კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ უშლის ხელს თურქეთი საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას და რატომ აპირებს დასავლეთი რეგიონში ფსონის დადებას საქართველოზე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში „ჰოჰენსფელდის“ ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა უკვე დაწყებულია. რომლის ბაზაზეც ქართული სამხედრო კონტინგენტი საქართველოს წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანების გადასაჭრელად გაიწრთვნება. 2002 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენს ქვეყანაში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ დაიწყო, მისი მიზანი ქართული ელიტური სამხედრო შენაერთების შექმნა იყო, რომლებიც იწვრთნებოდნენ და იწვრთნებიან კოალიციის სამხედრო მიზნებისთვის, შესაბამისად, მათ ცოდნას კოალიციის სამხედრო ოპერაციებში იყენებენ. შესაბამისად, ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, იმას გარდა, რომ ქართული შეიარაღებული ძალების განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპს გულისხმობს, ბადებს კითხვებს: ჩვენი პარტნიორები ომისთვის გვამზადებენ ან იქნებ „ნატოში“ გაწევრიანებისთვის?! რადგან, მართალია, ჩვენ „ნატო“ ჩვენს უსაფრთხოების ქოლგად მიგვაჩნია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ მთავარ მომენტს: „ნატოს“ წევრობის მსურველი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს თავისი ქვეყნის დაცვის უნარი უნდა ჰქონდეს. ვასილ პაპავასთან, ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მიმოვიხილავთ ამ საკითხს.
– რის სიგნალად შეიძლება, მივიჩნიოთ ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილება, გაგვიწრთვნან სამხედრო კონტინგენტი ჩვენთვისვე?

– როგორც წესი, დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოები, რომლებსაც აწყობილი სამხედრო მანქანა აქვთ, ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიცაა საწრთვნელი ბაზის აშენება და ან მისი მოდერნიზება, არ იღებენ სპონტანურად. თავისთავად, მათ აქვთ თავიანთი ინტერესები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ დასავლეთის ინტერესი კავკასიისადმი გაიზარდა. ვხედავდით, რომ ამ რეგიონში დასავლეთი აქტიურობდა დიპლომატიური, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მასშტაბურად არ იყვნენ წარმოდგენილები. ფაქტია, რომ კავკასიაში განთავსდება სამხედრო ინფრასტრუქტურა, რაც უნდა ტერმინებით შეინიღბოს, სამხედრო ობიექტი მაინც სამხედრო ობიექტია.
– ჩვენს შემთხვევაში სასწავლო ცენტრზეა ლაპარაკი.
– გვინახავს, როდესაც სასწავლო ცენტრი გადაზრდილა უფრო მასშტაბურ ობიექტში. ერთი სიტყვით, აშკარაა დასავლეთის გაზრდილი დაინტერესება კავკასიით, მეორე – მათ აქ სურთ თავიანთი ინტერესების დაცვა, მათ შორის, ენერგოპროექტების, რაც სამხედრო წარმომადგენლობის პირობებში მესამე ძალას ხელს ააღებინებს არაადეკვატურ ნაბიჯებზე, მაგალითად, მცოცავ ოკუპაციაზე; მესამე – ჩვენი სამხედრო კონტინგენტი მონაწილეობას იღებდა და იღებს სამხედრო მისიებში ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაშიც კი და თავისთავად, ამ ქვეყნებს სჭირდება მხარდაჭერა პოტენციური მოკავშირეებისგან, როგორადაც მოიაზრება საქართველოც. თუმცა, მეორე მხრივ, როგორ ურთიერთობაში გადაიზრდება დასავლეთის ეს დამოკიდებულება და ინტერესი, დამოკიდებულია ჩვენი ხელისუფლებისა და სამხედრო ელიტის პოზიციაზე. ისინი  მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს მიჰყვებიან, თუ ჩვენს ინტერესსაც დაუმატებენ, რასაც ჰქვია „ნატოს“ სტანდარტებზე გადასვლა, რომ  ჩვენი უსაფრთხოებაც იყოს უზრუნველყოფილი.
