კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ნიკა ლაშაური ეშმაკის ბილიკი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-32(867)




ბაბულია გოგსაძემ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. ტრამვაის გაჩერებამდე ფეხით მივიდა. შემდეგ მეტრომდე იმგზავრა და მეტროს სადგურ „ლენინის მოედანზე“ რომ ამოვიდა, ცხრას ხუთი წუთი აკლდა. მთელი ამ მარშრუტის მანძილზე ქალს „კაგებეს“ ოპერები მიჰყვებოდნენ და აზღვევდნენ. ლენინის მოედანსა და მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი, „კაგებეს“ შენიღბული უამრავი თანამშრომელი აკონტროლებდა  მთელ ტერიტორიას. ექვსი კინოკამერა ფარულად იღებდა ყველაფერს ორასი მეტრის რადიუსში.
გოგსაძე ათის ნახევრამდე ელოდა ვარლამოვას და რომ არ მოვიდა, უკვე წასვლას აპირებდა. ამ დროს მას ტაქსის მძღოლი  მიუახლოვდა, კონვერტი გაუწოდა და უთხრა:
– ეს ერთმა ქალბატონმა თქვენთან გამომატანა და წაიკითხეთ, – თავად მძღოლი ორ ნაბიჯში დადგა და სიგარეტი გააბოლა, თან ბაბულია გოგსაძეს უყურებდა. აშკარა იყო, რომ ტაქსისტი ქალს ელოდებოდა.
„ეს კაცი ჩვენიანია. მანქანაში ჩაჯექი და მცხეთაში გამოჰყევი. იქ შევხვდებით ერთმანეთს“.
ქალმა წერილი სანაგვე ურნაში ჩაგდო, რომელიც მოგვიანებით „კაგებეს“ ოპერებმა ამოიღეს და ტაქსისტს გაჰყვა. წინა სავარძელზე მოკალათდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ტაქსის „კაგებეს“ ორი მანქანა აედევნა უკან. ქუდიანმა მძღოლმა კი ბაბულია გოგსაძეს უთხრა:
– დაბადების დღეს გილოცავთ, ქალბატონო ელიკო.
– დაბადების დღეს? – გაიკვირვა გოგსაძემ, მაგრამ მძღოლს გაუღიმა და უთხრა:
– გმადლობთ, მაგრამ საიდან იცით ეს?
– ტაქსისტს მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა და თქვა:
– კუკლა-ჯან, ეს სეკრეტია. ზა მალჩანიე, ხუთი თუმანი მომცეს, მააშ?
– კი მაგრამ, ვინ? – არტისტული ხელოვნება გაიხსენა ქალმა, წერილში ეწერა, რომ სიურპრიზი მელოდება და მცხეთაში უნდა წამოგყვეთ.
– აბა, მაშ? – მხრები აათამაშა ტაქსისტმა, – რომ ვთქვა, სიურპრიზიც ხომ არ გამოვა?
– კეთილი, კეთილი, ჩემო კარგო. მიყვარს სიურპრიზები და არაფერს გკითხავთ, – თქვა გოგსაძემ და მცხეთამდე ხმა აღარ ამოუღია.
მძღოლმა ქალი სალობიესთან ჩამოსვა და სანამ წავიდოდა, უთხრა:
– პრიატნავა ვეჩერა, კუკლა-ჯან! სალობიეში შედი და სიურპრიზიც იქ იქნება. მე წავედი.
ტაქსი თბილისისკენ დაიძრა. მცხეთის სალობიეში შესულ ქალს არავინ შეგებებია. გოგსაძემ ყურადღებით შეათვალიერა იქაურობა, მაგრამ ნაცნობი ვერავინ იპოვა. ორიოდე წუთის შემდეგ ბაბულიას მიმტანი მიუახლოვდა და უთხრა:
– წამობრძანდით, ქალბატონო. ფანჯარასთან რომ მაგიდაა, ერთი ადგილია თავისუფალი.
– არა, გმადლობთ, უნდა წავიდე, – თქვა გოგსაძემ, მაგრამ მიმტანმა გაუღიმა და სხაპასხუპით უჩურჩულა:
– წადით და მაგიდას მიუჯექით. იქ თქვენი ოპერები სხედან.
