კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რის გამო მიაყენეს დანით 7 ჭრილობა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს და რატომ მიიჩნევს ის ქალს საშიშ არსებად

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 26 წლის მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი  წელს ზედიზედ, მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. როგორც თავად ამბობს, ტიტულის დაცვა მარტივი არ იყო, თუმცა გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ზურას ქართველი გულშემატკივარი არაერთხელ გაუხარებია და ბევრჯერ გაუტანია საქართველოს სახელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. წარმატებული სპორტსმენი, წელს, ევროპის ჩემპიონატიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ საქმეზე ფაქტები არ გახმაურებულა, მხოლოდ ჭორის დონეზე გავრცელდა, რომ ის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცნობ პირებთან შელაპარაკების გამო დაჭრეს. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა... რა მოხდა რეალურად იმ ღამეს და როგორია სპორტსმენის წარმატებისკენ მიმავალი გზა, თავად გიამბობთ.
– ზურა, რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ და რატომ გადაწყვიტე, მოჭიდავე ყოფილიყავი?
– ბავშვობაში სუსტი ვიყავი და ეზოში თანატოლები მერეოდნენ. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე, ჭიდაობაზე მევლო. თავიდან ფეხბურთზე დავდიოდი, მერე ჭიდაობა გავაგრძელე. 6 წლის ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. უბანში ჩემთან ჭიდაობის სკოლა იყო და იქ შემიყვანეს. მინდოდა, მოჭიდავე ვყოფილიყავი. მშობლებიც დამთანხმდნენ და ბავშვის არჩევანს პატივი სცეს (იცინის). დარბაზში რომ მივედი, მწვრთნელმა შეამჩნია, რომ მონაცემები მქონდა. იმის მერე ამ სპორტში ვარ და უკვე 20 წელია, რაც ვვარჯიშობ.
– პირველი წარმატება როდის მოვიდა?
– პირველი წარმატება იყო მაშინ, როცა 8 წლისამ -  22-კილოგრამში ვიჭიდავე.  ფინალში  ჩემს ძმას შევხვდი (იცინის). მოვიგე ეს შეჯიბრება და სწორედ ამ წარმატებამ მომცა სტიმული. მე რომ დავიწყე ვარჯიში, მერე ჩემი ძმაც შემოვიდა. ისიც სუსტი ბავშვი იყო და ალაბათ, იგივე მიზეზით დაიწყო ვარჯიში.
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?
– მერე კადეტებში გავხდი საქართველოს ჩემპიონი, რომელსაც უფრო ოფიციალური სახე მიეცა.  იყო სხვადასხვა წარმატებაც, შემდეგ კი ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი გავხდი. წელს უკვე ზედიზედ, მეორედ მოვიგე ევროპა.
– ევროპის ჩემპიონატზე გაგიჭირდა ტიტულის დაცვა?
– საერთოდ, რთულია ტიტულის დაცვა, თან  წონა შევიცვალე. შარშან 75 კილოგრამში ვასპარეზობდი, წელს – 80-ში. ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი, რომ ვიცოდი, მოვიგებდი. ვგრძნობდი, ყველაზე ძლიერი ვიყავი და ამან ითამაშა დიდი როლი, თორემ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. ფინალში შევხვდი ბელარუსს,  მანამდე რუსს – რუსებს მსაჯებისგან მეტი მხარდაჭერა აქვთ და რთული შეხვედრა მქონდა. ყველაფრის მიუხედავად, გავიმარჯვე.  არ დავუკარგავდი ჩემს მწვრთელსა და ნაკრების მწვრთნელებს შრომას. მადლობა მათ. ახლა მოსამზადებელი პერიოდი მაქვს, მსოფლიოზე მივდივართ პარიზში. ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია.  
– იფიქრებდი, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი იქნებოდი?
– კი, სულ ვფიქრობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვან ტურნირებს მოვიგებდი. თავიდანვე დავინტერესდი ამ სპორტით და მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი. დარბაზში ისეთი ოჯახური გარემო დამხვდა, რომ ჩემი ადგილი იქ ვიპოვე. ამან დიდი როლი ითამაშა, რომ ბოლომდე ამ სპორტს გავყევი. თუმცა, სხვა სპორტიც გამომდის: კალათბურთს, ფეხბურთს ვთამაშობ კარგად. სპორტული ადამიანი ვარ (იცინის).
– ძალისმიერი სპორტია და  მშობლების დამოკიდებულება როგორი იყო?
–  დედაჩემს უნდოდა, რომ გვესწავლა. მამაჩემი გვეუბნებოდა, რაც გინდათ, ის გააკეთეთო. სკოლაში რომ მივდიოდი, წიგნების ნაცვლად, ტანსაცმელს ვალაგებდი ჩანთაში სავარჯიშოდ. ვარჯიში სკოლას ემთხვეოდა ხოლმე და გაკვეთილებს ვაცდენდი. ამას დედა იქამდე ვერ იგებდა, ვიდრე კვირის ბოლოს არ დაურეკავდნენ და არ ეტყოდნენ. ახლა მეუბნება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
– სერიოზული ტრავმა გქონია?
– ტრავმა ყველა სპორტს ახლავს და მეც მქონია. თუმცა, სერიოზული არაფერი. ამ ბოლო დროს ერთი რაღაც შემემთხვა და დროებით ვარჯიშისთვის თავის დანებება მომიწია.
– დაგჭრეს, არა?
– კი, დამჭრეს. ევროპის ჩემპიონატიდან ახალი ჩამოსული ვიყავი.
– მაშინ ბევრი დაიწერა ამ საკითხზე. რა მოხდა რეალურად? ამბობდნენ, რომ გოგოს გამო მოგივიდათ ჩხუბი.
