კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როდის თხოვდება თეონა დვალი და როგორ ეხმარება მას დედამთილი საქორწინო სამზადისში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 მუდამ ღიმილიანი და პოზიტიური სოპრანოს, თეონა დვალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – ის მალე იტალიელ ბიზნესმენ ჯაკომო რაკუნიოზე დაქორწინდება. ამბობს, რომ ის მამაკაცი იპოვა ცხოვრების მეგზურად, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა. თეონა საქორწილო სამზადისშია. ორ ქორწილს გეგმავენ, ერთი იტალიაში გაიმართება, მეორე – საქართველოში. ბედნიერებას ვუსურვებთ თეონას და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. ის ჩვეული გულახდილობით გვიამბობს თავისი სიყვარულის ისტორიასა და საქორწინო სამზადისზე.
თეონა დვალი:
ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ხანმოკლე პაუზა გამომივიდა, რადგან სამწუხაროდ, ჩემი იტალიელი აგენტი გარდაიცვალა. ეს პაუზა გამომადგა ჩემს საქმროსთან, ჯაკომოსთან, ურთიერთობის აწყობაში. ახლა უკვე ვთანამშროლობ ორ დიდ სააგენტოსთან და ნელ-ნელა ჩემი სამომავლო გეგმები ეწყობა. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ იგეგმება ჩემი რამდენიმე დებიუტი სხვადასხვა საოპერო თეატრში იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ. დეკემბერში მაქვს რამდენიმე კონცერტი ჩემს მეგობარ არაჩვეულებრივ ტენორ ჯორდანო ლუკასთან საუდის არაბეთში. ასევე, ძალიან მინდა, გავაკეთო სოლო კონცერტი თბილისში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. შევასრულებ ცნობილ არიებს და დებიუტებს, მეყოლება უცხოელი სტუმრები, რომლებიც კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას.
– თეონა, უპირველესად, გილოცავ! მოგვიყევი, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– ჩვენი გაცნობის ისტორია ძალიან რომანტიკულია. არ ვიცი, ბედი თუ, რა დავარქვა. მე და ჯაკომომ ერთმანეთი ექვსი წლის წინ, მოსკოვში, შემთხვევით გავიცანით. მე ვმონაწილეობდი პლასიდო დომინგის სახელობის კონკურსში, რომელიც იმ დროს მოსკოვში ტარდებოდა. ჯაკომო თავის საქმეებისთვის იყო ჩამოსული... ძალიან დიდი მელომანია. უყვარს და ზედმიწევნით იცის ოპერა, შესანიშნავად ესმის ვოკალური ტექნიკა და თვითონაც არაჩვეულებრივი ხმა აქვს. რომ გაიგო, ეს კონკურსი ტარდებოდა, დაესწრო. როგორც კი გარეთ დამინახა, მომიახლოვდა
და გამომელაპარაკა – მომილოცა და ბევრი კომპლიმენტით ამავსო. იქ გავიცანით ერთმანეთი. სიმართლე გითხრათ, ვერ მოვასწარი ურთიერთობა, რადგან ძალიან დაკავებული ვიყავი. სოციალურ ქსელში დამამატა და იმ დღიდან მოყოლებული, თავი არ დამანება. შემდეგ უკვე მიყვებოდა, რომ ძალიან მოვეწონე და ერთმანეთს შევხვდით, ასე ვთქვათ, ყავაზე. სულ მწერდა და სულ იცოდა, სად ვიყავი, რომელ ქალაქში და რას ვმღეროდი.  მერე მალევე წამოვედი საქართველოში და ხუთი წლის განმავლობაში, ორ-სამჯერ მყავდა ნანახი. ძალიან მომწონდა, როგორც ადამიანი. ყველა ის თვისება აქვს, რაც მამაკაცში მომწონს. თუმცა, ისე ვიყავი გადართული სიმღერაზე, სპექტაკლებზე და იმდენი საქმე და საფიქრალი მქონდა, სულ მეგონა, პირადსა და კარიერას ვერ შევუთავსებდი ერთმანეთს.  ამიტომ, არც ვფიქრობდი ამაზე. მითხრა, შანსი მივცეთ ჩვენს ურთიერთობასო და მეც დავთანხმდი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. უბედნიერესი ვარ, რადგან შემხვდა ცხოვრების მეგზური სწორედ ისეთი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
– ერთად ყოფნა როგორ გადაწყვიტეთ და როგორ გამოგიტყდა პირველად გრძნობებში?
