კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 საიდან გაუჩნდა ანგელოზის დაორსულების იდეა მსახიობ ლილე ფილფანს და რატომ ჩამოსვა მან წმიდა გიორგი ცხენიდან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლილე ფილფანი, ტიხრული მინანქრის ხელოვნებით წლების წინ დანტერესდა. ადრე ეს მხოლოდ ჰობი იყო მისთვის, დღეს კი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ამბობს, რომ ნამუშევრებში მისი სვანური გენეტიკა და ხასიათიც დევს. გამორჩეული, ინდივიდუალური და ისეთია, ერთხელ რომ ნახავ და არასდროს დაგავიწყდება.
– პროფესიით მსახიობი, რატომ დაინტერესდით ტიხრული მინანქრით და როგორ იქცა ეს ჰობი თქვენი შემოსავლის წყაროდ?
– წლების წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ თექაზე მუშაობა. ულამაზეს რაღაცეებს ვქმნიდით და გვეყიდებოდა კიდეც. ჩვენმა იდეამ გაამართლა, მაგრამ ბევრმა დაიწყო თექაზე მუშაობა. კონკურენციაც გაიზარდა და ინტერესიც გაქრა. გადავწყვიტეთ, რამე ახალი მოგვეფიქრებინა. ჩემმა ორმა მეგობარმა შეისწავლა მინანქარზე მუშაობის ტექნიკა. ეს ცოდნა ჩვენც გაგვიზიარა და ასე გადავედით მინანქარზე. ყოველდღიურად ვხვეწ ნამუშევრებს, ვცდილობ, ახალი დეტალები შევიტანო და საკმაოდ ლამაზი, ორიგინალური და ინდივიდუალური ნამუშევრები დამიგროვდა. თეატრის მერე, მივდივარ სახელოსნოში და შემიძლია, საათობით ვიმუშავო. ვქმნი ყველანაირ სამკაულს. ბოლო დროს მომწონს, შედარებით დიდი ნივთების გაკეთება. ახლა განსხვავებული, ახალი ტექნიკა შევიმუშავე – თვითონ
ვჭრი და ვაკეთებ ფორმებს, მოცულობით მინანქარზე. ეს ბევრად ეფექტურია და ძალიან მომწონს. ერთ დღესაც დავფიქრდი და მივხვდი, რომ მხოლოდ ბრტყელი ნამუშევრები, რასაც უკვე ყველა აკეთებს, აღარ მაკმაყოფილებდა. შევეცადე, განსხვავებული შემექმნა და გამომივიდა. სამკაულებს, სანათებს, ხატებს, ქამრებს – ყველაფერს ვცდილობ, ჩემი ხელწერა ჰქონდეს. ამაში სვანური გენეტიკა და ხასიათი მეხმარება. სულ ვხუმრობ, ჩემი ნამუშევრები ჩემსავით სვანები არიან-მეთქი (იცინის). არასდროს, ვგეგმავ. ვიწყებ მუშაობას და პროცესში ვხვდები, რა გამოვა. მიმაჩნია, რომ სამკაული მნიშვნელოვანია არა მარტო ქალის, არამედ მამაკაცის ცხოვრებაშიც. როცა ისეთ სამკაულს ატარებ, რომელიც მხოლოდ შენია, ორიგინალია და მას სხვაზე ვერ ნახავ, სულ სხვანაირად გრძნობ თავს.
– როცა თქვენს ნამუშევარს ყიდით და იცით, მის მსგავსს ვეღარ შექმნით, არ გენანებათ?
– რამდენიმე ნივთის გაყიდვა მართლაც ვინანე. ერთი იყო ორსული ანგელოზი, რომელზეც ძალიან მწყდება გული და მეორე – მასხარა მთვარეზე, რომელიც მოსკოველმა ქალბატონმა შეიძინა. საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე ამ ნივთებში. გემრიელად ჩავუჯექი და მათმა გაყიდვამ, გული ძალიან დამწყვიტა.
– ძირითადად, რომელი ქვეყნიდანაა დაინტერესება და მოთხოვნა თქვენს სამკაულებსა თუ აქსესუარებზე?
