. ზურაბმა ხელით ანიშნა მეხანძრეს, დამელოდეო. შემდეგ მაიორი კარცევი იხმო და ხმადაბლა უთხრა:
– მაიორო, იზრუნეთ, რომ სიმფონიური ორკესტრის წევრები თავიანთ ოთახებში დარჩნენ და სასტუმრო არავინ დატოვოს. თანაც, სასტუმროს პერსონალის სრული სია მჭირდება. დაადგინეთ დღევანდელი მორიგე თანამშრომლების ვინაობა და სიაში მათ ჯვრები დაუსვით.
– გასაგებია, – თქვა კარცევმა და გიგაურის განკარგულების შესასრულებლად გაემართა. ზურაბი კი მთავარ მეხანძრეს შეუერთდა და ისინი ფეხით აუყვნენ საევაკუაციო კიბეს.
წყვილი დინჯად ადიოდა კიბეებზე. ზურაბ გიგაური ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. მეხუთე სართულზე რომ ავიდნენ, ზურაბმა მთავარ მეხანძრეს ჰკითხა:
– 506-ე ნომერი ამ სართულზეა, ხომ?
– დიახ, – მიუგო მეხანძრემ.
წყვილმა გზა განაგრძო და ზურაბმა მეხანძრეს ჰკითხა:
– ბევრი რამ გიწყვიათ სხვენზე?
– თითქმის ყველაფერი.
– ქვიშიანი კასრები?
– დიახ. თოთხმეტი უზარმაზარი ქვიშიანი კასრი გვაქვს, – დაუდასტურა ზურაბს მეხანძრემ.
– რამხელა კასრებია, ადამიანი თუ მოთავსდება იქ?
– როგორ არა, საშუალო ზომის ადამიანი თავისუფლად მოთავსდება.
სხვენში რომ ავიდნენ, ზურაბმა მეხანძრეს ჰკითხა:
– ფანარი ხომ გაქვთ?
მეხანძრემ ზურაბს მძლავრი ფანარი დაანახვა, მაგრამ გაეცინა და უთხრა:
– ფანარი საჭირო არაა. აქ შუქი მაქვს გაყვანილი.
– შუქი?
– დიახ, – მიუგო მეხანძრემ და უზარმაზარი ჩამრთველი ჩამოსწია.
სხვენი დღესავით განათდა. ზურაბმა თვალი მოავლო სასტუმრო „მოსკვას“ სხვენს, სადაც ანტისახანძრო მოწყობილობები  გეომეტრიული სიზუსტით იყო განლაგებული და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ამბავს მთავარმა მეხანძრემ სიამაყით უთხრა გიგაურს:
– ხანძრის შემთხვევაში, ჩემი არწივები აქ ისეთ ამბავს დაატრიალებენ, რომ ხანძარი უმალვე უკან დაიხევს.
– აქაურობა თუ შეამოწმეს?
– დიახ. თქვენი კოლეგები აქაც იყვნენ, მაგრამ მალევე გაბრუნდნენ უკან. ხომ აშკარაა, რომ არაფრის კვალი არაა აქ? – თქვა მთავარმა მეხანძრემ.
ზურაბმა ქვიშით სავსე უზარმაზარ კასრებს ჩამოუარა და ყველაფერს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ბოლოს ¹2 ქვიშიან კასრთან შეჩერდა და მეხანძრეს უთხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3