კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რქები

თათია ფარესაშვილი არდაშელ თაქთირიძე

- ბატონ ჯუმბერს ნონა მოუყვანიაო! - ახალშეუღლებულებზე ალაპარაკდა მთელი კათედრა.
– რომელი ნონაო?
– მესამე კურსის სტუდენტიაო!
– რამ გადარია, 30 წლით უმცროსი რამ მოაყვანინაო?
– სიყვარულმა ასაკი არ იცისო!
***
ბატონი ჯუმბერი კათედრის გამგე იყო. 50 წელს მიტანებული, ცოლის მოყვანას არ ფიქრობდა, მეცნიერებას გადააყოლა პირადი ცხოვრება. ისე, ახალგაზრდობაშიც არ ედგა თაყვანისმცემლების რიგი. დაბალს, ახლომხედველს და ასკეტურად მცხოვრებ ახალგაზრდას გოგოები არ სწყალობდნენ. არც ის უღებდა იოლად გულის კარებს, შეიძლება ითქვას, ნამდვილი სიყვარული განცდილიც არ ჰქონდა, სანამ ნონა გამოჩნდებოდა.
ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება. როგორც ლექტორი სტუდენტს, ისე უყურებდა, სხვებში არ განარჩევდა. სემესტრის ბოლოს ნონა მივიდა.
– თქვენი საგნის სწავლა მიჭირს და დამეხმარეთო! - რამდენჯერმე, ლექციების ბოლოს დატოვა და ამეცადინა. მაშინ შეამჩნია, რომ გოგონა, რაღაც სხვანაირად უყურებდა. აი ისე, ძვალსა და რბილში რომ გაგივლის. ასეთი რამ პირველად იგრძნო, ესიამოვნა თუმცა, ვერ ხვდებოდა, ეს რა უნდა ყოფილიყო - სიყვარული თავიდანვე გამორიცხა, ვერ წარმოედგინა, 30 წლით უმცროსისგან მისი არათუ შეყვარება, მოწონებაც კი. ალბათ, მადლიერების გამოხატვააო, დაასკვნა ბოლოს. ნონამ კი...
 – ლექციების შემდეგ დარჩენა მიჭირს, საღამოობით თქვენთან სახლში ვივლიო! - უარი არ უთქვამს, თავისდაუნებურად, გაუხარდა. რამდენიმე მისვლის შემდეგ ნონა გაუთამამდა:
 – რა სახე ჩამოგტირით, ახლავე გაიღიმეთ, თორემ ვერ ვმეცადინეობო! - გააცინა. ის კი არა, ანეკდოტიც მოაყოლა. შემდეგ დღეს, სადღაც ჩამარხული პატეფონი გამოაღებინა და აცეკვა. მოსწონდა, სიამოვნებდა. გრძნობას შესაბამისი სახელიც უპოვა - მეგობრობა. ნონა კი, ყოველ საღამოს მიდიოდა და მის მოღუშულ ბინას სიხარულით ავსებდა. სწავლისთვის ვის ეცალა? ხან რა გასართობს მოიგონებდა და ხან რას. უკვე მონატრება დასჩემდა - სახლში ადრე მიდიოდა და ელოდა. მოსწონდა ლოდინი, და კიდევ, ზარის დარეკვისას გული სიხარულით რომ აუტოკდებოდა. ერთ საღამოს, ნონამ სასმელი მოსთხოვა. სახლში არ ჰქონდა, არაყი ამოიტანა მაღაზიიდან. დალიეს. ესიამოვნა, რამდენი ხანია, სასმელი არ დაელია. დათვრნენ. ნონა მასთან დარჩა. არ გაუპროტესტებია, მთვრალს მაინც არ გაუშვებდა. ლოგინში რომ შეუწვა და ფეხები მჭიდროდ შემოაჭდო, არც ეს გაუპროტესტებია, გრძნობას სიყვარული დაარქვა და ნეტარებაში ჩაიძირა.
