კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (215)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

№34 როგორ მუშაობდა და დაფრინავდა აქტიურად მთელი ორსულობის განმავლობაში ქეთი ქარდავა და რატომ ვერ ხვდებოდა ვერავინ მის ორსულობას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა 15 აგვისტოს ბრიუსელში მეორე შვილის, პატარა ლეო პერტენავას დედა გახდა. ამის შესახებ ქეთიმ თავად დაწერა „ფეისბუქზე:”  „ეს დღეც დადგა! ყველაზე პატარა „მაშასადამე ევროპელი” ლეო პერტენავა. 17 წლის შემდეგ მეორე შვილის დედა გავხდი. მეც არ მჯერა!” ქეთი 9 თვის განმავლობაში მთელი დატვირთით მუშაობდა, ძალიან ბევრს დაფრინავდა. 15 აგვისტოსაც, სანამ ლეო დაიბადებოდა, აქტიურად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მან ორსულობასთან დაკავშირებული ყველა მითი დაარღვია. მე ქეთისა და მიშკას კიდევ ერთხელ ვულოცავ პატარა ლეოს დაბადებას. ჯანმრთელობასა და ბედნიერ, წარმატებულ ცხოვრებას ვუსურვებ.
ქეთი ქარდავა:
მთელი 9 თვის განმავლობაში იმდენი ვიმგზავრეთ მე და ლეომ, იმდენი საქმე გავაკეთეთ, რომ ვამბობდი: რომ დაიბადება, რამდენიც უნდა იტიროს, არ ამოვიღებ ხმას და არ დავიწუწუნებ, ისეთი პატივი მცა მუცელში ყოფნის დროს-მეთქი. მე და ჩემი მეუღლე ვამბობდით: ბავშვმა იცის, კარგად რომ უნდა მოიქცესო. არცერთი დღე არ შევუწუხებივარ. მიხარია, რომ მე და ლეომ ეს შევძელით და ისე ვიმუშავეთ 9 თვე, რომ არცერთი დღე არ აგვიღია დასვენება, რადგან ამისი აუცილებლობა არ იყო. რადგანაც ბრიუსელში ვარ, არ ვმუშაობ. თბილისში უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, ორმაგი-სამმაგი და ყველაფერი ისე უნდა გამეკეთებინა, რომ ამ პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნოდა არც ბავშვს და არც ჩემს საქმიანობას. ძალიან ბევრი ვიფრინეთ და დავამსხვრიეთ ის მითი, რომ ორსულისთვის არ შეიძლება ფრენა, მგზავრობა.
– იმ დღეს, როდესაც ბავშვი დაიბადა, აქტიურად მუშაობდი.
– წინა ღამეს ჩვენი ვებ-საიტისთვის ინფორმაციებს ვაგროვებდი, ხაზზე ვიყავი რედაქტორთან. დილითაც, ერთი საათით ადრე, სანამ ლეო დაიბადებოდა სამი ახალი ამბავი დავდე, თან ისეთი სიტუაციიდან ვწერდი ამ ყველაფერს, რომ ვფიქრობდი: ახლა საქართველოში რომ იცოდნენ, საიდან ვწერ, ვერც წარმოიდგენდნენ-მეთქი. სამშობიაროში ვიყავი და ბოლო ნიუსიდან ჩემს სტატუსადმე, რომელიც ბავშვის დაბადებას ეხებოდა, საათ-ნახევარი იყო გასული. დედაჩემმაც კი „ფეისბუქიდან” გაიგო, რომ ბავშვი გაჩნდა. ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყო და რომ მეთქვა, უკვე სამშობიაროში ვიყავით, ეს მისთვის დამატებითი სტრესი იქნებოდა და ჯობდა, რომ გაჩნდებოდა, მერე გამგებინებინა. ლეო რომ დაიბადა, პირველი „ფეისბუქში” შემოვედი, არც დედაჩემი, არც დეიდაჩემი და არც ჩემი დედამთილი არ იყვნენ ხაზზე და მიშკას ვეუბნებოდი: რა იციან, ახლა რა უნდა დავწერო, აქ რა გადავიტანეთ, ხომ იქნებოდა ყველა ხაზზე-მეთქი. გადავწყვიტე, დედაჩემიც, ჩემი დედამთილიც იმ ადამიანების სიაში ყოფილიყვნენ, რომლებიც ახალ ამბავს „ფეისბუქით” გაიგებდნენ. ერთადერთი, ვინც ყველაფერი იცოდა, რა განცდებში ვიყავით შესვლამდე, ლიზიკო იყო,  ჩემი შვილი.
