კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ შველის თანდაყოლილი „ჩალიჩის“ უნარი ქართველს, იყოს უმუშევარი და ჰქონდეს შემოსავალი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ფაქტია, რომ ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობთ, განვითარებადის სტატუსი აქვს და ისიც დღესავით ნათელია, რომ ნამდვილად ღარიბი ქვეყნის მოქალაქეები ვბრძანდებით, თუნდაც, იმიტომ რომ მილიონზე ცოტათი მეტი შინამეურნეობაა და მათგან ნახევარი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში მოხვედრას ითხოვს. არც ნაგვის ბუნკერებთან მდგარი ჩვენი თანამოქალაქეებია უცხო ხილი ჩვენი სინამდვილისთვის და არც ხელგაწვდილები. ოღონდ ამის პარალელურად, თბილისის ქუჩები იმდენად გადატვირთულია კერძო ავტოტრანსპორტით, რომ დღენიადაგ „პიკის საათია“, ამასთან, თუმცა ისეთი მარკეტებიც მრავლადაა, საიდანაც მომხმარებელს ნისიად მიაქვს პროდუქტები, სუპერ და ჰიპერმარკეტებშიც საკმაოდ დიდი რიგებია სალაროებთან. აღარაფერს ვიტყვი რესტორნებში კლიენტურის ყბადაღებულ სიმრავლეზე. შესაბამისად, იბადება კითხვა: მართლაც სიღარიბეზე მოთქმა მოგვწონს (ყველა არ იგულისხმება) თუ, უბრალოდ, ღვთისგან მომადლებული უნარი გვაქვს, თავი უფრო შეძლებულებად გავასაღოთ? – ამ თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
რამაზ საყვარელიძე:
ეს კითხვა ხშირად ჩნდება, რადგან ერთსა და იმავე ქუჩაზე მანქანების ტევა აღარ არის, თუ რესტორანია, მით უმეტეს და იმავე ქუჩაზე ნაგვის ბუნკერში ვიღაცაა გადაყუდებული; თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქუჩებში ხელგაწვდილი ადამიანების რიგები დგას. ამ საკითხზე საუბრისას არ გამოვყოფდი საქართველოს, როგორც გამონაკლისს, რადგან ბევრ ქვეყანაში მოიძებნება ანალოგი. ისეთებში, რომლებსაც ევროპულსა და წარმატებულს ვერ დაარქმევ, უფრო სამხრეთულში, რომლებშიც ვიღაცები ძალიან მდიდრდებიან, ვიღაცები კიდევ უფრო ღარიბდებიან. მდიდრების უფრო გამდიდრება იმიტომ ნიშნავს მეორეთა გაღარიბებას, რომ მდიდრებზე აწყობილი ბაზარი უფრო ძვირია და, შესაბამისად, ღარიბი ადამიანისთვის უფრო მიუწვდომელი ხდება. აი, ასეთ ორ პოლუსად გაყოფილი საზოგადოება არის დიდი პრობლემა: კაპიტალისტურ ქვეყნებში იყო ასეთი რეალობა თავიდან და შემდეგ იმ ქვეყნებში, რომლებშიც კაპიტალისტური ელემენტები ბოლომდე ვეღარ მივიდა და დარჩა ველური კაპიტალიზმის მექანიზმი. და იქ, სადაც ამ პირველყოფილი ურთიერთობის მექანიზმი დარჩა, ვისაც ბევრი ფული აქვს, აქვს ყველაფერი და ყველაფერი უნდა, ხოლო, ვისაც ფული არ აქვს, ის რჩება ხელგაწვდილი. მაგრამ დასავლეთის იმ ქვეყნებმა, რომლებზეც ვსწორდებით, სავსებით შეგნებულად დაიწყო შუა ფენის წამოწევა  და იმის გაცნობიერება, რომ ქვეყანა ამ შუა ფენაზე დგას, რადგან, თუ ძალიან ბევრი ღარიბი დაგროვდა ქვეყანაში, იწყება უკმაყოფილება და პროტესტი. ჩვენთან პროტესტი, ძირითადად, მიმართულია ხოლმე სახელმწიფოსადმი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ უცხოეთში ასეთი პროტესტები მიმართული იყო იმ მდიდრებისადმი, რომელთა სიმდიდრე იყო თვალშისაცემი. ამდენად, დაიწყო შუა ფენის ამოწევა, როგორც გამათანასწორებელი, დამბალანსებელი ფენისა და მისკენ კანონმდებლობისა და რესურსის მიმართვა, რომ ეს შუა ფენა გამხდარიყო რაც შეიძლება, მრავალრიცხოვანი. ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეეწყო ხელი, რომ დიდ ბიზნესს არ ჰქონოდა საზოგადოების დანარჩენ ფენებთან ისეთი კონტრასტი, რაც გამოიწვევდა სოციალურ უკმაყოფილებას. მაგრამ, ვიმეორებ, ეს მოიტანა ცხოვრების გარკვეულმა წესმა, პროტესტმა, უკმაყოფილებამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ გაფიცვა, როგორც მეთოდი, გამოიყენებოდა სწორედ დასავლეთში და მიმართული იყო სწორედ იმ მდიდრებისადმი, რომ ისინი იძულებულები გამზდარიყვნენ, გაეუმჯობესებინათ დაქირავებულთა შრომის პირობები. ჩვენთან ფრაგმენტული და მცირე მასშტაბის გაფიცვებია.
