კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რით შეიძლება, იყაროს ჯავრი რუსეთმა აშშ-ზე საქართველოსა და უკრაინის ტყავზე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მას შემდეგ, რაც ჩვენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გვეწვია და აშშ-ის ტანკებმა გორის ავტობანზე ჩაიარეს, რფ-ის პრეზიდენტი აფხაზეთისკენ გაეშურა, თუმცა მთლად სოხუმშიც არ სწვევია რაულ ხაჯიმბას, ბიჭვინთაში გადაიკვეთნენ. ამის პარალელურად, ამერიკის კონგრესმა რუსეთს სანქციებიც გაუმკაცრა და საქართველოდან და უკრაინიდან ჯარების გაყვანაც მოსთხოვა. რაკი დღესავით ნათელია, რომ ამერიკულ ტანკს რუსი ტყვიას არ ესვრის, იბადება კითხვა: როგორ შეიძლება, გადაუხადოს სამაგიერო საქართველოსა და უკრაინის ტყავზე? ამ მეტად საჭირბოროტო თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– რით შეიძლება, გაგვამწაროს რუსეთმა, რომ აშშ-თან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ჩაგვიმწაროს?
– ამერიკას რუსეთი ვერ გადაუხდის სამაგიეროს, მაქსიმალური პასუხი იყო ამერიკელი დიპლომატების შემცირება რუსეთში და რაღაც მდაბიო იმპერიული პასუხი –  პენსის აქ ჩამოსვლის შემდეგ აფხაზეთში პუტინის ჩასვლა. თუ შევადარებთ საქართველოსა და აფხაზეთს და რუსეთსა და ამერიკას, ვნახავთ, როგორც ჩამოლაბორანტდა ამხელა იმპერია. სააკაშვილის სტილში არ ვამბობ, რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავს-მეთქი, რადგან ტანკებიც ჰყავთ და ბირთვულქობინიანი რაკეტებიც აქვთ.
– ისევ მხატვრულ პარალელს მოვიშველიებ: გოგრა რაგინდ მაღლა, თახჩაზე დადო, მაინც ვერ გახდება შირაზის ვარდი. ბირთვულ იმპერიას ანგარიშზე საქართველოსთან მოგებული ომი აქვს მხოლოდ.
– ეს ბომბები თავში უხლიათ, აფხაზეთი და ცხინვალი კი მწიფე ვაშლებივით ჩამოგვიცვივდება. დღე არ გადის, აფხაზეთში რუსი ტურისტები არ ამოწყვიტონ, ხან კი საწყობი ფეთქდება. და ასეთი შემთხვევა ბევრი ელით, იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ „დუმაში“ გამოვიდა ახალგაზრდა დეპუტატი და თქვა, რა თავში ვიხლით ოსებსა და აფხაზებს, ფულს ვყრით, მაგრამ ჩვენ გვებრიქებიან, ტურისტებს კი ცუდად ექცევიან, დავუბრუნოთ ისევ ამ ქართველებსო. იმ დეპუტატის ნათქვამზე არავინ არაფერს გააკეთებს, მაგრამ უკვე რაღაცას ნიშნავს, ეს რომ „დუმაში“ ითქმება. პრივატულ საუბრებში აფხაზებსა და ოსებს უსახელურო ჩემოდნებს უწოდებენ. ვიცით, ხომ ეს რას ნიშნავს? რომ მატარებელი მიდის და თუ იმ ჩემოდნებს დასდევ, შენც დარჩები ბაქანზე. უკრაინის ამბების შემდეგ ვითარება სტრატეგიულად შეიცვალა. რუსებს შავ ზღვაზე ჰქონდათ პრობლემები.
– გასაგებია, რომ ჩვენი სეპარატისტების რჩენა არ უნდათ და უკრაინის შემდეგ ვითარება შეიცვალა, მაგრამ მათ 2008 წლის ომით მიაღწიეს მნიშვნელოვან სტრატეგიულ წარმატებებს: მართალია, მათი „სამშვიდობოები“ ყველაფერი იყო სამშვიდობოს გარდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ისეთი მძლავრი სამხედრო ბაზები, როგორიც აქვთ დღეს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ანუ რა გაიტანს იმ ბაზებს იქიდან?
