კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როდის გახდება უკრაინის ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის წამყვანი ირაკლი მაქაცარია და როდის უწევდა მას ერთდროულად 30 გოგონასთან პაემანზე სიარული

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ირაკლი მაქაცარიასთვის ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთული და წარმატებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მას  ძალიან კარგად იცნობენ და გულშემატკივრების უზარმაზარი არმია ჰყავს, საქართველოს ფართო საზოგადოებამ ის ცოტა ხნის წინ, „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ და გადაცემა „პრაიმ შოუდან“ გაიცნო. ირაკლიმ გამოჩენისთანავე, საზოგადოების დადებითი დამოკიდებულება დაიმსახურა.
ირაკლი მაქაცარია:
„პრაიმ შოუ“ ძალიან შემიყვარდა და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ისე შემოიპარა წამყვანობის თემა, რომ კონტრასტიც არ მიგრძნია: ორგანულად მივიღე, არ მქონია ადაპტაციის რთული მომენტი. ძალიან მიხარია, რომ გადაცემა მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. დაახლოებით 6-7 წლის წინ, დილის გადაცემაზე საინფორმაციოს წამყვანობა შემომთავაზეს. მაგრამ, მაშინ ამაზე არც მიფიქრია. ახლა ისე სპონტანურად გადავწყვიტე, ისე უცბად მოხდა ყველაფერი, რომ ვერც მოვასწარი იმის გაანალიზება, თუ რამხელა შრომა უნდა ჩაიდოს. როდესაც ტელევიზიით პოზიციის გამოთქმის საშუალება გაქვს, შენ უკვე ბევრ ადამიანზე შეგიძლია, გავლენა მოახდინო და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველაზე დიდი რამ არის. როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ ან, თუნდაც, ერთ სიტყვას ამბობ, ისე უნდა თქვა, რომ შენს სიტყვაზე პასუხი აგო – თუ ამის საჭიროება იქნება. ტელევიზიაში ყოფნა, მით უმეტეს, ძალიან დიდი მისიაა და სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ განვავითარო საკუთარი თავი, რომ უფრო მეტად პროფესიონალურად წარვდგე მაყურებლის წინაშე. ღმერთმა დაგვიფაროს იმ შეგრძნებისგან. ბოლომდე  კმაყოფილი რომ ვიყო იმით, რაც გავაკეთე. მე ვარ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია – თუ ადამიანი ამ აზრამდე მივიდა, ჩათვალე, რომ ის უკან მიდის. თავს კომფორტულად რომ გრძნობ, იმ მომენტში რაღაც ახალი უნდა გააკეთო. ადამიანი ადვილად ეჩვევა კარგ გარემოს, კომფორტს და ეს აზარმაცებს.
–  ამ ეტაპზე  საკუთარი თავის როგორი ვერსია ხარ?
– ყოველთვის ვიყავი და ვარ რაღაცის ძიებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულის ძიებაში ვარ, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები გაჩნდა, რაზეც არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, ჩემი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ასეთია: სულ ველოდები სიახლეებს და ვცდილობ, არ შემაშინოს რისკებმა. ვცდილობ, რაციონალური აზროვნებით, ცივი გონებით, ნაკლებად ემოციურად მივიღო გადაწყვეტილება. თუმცა, მეც ადამიანი ვარ და შეიძლება, ხშირად ავყვე ემოციებს. ბოლო პერიოდში ვისწავლე საკუთარი თავის გარკვეული მიმართულებისკენ მიბრუნება.
– საკმაოდ დატვირთულიც ხარ.
ამ თვეში სამი პროექტი მაქვს. ინდური ფილმისთვის ვარჩევთ ლოკაციებს. პარალელურად, უკრაინაში მივფრინავ. შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის რუბრიკის წამყვანი გავხდე. გადაცემას ჰქვია „ყველაფერი კარგად იქნება“ – ძალიან პოპულარულია და გადის STB-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელი მიდის, მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად არ ნელდება. მოდიან და მადლობას მიხდიან: მაგალითი გვაჩვენეთ, ქართველები რა მაგრები ხართო... სიამაყის გრძნობა მაქვს ხოლმე, ჩემი პატრიოტული შეხედულებიდან გამომდინარე. ამიტომ, ცოტა მეტი დოზით უკრაინულ ტელევიზიაში ყოფნა, უკრაინელ მაყურებელთან კონტაქტი თუ პოზიტიურად იმოქმედებს ქართველებისადმი დადებითი დამოკიდებულების გამყარებაზე, გამოვიყენებ.