– და უფრო ხშირად პოლიტიკური დატვირთვის.
– სოციალური დატვირთვისაც იყო მაღაროელთა შემთხვევაში…
– როდესაც დაიღუპა ადამიანი. დაღუპვამდე სანამ მივა საქმე, მანამდე გაფიცვა ვიგულისხმე.
– გაფიცვებიც ასეთ რადიკალურ მომენტში ჩნდება ხოლმე. ამას, ალბათ, ხელს ისიც უწყობს, რომ საქართველოში თვითონ წარმოება არ არის იმ მასშტაბის, რომ საწარმოებში დასაქმებულებმა თავიანთ ბედზე თვითონ იზრუნონ. დასაქმების ძირითადი სფერო მაინც საბიუჯეტო სექტორია, ანუ დამქირავებელი, ძირითადად, სახელწიფოა და რაც მთავარია, თანხა ძირითადად იქმნება ვაჭრობით: ვიყიდე და გავყიდე. ვაჭრობაში კი დასაქმების ხარისხი ნაკლებია.
– ძირითადად, თვითდასაქმებულია და ვის უნდა გაეფიცოს?
– ან თუ ვინმეს ქირაობს, ისინი მცირერიცხოვნები არიან. ასე რომ, ჩვენ ობიექტური საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ იყოს ის ვითარება, რაც არის.
– მართლაც, ასეთი ღარიბები ვართ? უამრავი ავტომანქანა დადის ქუჩაში, უმეტესობა კი ძველი და მეორადია, მაგრამ ბენზინს ხომ ასხამენ? არც მყიდველების სიმცირეს უჩივის სავაჭრო ობიექტები.
– გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად გაჭირვებული ფენა არსებობს, სხვა თუ არაფერი, უმუშევრობის პროცენტია დიდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ადამიანები რაღაც გამოსავალს პოულობენ. უნიკალური ქართული სიტყვაა „ჩალიჩი“, ჩვენთვის დამახასიათებელი. ის გულისხმობს, რომ შეიძლება, ადამიანი არ მუშაობდეს, მაგრამ შემოსავალი ჰქონდეს: დღიდან დღემდე მუდმივი სამუშაოთი თუ არა, რაღაცით მაინც გაიტანოს თავი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უკეთესად მცხოვრები ფენა, ანუ საშუალო ფენა არსებობს, თავისი შესაძლებლობების მიხედვით და ამ დროს არ გვაქვს საშუალო ფენა, თავისი შემოსავლებითა თუ სოციალური სტატუსით.
– ხასიათის თვისებები გვეხმარება, თავი გავაჩვენოთ, უფრო მდიდრებად თუ არა, შეძლებულებად?
– ალბათ, გვეხმარება. იმიტომ რომ ისტორიამ გვასწავლა გაჭირვებაში გამოსავლის მოძებნა. გავიხსენოთ ნაცარქექია, როგორც დადებითი გმირი, რომელიც სწორედ ზემოხსენებული ჩალიჩობით თავისზე ძლიერებს ამარცხებდა და მიზანს აღწევდა. ეტყობა, გაჯდა ეს სქემა ქართულ ხასიათში: ქვაზე რომ დასვა, იქიდანაც რაღაცას ამოიღებს. დავაკვირდეთ დევნილებს: ვერ ვიტყვით, რომ ისინი სხვაზე უარესად ცხოვრობენ, თუ უკეთესად არა. ვიღაც რუსეთში წავიდა და იქ მოღონიერდა, ვიღაც აქ მოღონიერდა. იმპულსმა, რომ რაღაც მომენტში მათ ზურგს უკან არაფერი გააჩნდათ, მათში სიცოცხლისუნარიანობის დიდი მუხტი გააჩინა. ეტყობა, ამ მუხტით ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში და როცა გაგვიჭირდებოდა, სიცოცხლისუნარიანობა გვეზრდებოდა.
