კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ გახდნენ „ცირკ დუ სოლეის” ახალი სამეჯლისო შოუს ქორეოგრაფები აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი და რატომ ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას მათი ყურებისას ცნობილი მსაჯები და მწვრთნელები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 პროფესიონალმა მოცეკვავეებმა, აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა უცხოეთში ჩვენი ქვეყნის სახელი არაერთხელ გაიტანეს, თან ძალიან წარმატებულად. მათი წყვილი საქართველოდან ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იცეკვა. რაც მთავარია, მათ ცოტა ხნის წინ შტუტგარტში, გერმანიის ღია ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა და მათმა საოცარმა პერფორმანსმა, რომელიც დიდი ემოციებით შეასრულეს, არავინ დატოვა გულგრილი. აკა და გვანცა შემოდგომიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ, წარმატებულ და გრანდიოზული შოუს „ცირკ დუ სოლეისთან” ოფიციალურად ითანამშრომლებენ და მათი შვილობილი კომპანიის  სამეჯლისო ცეკვების შოუში ქორეოგრაფებად იმუშავებენ.
აკა მოდებაძე: ბოლო პერიოდში ბევრი სიახლე გვაქვს, თუმცა ეს ყველაფერი უცბად არ მოსულა. ჩვენ დიდი ხანია უცხოეთში ვმოღვაწეობთ, სხვადასხვა კომპანიებთან ვთანამშრომლობდით, როგორც ქორეოგრაფები, სოლო შემსრულებლები და უკვე ბევრი კონტაქტი გვაქვს. მივაღწიეთ იმას, რომ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა კომპანიამ, რომელიც „ცირკ დუ სოლეის” შვილობილია და სამეჯლისო ცეკვების შოუს აკეთებენ, ქორეოგრაფებად მიგვიწვია.
გვანცა ციხელაშვილი: შოუს გასაკეთებლად სტოკჰოლმში მივდივართ. 4 თვე გვაქვს მოცემული შოუს დასადგმელად. ჩვენ გვევალება მათ გავუკეთოთ კარგი ქორეოგრაფია. გვეყოლებიან აკრობატები, რომლებიც შოუში ჩაერთვებიან, მოცეკვავეები რომ შეასვენონ. ამიტომ გვჭირდება 4 თვე, რომ ყველა დეტალი შეთანხმდეს, დაზუსტდეს. მანამდე ესპანურ კომპანია „ვეპისთან” ვითანამშრომლეთ, ორი შოუ დავდგით. მიუზიკლის ტიპის შოუ იყო. ძალიან კარგად გაიყიდა, ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ყველგან – წარმატებულად.
 აკა: გვანცა, ასევე, კოსტიუმების შექმნაში დაეხმარება, ძალიან ბევრ დეტალს მოაწესრიგებს მათთან ერთად.
გვანცა: წერილი აკას დაბადების დღეზე მივიღეთ. არ გვჯეროდა, ცრემლები მოგვდიოდა: აკა, ეს ჩვენ ვართ. პატარა წყვილი ვართ, ნიჭიერი, დიდი ისტორიის მქონე, მაგრამ პატარა ქვეყნიდან. თან, რომ ვიცით, იქ ვინ ჰყავდათ და ვინ ჰყავთ ქორეოგრაფებად, რომლებიც ჩვენი კუმირები იყვნენ... ახლა მოგვიწევს მათთან მუშაობა და ეს იქნება სასწაული. მოცეკვავეების სიაც გამოგვიგზავნეს, მათ შერჩევაშიც ჩავერთეთ.
აკა: ერთია რამდენად კარგი მოცეკვავე ხარ და მეორე – რამდენად შეგიძლია, გაუძლო ამხელა დატვირთვას. ამიტომ, ეს მომენტი არ ავიღე საკუთარ თავზე. გარეგნობითა და მონაცემით ვეუბნებოდი, რომ ნამდვილად აკმაყოფილებს სტანდარტებს, შეძლებს იმ მოძრაობების გაკეთებას. 18 წყვილი იქნება, ბევრი ნომრით, თავისი აკრობატებით. დადგმებზე უკვე ვმუშაობთ. მუსიკაც ვიცით – დაახლოებითი ვარიანტები, რადგან ადგილზე ორკესტრი შეასრულებს და უფრო მასშტაბური იქნება.
გვანცა: ჩვენ ჯერ მოგვაწოდეს იდეა, რაზე უნდა ვიფიქროთ და რომ ჩავალთ, უკვე დაიწყება კონფერენციები, განხილვები. აკამ უკვე მიაწოდა სტილისტიკა, ეს იქნება საოცნებო საღამო და დანარჩენი, ყველაფერი, უკვე ამ სტილისტიკაში შევა.
– შოუში ცეკვასაც ხომ არ აპირებთ?
– არის შემოთავაზება, რომ ჩვენი სოლო ნომრები ჩასვან, მონდომებულები არიან. ძალიან კარგია ქორეოგრაფობა, შოუში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ, სპორტის მხრივ, იმდენი რამ მოვუტანეთ საკუთარ თავს, ქვეყანას, რომ ამ ყველაფრის ასე ადვილად გვერდით გადადება არ გვინდა. ანუ, არ გვინდა, სისტემატური ხასიათი მიეცეს, რადგან მერე დრო აღარ დაგვრჩება სპორტისთვის. რაც მთავარია, ყველა აფიშაზე ეწერება – „ქორეოგრაფები: აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი.”
– მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გაქვთ.