– გასაგებია, რომ დასავლეთი მნიშვნელოვნად დაინტერესდა კავკასიით და როგორც იქნა, პირველად მიაქცია ყურადღება არსებულ სამხედრო საფრთხეებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან იკითხება პოლიტიკური სიგნალი. რამ დააჩქარა ეს გადაწყვეტილება: თურქეთის ძალიან უცნაურმა ქმედებებმა და მისმა კეკლუცობამ რუსეთთან, ვინ არის ამ გზავნილის სამიზნე აუდიტორია?
– თუ ლოკალურად შევხედავთ ამ გადაწყვეტილებას, ანუ დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში, შეიძლება, მისი რეალური არსი ვერც დავინახოთ, მაგრამ, თუ რეგიონული მასშტაბით გადავხედავთ, საინტერესო სურათი იკვეთება: თურქეთის ნაბიჯები რეგიონში მიმდინარე პროცესებში, არ ჯდება დასავლეთის ინტერესებში ეს იქნება სირიაში კონტინგენტის შეყვანა თუ კონტრტერორისტული ოპერაციები ერაყში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ, რასაც ხშირად აკრიტიკებს დასავლური პრესა. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის ხელისუფლებაც მკაცრ განცხადებებს აკეთებს დასავლეთისადმი. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში გერმანიასთანაც მნიშვნელოვნად დაეძაბა ურთიერთობა. ამდენად, დასავლეთი რეგიონში ეძებს ისეთ პლაცდარმს, სადაც შეძლებს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას და იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ძალები არ დაეთანხმებიან თამაშის მოქმედ წესებს, ფსონი დადოს სხვა მოთამაშეზე.
– ანუ საქართველოზე, მაგალითად, თურქეთის ნაცვლად?
– კავკასიაში ასეთი სახელმწფიო არის საქართველო. თავისი ტერიტორიული პრობლემებიდან თუ ქვეყნის რესურსიდან გამომდინარე, საქართველო ვერ იქნება ისეთი დაუმორჩილებელი და ისეთი იმპერიული ზრახვებით, როგორიც აქვს თურქეთს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო იმპერია და სწორედ ეს იკითხება ერდოღანის გეოპოლიტიკურ ნაბიჯებში. კავკასია მოქცეულია სამი ზესახელმწიფოს გარემოცვაში: თურქეთი, უძლიერესი სამხედრო ინფრასტრუქტურით; რუსეთი გასაგებია, რასაც წარმოადგენს და აღმოსავლეთით – ირანი. საქართველოზე ფსონის დადებით ამ სამსაც გაუჭირდება კავკასიაში იმპერიალისტური და აშკარად აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. ამასთან, საქართველოში დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის განთავსებამ, ქართული არმიის მოდერნიზაციამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აზერბაიჯანზეც, რომელსაც აქვს ყარაბაღის პრობლემა და მასაც სჭირდება საგარეო მხარდაჭერა. ასე რომ, აზერბაიჯანიც არ დარჩება თამაშგარეთ ამ პროცესში და არც ის არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ საერთო წვრთნებიც ჩატარდეს.
– როდესაც სომხეთს ჰყავს რუსეთი, აზერბაიჯანს კი – თურქეთი, საქართველო დარჩენილია რეგიონული მოკავშირის გარეშე. თურქეთი თუ რუსეთი უაპელაციოდ მიიღებენ დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ ახალ წესს მოქმედებისას, თუ აქვთ რამე რესურსი, რომ ხელი შეუშალონ და დაჩაგრონ საქართველო, რომელსაც დასავლეთის გარდა მოკავშირე არ ჰყავს?
– თურქეთს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთი რჩება „ნატოს“ წევრ ქვეყნად, რომელსაც ჰყავს საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები და აქვს კარგი სამხედრო ინფრასტრუქტურა. თურქეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებით, რადგან ეს გამოიწვევს „ნატოს“ რეგიონული ინტერესების დელეგირებას სხვა მოთამაშეზე, რაც თურქეთის ინტერესი არ არის. მისი სურვილია, რეგიონში წესრიგს ამყარებდეს თავად და ამას თავისი იმპერიული წარსულით ასაბუთებს.