– ასევე, შეინიშნება სიცოცხლით ტკბობის უნარიც: შეიძლება, არაფერი ჰქონდეს და გაერთოს, გახალისდეს და ბედნიერადაც კი იგრძნოს თავი. ესეც თვითდგადარჩენის ინსტინქტია, თავდაცვის მექანიზმი თუ რა არის?
– გამიჭირდებოდა მელაპარაკა თავდაცვის ინსტინქტზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია ობიექტურად იძლევა ამის საფუძველს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ქართველს აქვს ინფანტილური ბუნება. თუ სიხარულია, ძალიან უხარია, ოღონდ, თუ გადაწყვიტა, რომ დამწუხრებული იყოს, ამასაც გადაჭარბებულად ემოციურად გამოხატავს. გავიხსენოთ დატირების ჩვენი რიტუალი. თუმცა იმავე დატირებაშიც იმ მწუხარების ემოციას იმით უმკლავდება, რომ უამრავი საქმე აქვს ჭირისუფალს. ასე რომ, კულტურაში ძალიან ბევრი ისეთი მექანიზმია, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას უწყობს ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართული სუფრაა ამის გენიალური მაგალითი. ის, რაც ქართულ სუფრაზე ხდება, როდესაც მთელი სუფრა ერთ კონკრეტულ ადამიანს აქებს და ხოტბას ასხამს, ხომ მუხტია, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში ადამიანს გაუზრდის სიცოცხლისუნარიანობას?
– ეს ხომ ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდია, როდესაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს ეუბნებიან პოზიტიურ რამეებს და ამაში ის ადამიანები ფულს იხდიან. ჩვენთან უფასოდ ხდება ნებისმიერ სუფრაზე, თუ გადღეგრძელეს.
– დიახ. ჯგუფური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მამა როჯერსი რომ საქართველოში ჩამოვიდა და ქართულ სუფრაზე წავიყვანეთ გადაირია, მე ჩემი გამოგონილი მეგონა ეს მეთოდი და თურმე, თქვენ ამას მანამდეც იყენებდითო.
– თან, სადღეგრძელოში ჰაერიდანაც არ მოაქვთ შეფასებები: გაბუქებულია დადებითი თვისებები, მაგრამ საფუძველიც აქვს, თუნდაც, მცირედი. ისეთ რამეს იხსენებენ, რაც, მართლაც, პოზიტიური იყო.
– სხვათა შორის, ამას თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც, იმიტომ რომ გადაჭარბებული ყველაფერი ცუდია. მაგრამ სიცოცხლისუნარიანობისთვის, უდავოდ, დადებითია. ქართველს სიამოვნებს დადებითი ემოცია: სიამოვნებს სიმღერა, ცეკვა, ახლობლებთან ურთიერთობა და საქმეც შეიძლება, გადადოს სიამოვნებისთვის. ანუ დიდხანს მიუღებელი იყო მოტივი: საქმე მაქვს დღეს და საქეიფოდ ვერ წამოვალო. მაგრამ სავსებით გასაგებია, მეგობრებთან ვიყავი და საქმე ვერ გავაკეთეო. მაგრამ რაც მუშაობამ ფასი შეიძინა, ნელ-ნელა იცვლება ეს დამოკიდებულება. თუმცა ისიც არ იყო გასაკვირი, რადგან საბჭოთა პერიოდში გინდ დღეს გემუშავა და გინდ – ხვალ, შედეგი მაინც იგივე და იგივე იყო. ამდენად, საქმის გადატანა არაფერს აშავებდა დიდად. თუმცა იმავე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ სხვა ერებიც, რომლებსაც სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ სამუშაოსადმი.
– საბჭოთა დროს საკუთარი ნებით ვმუქთახორობდით? სხვებმა მუშაობის კულტურა ხომ მაინც შეიძინეს?
