კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ ამზადებდნენ „გრუს“ მზვერავ-დივერსანტებს საბჭოთა საიდუმლო პოლიგონზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სასიკვდილო გასროლა
18 წლის გურამ ფხაკაძე თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და ქრომირებულ, „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტს, ხელში ნერვიულად ატრიალებდა, რომელსაც ეწერა: „კაპიტან ნოდარ ფხაკაძეს, მარშალ ჟუკოვისგან“. ნოდარი გურამის დაღუპული მამა გახლდათ, რომელიც სპეცდანიშნულების ჯარებში მსახურობდა და ერთი წლის წინ დაიღუპა ერთ-ერთი სასაზღვრო კონფლიქტის დროს. მას მეუღლე, თინა და სამი შვილი დარჩა. უფროსი ნატო 20 წლის იყო, გურამი – 18 წლის, ხოლო ნაბოლარა ნოდარი კი – 14-ის, რომელსაც მამის სახელი ერქვა. ნატო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, გურამი – სამხედრო სასწავლებელში, ხოლო ნოდარი – სკოლის მოსწავლე გახლდათ... ფიქრებში წასული გურამი მანქანების ხმამ გამოაფხიზლა. ეზოში გადაიხედა და დაინახა, როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან ნატოს საქმრო და მისი ორი მეჯვარე. მათ გურამის უფროსი და უნდა წაეყვანათ და ქორწინების სახლში ხელი მოეწერათ. გურამს ბოღმა ახრჩობდა. „ტეტე“ ქამარში გაირჭო, პიჯაკი ჩაიცვა და სტუმრების დასახვედრად გავიდა წინა ოთახში. იმავე წუთს სიძე და მეჯვარეებიც შემოვიდნენ, სახეზე სარკასტული გამომეტყველებით. სიძემ საზეიმოდ გამოწყობილი ნატო თითით მიიხმო, მის ოჯახის წევრებს კი, ზიზღნარევი მზერა ესროლა. პატარძალი ატირდა, მაგრამ მაინც დაემორჩილა საქმროს მოთხოვნას – მისკენ დაიძრა. გურამმა ნატოს ხელში ჩაავლო და ისე ძლიერ გამოსწია, გოგონა წაიქცა. შემდეგ „ტეტე“ ამოაცურა და სიძესა და მის მეჯვარეებს თავში ორ-ორჯერ ესროლა და ადგილზევე დახოცა. წამით შეყოვნდა, თავისიანებს მოავლო მზერა და „ტეტე“  ისევ ქამარში გაირჭო. ნოდართან მივიდა და უთხრა: „აბა, შენ იცი, ქალებს მიხედე. მე მილიციაში მივდივარ“. გურამ ფხაკაძე მილიციის უახლოეს განყოფილებაში გამოცხადდა და სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა.

სასიკვდილო განაჩენი
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საშინელი სცენა თბილისის ერთ-ერთ მშენებარე უბნის საცხოვრებელ სახლში დატრიალდა. მოკლულები 21-22 წლის, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები იყვნენ – თბილისელები: ხვიჩა გოგრიჭიანი და უშანგი მერკვილაძე, აგრეთვე, ქუთაისელი ნოე ხაჭაპურიძე. სამივე მოკლული ნატო ფხაკაძის ჯგუფელი იყო. ამ ტრაგედიამდე სამი კვირით ადრე, ნოე ხაჭაპურიძემ დაბადების დღე გადაიხადა მამამისის ნაყიდ ბინაში და სხვა ჯგუფელებთან ერთად, ნატოც დაპატიჟა. ხაჭაპურიძე ნატოს ეტრფოდა და არც გოგონა იყო მის მიმართ გულგრილი. თუმცა, მოხდა ისე, რომ შექეიფიანებულმა სამეულმა ნატო ფხაკაძე ძალით გააუპატიურა. როცა გამოფხიზლდნენ, ყველაფერი თავიანთ მშობლებს უთხრეს. ქუთაისიდან ჩამოვიდა ნოეს მამა, რომელიც მილიციის მაღალჩინოსანი იყო და მანვე მოაგვარა ყველაფერი. ის ნატოს დედას შეჰპირდა, რომ მისი ნოე ნატოს ცოლად მოიყვანდა. თავის ვაჟს კი უთხრა: „ფორმალურად მოაწერთ ხელს, რამდენიმე თვეში კი გავაგდებთ“... თავდაპირველად, არც ნატო და არც დედამისი არ იყვნენ თანახმა ასეთ წინადადებაზე, მაგრამ სირცხვილს ეს არჩიეს და დათანხმდნენ. თუმცა, გურამს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა შურისძიება და ფიქტობრივად, ქორწინების დღეს მან თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.
სამი ახალგაზრდის მკვლელობისთვის გასამართლებულ  გურამ ფხაკაძეს სასამართლო სხდომებზე თავი ღირსეულად ეჭირა და არც მაშინ დაუკარგავს წონასწორობა, როცა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თავის საბოლოო  სიტყვაში კი თქვა: ჩემს საქციელს არ ვნანობ. მოკლულები ნაძირლები იყვნენ და ყველაფერი რომ განმეორდეს, იგივეს გავაკეთებ, ჩემი ოჯახის ღირსებას დავიცავო. ორმოცი დღის შემდეგ ფხაკაძეების ოჯახში ოფიციალური ცნობა მივიდა იმის შესახებ, რომ გურამ ნოდარის ძე ფხაკაძე სიკვდილით დაისაჯა. თინა ფხაკაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ნატომ და ნოდარმა დედა მამის გვერდით დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე და სამი თვის შემდეგ თბილისიდან გადაიხვეწნენ.