– რატომ არ იცოდა არავინ შენი ორსულობის შესახებ?
– არ მიყვარს ასეთი თემების აფიშირება სოციალურ ქსელში. „ფეისბუქს,” ძირითადად, პროფესიონალური თვალსაზრისით ვიყენებ, ახალი ამბების გასავრცელებლად. ჩემმა ორმა მეგობარმა იცოდა: სოფომ და ელისომ, ასევე, ჩემი ოჯახის წევრებმა, სხვა არავისთვის მითქვამს. ისტორიის გასიურპრიზებაში იმანაც შემიწყო ხელი, რომ არ მემჩნეოდა და არ მქონდა დიდი მუცელი. როდესაც ბრიუსელში პირველად მივედი ექიმთან, ვუთხარი: მე ვარ ჟურნალისტი, ვმუშაობ თითქმის ყოველდღე, სულ დავფრინავ. ასე რომ, შეიძლება ერთი კვირა სახლში ვერ დავბრუნდე და ეს უნდა გაითვალისწინოთ. კიდევ, არ უნდა მოვიმატო წონაში, რადგან კადრში ვმუშაობ და არ არის სასურველი ტელევიზორში ვჩანდე დიდი მუცლით და გასუქებული-მეთქი. მითხრა: პირობას გაძლევ, რომ 9 თვე ეკრანზე არ შეგემჩნევა არაფერი, წონის პრობლემაც არ გექნება. არაფერი გაქვს სანერვიულო, შენ მიხედე შენს საქმეს, ბავშვს მე მივხედავო. თავისი პირობა ათქულიანი შეფასების სისტემაში 12 ქულით შეასრულა. როცა მასთან ბოლო ვიზიტი მქონდა და სასწორზე დავდექი, მითხრა: ვაღიარე საკუთარი თავიო. დიდი მადლობელი ვარ მისი. ჯამში, 9 კილო მოვიმატე მხოლოდ. მაგრამ, მთავარი ამბავი იყო ის, რომ ბევრმა პირადად მითხრა, რომ გაუჩნდათ ეჭვი – ხომ არ ავიყვანე ბავშვი, რადგან ორსული არ ვუნახივარ. სუროგატით ხომ არ გაჩნდა, ხომ არ ავიყვანე – ასეთი ეჭვები და კითხვები გაუჩნდათ. ბევრი ვიცინე, რადგან საქართველოში ხომ ყველას სურს, ყველაფერი იცოდეს სხვაზე. მაგრამ ხომ არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დაიცვა. რადგან არ გეუბნები, ესე იგი, არ გეუბნები და როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, მაშინ გაიგებ.
– ალბათ, საოცარი ემოცია გქონდათ შენც და მიშკასაც, როცა შენი ორსულობის შესახებ გაიგეთ.
ლეო ჩემთვის მეორე შვილია 17 წლის შემდეგ, მიშკასთვის – პირველი. საკმაოდ დიდი ინტერვალია და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ისე, როგორც ამას ვფიქრობდი გათხოვებასთან დაკავშირებით. მიშკასთვის ორმაგად და სამმაგად სასიხარულო იყო, ეს ემოციები მისთვის ახალია. თან, რაც მთავარია, ყველაფერი მარტოებმა გადავიტანეთ სხვა ქვეყანაში, უცხო გარემოში. მარტოები ვიყავით იმ დილითაც და ახლაც. ისე დავგეგმეთ, რომ ბოლო სამი თვე მიშკა აქ ყოფილიყო, ხელი შეეწყო. ვიცინოდით: ბავშვმა დაბადებამდე  იმდენი პრეზიდენტი ნახა, იმდენ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, იმდენი პრესკონფერენცია მოისმინა, რომ უკვე იცის რა გარემოში იმყოფება-მეთქი. ინტერვიუებზეც ისე კარგად იქცეოდა. მოდამაც შემიწყო ხელი. ფართე შარვლები და კოსტიუმები შევიძინე და ამით გადავიარეთ ბოლო თვეები. ლამაზი შარფები გახდა ჩვენი ლეოს სამალავი.
– ფიზიოლოგიურად იმშობიარე თუ საკეისრო გაიკეთე? მეუღლეც ხომ არ ესწრებოდა პროცესს?