– უცხოელებს ძალიან მოსწონთ ჩემი შექმნილი ორიგინალური სამკაულები, ხატები და აქტიურად ყიდულობენ. ამას წინათ, სოციალურ ქსელში, შემთხვევით მნახა კანადელმა ქალბატონმა. დამეკონტაქტა და საყურის გაგზავნა მთხოვა. ამერიკაში, მოსკოვში, ლენინგრადში, აქტიურად ატარებენ ჩემს შექმნილ სამკაულებს. საკმაოდ მეძვირე ვარ და ამას არც ვმალავ (იცინის). იმდენად მომწონს ჩემი ნივთები, მენანება მათი იაფად გაყიდვა. ის ერთია და მეორეს, ზუსტად მის მსგავსს, არ გავაკეთებ, თან იცით, რას მივხვდი? რაც უფრო ძვირი ღირს ნივთი თუ სამკაული, ინტერესიც უფრო დიდია მის მიმართ. ეს მომენტი ქართველებში დავიჭირე, საშინლად აქვთ გამძაფრებული – თუ ძვირია, გიჟდებიან, ისე მოსწონთ. უცხოელებს, უბრალოდ, მოსწონთ და ყიდულობენ. ეს ნამუშევრები არ არის ოქროთი და ბრილიანტით გაწყობილი. ვერცხლითაა შექმნილი და მომინანქრებულია. უბრალოდ, ნაკეთობაა ლამაზი. ჩემს ნამუშევარს ყველგან და ყველას ხელზე თუ გულზე, ვიცნობ.

– სამკაულების გარდა, ხატებსაც ქმნით მინანქარში. ეს იდეა როდის გაჩნდა?
– ვგიჟდები, ისე მომწონს სვანური ხატები. ორი წლის წინ, წმიდა ბარბარეს, ღვთისმშობლისა და სვანური წმიდა გიორგის გულსაკიდი გავაკეთე ოქროში, რომლის მეორე მხარეს სვანური ცხენი და გველეშაპი გამოვსახე, ანუ წმიდა გიორგი ცხენიდან ჩამოვსვი (იცინის). ეს უკანასკნელი, გავაკეთე თუ არა, მეორე დღეს სახელოსნოში მოსკოველები შემოვიდნენ. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ და იყიდეს. ისეთი კარგი გამომივიდა, ასე მეგონა, თვალი დავხუჭე, გავახილე და უკვე მზად იყო. სვანეთის მუზეუმში არის ჯვარცმის ულამაზესი, პატარა ხატი, რომელიც ბავშვობიდან მომწონს. ერთი გოგონა მოვიდა და მთხოვა, მეუღლისთვის მინდა საჩუქარი და სახარების ყდაზე რაიმე, მომინანქრებული ხატი გავაკეთოთო. ეგრევე ის ჯვარცმის ხატი გამახსენდა. ტყავი გადავაკარი სახარებას და მასში ჩავსვი მომინანქრებული ჯვარცმის ხატი. ულამაზესი, საოცარი რამ გამოვიდა. მერე ამ გოგოს მეგობარმაც შემიკვეთა მსგავსი ნაკეთობა წიგნზე ქმრისთვის და ჯვარცმის მაგივრად, მახათას მთაზე რომ ეკლესია შენდება, ის გამაკეთებინა.
– საკმაოდ ორიგინალურია მომინანქრებული ქამრები, რომელიც არსად მინახავს. მსგავსი, ორიგინალური იდეები საიდან მოდის?
– რაღაცას რომ ვაკეთებ, მალე მბეზრდება და ამიტომ, სულ ვფიქრობ, ახალი რა გავაკეთო. ერთი ქამარი გავაკეთე, გაიყიდა და დავიწყე და დავიწყე. ჩემთვის შეზღუდვა არ არსებობს. იმდენი პრობლემა მაქვს და იმდენ რამეს ვარ მოდებული, მუშაობის დროსაც არ ჩერდება ტვინი – სულ ვფიქრობ, ახალი რა გავაკეთო. ვერ ვისვენებ, მინდა რაღაც კიდევ ვაკეთო. თუ განწყობაზე არ ვარ, შეიძლება, დიდხანს მოვუნდე პატარა დეტალის კეთებას, მაგრამ თუ განწყობაზე ვარ, სწრაფად ვაკეთებ. თუ დამკვეთი მოდის და მეუბნება, შენი ფანტაზიით ეს გამიკეთეო, ის კარგი გამომდის. მაგრამ, პრეტენზიულ დამკვეთებთან, ჯინიანი ვხდები. არ გავუკეთებ ზუსტად იმას, რასაც მეუბნება. აი, აქ იღვიძებს სვანური ხასიათი (იცინის).