– ყირიმის შემდეგ აფხაზეთის სამხედრო ბაზების საფასური განულდა. როგორც იქნა, რუსებმაც შექმნეს წერტილოვანი, ზუსტი დარტყმის რაკეტები, რომლებიც 40 წლის წინათ ჰქონდათ ამერიკელებს და, სამწუხაროდ, პირველად გამოიყენეს იუგოსლავიაში. ამდენად, აფხაზეთში სამხედრო ბაზებს შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ ჩვენი შანტაჟის ფუნქცია. ანუ აფხაზეთი ჰაერში ეკიდება, რაც შეეხება ცხინვალს: ეს ქნეს „ნაციონალებმა“ და იმიტომაც ეწვით კუჭი, როდესაც აღადგინეს „სამხრეთ ოსეთი“ და გაუმზადეს რუსეთს პლაცდარმი.
– შევახსენებ მკითხველს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: ჯერ, 2006 წლიდან, უკვე მკვდარი ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ გააცოცხლეს, შემდეგ შექმნეს „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით და დააზუსტეს ადმინისტრაციული საზღვრები ახალგორისა და დიდი ლიახვის ხეობის ჩათვლით, სადაც იურისდიქციის გავრცელების სურვილი აღარ ჰქონდათ სეპარატისტებს, იმიტომ რომ, სრულად ქართველებით დასახლებული ადგილები იყო. დღეს დიდი ლიახვის ხეობა სრულადაა დაცლილი ქართველებისგან, ახალგორს –  ბევრი არაფერი უკლია.
– დიახ და ამის შემდეგ, ვინ ისროლა პირველმა, აღარაა საინტერესო. მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აგენტი იყო. ეს იყო კრეტინობა, ოღონდ ეგონათ, რომ ამით ამერიკის გულს მოიგებდნენ. დღემდე იმას ამბობენ, რომ  არ დაეთანხმნენ მედვედევი-სარკოზის შეთანხმებაში იმ მუხლს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსი საერთაშორისო დონეზე განხილულიყო. ასეთ რამეს აგენტს ვერ დაავალებდნენ, იმიტომ რომ, რუსები იფიქრებდნენ, ქართველები ამას მიხვდებიანო. თუმცა სხვა საქმეა, ქართველები რომ, რატომღაც, დაიბნელებენ ხოლმე გონებას. მაგრამ პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შეგნებულად გააკეთებს ასეთ რამეს პოლიტიკოსი თუ შეცდომა მოუვა. თუმცა ჩვენთან არავის არაფრის გამო არ მოეკითხა პასუხი.
ერთი სიტყვით, აფხაზეთი  ჰკიდია ჰაერში და სად ჯანდაბაში წაიღონ და რა ჯანდაბა უქნან, არ იციან. პუტინი იმ დონემდე დავიდა, რომ, თუ პენსი ხვდება საქართველოს ხელმძღვანელობას, მე ვხვდები ხაჯიმბასო. ჰოდა, ამის იქით ვერც წავლენ. ეს არის იმპერიის დაკნინების საუკეთესო მაგალითი. საბჭოეთი იყო საზიზღარი, მაგრამ იმპერია.
მაგრამ აი, ცხინვალი არის პრობლემა. ჩვენც აფხაზებთან უფრო მოვახერხეთ მოგვარება, რადგან მაშინ ოსებს უბრალოდ აუკრძალეს ჩვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ, ცხინვალი ჩვენთვის გულზე მობჯენილი დანაა. იმეორებენ, თბილისიდან 20 კილომეტრში არიანო, მაგრამ მათ თბილისი ნაკლებად აინტერესებთ. მათი ინტერესი ტრასაა. ჩინეთში რომ ბრძანდებოდა პუტინი, იქ აჩვენეს ეკრანზე დიდი აბრეშუმის გზა და სად გადიოდა? ჩინეთი, ცენტრალური აზია, კასპია, საქართველო და უკრაინა. პუტინი კრიჭაშეკრული უყურებდა, მაგრამ იქ ვერაფერი უთხრა, თუმცა ჩავიდა სოხუმში და ამით უთხრა, შეეშვი მაგ გზას, თორემ ჩემი ოცეული ეყოფა მის გადაკეტვასო.
– აი, ამ ტიპის საფრთხეზე ვლაპარაკობ სწორედ. რამდენად რეალურია?
– ეს ამბავი არ გამოუვა. პენსის ჩამოსვლამდე რამდენიმე ამერიკული ჯავშანმანქანის გამოვლა იმ ტრასაზე იყო იმის დემონსტრირება, ტრასას თავი დაანებე, ეს არის საქართველოსი, ანუ ჩემიო.
– აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია ამერიკული ტანკების გორის ავტობანზე ჩავლამ, აქაოდა, რუსი გვესვრისო. არადა, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, ის კაცები არ არიან რუსები, რომლებიც ამერიკულ ტანკს ესვრიან და მათ არც უსვრიათ ერთმანეთისთვის არასდროს, თვით „ცივი ომის“ დროსაც კი.
– სულ მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ არც ამერიკელი ესვრის რუსს და არც რუსი ესვრის ამერიკელს. 200 წელზე მეტი ხანია, ამერიკა არსებობს და ერთმანეთისთვის არ უსვრიათ პისტოლეტიც კი. მათი მზვერავებიც კი ერთმანეთს უხოცავდნენ მოკავშირეებს მხოლოდ. ამერიკელები ხოცავდნენ ბულგარელ, აღმოსავლელ მზვერავებს, რუსები –  დასავლეთ გერმანელ მზვერავებს და ასე შემდეგ. მათ ორივეს ძალიან ეშინია ერთმანეთის. ის კი ვიცოდი, რუსებს რომ ეშინოდათ მათი, მაგრამ ამერიკელებსაც თუ ამ ზომამდე ეშინოდათ, არ მეგონა. 1991 წელს პირველად რომ ვიყავი ამერიკაში, მაშინ ვნახე, როგორ პანიკაში იყვნენ, რომ ბირთვული იარაღი გავრცელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რადგან ოთხ საბჭოთა რესპუბლიკას ჰქონდა. ვარწმუნებდი, რომ დანარჩენი სამი საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელი არცერთი არ იყო გიჟი და არ დაიტოვებდნენ, ყველა ბირთვული იარაღი რუსეთში მოიყრიდა თავს. სხვათა შორის, ბაიდენი იყო ერთადერთი, ვინც ეგრევე დაიჯერა, რასაც ვეუბნებოდი.
ისევ ჩვენს ძირითად სათქმელს რომ დავუბრუნდე: რუსებს აინტერესებთ ტრასა, სხვათა შორის, არც პრონაციონალური არხები აშუქებენ და არც სამთავრობო ტელევიზიები, თუ რატომ არ აუქმებენ ესენი სააკაშვილის გადაწყვეტილებას „სამხრეთ ოსეთის“ აღდგენის შესახებ.
ასევე, ცხინვალზე გადის უმოკლესი გზა სომხეთისკენ. მართალია, სომხეთი მისი ანკლავია, მაგრამ –  საეჭვო, ამიტომ გზა სჭირდება; და მესამე –  თუ სამხრეთ კავკასიაზე უარი თქვა რუსეთმა, უარი უნდა თქვას ახლო აღმოსავლეთზე, რადგან, რაც გინდა კასპიის ზღვიდან ესროლოს, რაც გინდა ლატაკიაში შეინარჩუნოს ნავსადგური, ეს მაინც დაიკარგება. მე რომ მკითხო, ეს რუსეთისთვის კარგი იქნება, მაგრამ იმპერიის ილუზია უშლით ხელს. ხომ გახსოვთ, რას ამბობდა პუტინი 6-7 წლის წინათ? არ გავიმეორებთ საბჭოეთის შეცდომას და არ ავყვებით დასავლეთს გამალებულ შეიარაღებაშიო…
– მახსოვს, მაგრამ აჰყვა.
– დიახ, აჰყვა ხომ?! და აჰყვა იმავე მოტივით, რამაც ერდოღანს სულთნობა მოანდომებინა და იმას –  სტალინობა. ეს პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანია, როცა პოლიტიკოსი რაღაცას მიაღწევს. ერთი სიტყვით, მათ აინტერესებთ ჩვენი ტრასა, სომხეთისკენ უმოკლესი გზა და ნახტომი ახლო აღმოსავლეთისკენ.
– და ჩვენ რას გვავნებენ ამ მიზნების მიღწევის პროცესში?