– უფრო სოფლის მეურნეობის რესპუბლიკად ვიყავით ცნობილი, სოფლად ცხოვრებას კი თავისი სპეციფიკა აქვს და არ არის განსაზღვრული სამუშაოს მკაფიო დრო; მეორე ფაქტორია გეოგრაფიული, სამხრეთის ყველა ქვეყანა ჩვენნაირია, უფრო ზუსტად, ერთნაირები ვართ.
– სომხეთსა და აზერბაიჯანშიც იგივე ხდება, ესე იგი...
– აზერბაიჯანში უფრო მეტად, სომხეთში – ნაკლებად, სომხები უფრო არიან შრომაზე ორიენტირებულები. მათთან საწარმოც მეტია და ხელოსნობაც იმთავითვე იყო მათი საქმიანობის სფერო. და კიდევ, ვაჭრობა სომხების ბუნებრივი საქმიანობის სფეროა. ვაჭრობაც თვლას მოითხოვს. ამდენად, ანლიზი, თვლა, საქმიანი დამოკიდებულება სომხებისთვის უფრო მეტად შეიძლებოდა, ყოფილიყო დამახასიათებელი.
– მაგრამ, მიუხედავად ამისა, სომხეთს, როგორც სახელმწიფოს, ეს არ ეტყობა.
– ნამდვილად არ ეტყობა, საქართველო, ამ მხრივ, უნიკალური ქვეყანაა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კარგად ყოფნის უნარი აქვს. რუსებსაც უკვირდათ ადრე, სულ კარგ ხასიათზე რატომ ხართო?!
– ადამიანებს სოფლებში აქვთ არაჩვეულებრივი სახლ-კარი, მიწა, მაგრამ ურჩევნიათ, სარდაფები იქირაონ თბილისში და სხვისი მოყვანილი მოსავალი ერთ ადგილას იყიდონ და მეორე ადგილას გაყიდონ. ნაცვლად იმისა, რომ მოიყვანონ თავად. ეს რა ინსტინქტია?
– ამ ტენდენციის ჩამოყალიბებაშიც, ალბათ, პოლიტიკამაც შეასრულა თავისი როლი. თურქეთიდან შემოსული პომიდორი უფრო იაფი ღირს, ვიდრე აქ მოყვანილი. პომიდორი პირობით მაგალითად მომყავს.
– არ იჭმევა ოღონდ.
– მაგრამ ხომ იყიდება დაბალი ფასის გამო?! შესაბამისად, კონკურენციაში აგებს ქართველი გლეხი და აგებს იმიტომაც, რომ სახელმწიფოს არ აქვს მისი ხელშეწყობის პოლიტიკა. თუ ამ მიმართულებით წავალთ, შეიძლება, დაბრუნდეს ის მიდგომა, რომ მიწა არის ქონება, რომელიც გაძლევს არსებობისა და გამდიდრების საშუალებას. ზოგადი სქემა ასეთია: უცხოური სოფლის მეურნეობის ტექნოლოგია ისეთ დონეზეა, რომ იაფი თვითღირებულება აქვს, ჩვენს პროდუქტს – ძვირი.
– და მათი მასშტაბიც უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი, ესეც განაპირობებს ჩვენი პროდუქტის მაღალ თვითღირებულებას.
ამიტომაც გადასაჭრელია ამოცანა, როგორ დააბრუნო შენი გლეხი მიწასთან და გამოიყვანო ნაქირავები სარდაფიდან. ეს არ არის მხოლოდ ხასიათის ნიშანი, თუმცა ხასიათიცაა, რადგან ის ინდოელი თუ ჩინელი, რომლებიც ჩვენთან ჭარბად არიან, მუშაობის იმ ტრადიციით შემოვიდნენ, რაც აქვთ თავიანთ ქვეყნებში.
– რომ მიწა არ უნდა მოცდეს.
– საქმის მოდუნებულად კეთება არის ჩვენი ხასიათი და ამ ინერციით დავხვდით მათ გამგელებული მუშაობის ინერციას, ეს სხვადასხვა ინერციებია. მაგრამ ხასიათის ეს თვისება უნდა შეიცვალოს და, თუ მოინდომებ, ის ერთ თაობაში შეიცვლება და ქართველიც გააქტიურდება მიწისადმი, რომ კონკურენცია გაუწიოს უკვე გააქტიურებულ ინდოელსა თუ ჩინელს, მაგრამ ეს მხოლოდ შეგონებით არ გამოვა, მექანიზმის მოფიქრებაა საჭირო. ისეთი კანონი უნდა შემოიღო, რომ მიწაზე მუშაობა მიმზიდველი გახდეს.


скачать dle 11.3