– მოვლენები მალევე განვითარდა. მე ფლორენციაში ვიყავი, სადაც სპექტაკლები მქონდა და მახსოვს, მილანიდან ფლორენციაში ჩამოვიდა, ოთხი საათი იარა გზაში მანქანით, გვიან მოვიდა და მითხრა: მე იმიტომ ჩამოვედი. რომ გითხრა, მიყვარხარო. ძალიან რომანტიკული და დასამახსოვრებელი იყო. გაცნობის პერიოდი გვქონდა და არ ველოდი, თუ ასე მალე მეტყოდა, მაგრამ, თურმე, დიდი ხნის განმავლობაში ვყვარებივარ. ერთი ის მახსოვს, რომ ძალიან გამიკვირდა. რა ვუპასუხე, არც კი მახსოვს. თუმცა, მერე, მეც მალე გამოვუტყდი სიყვარულში. ძალიან რომანტიკულია და მეც – ასევე.  ვინც კი ჯაკომო გაიცნო, ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს – ასე ერთნაირები როგორ შეხვდითო. ვფიქრობ, მე გახსნილი ვარ, სიყვარულის გამოხატვა შემიძლია და ეს ბუნებრივად გამომდის. ასევეა ჯაკომოც. მისით ყოველთვის, ყველა აღფრთოვანებულია. უყვარს სიურპრიზები. ვალენტინობას საქართველოში ვიყავი და ვარდები გამომიგზავნა. მიძღვნის ყვავილებს, სუნამოებს, სამკაულს. იცის, რომ ძალიან მიყვარს შოპინგი. მეტყვის ხოლმე, წამო, ვიშოპინგოთო და სხვადასხვა ქალაქშიც კი წავსულვართ ამისთვის. მე ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ, ვიცი, მამაკაცებს არ უყვართ ბევრი სიარული. მაგრამ, ის არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას.  ვეუბნები; ჯაკომო, მეშინია, არ დაიღალო, მარტო უნდა წამოვსულიყავი-მეთქი. ის კი მპასუხობს: შენ მაგაზე არ ინერვიულო, მე ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებსო.  მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ხშირად ვართ ერთად. ყველა ჩემს კონცერტსა და სპექტაკლს ესწრება.  
– როგორ გააცანით თქვენი მშობლები ერთმანეთს?
– შეხვედრები რომ დავიწყეთ, მისი მშობლები მალევე გავიცანი. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს – თბილი, მოსიყვარულე. მათ ძალიან შევუყვარდი. დედამთილი სრულიად ფანტასტიკური ქალია, არაჩვეულებრივი მზარეული. ახალ წელს თბილისის ოპერის თეატრში გვქონდა გალა-კონცერტი და ჩამოვიდა. ახალ წელს თბილისში შევხვდით, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. პირველივე შთაბეჭდილება დადებითი იყო. ძალიან შეუყვარდა ჩემს ოჯახს და თბილი ურთიერთობა აქვთ, რაც ყველაზე მეტად მახარებს, რადგან მშობლების აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის მეუბნებოდნენ, ვისაც მე შევიყვარებდი, იმას შეიყვარებდნენ თავადაც და არ არის სავალდებულო, ქართველი იყოსო. ვფიქრობდი, რომ 2017 წელი ისე კარგად დაიწყო, გამორჩეული წელი იქნებოდა და ასეც არის.


– რას საქმიანობს ჯაკომო?
ჯაკომო ბიზნესითაა დაკავებული. პროფესიით ეკონომისტ-ფინანსისტია. ყველა სფერო აინტერესებს, ძალიან განათლებული და ნიჭიერია. განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლის დიდი ნიჭი აქვს. ლათინური ენის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა იტალიაში. ვერ ვიტყვი, რომ მას რამე დავაძალე, გულით მოინდომა და შარშან დაიწყო ქართულის შესწავლა, არაჩვეულებრივად წერს და კითხულობს ქართულად. მთხოვს, რომ ყოველდღე, როცა დრო გვაქვს, ვამეცადინო. სიამოვნებით ვამეცადინებ და ძალიან მიხარია, რომ მოინდომა და ქართულ ენას სწავლობს. ბევრ კომპლიმენტს მიძღვნის ქართულადაც. რომ ვეუბნები: კარგი რა, გაჩერდი, ნუ მანებივრებ ამდენი კომპლიმენტით-მეთქი. მპასუხობს, ეს კომპლიმენტი კი არა, ფაქტიაო.  საზოგადოებაში რომ ვართ და მამაკაცები ყურადღებას მაქცევენ, ამბობს: შენ ლამაზი ხარ და მე მიხარია, ჩემი რჩეული რომ ხარ და გვერდით მომყვებიო.