ფსევდონიმი „მეხი“
„გრუს“ სპეციალური სადაზვერვო-დივერსიული სკოლა უაღრესად გასაიდუმლოებული სტრუქტურა გახლდათ მასში ყველაფერზე წამსვლელ ინტელექტუალ მებრძოლებს ამზადებდნენ, რომლებსაც წლების განმავლობაში კომუნისტური იდეოლოგიით უტენიდნენ თავს და ისინიც მზად იყვნენ, ნებისმიერი ბრძანება შეესრულებინათ, საბჭოთა სამშობლოს საკეთილდღეოდ. სკოლის კადრებს, ძირითადად, უპატრონო ბავშვთა სახლებიდან არჩევდნენ და კონტინგენტს უმკაცრეს ტესტირებას უტარებდნენ. შემდეგ იწყებოდა სწავლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი და 20 წლამდე გრძელდებოდა. ბოლო საფეხური იყო, ეგრეთ წოდებული, „ცოცხალ სამიზნეზე ნადირობა“. გრუელს სპეციალურ სამხედრო პოლიგონზე თავისი სამიზნე უნდა მოეძებნა და გაენადგურებინა. ამის მერე ის სრულფასოვანი მზვერავი-დივერსანტი ხდებოდა და „გრუს“ ელიტაში იკავებდა ადგილს. ცოცხალ სამიზნეებად კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის სიკვდილმისჯილ ან „დიდსროკიან“ პატიმრებს იყენებდნენ. „გრუს“ კურსანტთა შორის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო 20 წლის ნაუმ ფურცევი, რომელსაც სკოლის ხელმძღვანელობამ ფსევდონიმი „მეხი“ შეარქვა. ის ციმბირის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში აღმოაჩინეს, მოეწონათ და საიდუმლო სკოლაში გაამწესეს. „მეხი“ განსაკუთრებული სისასტიკითა და ინტელექტით გამოირჩეოდა. თანაკურსელებს ათი თავით აღემატებოდა და ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ „მეხი“ წარმატებით გაივლიდა კურსის ბოლო საფეხურსაც და „გრუს“ საუკეთესო მებრძოლი გამოვიდოდა.

გაქცევა
ნადირობის წინა ღამეს პოლკოვნიკმა სკობცევმა „მეხი“ თავისთან დაიბარა და უთხრა:
– აბა, შენ იცი, როგორ ჩააბარებ ბოლო გამოცდას. შენი დიდი იმედი გვაქვს ყველას. შენი სამიზნე ყველაზე რთულია. მან სიკვდილმისჯილთა სკანიდან მოახერხა გაქცევა და სრულიად შემთხვევით დაიჭირეს. ვიღაც გოგონას გამოესარჩლა ქუჩაში. ხუთი დღის მშიერ-მწყურვალმა ოთხი „ჟლობი“ მითიშა და გაიქცა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და შეიპყრეს. შემდეგ სპეცფსიქიატრიულ კლინიკაში უტარებდნენ ცდებს სამი წელი და იქიდან მოვხსენით. მოკლედ, ძალიან საინტერესო ტიპია და დროზე უნდა მოუღო ბოლო.
– მივხედავ, – მოკლედ მოუჭრა „მეხმა“ პოლკოვნიკს და ფოტოსურათი გამოართვა, რომელზეც მისი სანადირო ობიექტი იყო აღბეჭდილი.
„მეხმა“ ყურადღებით დაათვალიერა მომავალი მსხვერპლის ფოტოსურათი. შემდეგ სკობცოვს დაუბრუნა და კოტეჯში წავიდა დასასვენებლად. თუმცა, მხოლოდ საწოლზე წამოწვა და ძილი არ ეკარებოდა. ნაუმ ფერცევი, სინამდვილეში, ნოდარ ფხაკაძე იყო, რომელიც დასთან, ნატოსთან ერთად, რუსეთში გადაიხვეწა და გვარი შეიცვალა. ნატო მონასტერში აღიკვეცა. ნოდარი კი ბავშვთა სახლში მოხვდა. შემდეგ კი – „გრუს“  სკოლაში. მისი მხსვერპლი კი „დახვრეტილი“ ძმა, გურამი გახლდათ, რომელიც უკანასკნელად ექვსი წლის წინ სასამართლო დარბაზში ნახა.
ნოდარი ღამის 2 საათზე ფეხაკრეფით გამოვიდა კოტეჯიდან და მიწისქვეშა ბუნკერისკენ გაემართა, სადაც მსხვერპლები ჰყავდათ გამომწყვდეულები. „მეხმა“ ორი გუშაგი გათიშა და გაკოჭა. შემდეგ ბუნკერში ჩავიდა და ¹3 საკნიდან თავისი უფროსი ძმა – გურამი გამოიყვანა.
– ჩუმად წამომყევი. კრინტი არ დაძრა, აქედან უნდა გავიპაროთ, – უთხრა ნოდარმა გაოცებულ გურამს და ძმები საიდუმლო პოლიგონის აეროდრომისკენ გაემართნენ.
საუცხოოდ მომზადებულმა ნოდარმა სატვირთო ვერტმფრენი გაიტაცა და ძმასთან ერთად, სამუდამოდ დატოვა ციმბირის ტაიგაში მდებარე „გრუს“ საიდუმლო პოლიგონი, სადაც მზვერავ-დივერსანტებს ცოცხალ ადამიანებზე ასწავლიდნენ კაცის კვლას.
P. S. ნოდარ და გურამ ფხაკაძეებმა უცხოეთში მოახერხეს გადასვლა. მრავალი წლის მერე კი „პერესტროიკის“  დროს, უცხოეთის მოქალაქის სტატუსით ორი თვე საბჭოეთში იმყოფებოდნენ და ნატო მოინახულეს, რომელიც ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღოლი გახლდათ.
скачать dle 11.3