– თუმცა სიტყვიერად ამბობს, რომ მე ვიქნები თქვენი გზამკვლევი „ნატოშიო“.
– ეს დიპლომატიური ხრიკია, რადგან თურქეთი ოფიციალურად ვერ განაცხადებს, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებას, რადგან „ნატოს“ წევრმა ქვეყანამ არ შეიძლება, ხელი შეუშალოს სხვა ქვეყანას გაწევრიანებაში, ამიტომ დიპლომატიურად ლაპარაკობს, მაგრამ დასავლეთის სამხედრო მანქანის საქართველოში მასშტაბურად წარმოდგენა დაარტყამს როგორც თურქეთის, ისე რუსეთის ინტერესებს და ისინი ვერ გაატარებენ მუქარის ან სხვა პროვოკაციულ პოლიტიკას. მაგალითად, აშშ-ს სამხედრო ბაზა რომ არ ყოფილიყო სამხრეთ კორეაში, ჩრდილო კორეა დიდი ხნის წინათ დაიწყებდა სამხედრო ოპერაციას და დაიპყრობდა, ანუ ამერიკის სამხედრო ბაზა თავისთავად არის შემაკავებელი ფაქტორი. უბრალოდ, გააჩნია მასშტაბებს და იმასაც, არის თუ არა დასავლეთის ინტერესი, რომ დაიცვას საქართველო ისევე, როგორც იცავს სამხრეთ კორეას. თუ დასავლეთს უნდა, რომ შეინარჩუნოს კავკასია, არ დასუსტდეს მისი ინტერესები რეგიონში და არ გადანაწილდეს სხვებზე, მათ ფსონი უნდა დადონ საქართველოზე. დავხედოთ რუკას: თუ საქართველოსთან ექნებათ მეგობრული სამხედრო-პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ითამაშებენ იმ თამაშის წესებით, რაც თბილისში დაიგეგმება. თუ თბილისში იქნება წარმოდგენილი დასავლეთის ინტერესები, დასავლეთის ინტერესები გატარდება მთელ სამხრეთ კავკასიაში.
– რა ფაქტორებმა დააჩქარა დასავლეთის გააქტიურება საქართველოში? თუმცა ეს დიდი ხნის წინათ მოფიქრებულ სქემას ჰგავს.
– ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც არ აქცევდა ყურადღებას კავკასიას, ტრამპის ადმინისტრაცია სხვაგვარად იქცევა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა ამერიკელი გენერლების ვიზიტი და ეს თავისთავად უკვე არის კონკრეტული ნაბიჯი. თუმცა მეორე მხარეა, თუ რამდენად შევძლებთ ამის საჩვენოდ გამოყენებას და მხოლოდ ამერიკის ინტერესებს არ ავყვებით. ცხადია, აშშ-ს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავხდეთ იმ დონის მარიონეტები, რომ მხოლოდ თავისი თამაშის წესით გვამოქმედოს დასავლეთმა. ამდენად, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, თუ რა სარგებლობას მოიტანს დასავლეთთან და, უპირველესად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ მოხდეს ჩვენი არმიის მოდერნიზება, რათა შევაკავოთ ჩრდილოელი მეზობლის არასასურველი ნაბიჯები.
– მორიგი ომის ალბათობა საშუალოზე მაღალია?
