კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ დახვრიტეს და გადაასახლეს 11 ათასი ადამიანი საქართველოდან ბერიას მხარდაჭერის გამო

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობაში მაღალი პოსტები ეკავა, ის არასდროს ყოფილა ორთოდოქსი კომუნისტი. კაპიტალისტური სისტემის ზოგიერთ დებულებასაც კი იზიარებდა, თუკი ეს საქმეს წაადგებოდა. ისტორიკოსი იოსებ კრამსკოი წერს: „სტალინურ სახელმწიფოში „კაპიტალისტური გადახრები“ უმკაცრესად ისჯებოდა. ბერიას არაერთი მსგავსი „გადახრა“ ჰქონია თავისი თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში, მაგრამ სტალინისგან ერთი შენიშვნაც არ მიუღია. ამას კი ბერია თავისი განსაკუთრებული  მოხერხებულობისა და სხარტი გონების ხარჯზე ახერხებდა. ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ სტალინის რისხვას აცდენილი ბერია „უკლონისტობაში“ (გადახრაში) დაადანაშაულეს ხრუშჩოვის მიერ ფალსიფიცირებულ პროცესზე. ბერიას ბრალი დასდეს საქართველოში კაპიტალიზმის აღდგენის მცდელობაში. ამის დასტურად კი გლეხთა კოოპერატიული მეურნეობის  განვითარება მოიყვანეს... 1934 წელს საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნობისას, ბერიას იდეით, სამეგრელოს მთელ რიგ რეგიონებში, ფართოდ გაიშალა გლეხთა კოოპერაციული მოძრაობა, რომელმაც მიწაზე მომუშავე ადამიანებს დამატებითი შემოსავალი მისცა. გლეხური კოოპერატივები ოფიციალურად, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ფილიალებად იწოდებოდა და მათზე იყო მიბმული. სინამდვილეში კი, კერძო მეურნეობები იყო. ბერიას მიერ მოფიქრებული ამ ხრიკის პრინციპი ძალიან მარტივი გახლდათ – როდესაც კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში სახელმწიფოზე მომუშავე გლეხები ზემოდან დაგეგმილ დოვლათს მოიწევდნენ და „სახელმწიფო ბეღელს“ ჩააბარებდნენ, მას ამატებდნენ თავიანთ, კერძო ნაშრომ-ნაღვაწს და უკვე მთლიან თანხას იდებდნენ ჯიბეში. ეს კი კოლმეურნეობა-საბჭოთა მეურნეობებში გამომუშავებული შრომადღეების „გროშებთან“ შედარებით, ბევრად დიდ შემოსავალს იძლეოდა. ანუ, გლეხი დაინტერესებული იყო, რომ კოლმეურნეობასა და საბჭოთა მეურნეობაშიც კეთილსინდისიერად ეშრომა, რათა საშუალება მისცემოდა, თავისი კერძოდ მოწეული დოვლათი სარფიანად მიეყიდა სახელმწიფოსთვის, რაც გლეხს დიდ შემოსავალს აძლევდა. ვინც კოლმეურნეობა-საბჭოთა მეურნეობაში არ მუშაობდა, არც მის კერძო დოვლათს იბარებდა სახელმწიფო. პირველი ასეთი ფილიალები ბერიას სანქციით, ზუგდიდში, გალსა და მარტვილში შეიქმნა. გაიზარდა ციტრუსების, ჩაის, თხილისა და სხვადასხვა ხილეულის წარმოება, რომელთა ნახევარი საბჭოეთის სხვადასხვა რესპუბლიკაში გადიოდა და ეგრეთ წოდებული, „ლოკალური ექსპორტიდან“ შემოსული თანხა საბჭოთა საქართველოს ბიუჯეტსა და გლეხის ჯიბეში მიდიოდა. კოოპერატივების წყალობით, სამეგრელოში ხალხის ცხოვრება სულ რაღაც ორიოდე წელიწადში გაუმჯობესდა. გლეხებმა ამოისუნთქეს და უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდათ, იმ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ ემუშავათ, რომელიც მათ გამდიდრების საშუალებას აძლევდა. ბერია რის ბერია იქნებოდა, თავისი ჩანაფიქრი საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად და ხალხის სიყვარულისა და ერთგულების მოსაპოვებლად არ გამოეყენებინა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბერია მართლაც გულწრფელად უყვარდათ სამეგრელოში. ლამის ღმერთად მიაჩნდათ და ყველა სუფრაზე მისი სადღეგრძელო, სტალინზე წინ ისმეოდა. ეს კი სტალინურ ქვეყანაში მკრეხელობა იყო, თუმცა ამასაც აგვარებდა მოხერხებული ბერია. გენერალი ბოგდან ქობულოვი იხსენებდა: „1935 წლის მაისში, ბერიას საინსპექციო მოგზაურობაში ვახლდი სამეგრელოში. ამის მიზანი იყო კოლმეურნეობა-საბჭოთა მეურნეობების მდგომარეობის შემოწმება და გაცნობა, თუ როგორ იღვწოდნენ სოციალისტური სამშობლოსთვის ქართველი გლეხები. ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვნახეთ სუფთა, გაწკრიალებული და კარგად ორგანიზებული ობიექტები, რაც თვით ამერიკელ ფერმერებსაც კი შეშურდებოდათ. იქ მომუშავე გლეხებს კი, კმაყოფილებისგან სახეზე გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდათ და არა ყალბი, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე უმაღლესი რანგის ფუნქციონერის დანახვისას. ბერიას ხვდებოდნენ როგორც გმირს, თავისიანს, რომელიც ხალხის ყველა ჭირ-ვარამს იზიარებს. ასეთი სულისკვეთება აბსოლუტურად ყველაფერში ჩანდა – როგორც თვალსაჩინო ატრიბუტიკაში, ასევე კერძო საუბრებშიც. ყველგან, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე ბერიასა და სტალინის უზარმაზარი პორტრეტები ეკიდა, სააგიტაციო პლაკატებზე ბერიასა და სტალინის გამონათქვამები იყო აღბეჭდილი. ზუგდიდის შესასვლელში, სტალინის პორტრეტის გვერდით, ბერიას ორჯერ დიდი ზომის პორტრეტი ეკიდა. ბერიამ ეს რომ შენიშნა, გადმომიჩურჩულა: ტიტე გადელია მომიყვანეო. ტიტე გადელია ზუგდიდის „ჩეკას“ უფროსი იყო და როცა შეშინებული ტიტე ბერიას ეახლა, ლავრენტი პავლოვიჩმა ჰკითხა:
– როგორ ხარ, ტიტე?
– გმადლობთ, ლავრენტი პავლოვიჩ, კარგად. თქვენ როგორ გიკითხოთ? – მიუგო გადელიამ ბერიას.
– სანამ ზუგდიდში მოვიდოდი, კარგად ვიყავი. ახლა კი, – ბერიამ ღიმილით დაამატა, – ამას ვერ ვიტყვი.
– რატომ, ლავრენტი პავლოვიჩ? – შეჰბედა გადელიამ.
– იმიტომ „ჩეკას“ კომისარო, რომ ბერიას უზარმაზარი პორტრეტის ფონზე ჩვენი დიდი ბელადის პორტრეტი შეუმჩნეველია. ეს კი, რბილად რომ გითხრა, არასწორი საქციელია და ახლავე გამოასწორე ეს შეცდომა. გასაგებია?
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ.
– შენ თვითონვე, არავინ დაიხმარო. მიდი!
გადელია წავიდა და როგორც სულ მალე შევიტყვეთ, „ჩეკას“ მრისხანე კომისარი რიგითმა ზუგდიდელებმა ლამის გაატყავეს იმის გამო, რომ ის ბერიას პორტრეტს ხსნიდა. არ გაჭრა გადელიას სიტყვებმა, რომელიც ამბობდა, რომ ეს თავად ბერიას ბრძანება იყო. მხოლოდ მაშინ შესრულდა ბერიას ბრძანება და თავი დაანებეს გადელიას ცემა-ტყეპას, როცა იქ ბერია და მე მივედით. ლავრენტი პავლოვიჩს ზუგდიდელები ოვაციებით შეხვდნენ და მხოლოდ მისი თხოვნის შემდეგ მისცეს საშუალება ნაცემ გადელიას, რომ ბერიას ბრძანება შეესრულებინა.“
ბერიას საყოველთაო-სახალხო სიყვარულს, განსაკუთრებით სამეგრელოში, ბერიას მეგრელობით ხსნიან. ეს შეიძლება, გარკვეულწილად, მართალიც კი იყოს. თუმცა, მხოლოდ ამაში არაა საქმე. ნიშანდობლივია, რომ ბერიას ვერაგული მკვლელობისა და მისი მტრად გამოცხადების შემდეგ, მის გამო, არაერთი რიგითი მოქალაქე დახვრიტეს და გადაასახლეს. მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ „ხალხის მტერ“ ბერიასთან და ზოგიერთს ნანახიც კი არ ჰყავდა. საქმე ის იყო, რომ ამ ადამიანებმა პირდაპირ გამოთქვეს ბერიას მხარდაჭერის შესახებ და არ დაიჯერეს მისი მოღალატეობა. ხრუშჩოვის რეპრესიულმა მანქანამ კი დაუყოვნებლივ მოაშთო ისინი. ხალხი ბრძენია. ძნელია, დააჯერო იმ ადამიანის უვარგისობაში, ვინც სიკეთე მოუტანა და საკუთარი თავის რწმენა, ღირსების გრძნობა გაუღვივა. სწორედ ამას შეეწირნენ ის ადამიანები და მას ბერიას სახელი ერქვა. 2014 წლის სტატისტიკით, ბერიას მხარდაჭერისთვის, 1953-1954 წლებში, მარტო საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს და გადაასახლეს.“
скачать dle 11.3