კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რის გამო უჭირდა ია შუღლიაშვილს მეორედ დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და რატომ ეშინოდა მას მერაბ ნინიძის პარტნიორობის

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ტრანსილვანიის კინოფესტივალის მთავარი პრიზის – „ტრანსილვანიის თასის“  მფლობელი გახდა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი კი ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქალ მსახიობად დაასახელეს.
ია შუღლიაშვილი
: ჩემთვის ეს პრიზი ძალიან დიდ ემოციებს უკავშირდება. როცა საუკეთესო მსახიობ ქალად გაცხადებენ, რთულია ცრემლების შეკავება და სიხარულით ტირი. მით უმეტეს, თუ მსგავსი რამ პირველად ხდება შენს ცხოვრებაში. იმ მომენტში მომზადებული ტექსტის თქმა წარმოუდგენელი მგონია და მხოლოდ იმის თქმა შევძელი, რასაც ბუნებრივად ვგრძნობდი. შინაგანად, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი მქონდა, მაგრამ, როცა რეალური ფაქტის წინაშე დგები, ეს საოცარ ემოციებს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, იყო რომ კინოში ამხელა და მთავარი როლი პირველად მქონდა.
– სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყო ამ ფილმის პრემიერა. როგორია მაყურებლის გამოხმაურება?
– კრიტიკოსებისა და კინომცოდნეების შეფასებები პროფესიონალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ, როცა ქუჩაში მაყურებელი გხვდება, გცნობს და უდიდეს სიყვარულს გამოხატავს, თან უცხო ქვეყანაში, ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მხვდებოდნენ ქალები და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს პერსონაჟში საკუთარ თავს ხედავდნენ.  ფილმი უკვე აჩვენეს ამერიკაში, ბერლინში, იტალიაში, ოდესაში, ასტანაში. ამერიკაში ფილმის ჩვენების მეორე დღეს კაფეში შევედით, რასაც იქ მყოფების მხრიდან დიდი აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა.
– გყავდათ საოცარი პარტნიორი – მერაბ ნინიძე. აქამდეც გითანამშრომლიათ მასთან?
– მე და მერაბს პარტნიორული ურთიერთობა აქამდე არ გვქონია. თუმცა, თეატრალურიდან ვიცნობთ ერთმანეთს.  ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო მასთან ერთად თამაში. როცა გავიგე, რომ როლზე მერაბი დაამტკიცეს და მასთან ერთად უნდა მემუშავა, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან კომფორტული ადამიანია.
– ეს ჯილდო თქვენი პროფესიის საუკეთესო მომენტია, თუმცა წლების განმავლობაში რთული პერიოდებიც იქნებოდა.
– კი, ეს ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტია. შეიძლება, ცოტა დიდ ასაკში, მაგრამ ასეა. ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს კარიერაში აქამდე არ ყოფილა. თუ წარმატების იმედი გაქვს და ამისთვის ბევრს შრომობ, მგონია, რომ შედეგს აუცილებლად მიაღწევ.
– თუმცა, როგორც ვიცი, თქვენთვის პირველ ადგილზე მაინც ოჯახია.
– კი, ოჯახს პირველ ადგილზე ვაყენებ. ამ ფილმის ჩვენება საქართველოში 28 სექტემბრიდან იგეგმება და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არც ჩემი ოჯახის წევრებს უნახავთ ის. ასე რომ, დიდი მოლოდინი აქვთ. ჩემი ოჯახის თითოეული წევრი საოცრად მიწყობდა ხელს გადაღების პირველივე დღიდან.
– ოჯახური ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები რა პერიოდს უკავშირდება?
– ალბათ, ბოლო ათი-თორმეტი წელია ამ თვალსაზრისით გამორჩეული. ამ პერიოდში ჩემი ცხოვრება უფრო განვითარდა და ჩამოყალიბებული სახე მიიღო. ეს, ალბათ, ასაკმა მოიტანა, უკეთ მივხვდი, რა მინდოდა, უფრო მეტად მიზანსწრაფული გავხდი. ოჯახი, შვილები, ეს ყველაფერი ქალს ავსებს, შესაბამისად, ცხოვრება უფრო მშვიდი და დალაგებული ხდება.
– შვილების შესახებ ვისაუბროთ.
– უფროსი ბიჭი 28 წლისაა. დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ შინაგანად მთლიანად მუსიკოსია.  ჰყავს ჯგუფი „ვინდოუ“, წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის, ფილმებისთვის, მუსიკალურად აფორმებს. მეორე შვილი 12 წლისაა და ჯერ სკოლაში სწავლობს. ხატვით და ძერწვით არის გატაცებული.
– რაც შეეხება მეუღლეს...