– ნიშნობა გქონდათ?
– ქორწილი უკვე დაგეგმილი გვქონდა, როცა ნიშნობა ძალიან რომანტიკულად მოხდა. იმ პერიოდში თბილისში ვიყავი, ვმონაწილეობდი კონსერვატორიის ასი წლის იუბილესადმი გამართულ კონცერტში. ჯაკომოც ჩამოვიდა. იმ დღეს, კონცერტი რომ მქონდა, დილით საუზმეს ვუმზადებდი და უცებ დაიჩოქა და მითხრა: ვიცი, რომ ჩემი ცოლობა გინდა, რადგან მალე ქორწილი გვაქვს, მაგრამ მაინც გკითხავ:  ხომ მომყვები ცოლადო. ულამაზესი ბეჭედი გამომიწოდა, რომელსაც არ ვიშორებ. თვალები სულ ცრემლებით მქონდა სავსე.
– ქორწილს როდის გეგმავთ?
– ორი ქორწილი გვექნება. ერთი – ათ სექტემბერს იტალიაში, ზღვაზე, პატარა ქალაქ ნუმანაში, სადაც სახლი აქვთ. ახლაც ამ ქალაქში ვართ და ეს პერიოდიც სულ აქ ვიყავით. ცერემონია გაიმართება ულამაზეს ადგილას, რესტორანში, საიდანაც ადრიატიკის ზღვის ენით აღუწერელი პანორამა იშლება. გვეყოლება დაახლოებით 150 სტუმარი, მათ შორის, ჩემი ორი მეჯვარე, ბავშვობის მეგობრები – თეონა ბაღდავაძე და გვანცა ჭელიძე, რომელიც სპეციალურად ჩამოდის ნიუ-იორკიდან. რა თქმა უნდა, ჩამოდიან ჩემი ოჯახის წევრები და ასევე, მეგობრები, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, იტალიური ქორწილი დაუვიწყარი იქნება. თბილისში ჩამოვდივარ იტალიური ქორწილის შემდეგ და უკვე ქართული ქორწილისთვის მზადებას შევუდგები, რომელიც  თბილისში, 24 სექტემბერს გაიმართება, უფრო მასშტაბური. უამრავი მომღერალი მეყოლება სტუმრად, როგორც საოპერო, ასევე საესტრადო ჟანრის. იმედი მაქვს, ნამდვილად დაუვიწყარი გამოვა და ყველას დიდხანს ემახსოვრება.
– კაბა უკვე შერჩეული გაქვს?
– საქორწინო კაბა რომში შევიძინე. ჯერჯერობით მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ესპანური მოდის სახლ „პრონოვიას“ 2018 წლის კოლექციიდანაა. დავინახე თუ არა, ერთი ნახვით შემიყვარდა და გასინჯვის დროს, გული ამიჩქარდა. სიმართლე გითხრათ, იტალიური ქორწილისთვის ძალიან მეხმარება ჩემი მომავალი დედამთილი, რადგან მე არ ვიცოდი, რა იყო საჭირო. თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ დამხმარებოდა და საქმეების უდიდესი ნაწილი თავის თავზე აიღო. მას თვალდახუჭული ვენდობი, რადგან არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. თბილისში კი დედა მეხმარება, რომელსაც ასევე, თვალდახუჭული ვენდობი. ხალხს ერთი ქორწილის ორგანიზება უჭირს მოკლე დროში, მე კი, ერთდროულად, ორი ქორწილის ორგანიზება მიწევს. დეტალებს მუდამ დედასთან ვათანხმებთ. ვაგზავნი, როგორი მინდა იყოს მოსაწვევი, ყვავილები, ტორტი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ გემოვნებიანი, სადა და ლამაზი ქორწილი იქნება. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ათი სექტემბერი, რომ ჩემი ცხოვრება საბოლოოდ დავუკავშირო ჯაკომოს. ყველას გულით ვუსურვებ ისეთ ბედნიერებას, როგორიც მე მხვდა წილად და კიდევ უფრო დიდს.
скачать dle 11.3