– მახსოვს, თქვენს ორსულ ანგელოზზე ერთი ამბავი ატყდა – ვის გაუგია ანგელოზის ორსულობაო. ანგელოზი დაგეორსულებინათ, ეს იდეა საიდან გაგიჩნდათ?
– ერთ დღეს მოვინდომე, ამოტვიფრულ-ამობურცული მინანქრის გაკეთება. პატარა ჩაქუჩით დავიწყე ბროწეულის ჭრა და ულამაზესი გამოვიდა. მერე კატა გავაკეთე და ამ მოცულობითმა მინანქარმა, ძალიან გამიტაცა. მომინდა, ორსული ქალის გაკეთება მინანქარში, რომელსაც მუცელი და ძუძუები გამობერილი ექნებოდა. მერე ვიფიქრე, რატომ ქალი, მოდი, ფრთებს გავუკეთებ და ანგელოზი იყოს... და ასე რაღაცნაირად, მიეწყო. ცალ-ცალკე მივაჭედე მუცელი, ხელები, ფრთები, ფეხსაცმელები და გამოვიდა ულამაზესი, ორსული  ანგელოზი. ატყდა ერთი ამბავი – ნამდვილი წარმართი სვანი ხარ, რა არის, ვის გაუგია ორსული ანგელოზიო და ჩემი პასუხი იყო: ხალხო, ყველა ორსული ქალი ანგელოზია. მე ასე დავინახე და გამოვსახე-მეთქი. ახლა წმიდა გიორგიც „ამოვაჩიკანკე” და მინანქრით გავაკეთე. ერთი სული მაქვს, ხეზე მივამაგრო. ჩემი მეგობარი ბიჭი დიდი ხანია, მინანქარზე მუშაობს და მითხრა: თეთრი შურით მშურს, როგორ მოგდის თავში ასეთი რამეები, წლებია, ამაზე მუშაობს ხალხი და მოცულობითი მინანქარი, აზრად არავის მოსვლიაო (იცინის). ვინც ჩემს ნამუშევრებს ყიდულობს და ატარებს, ყველა გიჟურად მიყვარს. ამას წინათ, სახელოსნოში შემოვიდა რუსი ტურისტი გოგო. გადახედა სამკაულებს და მივხვდი, მოეწონა. ავდექი და გულსაკიდი ვაჩუქე. გაოცებულმა მკითხა, რატომ მაჩუქეო. ვუთხარი, უბრალოდ, მივხვდი, რომ მოგეწონა და მინდა, გაჩუქო-მეთქი. უნდა გენახათ, მისი გაღიმებული სახე. მიყვარს, როცა ჩემს ნივთებს ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს ვაჩუქებ ხოლმე, მათ კი მოსწონთ და ატარებენ.
– ახლახან, პეტერბურგში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდით და 200 მონაწილედან თქვენი ნამუშევრები გამოარჩია ჟიურიმ და პირველი ადგილი მოგანიჭათ. ზოგადად, ხშირად მონაწილეობთ მსგავს გამოფენებში უცხოეთში?
– გამოფენებში ხშირად ვიღებ მონაწილეობას. ბოლოს, პეტერბურგში მივიღე მონაწილეობა გამოფენაში „ჟîêðîâèùå ოåòåðხóðჯჭ“. ჟიურიში იყვნენ წარმატებული იუველირები. 200 ადამიანიდან ჟიურიმ რვა აარჩია, ამ რვიდან კი ერთი გამარჯვებული გამოვლინდა და გავხდი – ჟîêðîâèùå ოåòåðხóðჯჭ. პერსონალური გამოფენის გაკეთებაც შემომთავაზეს. ვნახოთ, რა იქნება. სულ, რაღაცას ვაკეთებ, არ შემიძლია, ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა. გასულ წელს  მოვინდომე, სვანეთში პატარა ჰოსტელი გამეკეთებინა. დავიწყე მშენებლობა, ყველაფერში თვითონ ვიყავი ჩართული კედლებიც ჩემი ხელით მოვხატე და წელს, უკვე პირველი სტუმრებიც მივიღე.
– თეატრი, სახელოსნო, ახლა სასტუმროს ბიზნესი. ამდენ საქმეს როგორ სწვდებით?
– ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო.
скачать dle 11.3