გოგსაძე ყველაფერს მიხვდა და შეთავაზებული ადგილი დაიკავა. მაგიდას „კაგებეს“ ერთი ქალი და ორი კაცი ოპერი უსხდნენ. მიმტანმა სუფრა გაშალა და წავიდა. „თანამესუფრეები“ ერთმანეთს „გაეცნენ“ და მხიარული საუბარი გააბეს, რა დროსაც ოპერმა ქალმა ბაბულიას უჩურჩულა:
– ყველაფერი რიგზეა. ივახშმეთ. ჩვენ რომ წავალთ, ხუთი წუთის შემდეგ გამოდით და შავ ტაქსიში ჩაჯექით.
– გასაგებია, – გაიღიმა გოგსაძემ, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა.
ბოლომდე ინფორმირებულები არც „კაგებეს“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც რაციებით უკავშირდებოდნენ მაიორ გიგაურს. მას ინფორმაციებს აწვდიდნენ და ზურაბისგან მითითებებს იღებდნენ. თავად გიგაური კი მანქანაში იჯდა. ქალაქში გადაადგილდებოდა და ოპერაცია მიჰყავდა, რომელიც შეიძლებოდა, ყოვლად მოულოდნელად განვითარებულიყო.
ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა, „პობედის“ უკანა სავარძელზე მოკალათებული გიგაური მიღებულ ინფორმაციებს გონებაში ალაგებდა. სასტუმრო „თბილისთან“ გაჩერებული „პობედის“ მძღოლი მანქანიდან იყო გადასული და სიგარეტს ეწეოდა. უცებ რაცია ჩაირთო და გოგსაძის სახლში მორიგე ოპერმა მაიორს უთხრა:
– ჩეპეა, ამხანაგო მაიორო.
– რა ჩეპე? – წამოიძახა გიგაურმა და გული აუჩქარდა.
– სტუმარი გვყავს.
– ვინ?
– ვფიქრობთ, ჩვეულებრივი ქურდია. გავკოჭეთ უკვე.
– მარტოა?
– დიახ.
– ზუსტად იცით?
– აბსოლუტურად ზუსტად. მარტოა.
– კარგი. მოვდივარ, – მიუგო მაიორმა და მძღოლს უხმო, რომელმაც „პობედა“ ლოტკინის მთისკენ დაძრა.
***
ბაბულია გოგსაძის სახლში მაიორი ზურაბ გიგაური ჩვეული კონსპირაციულობით შევიდა. ბნელ ოთახებში გადაადგილება არ გასჭირვებია და ხელქვეითებს ჰკითხა:
– სადაა ქურდი?
– სარდაფში გვყავს გამომწყვდეული, ამხანაგო მაიორო, – მიუგო ზურაბს ერთ-ერთმა ოპერმა.
– იცის, ვის ხელშია?
– არა. თქვენს მოსვლამდე არ დაგვიკითხავს.
– როგორ იქცევა?
– თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ, რომ არ გაუვიდა, მიყუჩდა. ჩუმადაა და არაფერს ამბობს.
გიგაური განათებულ სარდაფში ჩავიდა, სადაც ხელბორკილდადებული მამაკაცი რკინის ძელზე იყო მიბმული და „კაგებეს“ ორი ოპერი დარაჯობდა. დატყვევებული, ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელიც კოპებშეკრული წვრილ, შავ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მაიორმა მას მწველი მზერა ესროლა და ოპერებს ჰკითხა:
– ჩხრეკისას აღმოაჩნდა რამე?
– მხოლოდ „ატმიჩკები“, – მიუგო ერთ-ერთმა ხელქვეითმა ზურაბს და იქვე, მაგიდაზე მიუთითა, სადაც „ატმიჩკების“ აცმა იდო.
– საბუთები არა?
– არანაირი საბუთი არ ჰქონდა, – თქვა ოპერმა.
– არაფერს ამბობს?
– დუმს, – თქვა ოპერმა. ამ დროს გაკოჭილი ალაპარაკდა და ზურაბს კბილებში გამოუცრა:
– „ვეფხისტყაოსანს“ მოგიყვები, არ გინდა?
