კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რომელი კატეგორიის პატიმარი იყო ნიკა ქავთარაძის მამა და სად ებარა მას თვეში 15 ათასი ამპულა მორფი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

  „ევროპის უნივერსიტეტის” პრორექტორი ვახტანგ ქავთარაძე პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” წევრის, ნიკა ქავთარაძის მამაა.  ბატონი ვახტანგი უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ საქმეებს უძღვება. პროფესიით ფარმაცევტია და საყვარელ საქმესთან  ბევრი კარგი მოგონება და საინტერესო წარსული აკავშირებს.  მამა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს – გარეგნობით, კარგი იუმორით, ცხოვრებისადმი ლაღი დამოკიდებულებით. თუმცა, უფროს ქავთარაძეს უმცროსისგან განსხვავებით, არც პოლიტიკური გეგმები აქვს და არც მის  პოლიტიკურ პლატფორმას  იზიარებს ნარკოპოლიტიკის საკითხში.  
ვახტანგ ქავთარაძე:
პროფესიით ფარმაცევტი ვარ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 2 წელი ზესტაფონში რიგითი ფარმაცევტი ვიყავი. შემდეგ დამაწინაურეს, ზესტაფონის ცენტრალური რაიონული აფთიაქის მმართველად გადამიყვანეს. ახლა რომ აფთიაქის მმართველის დანიშვნას არაფერი უნდა, მაშინ ასე კი არ იყო – აუცილებლი გახლდათ რაიკომის მდივნის შუამდგომლობა, მინისტრი უშუალოდ იხილავდა ამ თანამდებობაზე დანიშვნას. ეს იყო ბრონირებული პოზიცია – არ წაგიყვანდნენ ომში, ჯარში. სპეციალურ სამსახურად ითვლებოდა. ნარკოტიკებთან გქონდა საქმე. ზესტაფონში,  ფეროს ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ონკოლოგიური დაავადებები ძალიან ხშირი იყო. თვეში 15 ათასი ამპულა მორფი მოდიოდა. ხატზე შემიძლია, დავიფიცო, ჩემი იქ მუშაობის პერიოდში, არც ერთი ამპულა არადანიშნულებისამებრ არ გაცემულა.  23 წლის ვიყავი, როცა ცენტრალური რაიონული აფთიაქის მმართველად დავინიშნე.  ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი კომუნისტების მხრიდან. ამ ასაკში ასეთ სამსახურში არავის ნიშნავდნენ. კომკავშირული მუშაკი გადამიყვანეს პირდაპირ სამეურნეო ხელმძღვანელად, ისე რომ, პარტიის წევრი ჯერ არ ვიყავი. მე არასდროს ვყოფილვარ ბიუროკრატი უფროსი. სულ მიკვირდა იმ ხალხის, მათ შორის, ზოგიერთი ჩემი მეგობრის, კაბინეტთან ხალხს მხოლოდ იმის გამო რომ ალოდინებდა, რომ ყავა დაელია და სიგარეტი მოეწია.  ასე, არასდროს მოვქცეულვარ, რაც შემეძლო, ყველას ვეხმარებოდი – მკურნალობიდან დაწყებული რაღაცის შოვნით დამთავრებული, ყველაფერს მთხოვდნენ. 15 წელი ვიმუშავე ზესტაფონში. არ მქონია შემთხვევა, რომელიმე პაციენტისთვის უარი მეთქვას. კაცი რომ მოდის, შვილისთვის წამალი უნდა და უარს ეტყვი, არ გამოდის. რაც შემეძლო, ყველას ვეხმარებოდი. უნდა გენახათ, გასვენებაში რომ მივიდოდი და მომატირებდნენ: შენმა წამალმა არ უშველა, მაგრამ მაინც დიდი მადლობაო (იცინის). ზესტაფონიდან გადმოვედი თბილისში და თბილისის მთავარი ფარმაცევტი გავხდი. ასევე, ვიყავი ფარმაცევტული ექსპერტიზისა და მერე ლიცენზირების სამსახურის უფროსი.  რა სამსახურიც არსებობდა ფარმაციაში, ყველგან ვიყავი.
– ფარმაციიდან „ევროპის უნივერსიტეტში” პრორექტორად როგორ მოხვდით?