ჩემი მეუღლეც ხელოვანია. კი ამბობენ, ორი ხელოვანი ერთად  ცხოვრებას ვერ უძლებსო, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. როგორც ჩემი მეუღლე ყვება, საკმაოდ პატარა ასაკში მნახა და იქიდან ვახსოვარ. წლების შემდეგ ისევ შევხვდით. ერთმანეთს მუსიკამ დაგვაკავშირა. მაშინ უკვე საკმაოდ დიდები ვიყავით. მეუღლე ჩემზე ათი წლით უფროსია. პირველად ოთხი წლის მნახა, ის უკვე 14 წლის იყო და დავამახსოვრდი. მაშინ არაფერი, მაგრამ წლების მერე გავიხსენეთ ეს შეხვედრა.
– წლების მერე როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი?
– ეს ყველაფერი სიმღერით დაიწყო. ჩემი მეუღლე არანჟირებას აკეთებს, სიმღერას ვწერდი და მასთან მისვლა მირჩიეს. მოგვიანებით, ჩვენი თანამშრომლობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა.  დაქორწინების გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან, ცხრა წლის შემდეგ მივიღეთ. არ ვჩქარობდით, შეხვედრიდან ცხრა წელიწადში დავქორწინდით.  ეს მეორე ქორწინებაა და პირველის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა მიჭირდა. მაგრამ წლების შემდეგ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი. მანამადე ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე.
– ბოლოს მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა.
– (იცინის) კი, ასე გამოვიდა. ამიტომაცაა, პირველ და მეორე შვილს შორის 17 წელი სხვაობა.
– ამდენი წლის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, დედობაც განსაკუთრებულ ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული.
– ეს საოცარი ბედნიერებაა, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ მოზრდილ ასაკში, როცა ამხელა შვილი გყავს, ცოტა რთულიც იყო. მით უმეტეს, მე დამხმარე არ მყოლია. ვფიქრობდი, რომ შვილი თავად უნდა გამეზარდა. რაც კარიერასთან ერთად ძნელი იყო, თუმცა მან, რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული მომიტანა. თან, როცა ასაკში ხდები დედა, უფრო მშიშარა და ფრთხილი ხარ. აღარც იმდენი ენერგია გაქვს და ახალგაზრდასავით მარტივად არ უყურებ მის ავადმყოფობას თუ სხვა პრობლემას. ყველაფერზე დაფეთებული ხდები (იცინის).
– ბებიის ამპლუაში როგორი ხართ?
– გადარეული და გიჟი ბებია ვარ (იცინის). სამი წლის ბიჭი და ერთი წლის გოგო გვყავს. ამბობენ, რომ გოგონა მე მგავს, რაც ძალიან მიხარია (იცინის). გარშემო სულ ბიჭები მყავს, შვილებიც ბიჭები არიან, ძმები, ნათესავები და ყოველთვის გოგონას ველოდი. ასე რომ, ეს ნანატრი გოგოა. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი გოგო ჩემი რძალია.
– დედამთილისგან რძლის შესახებ ასეთი სიტყვები ცოტა მეუცხოვა.
– ჩვენ რძალდედამთილური ურთიერთობა არ გვაქვს. მეგობრები ვართ. ხუმრობს ხოლმე, ჩემი ჯგუფელი ხარო. ქალისთვის გოგო მაინც სულ სხვა ფენომენია და რადგან მე ქალიშვილი არ მყავდა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შვილებზე მეტად გახსნილი და მეგობრული რძალთან ვარ. ასევეა თვითონაც. ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება ცალმხრივი იყოს. ორივეს კარგად გვესმის ერთმანეთის. ჩემი ბიჭი ხანდახან ეჭვიანობს, ჩემი ცოლი უფრო გიყვარს, ვიდრე მეო (იცინის).
– რთულ ცხოვრებისეულ მომენტებსაც შევეხოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ ბედნიერი წუთებისგან არ შედგება.
– მე ძალიან ბევრი ახლობელი დავკარგე, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში წაუშლელი დაღი დატოვეს. ამ ყველაფრის გამო ძალიან გულჩათხრობილი ვიყავი. ათი წლის ასაკში უკვე დედა აღარ მყავდა. სამი წლის განმავლობაში მამაც გარდამეცვალა, ძმაც და დედობილიც. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკივილიანი მომენტია. ამიტომაც ვამბობ, რომ ბოლო 12 წელი სულ სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობ, თითქოს თავიდან დავიბადე.
– და ბოლოს, დედა...
– წლებთან ერთად, თანდათან ვხვდებოდი, რამდენად მჭირდებოდა დედა. ინოლა გურგულია – ეს სახელი ხალხისთვის ძალიან ძვირფასია. ვერ გეტყვით, რომ როდესმე ამით მისარგებლია. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, რომ დედა ზეციდან მეხმარება. ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი მას უკავშირდება. მე მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული და კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, თუმცა არ მინდოდა ამის გაკეთება. ზუსტად იმ მომენტში ნათესავმა მითხრა, რომ დედას უნდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და მეც მაშინვე გადავწყვიტე ჩემი კარიერის ბედი. მიუხედავად იმისა, რომ დედა მაშინ ცოცხალი აღარ იყო, დღემდე ვფიქრობ, რომ იქიდანაც მიშველა, მოახერხა და ძალიან სწორი გეზი მისცა ჩემს ცხოვრებას.
скачать dle 11.3