– ჯერ ერთი, „ვეფხისტყაოსანს“, კი არ მომიყვები, წამიკითხავ. აბა, მიდი, თუ იცი, – მიუგო ზურაბმა.
– ბებიაშენის, კიდევ რა გინდა? ოქროს ზოდიც ხომ არ გაჩუქო? – ზიზღით თქვა გაკოჭილმა, – ეგღა მაკლია, „ძაღლების“ დაკრულზე ვიცეკვო. მე „ბურატინო“ ვარ.
– „ბურატინო“ და „პინოქიო“ რომ ხარ, ხის თავზე გეტყობა. „ძაღლი“ რომ ვიყო, მაგ ხისთავა გოგრას დამპალი ვაშლივით გაგიხდიდი.
– აბა, ვინ ხარ, რომის პაპი?
– „კაგებეს“ ოფიცერი ვარ.
– „კაგებესი“? – შეცბა „ბურატინო“.
– მოკლედ, ასე ვქნათ, „ბურატინო“, – თქვა გიგაურმა, – ან ჩემს კითხვებზე სწორ პასუხს გამცემ და არ გამაბრაზებ, ან ისე აგაორთქლებ, პაპა კარლოც ვერ გიპოვის. იცი, ვინ არის პაპა კარლო?
„აორთქლებამ“ გაკოჭილზე დიდი ეფექტი მოახდინა და სახეზე ოფლმა დაასხა. გიგაური შეათვალიერა და უთხრა:
– მაინც, რა გაინტერესებს?
– აქ როგორ მოხვდი?
– ქურდულად შემოვედი. კარი ატმიჩკით გავაღე და ისე.
– ვისი ნაკოლით?
– ბოზობისკენ მიბიძგებ, უფროსო?
– ეს შენ უბიძგებ შენს თავს სამარისკენ. ჩქარა, „ნაკოლშჩიკის“ სახელი მითხარი!
ზურაბის სიტყვებმა „ბურატინოზე“ კვლავ ძლიერი ზემოქმედება იქონია და ამოილუღლუღა:
– ერთმა ქალმა.
– სახელი, გვარი!
– ირინა ჰქვია, გვარი არ ვიცი?
ზურაბმა „ბურატინოს“ ვარლამოვას ფოტორობოტი უჩვენა და ჰკითხა.
– ესაა?
– კი. ძალიან ჰგავს.
– საიდან იცნობ?
– შარშან, მოსკოვში გავიცანი.
– რა ვითარებაში?
– მაგის ბაითში შევძვერი. ვიღაც კაცთან ერთად გამკოჭა. რომ გაიგო, ვინ ვიყავი, ორასი მანეთი მაჩუქეს და გამიშვეს. შემდეგ თბილისში ჩამომაკითხა იმ ქალმა. ისევ ორასი მანეთი მაჩუქა, თან ეს ნაკოლიც მომცა.
– რაო, რა გითხრა, რა დევს სახლშიო?
– საიდუმლო სეიფში ოქრო და მაყუთია, წამოიღე და ნახევარი გამიყავიო.
– სად ცხოვრობს ის ქალი?
– არ ვიცი.
– აბა, როგორ უკავშირდებოდი?
– თვითონ მოდიოდა ჩემთან. ვარანცოვზე ვცხოვრობ და ჩემი მისამართი იცის.
ზურაბმა „ბურატინოს“ „კაგებეს“ წიგნაკის წითელი ყდა დაანახვა და უთხრა:
– იმიტომ გიჩვენე, დარწმუნდე, მართლა „კაგებედან“ რომ ვართ. ახლა კი ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, უფროსო.
– შენ ახლა სახლში გაგიშვებთ.
– სახლში? – სიტყვა გააწყვეტინა მაიორს გაოცებულმა ქურდმა.
– ნუ მაწყვეტინებ და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, უფროსო, – მკვირცხლად მიუგო გამოცოცხლებულმა ქურდმა გიგაურს.