– პატიმარი ვიყავი, ხანდახან ცხოვრებაში ასეთი რამეც ხდება. პატიმარი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, უნივერსიტეტში ვერ მოვხვდებოდი. იქ გაცნობილმა კაცმა მომიყვანა ამ უნივერსიტეტში. მე ისეთი ხასიათი მაქვს, თვითონ სამსახურს არავის ვთხოვდი. თუმცა, მადლობის მეტი რა მეთქმის ამ კაცთან. ის სასჯელს მხოლოდ იმიტომ იხდიდა, რომ უნივერსიტეტი წაართვეს.  მოკლედ, ნასამართლევი ვარ – პატარა ბიზნესი მქონდა. ისეთ დანაშაულზე, რაც მე მაქვს ჩადენილი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იჭერენ. იმას კი არ ვამბობ, ტყუილად დამიჭირეს-მეთქი – არა, სასაქონლო ზედნადებში დამახინჯებული ფასის გამო, ადამიანის დაჭერა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვეულებრივი რამ იყო. 12-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს,  როცა მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, გამეცინა,  რა უნდა მექნა?  განაჩენი გავაპროტესტეთ და ვადა 3 წლამდე შემცირდა. მე დამიჭირა კაცმა, რომელიც თურმე, ბოტასების ქურდობისთვის იყო გასამართლებული. 19 თვე გავატარე გლდანის ციხეში. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ  ვერ ვიტყვი, რომ ეს 19 თვე ცუდად გავატარე ციხეში. ციხის ადმინიტრაციის დამსახურებით, ჩემი ხასიათიდან, ადამიანებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვახერხე, რომ არ ვიყავი რეპრესიაში.  
– „ლიმონას“ და „შოშიას“ პროტოტიპები და სცენები თქვენს ცხოვრებაშიც ყოფილა. ალბათ, ბევრჯერ  გიფიქრიათ იქ – „რა მინდოდა წვენებშიო?!
–  მე „შოშიას“ კატეგორიის პატიმარი ვიყავი და რა მინდოდა წვენებშიო, – ამასაც ვამბობდი ხოლმე. მაგრამ მილიონები, თუ ჩავთვლით პენიცილინს, რომელიც მილიონებით ითვლება და რა თქმა უნდა, ამიღია, ნამდვილად არ მქონდა მოპარული (იცინის). როდესაც ციხიდან გამოვედით, თანამეინახეები შევიკრიბეთ, ერთმანეთი მოგვენატრა.  ერთს ახლობელმა მოაკითხა, რომ ნასვამი მანქანით წაეყვანა. კარგად ვიქეიფეთ, როგორც გვჩვევია ქართველებს. თან, ეს საქმე არ მეზარება და იმდენი რამ გავიხსენეთ, იმდენი ვიცინეთ  ერთად გატარებულ დღეებზე, რომ კუჭი აღარ შეგვრჩა მთელი. გვიყურა იმ კაცმა, გვიყურა და ბოლოს გვითხრა, მთელი დღე და მოსწრება ციხის მეშინოდა, ამისთანა კარგ დროს თუ ატარებდით, ციხე არც ისე ცუდი ყოფილაო. სადაც კარგ ადამიანებში მოხვდები, ცუდად არსად ხარ. ციხემ შემძინა ძალიან კარგი მეგობრები.  
– საკანში ძველი პროფესია, ფარმაცევტობა, არ გაგახსენეს თანამოსაკნეებმა?
– კი, მეკითხებოდნენ ხოლმე, რა წამალი დაელიათ და ვპასუხობდი. ერთი ისტორია გამახსენდა. საკანში ყველაზე რთული დაძინება იყო. თავიდან ძალიან გამიჭირდა და ძილის წამალი მოვითხოვე. ძალიან კარგი ექიმი გვყავდა, მაგრამ საძილე წამლის გაცემა ამ ექიმის დონეზე არ წყდებოდა. ათასი ვინმესთვის უნდა შეეტყობინებინა. ციხეში არის ასეთი წესი – წამალს წინასწარ არ მოგცემენ, გაძლევენ დალევის დროს. ერთ დღეს ამ წამლის მოტანა დაავიწყდათ. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, დამეძინა. შემოვიდნენ საკანში და მკითხულობენ, ქავთარაძეს სძინავსო, რა გინდათო, ჰკითხეს. ძილის წამალი აქვს დასალევიო და გამაღვიძეს ძლივს დაძინებული კაცი, რომ ძილის წამალი დამელია. ძალიან ემოციური იყო ის დღე, როცა ციხიდან გამათავისუფლეს. შემოვიდა ზედამხედველი, კარგი ბიჭი იყო. რას აკეთებთო, გვკითხა.  ტელევიზორს ვუყურებთო, – ვუპასუხეთ. სახლში არ გაქვთ ტელევიზორი, კარგ ხასიათზე ვარ და ერთ-ერთს, ვისაც გინდათ, გაგიშვებთ, თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ გაგიშვათო. საკანში ბიძია-ბაბუას მეძახდნენ,  რადგან ზოგისთვის ბიძია ვიყავი, ზოგისთვის – ბაბუა. მოდი, ბიძია-ბაბუა გავუშვათო, უთხრეს ბიჭებმა. კარგი, წადიო და გადამეხვია. მაშინ მივხვდი, რომ ზედამხედველი აღარ ხუმრობდა და თავისუფალი ვიყავი.