ნონა მეორე ღამესაც მასთან დარჩა, მესამე ღამესაც. მეოთხე ღამეს უკვე ჩემოდნით მივიდა. ბატონი ჯუმბერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ტიროდა, იცინოდა, ისევ ტიროდა. უკვე ვეღარ წარმოედგინა თავისი ცხოვრება მის გარეშე. ნონას ღვთის საჩუქრად მიიჩნევდა. უკვირდა, ასეთმა კარგმა გოგომ როგორ შეიყვარა. ერთი თვე სრული იდილია ჰქონდათ. ერთი თვის თავზე ნონა ღამით სახლში არ მივიდა. ბატონი ჯუმბერი გადაირია - ოთახში ბოლთას სცემდა, მერე ქუჩაში გავარდა, ახლო-მახლო ქუჩები შემოირბინა, მერე ისევ სახლში ავიდა, ნონას დაქალს გადაურეკა.
 – ნუ გეშინია, უკვე დიდი გოგოა, არსად დაიკარგებაო! - ორაზროვნად ჩაუსისინა დაქალმა. მიხვდა ბატონი ჯუმბერი, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა. სავარძელში ჩაჯდა და დაიწყო ფიქრი, როგორ გასწორებოდა იმ ლაწირაკს. ნონა განთიადისას მიბანცალდა, უგონოდ მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.
– ვაა, ჯუჯა, არ გძინავს? - ისეთი ირონიით მიახალა, რომ ბატონი ჯუმბერი დაიბნა, უნებურად, ბრაზმა გადაუარა, ხელი შეაშველა, საწოლთან მიიყვანა და გახდაშიც დაეხმარა.
– სად იყავი, გოგო, ამდენ ხანს, რატომ მანერვიულეო?!
– ჩემი ქმარი კი არ ხარ, რას ნერვიულობდიო?! - ამოილუღლუღა ნონამ.
– კარგი, მერე ვილაპარაკოთო! - ბატონი ჯუმბერის ნათქვამი ნონას არ გაუგია, რადგან უკვე ხვრინავდა. ისევ ჩაჯდა სავარძელში, დაიწყო ფიქრი - ნონას გაშვებას და ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, არსებულს უნდა შეგუებოდა. მართლაც, რა აკავშირებდა ნონას მასთან, გარდა ერთი-ორი ღამისა? რა ვალდებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა? დილით არაფერი უთქვამს, აპატია. ის კი არა, სინდისი სტანჯავდა, საწყალ გოგოს წუხელ დასჯას რომ უპირებდა. დილით, სამსახურში წასასვლელად რომ ემზადებოდა, თავზე, იქ, სადაც ქალა კუთხეებს ქმნის, სავარცხელი რაღაცას მოედო. ხელით მოისინჯა - აშკარად სიმაგრეები ამობერილიყო. თმები გადასწია და... არ მოსჩვენებია, პატარა რქები ამოსვლოდა. თმები გულდაგულ დაივარცხნა, რომ რქები არ გამოჩენილიყო, ცილინდრი დაიხურა და სამსახურში წავიდა. კათედრაზე ერთი ასპირანტი ბიჭი მუშაობდა - თენგო. თავის დროზე ბატონი ჯუმბერი დაეხმარა და კათედრაზე დატოვა. მორიდებული ბიჭი იყო, გაცრეცილი შარვლით და გადაყვლეფილი ფეხსაცმლით დადიოდა. ბატონი ჯუმბერი მასში თავის ახალგაზრდობას ხედავდა და ამიტომ, ყველაზე მეტად მას ენდობოდა. კაბინეტში თენგო გამოიძახა.
– ბიჭო, თენგო, აბა, ნახე, - ხელი თავზე მოასმევინა - რქები მაქვს, თუ არაო?
– როგორ გეკადრებათ, ბატონო ჯუმბერო?! - უპასუხა გაოგნებულმა თენგომ.
დრო გადიოდა, ნონას დაგვიანებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ბატონი ჯუმბერი შეეჩვია, მხოლოდ ის აღელვებდა, ვაითუ, ერთხელაც, სახლში აღარ დაბრუნდესო. მმაჩის ბიუროში წაიყვანა და ხელი მოაწერა. ხელისმომკიდედ თენგო წაიყვანა.