– საკეისრო კვეთა გავიკეთე, რადგან პირველი ლიზიკოც საკეისრო კვეთით მყავს გაჩენილი. ერთადერთი, რისიც მეშინია, ეს არის ტკივილი. ექიმებმაც  მირჩიეს. საკეისრო 1 სექტემბერს იყო დაგეგმილი და ლეომ დაასწრო მოვლენებს. დილით, 15 აგვისტოს, როცა სულ სხვა გეგმები გვქონდა ასე მოულოდნელად წამოვედი სამშობიაროში. მიშკამ ძალიან შემიწყო ხელი. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, საკეისროს დასწრებოდა. თავადაც გამოთქვა მზადყოფნა, თან სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და ასეთ სიტუაციებში ნამყოფია. მისი გვერდში ყოფნა ძალიან დამეხმარა.
– როგორი ბიჭია ლეო?
– ძალიან ჭკვიანი, ლამაზი და იმედია, ასე გააგრძელებს. ჯერჯერობით სამშობიაროში ვართ და აქედან გელაპარაკები (ინტერვიუ ჩაწერილია 18 აგვისტოს – ავტორი). გუშინ ბარსელონაში ტერორისტული აქტი რომ მოხდა, სამშობიაროდან ვაგვარებდი ჩემი ოპერატორის წასვლის ამბებს. უნდა გენახათ, გაფრენა-გამოფრენის ბილეთების ყიდვისას, რედაქტორთან კომუნიკაციისას რა მდგომარეობაში ვიყავი.
– შენს სტატუსში წერ: პატარა ევროპელი დაიბადაო და რას გულისხმობდი.
– იმდენი ვიბრძოლეთ ეს თვეები, ერთად მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ეს ყველაფერი თავის თავზე გამოსცადა პატარა კაცუნამ. ევროკავშირში არ არის ისე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში: ბავშვი დაბადებისთანავე რომ იღებს მოქალაქეობას. მაგრამ ბევრი ბენეფიტები იქნება. პასპორტში დაბადების ადგილად ჩაეწერება ბრიუსელი, 2 კვირაში მოხდება აქ მისი რეგისტრაცია. თუ ერთ-ერთი მშობელი გადაბმულად 5 წელი ცხოვრობდა ამ ქვეყანაში ბავშვს, რომელიც აქ დაიბადება, როდესაც სრულწოვანი გახდება, შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობა. ეს პატარა საჩუქარი მე დავახვედრე, რადგან ეს დამატებითი შესაძლებლობა იქნება მისთვის, რომელიც ძალიან დამსახურებულად მიიღო – მას შეეძლება, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, მოითხოვოს ბელგიის მოქალაქეობა. ამიტომაც არის ევროპელი.
– ვინ შეურჩია სახელი?
– რომ გავიგეთ ბიჭი მეყოლებოდა, ლიზიკოს ვუთხარი: შენ განდობ სახელის შერჩევას-მეთქი. მან მითხრა: მე რადგან ლიზიკო ვარ, ლეო დავარქვათ და ვიქნებით ლიზიკო და ლეოო. არავითარი ლევანი, ლეოა და ამით დასრულდა ყველაფერი, მათ შორის ჩემი ფეხმძიმობა და ასეთი გამოწვევები. ეს ცვლილებაც არ შეუშლის ჩემს საქმიანობას ხელს. არც მაშინ შეუშლია, როცა ამისი თეორიული და პრაქტიკული შანსი იყო. დედაჩემი იქნება აქ და მას შემდეგ, როცა სამშობიაროს დავტოვებ, სრული დატვირთვით ვიწყებ მუშაობას. ბედნიერები არიან ჩემები, რომ  მე და ლეო ცალ-ცალკე ვიქნებით და ბავშვი არ შეწუხდება ამდენი ფრენით. თვითმფრინავში დაბადების ვარიანტიც განვიხილეთ. ასეთ დროს ბავშვი მსოფლიო მოქალაქე ხდება და დედაჩემი მეუბნებოდა: მეყოფა ნერვიულობა ყოველ აფრენა-დაფრენაზე და ახლა არ გამაგებინო, რომ ბავშვი მსოფლიო მოქალაქე დაიბადაო. ბელგიის მოქალაქეობა საკმარისი იქნება ლეოსთვის, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველყოფთ.
скачать dle 11.3