– სასიამოვნოა, ალბათ, როცა ამდენი გოგო დადებითად არის შენ მიმართ განწყობილი. მაგრამ ეს, მეორე მხრივ, სერიოზული ურთიერთობის აწყობაში ხომ არ გიშლის ხელს?
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. იქიდან გამომდინარე, რომ არ იცი, სად შეიძლება, შეხვდე შენს ბედს, ვერასდროს იტყვი, რა შეგიშლის ან არ შეგიშლის ხელს. ზოგადად, როცა ასეთი შემოტევაა, ბუნებრივია, ართულებს იმ პროცესს, რომ ვიღაცასთან ფოკუსირებულად ააწყო ურთიერთობა. რაღაც კუთხით, ცოტა გიჭირს აღიქვა: ვინ რისთვის ცდილობს, იყოს შენთან.
– ასეთ დროს ურთიერთობებში იჩენ სიფრთხილეს?
სიფრთხილე, ზოგადად, უნდა იყოს. ადამიანები ისე ხშირად ტკენენ ერთმანეთს გულს, იმდენად ხშირად არის იმედგაცრუება, რომ უკვე სიფრთხილე ხდება ჩვენი განუყოფელი ნაწილი. თუმცა, სიფრთხილე და ეჭვიანობა ურთიერთობაში ერთმანეთისგან განსხვავდება.
– ხშირად გქონია გულისტკენა, იმედგაცრუება?
ძალიან ხშირად. ადრეც მქონია, ბოლო პერიოდებშიც და ალბათ, ბევრი მექნება, ისევე, როგორც სხვებს, რადგან საქართველოში ურთიერთობის დაფასების მხრივ, გაუმჯობესებას ვერ ვხედავ. უფრო და უფრო უფასურდება, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
– გოგონებს უტკენიათ გული?
– როგორ არა. გოგონას უტკენია გული, მაგრამ, ალბათ, უფრო წლების წინ. ზოგადად, ყოველთვის, ყველაფერს ძალიან ემოციურად ვიღებდი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ,  თავშეკავებულად, ნაკლებად გამოვხატო ემოციები, ისე არა, როგორც ამას შინაგანად ვგრძნობ და დავრწმუნდი: როცა შინაგანად ბედნიერებას გრძნობ და ამას გამოხატავ, ბევრს არ უხარია. ამიტომ, ჯობია, ახლო წრეს გაუზიარო შენი ემოციები.
– შენც გიტკენია, ალბათ, გოგონასთვის გული.
– ვერ ვიტყვი, რომ არა. ვერ ნახავ ადამიანს, ვინმესთვის გული რომ არ უტკენია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები ვართ. შეიძლება, ვიღაცას მოეწონო, შენი ცხოვრება გქონდეს და ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, არ უღალატებ მას, მისთვის კი უკვე ცუდი ხდები. როგორც, მინიმუმ 29 გოგოს დავწყვიტე გული – მხოლოდ პროექტში...  
– ამდენ გოგონას რომ მოსწონხარ, გაქვს კარგი გარეგნობა და კარგი პიროვნება ხარ, აქედან გამომდინარე, თუ გიგრძნია ისეთი დამოკიდებულება: ამასთან არაფერი გამოვა, ისეთი მოთხოვნები ექნება.
– ზოგადად, ადამიანის ტრაფარეტულად აღქმის არ მჯერა. „ხალასტიაკში“ იყო  ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ გოგონასთან ცდილობდა ურთიერთობის აწყობას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში 30 გოგონასთან დავდივარ პაემანზე. ჯერ ერთი, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება იქნება ურთიერობებისა და გოგონების მიმართ. როდესაც ადამიანთან ურთიერთობას ვიწყებ, ჩემზე ასეთი წარმოდგენა აუცილებლად გაუქარწყლდება. მაგრამ ვინმეს თუ უნდა, ჭორი შექმნას, დაწეროს, მაგას წინ ვერ დავუდგები. მაგალითად, მილიონერის თემამ იმდენად გამაღიზიანა, ამდენი წელი გავიდა და დღემდე ვერ ვინელებ. სიყალბეზე დამყარებული არაფერი მიყვარს.
– გქონია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე გოგონას ხვდებოდი ერთდრულად?