ვერც გათხოვბის მერე მოიშალა ნონამ დაგვიანება. აღარც ბატონი ჯუმბერი ბრაზობდა - კარგა ხნის შეგუებული იყო. მხოლოდ რქები ანაღვლებდა, აშკარად რომ ამოსულიყო და უკვე მეორე ტოტს იკეთებდა. არაყს შეეჩვია, ყოველღამე თვრებოდა და ამით იქარვებდა დარდს. სამსახურში, ბატონი ჯუმბერი, უბრალოდ, ჯუმბერი გახდა. ერთ დღესაც, დილითაც არ მივიდა ნონა სახლში. შეშინდა ჯუმბერი, დაფაცურდა, მის გარეშე ვერ გაძლებდა, მოკვდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ასეთი ცხოვრება უფრო ხიბლავდა - თავგადასავლებით სავსე, ვიდრე ძველი - მდორე. სამსახურში გაიქცა, თენგოს სთხოვა დახმარება. თენგომ გაიკითხა და გაიგო, რომ მათივე სტუდენტი ბიჭის ბინაში ცხოვრობდნენ. ჯუმბერი, უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნოდა. იმ მისამართზე მივიდა.
– მე გეყრები, აღარ მიყვარხარო! - კარებში მიახალა ნონამ.
– არ დამღუპო, უშენოდ მოვკვდები, ოღონდ წამოდი, გყავდეს საყვარელი, წინააღმდეგი არ ვარო! - დაუჩოქა ჯუმბერმა.
დროებით გაირკვა ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის. ნონა ხან სახლში ათენებდა, ხან საყვარელთან. ქმარს აგდებით ელაპარაკებოდა და „ბრინკას” ეძახდა. ჯუმბერმა სმას უმატა, თითქმის სულ მთვრალი იყო. სამსახურში ჯუმბერი, „ჯუმბერა” გახდა. მას კი, მხოლოდ ის აღელვებდა, რომ რქები აშკარად ზრდას განაგრძობდა, უკვე ცილინდრიც ვეღარ ფარავდა. სხვები კი, ვერ ამჩნევდნენ, ან ამჩნევდნენ და არ ეუბნებოდნენ.
ერთ დღესაც, ჯუმბერა ჩვეულებრივზე ადრე მივიდა სახლში. კარი გასაღებით რომ გააღო და შევიდა, საძილედან ხმები მოესმა. ნონას ვიღაც კაცი მოეყვანა. საძილეში არ შევიდა, კარი ისევ ჩაკეტა და კორპუსის წინ, ეზოში დაელოდა. ამის მერე, სახლში მისვლას რომ დააპირებდა, წინასწარ რეკავდა, რომ ნონას საყვარელი არ დაეხვედრებინა. რქები კი იზრდებოდა და მძიმდებოდა. უკვე ტარება უჭირდა, თავი უვარდებოდა, კისრის ძარღვები სტკიოდა. ერთხელ, დარეკა ჯუმბერამ სახლში - მოვდივარო! მაგრამ მაინც დახვდა საყვარელი - სამზარეულოში სვამდნენ. ჯუმბერაც მიიწვიეს, ერთად დალიეს. მერე...
 – ჩვენ აქ პატარა საქმე გვაქვს, ცოტა ხნით გაისეირნეო? - უთხრეს და გარეთ გამოაგდეს.
ისევ გაირკვა დროებით ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის. ნონა საყვარელს ახვედრებდა, მერე ერთად დალევდნენ და ბოლოს ბინიდან გამოაგდებდნენ. შეეჩვია ჯუმბერა თავის მდგომარეობას, მხოლოდ რქები აფიქრებდა, ვეღარ ზიდავდა. ლოგინშიც, გვერდზე გადაბრუნებაში ხელს უშლიდა. სხვები ისევ ვერ ხედავდნენ, ან ხედავდნენ, მაგრამ არ ეუბნებოდნენ. ერთ საღამოს, სახლში მისულს, შესასვლელში კაცის ჯღანი ფეხსაცმელები დახვდა, ფეხით გვერდზე მიაგდო.
 – ფეხშიშველი წასულაო! - ჩაილაპარაკა. მეორე დღეს, მასთან, კაბინეტში შესულ თენგიზას ფეხზე თავისი ახალთახალი ფეხსაცმელები რომ შენიშნა, რაღაცამ გაიტკაცუნა, თავი გადაუვარდა და სკამიანად უკან გადაემხო.
***
 – გაიგე, ჯუმბერა მომკვდარაო! - გარდაცვლილზე ალაპარაკდა მთელი კათედრა.
 – რამ მოკლაო?
 – ქალას ფუძე გადამტვრევიაო!
скачать dle 11.3