– დასავლეთის წამყვანი ქვეყნების სამხედრო გააქტიურება არ ნიშნავს, რომ რეგიონში მოსალოდნელია სამხედრო საფრთხე. შესაძლოა, ამ ნაბიჯის მიზანი იყოს პრევენცია, იმიტომ რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ არის მომზადებული სათანადოდ და ჯეროვნად ვერ პასუხობენ რუსეთის პროვოკაციებს. თუ ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნებიან სათანადო დონეზე, რასაც ჰქვია „ნატოს“ სტანდარტი და იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, ეს შებოჭავს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს. ანუ აუცილებელი არ არის, რომ, მაინცდამაინც, ომი იყოს მოსალოდნელი, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ ვხედავთ, ბოლო პერიოდში როგორ დაძაბა ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან ურთიერთობა. ირანს ადანაშაულებენ ტერორისტების მხარდაჭერაში, თუმცა ამ დროს მხედველობიდან გამორჩათ ნავთობმონარქიები, რომლებიც  ათეულობით წელია კვებავდნენ და აძლიერებდნენ ტერორისტულ სტრუქტურებს. ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებამ და სამხედრო ელიტამ არ უნდა მისცეს საბაბი, რომ  ჩვენი ქვეყანა მორიგ პროვოკაციაში გამოიყენონ, თუნდაც, ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. ანუ ვინმეს წინააღმდეგ სამხედრო პლაცდარმად არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი.
– ცუდი ასოციაცია გამოიჩინა საუბრისას. ფაქტია, ჩვენგან მეორე ისრაელი არ გამოდის, ქალებს კი არადა, მამაკაცებს არ უნდათ ამ ქვეყნის დაცვა და მისთვის თავის შეწირვა, ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლოა, შევასრულოთ იგივე როლი, რასაც ასრულებდა კუბა?
– სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პროცესები. თუ ჩვენი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა გზებით ვაპირებთ: სამხედრო თუ დიპლომატიური გზით? სამხედრო გზით ვერ აღდგება, იმიტომ რომ რუსეთია სეპარატისტების მფარველი; დიპლომატიური აქტივობა კი არ ჩანს. არ ტარდება ისეთი ღონისძიებები, როგორსაც ატარებს პრეზიდენტი ალიევი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლების წევრებისადმი. ისინი შეიყვანა შავ სიაში, მათზე გამოაცხადა ძებნა ინტერპოლით. ჩვენ, რატომღაც, ანალოგიური ღონისძიებები არ გაგვიტარებია, მაშინ, როდესაც ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებების წევრების მიერ ჩადენილია სამხედრო დანაშაულები, მათ უშუალოდ აქვთ მიღებული მონაწილეობა ქართველების ეთნოწმენდაში. გამოდის, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ სეპარატისტულ რეგიონებს, განამტკიცონ თავიანთი დამოუკიდებლობა და დაიმკვიდრონ თავი. მთიანი ყარაბაღი არავის უღიარებია და ძალიან მოკრძალებულად აქტიურობენ, აქ კი ხედავთ, რომ აფხაზეთში ჩადის პუტინი.
– პუტინი აფხაზეთში ჩავიდა გორის ავტობანზე ამერიკული ტანკების კოლონის პასუხად.
– ესეც ჟესტი იყო, როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხვდება არაღიარებული სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელს. ეს მათი მიდგომაა. დასავლელი ლიდერები ასეთ ლიდერებს არ შეხვდებოდნენ. სხვა მეთოდი რუსეთს არ გააჩნია, ამით უნდა, დაამტკიცოს, რომ საქართველო არის უსუსური, რომ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა არ არის საინტერესო, მიუხდავად იმისა, რომ  კავკასიას მხოლოდ სოხუმისა და ცხივნალის ფლობით ვერ აკონტროლებს. რუსეთს უნდა წარმოაჩინოს, რომ საქართველო არ აინტერესებს, არადა საქართველოს დაკარგვით, რუსეთი კარგავს თავის პოზიციას კავკასიაში და თუ აშშ-ს სამხედრო ბაზა განთავსდა საქართველოში, რუსეთი მაინც წაგებული რჩება, რადგან ამ შემთხვევაში რისთვის იყო საჭირო 2008 წლის ომი?! მას უნდოდა საქართველოს შეჩერება „ნატოსკენ“ გზაზე. ერთი სიტყვით, ბევრი რამაა იმაზე დამოკიდებული, ჩვენ რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ იმ რესურსს, რასაც დასავლეთისგან ვიღებთ სხვადასხვა სახით.


скачать dle 11.3