– არა, მხოლოდ პროექტის ფარგლებში. ვერც წარმომიდგენია, რატომ უნდა მომინდეს რამდენიმე გოგონას ერთი დროის სივრცეში ვხვდებოდე. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდივარ პაემნებზე, რადგან დროს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არც მარტივად ვიწონებ, უცებ: გთხოვ წავიდეთ სადმე. მითუმეტეს, ერთდროულად მომეწონოს რამდენიმე – არა.
– მიეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ფიქრობს: მის ცხოვრებაში უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს?  
– მე თვითონ გავიზარდე ასეთ ოჯახში და ასეთ პრინციპებზე ვარ აღზრდილი. რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის, მაგრამ ის, რომ ოჯახი უნდა იყოს მყარი და არსებობდეს სურვილი, რომ გამრავლდეს, ეს, ჩემი აზრით, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს იმით, რომ გვყავდეს ოჯახი და შთამომავლები. პირადად მე ძალიან მინდა, როცა მექნება ოჯახი, იყოს მყარი და მყავდეს შვილები. ეს ჩემთვის იმდენად საპასუხისმგებლო ნაბიჯია – რადგან იმ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრება უნდა გავატარო.
– როგორი უნდა იყოს ის, ვისთან ყოფნაც მთელი ცხოვრება გენდომება?
გამორიცხულია, შეგხვდეს ისეთი ადამიანი, როგორიც გინდა. თუ რაღაც თემებზე არ გაქვთ სხვადასხვა აზრი, არ კამათობთ, ალბათ რთული იქნება ურთიერთობა. როდესაც ადამიანს ხვდები, გიღრმავდება სურვილი, იყო მასთან ერთად, გსიამოვნებს მასთან ყოფნა, გენატრება, გინდა, რაღაც კარგი უთხრა და ეს ბუნებრივია. წარმოდგენილი პერსონაჟი არ მყავს, ნებისმიერი შეიძლება, იყოს. ძალიან ხშირად, მხოლოდ გარეგნულ თვისებებს აყენებენ წინ – უხდებით ერთმანეთს. ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ხომ არ არის, ერთმანეთს რომ უხდებოდეს. 45-50 წლის მერე არავინ გეტყვით: უხდებითო. ამაზე აღარ გაკეთდება აქცენტი. აქ სხვა რაღაცებია უფრო მნიშვნელოვანი. ასაკთან ერთად ურთიერთპატივისცემაც იმატებს და უფრო აღმატებულ ხარისხში ადის. ამიტომ, მხოლოდ გარეგნული თვისებები არ არის მნიშვნელოვანი.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ მინდა, შევეხო. პირადად მე, გული დამწყდა, რომ ვერ მოიგე. ნამდვილად იმსახურებდი გამარჯვებას.
დიდი მადლობა. რომ ვთქვა, არ დამწყდა გული-მეთქი, ტყუილი იქნება. უდიდესი შრომა ჩავდეთ იმისთვის, რომ წარმოგვეჩინა ცეკვები ისე, როგორც ჩანაფიქრში გვქონდა. გულწრფელად ვიტყვი, რომ ბევრჯერ გამაკვირვა საკუთარმა თავმა. არის ნომრები, რომლებსაც, როცა ვუყურებ, ესთეტიკურ და მორალურ სიამოვნებას ვიღებ. ეს იყო უდიდესი შრომა და როცა ის შენთვის სასურველი შედეგით არ მთავრდება, გული გწყდება. გიორგის არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ამ პროექტში გამარჯვება გარკვეულ საჭიროებას წარმოადგენდა. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს დაინახა და დააფასა.
– შენთვის არ წარმოადგენდა?
ცალსახად წარმოადგენდა. იმ არასწორმა იმიჯმა, რომელიც სამწუხაროდ, შემიქმნეს: მილიონერი, აწყობილი ცხოვრება... რა თქმა უნდა, იმოქმედა. არ მინდა, სხვანაირად გამომივიდეს, ჯულიანამ და გიორგიმ ბევრი იშრომეს, ღირსეული კონკურენტები იყვნენ, მაგრამ თავს დამარცხებულად არ ვგრძნობ. ეს პროექტი დიდი გამოცდილება იყო. ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით – საკუთარ თავთან შებრძოლება. ეს კი ხშირად მიწევდა და რაც მთავარია, ვიმარჯვებდი. ამან ბევრი თვისება შემმატა. რა თქმა უნდა, სალომეს უდიდესი წვლილია ამ ყველაფერში და მინდა, მას დიდი წარმატება ვუსურვო.
скачать dle 11.3