– სახლში გაგიშვებთ და შენთან, ჩვენი ოპერები ოცდაოთხსაათიან მორიგეობას დააწესებენ, მხოლოდ იცოდე, თუ რამე მოგვატყუე, გაქცევა სცადე, ან იმ ქალისთვის ინფორმაციის მიწოდებას დააპირებ, აგაორთქლებთ. გასაგებია?
– გასაგებია, უფროსო. ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც მითხარი.
– კარგი. თხუთმეტ წუთში გადიხარ. იმ ქალს კი ეტყვი, თუ დაგირეკავს ან მოვა, რომ პუსტოი გამოხვედი და ვერაფერი იპოვე.
– ტელეფონი არ მაქვს და თვითონ მოვა, – თქვა „ბურატინომ“, რომელიც „კაგებეს“ ოპერების თანხლებით, ბაბულია გოგსაძის სახლიდან ღამის ორ საათზე წავიდა.
***
მცხეთის სალობიედან ბაბულია გოგსაძე სახლში დაბრუნდა და სანამ „ბურატინოს“ ამუშავებდნენ“, დაიძინა. თანაც, არაფერი გაუგია. ტაქსისტი კი „კაგებეს“ ოპერებმა ღამის 3 საათზე მოიხელთეს. მას მერე, რაც დარწმუნდნენ, რომ არაფერში იყო გარეული, „კაგებეში“ დაკითხვაზე მიიყვანეს. ზურაბ გიგაური მას კაბინეტში დახვდა და ჰკითხა:
– იცით, სად იმყოფებით?
– მა რა, „კაგებეში“, – მიუგო ტაქსისტმა.
– მერე, არ გიკვირთ?
– მიკვირს, უფროსო, როგორ არ მიკვირს, მაგრამ რა ვქნა?
– რადა, ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევით.
– თქვენ, ალბათ, იმ ქალის ამბავი გაინტერესებთ, სალობიეში რომ მივიყვანე.
– როგორ მიხვდით?
– ინტუიცია, – თავმომწონედ თქვა მძღოლმა.
– აბა, გისმენთ, – გაეღიმა ზურაბს და გააბოლა.
– ზნაჩიტ, ასე იყო, – ერთმა ქალმა ვარანცოვის ხიდთან გამაჩერა და მითხრა: დღეს მოსკოვიდან ჩამოვედი. ჩემი დის დაბადების დღეა და არ იცის, რომ ჩამოვედი. ახლა ის „ლენინის მოედნის“ მეტროსთან დგასო. ეს წერილი წაუღე და ტაქსით მცხეთის სალობიეში ჩამოიყვანეო. მერე ხუთი თუმანი მომცა და სულ ეს იყო, – ტაქსისტმა სახიდან ოფლი მოიწმინდა და გიგაურს მიაპყრო მზერა.
აშკარა იყო, რომ მძღოლი არ ტყუოდა. ორიოდე ფორმალური შეკითხვის შემდეგ, გიგაურმა ტაქსისტი გაუშვა. თავად კი სიგარეტი გააბოლა და არსებული ინფორმაციების შეჯერებასა და ანალიზს შეუდგა. ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ირინა ვარლამოვა ბაბულია გოგსაძის საიმედოობას ამოწმებდა და მთელი ეს სპექტაკლიც ამის გამო დადგა. არადა, არც თუ ისე უსაფრთხო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც უშიშროების თუ არა, მილიციის ყურადღების მიპყრობა შეეძლო. ამიტომ, ზურაბმა ლოგიკურად იფიქრა, რომ გოგსაძეს რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის ამზადებდნენ და მისი „სისუფთავე“ ამიტომ შეამოწმეს. მაიორმა ოთახში გაიარ-გამოიარა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რისთვის ამზადებდა ვარლამოვა გოგსაძეს, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ამასობაში გათენდა. ზურაბმა დაამთქნარა. შემდეგ საწოლზე ტანსაცმლიანად წამოწვა და უკიდურესი დაღლილობისგან უმალვე ჩაეძინა.