– არ მგონია, გვესროლონ, თუ საბაბს არ მივცემთ და ეს ხელისუფლება საბაბის მიმცემი არ არის. ზედმეტიც მოსდის, მაგრამ სწორია, რომ საბაბს არ აძლევენ, თუმცა, ალბათ, საქმეს არ აწყენდა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირება. მოქალაქეები რომ მართავენ აქციებს, ეგ სხვა საქმეა და მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა პატრულირებას თუ განახორციელებდა. თუნდაც, იმ საბაბით, ჩვენები რომ შემთხვევით გადადიან, შარში არ გაეხვას ჩვენი ხალხი და მიასწავლონ, რომ იქ საოკუპაციო ზოლია. ასევე, არ იქნებოდა ურიგო, მეტიც, აუცილებელია, სააკაშვილის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციას ეხება. ერთი სიტყვით, თუ საბაბს არ მისცემს ეს ხელისუფლება, ისინი თავს არ დაგვესხმებიან. ამისთვის არ სცალიათ, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებში არიან ჩაფლულები. თან, აფხაზეთსა და ცხინვალში უამრავ ფულს ყრიან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყირიმი ნულზე უზით. დონბასში ომიც ხომ მათ ხარჯზეა?! ერთი მანეთი არაა სხვისი: იმათი შეიარაღება, მომარაგება. ევროპამ, სულ რომ აღშფოთებული იყო, თუ რატომ უმკაცრებდა ამერიკა სანქციებს რუსეთს, თვითონაც გაამკაცრა. კიდევ ცოტაც რომ გაუმკაცრონ, ამას რუსეთის ეკონომიკა უკვე ვეღარ გაუძლებს.
მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან რაციონალურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს: უკრაინას რომ ჩვენი ამბავიც დაუმატონ, რუსეთი ამას ვეღარ გაუძლებს. ბოლოს და ბოლოს, ატომური ბომბის მსროლელი თუ არის, ისროლოს, მაგრამ ატომური ბომბის მსროლელი მხოლოდ ერთია, რომელმაც უკვე ისროლა.
– ანუ აშშ?
– ნებისმიერი ადამიანი შეიძლება, გადავიდეს ჭკუიდან და ისროლოს, მაგრამ პროფესიულად მსროლელი ისაა, ვისაც ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია. ძნელი პირველადაა, ამიტომ, ვინც პირველმა ისროლა, ის ყოველთვის დაასწრებს ყველას. მაგრამ საქმეც ისაა, რომ იმას სროლა არ უნდა და მათი სიფრთხილეც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ არ აქვთ არანაირი სურვილი, ვინმეს ერთი-ორი ბომბი გაუქანონ. ამდენად, ჩვენ მიმართ ყურადღება გაძლიერდება. ჩვენი ფასის აწევას ხელს ისიც უწყობს, რომ თურქეთი რუსეთს ეკეკლუცება. ასე რომ, მათი საყრდენი პუნქტი ვხდებით ჩვენ. ისეთ რამეს ვამბობ, რაც ცხადია, მაგრამ რატომღაც ჩვენთან ცუდად ხედავენ. დავაკვირდი, ჩვენ რომ ვისაუბრებთ და ეს გამოქვეყნდება, მერე ჩვენი ექსპერტებიც იწყებენ ხოლმე ამაზე ლაპარაკს. თორემ, როგორც წესი, ინგლისურიდან ცუდად თარგმნილ ოცი წლის წინანდელ სტატიებს გვისაღებენ, როგორც უახლეს მიღწევებს. ორიგინალური აზროვნების უნარი არ აქვთ, არც განჭვრეტის, ვისაც აქვს, ის არ აქტიურობს. თურქეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის გადაცდენამ ათა თურქის რელსებიდან გაზარდა ჩვენი ფასი და საფრთხე იმისა, რომ ერდოღანი და პუტინი მოილაპარაკებენ ისევე, როგორც ლენინმა და ათა თურქმა მოილაპარაკეს, ძალიან მცირეა. მეტიც, არც ჩინეთს მოსწონს, თუ ამ ტრასას რუსეთი გააკონტროლებს, იმიტომ რომ, ამით მთელი მისი გეგმები იფუშება. ეს ჩვენ არ ვაფასებთ საკუთარ თავს, თორემ ამ ტრასას რუსს არც ჩინელი დაუთმობს, არც ირანელი, ვითომ მისი მოკავშირე, არც შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი. ამიტომ პირადად მე, არ ველოდები უახლოეს ხანებში რამე ტიპის ფიზიკურ გამწვავებას, მაქსიმუმ, შარი მოგვდონ პროდუქტებზე და ბაზარი შეგვიზღუდონ.

скачать dle 11.3