კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვისი მკვლელობის გამო ჩამოვიდა საქართველოში პარიზიდან იაკობ ნიკოლაძე და ვის უანდერძა მან როდენისგან ნასწავლი წარმატების ფორმულა

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

 იაკობ ნიკოლაძე – პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკე და რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ენერგია ჯერ ამ დარგის სწავლას მოანდომა, შემდეგ გენიალური ქმნილებების შექმნას და პარალელურად ამისა, რამდენიმე თაობა მოქანდაკეებისა აღზარდა და თავისი ცოდნა გადასცა. (წყ: idaaf.com). იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი იყო. მან მხატვრობისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა. 1893-1894 წლებში ის ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ ოდესის სამხატვრო სასწავლებელში იღებს განათლებას. პირველი ქანდაკებები 1896 წელს, უკვე რუსეთიდან დაბრუნებულმა, შექმნა: ლადო ალექსი-მესხიშვილის პორტრეტი, აკაკის პორტრეტი და შოთა რუსთაველი. 1899-1901 წლებში ნიკოლაძე სწავლის გასაგრძელებლად პარიზის ხელოვნების აკადემიაში გაემგზავრა. მას სტიპენდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ და ცნობილმა მეცენატმა, დავით სარაჯიშვილმა დაუნიშნა. მეორედ იაკობ ნიკოლაძე პარიზში 1904 წელს დაბრუნდა, პატარა ატელიე დაიქირავა და მუშაობა განაგრძო... 1906 წლიდან იაკობ ნიკოლაძე უდიდეს მოქანდაკე, ოგიუსტ როდენთან მოეწყო სამუშაოდ, როგორც დაქირავებული და, ბუნებრივია, მისგან ხელფასის იმედიც ჰქონდა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულე მასთან სახელოსნოში პირველად შევიდა, როდენი  65 წლის იყო. იაკობი ყოველმხრივ ცდილობდა დიდი ხელოვანის ქება დაემსახურებინა, მისი შენიშვნები გაეთვალისწინებინა, რადგან ახსოვდა როდენის ნათქვამი: „ჯერ ვერ ვნახე მოქანდაკე, რომელსაც ჩემი პრინციპები გაეგოო“. პირველი დავალება იყო „იოანე ნათლისმცემლის თავი სინაზე“. ნიკოლაძეს სურდა ეჩვენებინა, რომ კარგად ესმოდა
მასწავლებლის. მან სამუშაო ორმოც დღეში დაამთავრა. როდენს იაკობის ნამუშევარი მოსწონებია, გახარებული დიდხანს უყურებდა და იძახდა: „მეთორმეტე საუკუნეა, მეთორმეტე საუკუნეაო“... მოქანდაკემ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც როდენის აშკარა ზეგავლენას ამჟღავნებს... 1908 წელს იაკობ ნიკოლაძემ ქართველი მრეწველისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სკულპტურული პორტრეტი (მარმარილო) შექმნა... ამ პერიოდში, გარდა პორტრეტებისა, იაკობ ნიკოლაძემ შექმნა კომპოზიციები სხვადასხვა თემაზე (მაგალითად, „შემოდგომა“, მარმარილო, 1906-1907 წლები).  განსაკუთრებით საინტერესოა ვახტანგ კოტეტიშვილის შენიშვნა: „იოქანაანის თავი მშვენიერია, მასში არის მრისხანება“... ქალის ალეგორიული ფიგურა – „მწუხარე საქართველო“, მან უკვე პარიზში, 1909 წელს შეასრულა და იქვე ჩამოასხა. ძეგლი, მოგვიანებით, მთაწმინდის პანთეონში, ილიას საფლავზე დაიდგა...  საქართველოში  მას შემდეგ ბრუნდება, რაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ შეიტყო და მაშინვე უჩნდება სურვილი, რომ დადგას ილიას ძეგლი. ამის შესახებ მან შეატყობინა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, სამსონ ფირცხალავას. ეს დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მთელ საქართველოში დაგზავნა წერილები თხოვნით, ვის რამდენი შეეძლო, შეეწირა ამ საქმისთვის. ასე წარიმართა ექვსწლიანი პროცესი 1907 წლიდან 1913 წლამდე, როცა საბოლოოდ გაიხსნა და ეკურთხა ილიას საფლავი მთაწმინდაზე. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია ქართული საზოგადოებისა... (წყ: „რადიო თავისუფლება“).  ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის, ანუ „მწუხარე საქართველოს“, შესახებ იმთავითვე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. 1922 წელს, როცა იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნებოდა, ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში ნ. ზედგინიძე წერდა: „ამ ძეგლს შენახული აქვს განსაზღვრული აზრი, განსაზღვრული იდეა: იგი საქართველოს ცხოვრების ერთი სამგლოვიარო ფურცელთაგანია. მემატიანე თითქოს იქვე, უდაბურ მამადავითის მთაზე აგებულ სენაკში სწერს ქართლის ცხოვრების სისხლით სავსე სტრიქონებს, ხოლო მომავალ საუკუნეთათვის იგი ჩამოკვეთილია ჩვენი მაესტროს მიერ დამაფიქრებელ და ცრემლების მომგვრელ „მწუხარე საქართველოდ“... იაკობ ნიკოლაძის პარიზის პერიოდის შემოქმედება ისე მდიდარი და საინტერესო იყო, რომ 1909 წელს „შონზ ელიზეს“ დიდი
სასახლის სალონში, მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატთა შორის, მისი ქანდაკებებიც გამოფინეს. 1910 წლის ივნისიდან სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებულ იაკობ ნიკოლაძეს საჭრეთელი სიკვდილამდე არ გაუშვია ხელიდან... ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი ამბობდა, რომ ქანდაკება იმ ადამიანზე ორჯერ უფრო ცოცხალი უნდა იყოს, ვისაც ხელოვანი ძერწავსო...