– როგორც ამბობენ, კარგი იუმორი გაქვთ. ახალგაზრდობაში „კავეენის” მონაწილეც ხომ არ  იყავით და ის გზა ხომ არ გაიარეთ, რაც თქვენმა შვილმა?
– დღეს რომ „კავეენია”, მაგას ჯიბეში ჩავისვამდი, ისეთი იუმორი მქონდა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან სცენაზეც მითამაშია, ლექსებიც მითქვამს, როლებიც შემისრულებია. მსახიობობის სურვილი მქონდა, მაგრამ ოჯახს არ უნდოდა. სერგო ზაქარიაძე ჩემგან არ გამოვიდოდა და ჩემნაირი მსახიობი ბლომად იყო (იცინის). ჩვენი სტუდენტობის დროს „კავეენები” არ იყო, თუმცა კონცერტის წამყვანიც ვყოფილვარ და სხვადასხვა ღონისძიებისაც. მოკლედ, ყველგან ვიყავი, სადაც კარგი, ხალასი იუმორი იყო.  სიმღერა არ ვიცი, მაგრამ ვგიჟდები სიმღერაზე. ისეთ ხალხთან გავბედე სიმღერა, ჩამოთვალაც კი მრცხვენია. ზურა ანჯაფარიძესთან და ზურა სოტკილავასთან რომ იმღერებ, არ უნდა ამას გაბედვა? (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, იოსებ კობზონთანაც კი მაქვს ნამღერი ზესტაფონში. ეგ ხომ კვანტრიშვილის მეგობარია და ზესტაფონში იყვნენ ჩამოსული არჩევნების დროს, მეგობრის მეგობრის, ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად.  მაშინ ვიმღერე კობზონთან, ეგ იყო და ეგ. მას მერე აღარ გადავკვეთილვართ. ახლა ეგ მე ოპერაში არ დამიძახებს და მე – აქეთ. ერთხელ ცხონებულმა გოგი დოლიძემ მითხრა: ვახო, ოღონდ შენ არ იმღერო და რაც გინდა, მამღერეო. დავპირდი, არ ვიმღერებდი, მაგრამ 10 ჭიქის მერე, დავურღვიე პირობა.
– შვილზე მინდა გკითხოთ, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან გგავთ – გარეგნობით, იუმორით, ცხოვრების თავისუფალი სტილით.
–  ჩემი შვილია და აბა, არ უნდა მგავდეს?! (იცინის) სიფათით ხომ ვგავართ და  ენა ნიკასაც არ უგვალავს, კარგი იუმორი აქვს. სიმღერა და ცეკვა კი ჩემზე კარგად გამოსდიოდა ყოველთვის, მაშინაც კი, როცა მაღალ წონით კატეგორიაში იყო.
– როგორც ვიცი, პოლიტიკურად სხვადასხვა ბანაკში ხართ თქვენ და თქვენი შვილი. პოლიტიკური დისკუსიები ხშირად უნდა გქონდეთ.
–  შვილი რომელ პარტიაშიც არ უნდა იყოს, შვილია. შვილთან საწინააღმდეგო ბანაკში როგორ ვიქნები? ქვეყანა რომ მოიაროთ, ჩემთან ნაჩხუბარ კაცს ვერ ნახავთ და შვილთან ვიჩხუბებ, თან პოლიტიკის გამო? მაგის ფასი ვინ მყავს. ხანდახან კი გვაქვს ხოლმე პოლიტიკური დისკუსიები, სადაც „გამშველებლის” როლში ჩემი ცოლია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მე და ნიკა სხვადასხვა ბანაკში ვართ. ვმეგობრობ პოლიტიკოსებთან – მოქმედებთან, ყოფილებთანაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერი და მიმდევარი ვარ.  არ მერიდება იმის თქმა, რომ  წლების განმავლობაში, სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა ბევრი საშინელება, თუმცა დღესაც ხდება საშინენელებები – მაგალითად, ქალაქის ნებისმიერ ადგილას იყიდება ნარკოტიკები, რაც ძალიან არ მომწონს. წინა ხელისუფლების მომწონდა ის, რომ ასე თავისუფლად კი არა, ნარკოტიკი ნამდვილად არ იყიდებოდა. თუმცა, არც იმის მომხრე ვიყავი, ვიღაცას მარიხუანის მოწევისთვის, 20-წლიან სასჯელს რომ აძლევდნენ.
– ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული „პლატფორმა” საერთო გქონიათ მამა-შვილს. იზიარებთ შვილის პოლიტიკურ მოსაზრებებს?
–  აბსოლუტურად არ ვუჭერ მხარს „გირჩის” ნარკოპოლიტიკას. ამ თემაზე მათთან ბევრი მისაუბრია. მე არ მომწონს და არ მინდა დაბოლილი თაობა. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ნარკომანებს და ახლაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. ახლა ქუჩაში დავარდნილი რომ ვნახო ნარკომანი, განა არ მივეხმარები (იცინის). ნარკომანები მაშინაც იყვნენ, როცა ახალგაზრდა ვიყავი. არ მქონია შემთხვევა, მათ ჩემგან რამე მოეთხოვათ. თუმცა, იყო რამდენიმე, ვისთანაც მეგობრული დამოკიდებულება მქონდა – სუფრასთანაც ვმჯდარვარ, მაგრამ თავში აზრად არ მოსვლიათ, ჩემთვის რამე ეთხოვათ. იყო მცდელობა, ზესტაფონში დანიშვნის მეორე დღესვე, მაგრამ ეგრევე მოვიცილე თავიდან. პოლიციაში არ ჩამიშვია, ერთ-ერთ კანონიერ ქურდს ვუთხარი, ამათ რომ დავინახავ აქ, ჩათვალე, ქალაქში შენი ავტორიტეტი აღარ იქნება-მეთქი. იმ დღის მერე ჩემთან არავინ მოსულა.
– ქურდებთანაც გეთქმოდათ სიტყვა?
ქურდი ხიდან კი არ ჩამოვარდნილა, ჩემსავით ზესტაფონში იყო დაბადებული და გაზრდილი. აბა, ახლა მე ტაგანროგელ და რასტოველ „აბიზიანასთან” კი არ წავსულვარ (იცინის).
– მამა-შვილს საერთო გატაცებები გაქვთ?
– კი, ჩვენი ჯიში და ჯილაგი გვიყვარს ორივეს, კარგი მოლხენა – ზესტაფონში უჩემოდ ქვაბი არ დაწკარუნდება (იცინის). ნიკასაც ძალიან უყვარს ზესტაფონი. იმის მიუხედავად, რომ თბილისშია დაბადებული, არასდროს უთქვამს, აქ რომ დაიბადა. ჩვენ ორივეს გვიყვარს ადამიანები. არ მსმენია, ნიკას ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს. მე არასდროს ვყოფილვარ მკაცრი მამა, არცერთ შვილთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვმეგობრობდით. როცა ნიკამ ცოლი მოიყვანა, ამის შესახებ ჩემი ცოლისგან გავიგე. ცოტა კი მეწყინა. მასთან არ მქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ ჯერ ჩემთვის არ ეთქვა. სად არის-მეთქი, ვიკითხე – სარფში, მეგობრებთან ერთად წავიდაო. დავურეკე ნიკას, მივულოცე დაოჯახება და ვეკითხები, ვინ არის შენი ცოლი-მეთქი. ახალ წელს რომ იყო ჩვენთანო. ახალ წელს სახლში „პრახადნოი დვორი” გვქონდა, საიდან უნდა მხსომებოდა, თვითონ გამახსენა ეს ისტორია. ახალი წლის ღამეს ნიკას მეგობრებმა მოაკითხეს. ისე მოხდა, რომ კართან ახლოს ვიყავი. ახალი წლის ღამეს „გლაზოკში” ხომ არ გავიხედავდი და კარი გავხსენი. შემოვიდნენ ახალგაზრდები, ზოგს მგლის „მასკა” უკეთია, ზოგს – კურდღლის. ერთ-ერთს შერცხვა, მოიხსნა მგლის ნიღაბი და შემრჩა ხელში ერთი კარგი გოგო. გეკეთოს ეგ ნიღაბი, მასე უფრო ლამაზი იყავი-მეთქი, ვიხუმრე. არა და ფანტასტიკური გოგო იყო. კარგი დედაც გამოდგა – სამ კარგ შვილს ზრდის. მგლის ნიღბით რომ სარძლოს გაიცნობ, როგორია?! ნიკა, ხომ არ ახსოვს, ის რომ ვუთხარი-მეთქი, შემიწუხდა გული. ხანდახან ასეთ დღეშიც ჩაგაგდებს  ხუმრობით ნათქვამი სიტყვა (იცინის).  
скачать dle 11.3