***
ბურატინოს ბინაში „კაგებეს“ სამი ოპერი იმყოფებოდა. ხუთი წყვილი ოპერი კი – იტალიური ეზოს მიმდებარე ტერიტორიის პერიმეტრს აკონტროლებდა და ნებისმიერ, ყოვლად უმნიშვნელო დეტალსაც კი, არ ტოვებდნენ ყურადღების გარეშე. გარდა ამისა, ორი, კარგად მომზადებული, მობილური ოპერატიული ჯგუფი სრულ მზადყოფნაში გახლდათ იმ შემთხვევისთვის, თუკი ქალაქის რომელიმე ადგილზე გაგზავნიდნენ „ობიექტის“ შესაპყრობად. საქმე კი ის იყო, რომ ავტომატური სატელეფონო სადგურიდან „ბურატინოს“ ტელეფონი ისმინებოდა და ვარლამოვა თუ მას ქუჩიდან დაურეკავდა და ადგილის დაფიქსირებაც მოხერხდებოდა, სპეცჯგუფი  ძალიან სწრაფად უნდა მისულიყო შესაპყრობ „ობიექტთან“.
„ბურატინოსთან“ მორიგეობის მეორე დღეს მის ბინაში ტელეფონმა დარეკა. ერთ-ერთმა ოპერმა ბინის პატრონს უთხრა:
– თუ ისაა, როგორც დაგარიგეთ, ისე მოიქეცი. ეცადე, მაქსიმალურად გაწელო საუბარი და რაც მთავარია, მინიშნება არ მისცე, რომ თვალთვალის ქვეშ ხარ.
– კარგი, – მიუგო „ბურატინომ“ ოპერს. შემდეგ ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენ!
– საღამო მშვიდობისა, ძვირფასო, – მოესმა ბურატინოს ირინა ვარლამოვას ხმა.
„ბურატინომ“ „კაგებეს“ ოპერს თვალით ანიშნა, „ობიექტი“ რეკავსო. ავტომატურ სატელეფონო სადგურში მყოფმა „კაგებეს“ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა კი, სპეციალური აპარატურის მეშვეობით, ვარლამოვას ადგილმდებარეობის დადგენა დაიწყეს.
– გაგიმარჯოს, თუ ეს გამარჯვებაა, – უჟმურად მიუგო „ბურატინომ“ ქალს.
– რატომ, რა მოხდა?
– ხალასტოიზე შემიშვი და კინაღამ „ძაღლებმა“ ამაგდეს. აი, რა მოხდა.
– ხალასტოიზე? – გაიმეორა ვარლამოვამ, – ეგ როგორ?
– როგორ და, ბაითი ცარიელი იდგა. აი, როგორ.
– „ძაღლებს“ სადღა გადაეყარე?
– ქუჩაში. მთელი ღამის ნამუშევარი რომ დავრმუნდი, ტუფტაზე ვირჯებოდი, უკან გამოვძვერი და ნაცემი ძაღლივით წამოვლასლასდი. ლოტკინის დაღმართს რომ დავუყევი, „ძაღლების“ მანქანამ ამოუხვია და რომ  არ მოვხეულიყავი, ჩემი ინსტრუმენტებიანად გამქაჩავდნენ სამმართველოში.
– ვარონა გაგეჩითა?
– არა.
– აბა, რა იცი, რომ ძაღლები იყვნენ?
– ნომერი დავწვი. მაგათი ნომრები გამრავლების ტაბულასავით მაქვს დაზეპირებული.
– ამბობ, ნომერიო?
 – ჰო. რამ გაგაკვირვა?
– იმ სიბნელეში რა დაინახე?
– კატის მხედველობა მაქვს. შენ რა, არ გჯერა? – თქვა „ბურატინომ“ და დაამატა, – შენ ჯობია, ის მითხრა, – ასეთი იაღლიში როგორ მოგივიდა, რომ პუსტოი ბაითში მაჩალიჩე?
– ბურატინ! შემთხვევით, „ძაღლები“ ხომ არ გაძოვებენ და მესიაბანდები? – უთხრა ვარლამოვამ „ბურატინოს“ ცივი, ბოროტი ხმით.
– რაო, რა თქვი? – „აღშფოთდა“ ბურატინო.
– არაფერი, – მოკლედ მოუჭრა ვარლამოვამ და ტელეფონის ყურმილი გათიშა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3