...იაკობ ნიკოლაძე პარიზში მეორედ ჩასვლამდე იყო ფლორენციაში, სადაც ის მიქელანჯელოსა და დონატელოს შედევრებით მოიხიბლა. აი, რას წერს მოქანდაკე მაშინდელი შთაბეჭდილებების შესახებ მოგონებებში, რომელიც ჟურნალ „კავკასიონში“ 1924 წელს გამოქვეყნდა: „ამ ორმა ოსტატმა, მიქელანჯელომ და დონატელომ, თითქო მხრებში მომკიდეს ხელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მიმაფრენდნენ თავიანთ გზაზე. მე, რასაკვირველია, ვიფიქრე, რომ ეს ორი ოსტატი ამწევენ და იმისთანა გზაზე გამაქანებენ, რომ შეიძლება მე დავკარგო ღონისძიება ჩემი ფეხით სიარულის... ვიფიქრე, სჯობია, მოვშორდე მიქელანჯელოს და დონატელოს და საკუთარ ფეხებზე დავდგე“. (წყ: „რადიო თავისუფლება). სწორედ საკუთარ ფეხებზე დადგომის მიზნით მიდის იაკობ ნიკოლაძე როდენთან – უკვე აღიარებულ და ნომერ პირველ მოქანდაკესთან, რომელთანაც მუშაობის დაწყება და დიდი ხნით დარჩენა, ოსტატის ხასიათისა და მაღალი კონკურენციის გამო, ძალიან ძნელი იყო. მოგონებებში, „ერთი წელიწადი როდენთან,“ მოქანდაკე იხსენებს პირველ დავალებას – მარმარილოსგან უნდა გაეკეთებინა ნაწარმოები, რომელიც გამოხატავდა ორ პატარა ჩახუტებულ ბავშვს. წერს, შევწუხდიო, რადგან ბავშვებს ისეთი კუნთები აქვთ, რომ ამას თავისებური სპეციალური ცოდნა უნდაო. იეშმაკა, თქვა, რომ ვერ იშოვა ბაღში შესაბამისი ზომის მარმარილოს ნახერხი, მაგრამ იპოვნა იოანე ნათლისმცემლის შესაბამისი მარმარილო. როდენი მიუხვდა ეშმაკობას, თუმცა გაიღიმა და დათანხმდა. იაკობ ნიკოლაძე წერს: „სულ მახსოვდა, როდენის ნათქვამი: მე ვერ ვნახე ისეთი მოქანდაკე, რომელსაც გაეგო ჩემი პრინციპებიო. და აი, მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაგებული მქონდა. გადავწყვიტე, ისე გამეკეთებინა იოანე ნათლისმცემლის თავი, როგორც ამას გააკეთებდა როდენი, გუშინ რომ გაეკეთებინა. დავიწყე მუშაობა და 40 დღეში დავამთავრე. ვმუშაობდი როდენის ახალი პრინციპებით. ღრმა ადგილებს მე ვავსებდი. მარმარილოს ვტოვებდი, ასე რომ, სინათლე და რეფლექსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თმაც დავტოვე ველურ მარმარილოს ზოგადი მოხაზულობით“. იაკობ ნიკოლაძემ შთამომავლებს ასევე უშურველად უანდერძა როდენისგან ნასწავლი შემოქმედებითი წარმატების ფორმულა, რომლის შესახებაც დიდი მოქანდაკე თავის მოგონებების წიგნში წერს: „გააკეთე ისე, როგორც უყურებ, როგორც არის, მხოლოდ ვითომც უფრო მაღალი ხმით მღერი. მიაქციეთ ამას ხელოვანებმა ყურადღება. აქ არის უდიდესი პრინციპი ხელოვანის და ყველა ხელოვანმა უნდა იცოდეს ეს. ისე გააკეთე, როგორც არის, მხოლოდ უფრო ხმამაღლა იმღერე. ბუნება მღერის. ოსტატი გეუბნებათ: იგივე იმღერე, მაგრამ უფრო ხმამაღლა. ეს ისე მჭევრმეტყველურად და ამოწურვით არის ნათქვამი, რომ ამაზე მეტს ვერას ვიტყვი“.
скачать dle 11.3