აკა: ეს ახალი სიხარული წინანდელთან შედარებით ბომბასავით არის. ვერც კი შევადარებ, სულ სხვა სიხარულია. ყველა მოცეკვავის ოცნებაა სახელად „შტუტგარტი”. ბავშვობიდან ვიდეოებს, პოსტერებს უყურებ, რომელსაც შტუტგარტი აწერია და გადის წლები, ამ შოუზე გამოდიხარ საჩვენებელი ნომრით და ხსნი საღამოს გალა კონცერტს.
გვანცა: ეს არის ჩვენი ცხოვრება, ეს ჩვენს სპორტულ კარიერაში მოხდა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ის, რომ ქორეოგრაფად მუშაობ, ქორეოგაფიას დგამ, ეს უფრო ჩვენი მომავალი წლების კარიერაა.
აკა: მსოფლიო მასშტაბით ორი ყველაზე დიდი კონკურსია: „ბლეკ პული” და მეორე – შტუტგარტში, გერმანიის ღია ჩემპიონატი. მთელი ქალაქი აგვისტოში ამით ცხოვრობს. ჩადის ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 10 000-კაციანი დარბაზია „ლიდერ ჰოლის”, ულამაზეს, ისტორიულ ადგილზე. კონკურსში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი, ძლიერი წყვილები. ასევე, თავს იყრიან საუკეთესო მსაჯები. თითოეულ მოცეკვავეს ათასობით თვალი უყურებს: მაყურებელი, მწვრთნელები, მსაჯები. სამი წყვილი ვმონაწილეობდით შოუს გახსნაში: ჩვენ, ესპანეთის ჩემპიონი და ასევე, ძალიან ძლიერი წყვილი რუსეთიდან.
გვანცა: სულ 4 წყვილი ვიყავით, მაგრამ წინა დღეს, როცა რეპეტიცია გვქონდა, ერთ-ერთის პერფორმანსი ნახეს და აღარ გაუშვეს სცენაზე. თავიდან არ გამოვდიოდით პირველები, მაგრამ როდესაც ორგანიზატორებმა ყველას შოუ ნახეს, ჩვენ მოგვანდეს გახსნა. ცოტა მოგვერიდა, რადგან წლებია, ეს წყვილები მიწვეულები არიან, ცეკვავენ, ძალიან ძლიერები არიან, ჩვენ კი პირველად მიგვიწვიეს.
– საოცარი ნომერია. ემოციების გარეშე ვერ ვუყურე.
აკა: როდესაც ვდგამ ქორეოგრაფიას, მინდა გარკვეული მესიჯი მივაწოდო ადამიანებს. არ მინდა, მხოლოდ ვიცეკვო. ამ პერფორმანსითაც მინდოდა გადმომეცა, რომ დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველას სახლია. დამღალა ქვეყნებს შორის შუღლმა და კარგი იქნებოდა, თუ ყველა ადამიანი იზრუნებდა საკუთარ ქვეყანაზე და ასევე, სხვა ქვეყანაზე, არ წაართმევდა მას გოჯა-გოჯა მიწას, იქნებოდა ჰარმონია დედამიწაზე. გვანცა იყო ჰარმონია და მიფრთხილდებოდა მე, როგორც დედამიწას, რომელიც ყველაფერს გვაძლევს და ისევ მას ვებრძვით. სცენაზე გასვლის წინ გავაცნობიერე, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვიდექი და მქონდა ნერვიულობის პიკი.
გვანცა: მე უფრო წყნარად ვარ ხოლმე, აკა ძალიან ემოციურია. ეს კარგია, რადგან სხვანაირად ვერ იცეკვებს და ყოველთვის გვერდში ვუდგავარ. მაგრამ იქ ისე გამაბრაზა, რომ ვუთხარი, ვეღარ გიტან-მეთქი. აჰა, ვეღარ მიტანო და მიხვდა ყველაფერს, მაშინვე შეიცვალა სახე.
აკა: ცეკვის მომენტში ყველაფერს ვგრძნობდი, ყველაფერი მესმოდა – თითოეული ადამიანის ღრმა ჩასუნთქვა, ჩახველება, ისეთი სიჩუმე იყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი: მიდი, წყნარად გააკეთე. მთელმა ბავშვობამ, ჩვენმა 18 წლის შრომამ, ტანჯვამ ჩამიარა თვალწინ და ვთქვი: მე ეს გავაკეთე!
გვანცა: ტურნირის ბოლოს მიგვიწვიეს და დიდი მადლობა გადაგვიხადეს. ბევრმა პატივსაცემმა ადამიანმა, რომლებიც მსგავს ტურნირებს მსაჯობენ, გვითხრა, რომ ეს იყო შოუ, რომელსაც არასდროს დაივიწყებენ და უნდათ კიდევ და კიდევ ნახონ. იმდენი ადამიანი დებდა ჩვენს ვიდეოებს ინტერნეტში, ისინი, ვისთანაც გაკვეთილებიც არ აგვიღია, ამ სფეროში წარმატებული ადამიანები არიან წერდნენ: „ეს იყო საოცარი პერფორმანსი”. აქ იყო მეორე მომენტიც: რომ ვცეკვავდით, ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩვენი ცხოვრება. მე და აკამ დიდი ტანჯვით, დიდი ხელშეშლით, ზეწოლებით მივაღწიეთ ამ ყველაფერს და დღეს ამას ყველა აღიარებს, ისინიც კი, ვინც ხელს გვიშლიდნენ.
აკა: უცხოეთში რომ დავდივართ, აუცილებლად ვიღებთ გაკვეთილებს.
გვანცა: ტურნირზე მშივრები გავსულვართ და უძლიერეს გაკვეთილებზე ვყოფილვართ.
აკა: ზოგჯერ სასტუმროს საჭმელს დილიდან დილამდე დავლოდებივართ.
გვანცა: მაგრამ ყველაფერს გავუძელით და მივდივართ წინ და წინ.
скачать dle 11.3