– არა,  გოგოს გამო სულელი მამაკაცები ჩხუბობენ. პარკინგის გამო დაიწყო შეკამათება. შვიდი ჭრილობა მქონდა, სამი მუცლის არეში, ერთი ზურგში, ფეხში... საბედნიეროდ, გადავრჩი. ოპერაცია საქართველოში გავიკეთე და ერთი თვე რეაბილიტაცია ამერიკაში გავიარე. მჭირდებოდა, იქ რომ წავსულიყავი.
– საუბარი იმაზეც იყო, რომ ვეღარ შეძლებდი კარიერის გაგრძელებას?
– დიახ, იყო საშიშროება, რომ ეს მსოფლიოც გამომეტოვებინა და საერთოდ, სპორტისთვის თავი დამენებებინა. როცა მუცლის არეში სამი ჭრილობა გაქვს, რთული მდგომარეობაა. ექიმები მეუბნებოდნენ, როგორ გადარჩიო.  სამი ჭრილობის მიუხედავად, ორგანოები არ დამზიანებია. თუ არ ჩავთვლით კუჭზე პატარა დაზიანებას. მოკლედ, გადავრჩი. ერთი ოპერაცია გამიკეთეს. რეაბილატაციის პერიოდი დიდ დროს მოითხოვდა, 4-5 თვე უნდა დამესვენა, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. გათვლილი მქონდა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის და უნდა მევარჯიშა. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, სახლში ვიჯექი. შემდეგ გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი. იქ მითხრეს, რომ შევძლებდი ჭიდაობას, რადგან შეხორცების პროცესიც კარგად მიმდინარეობდა. ნელ-ნელა ვარჯიში დავიწყე. ახლა უკვე ფორმაში ვარ.
– არ უშვებდი იმ აზრს,  რომ ვარჯიშს თავს დაანებებდი?
– მაგაზე არ ვფიქრობდი, უფრო სწორად არ მინდოდა მეფიქრა. ვიცოდი, რომ უნდა გამეგრძლებინა ჭიდაობა. ღამე მეღვიძებოდა მაგაზე ფიქრში.
– პირველად მოგივიდა მსგავსი შემთხვევა? რამდენად ხშირად იყენებ ტატამს მიღმა შენს შესაძლებლობებს? დააკავეს ის ადამიანი, ვინც დაგჭრა?
– საერთოდ არ ვჩხუბობ, მაგრამ არის გამოუვალი მომენტები. სუსტი ვარ, არ ვარ ძლიერი და არც ჩხუბი ვიცი. ტატამზეც სუსტი ვარ, ტექნიკური თვალსაზრისით თუ მოვიგებ ხოლმე.  არ მიყვარს ჩხუბი. უკონფლიქტო ადამიანი ვარ და პირველი შემთხვევა იყო. არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ მისი ბედით. სრულიად უცნობი ადამიანი იყო. აღარ მინდა, დეტალებს ჩავეძიო. ცუდი გასახსენებელია ჩემთვის.
– ახლა როგორ ხარ? ისეთი დატვირთვით ვეღარ ვარჯიშობ?
– რაც ამერიკიდან ჩამოვედი, უკეთ ვარ. თავიდან დიდი დატვირთვით ვერ ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე რუსეთში მომიწია შეკრებაზე წასვლა და იქ მალევე ჩავდექი ფორმაში. ახლა უკვე ისეთივე დატვირთვით ვვარჯიშობ, როგორც ადრე.
– ჭიდაობის გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ  დრო არ მრჩება არაფრისთვის. სამწუხაროდ, პირად ცხოვრებასაც ვერ ვაქცევ ყურადღებას, ამიტომაც დავდივარ მარტო.
– ანუ შეყვარებული არ გყავს?
– არა, არ მყავს, დრო არ მაქვს. შეყვარებული რომ მყავდეს,  მაგ ეტაპამდე ხომ უნდა მივიდე. მე კიდევ დროის გამონახვა მიჭირს. არც წარსულში მქონია სერიოზული ურთიერთობა.
– ახსენე გოგოს გამო სულელი მამაკაცები ჩხუბობენო, შენ არასდროს ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში?
– ბავშვობაში შეიძლება კი, როცა სულელი ვიყავი (იცინის). თუ გოგონა ჩემ გვერდით მოდის და ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს, მაშინ კი ვიჩხუბებ, მაგრამ სხვა მიზეზით, არა. ზოგადად, ქალი საშიში არასებაა, ამიტომ მათ გამო არ ღირს კამათი.
– იმედგაცრუება თუ გქონია სპორტში?
–  კი, სპორტში იმედგაცრუება ხშირია, მაგრამ არ უნდა დანებდე და მიზნისთვის იბრძოლო. ორი ოლიმპიადა ვიჭიდავე, რიოსა და ლონდონში. ბოლოს, ორჯერ ზედიზედ, ევროპის ჩემპიონი გავხდი. ბევრი ძლიერი სპორტსმენია, ოლიმპიადაზე რომ ვერ ხვდება, მე გამიმართლა. მართალია, 2-ჯერ მედალი ვერ ავიღე, მაგრამ არ ვაპირებ გაჩერებას, მესამედ, აუცილებლად ავიღებ. რიოში ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვიყავი და გამარჯვებაც შემეძლო, მაგრამ განწყობაა მთავარი, ვერ შევხვდი შეჯიბრებას კარგი განწყობით. ჩემი დღე არ იყო.
– თუ ყოფილა, როცა აგებდი და ბოლო მომენტში, შენს სასიკეთოდ შემოტრიალდა ბრძოლა? შენმა ძმამაც გააგრძელა ჭიდაობა?
– კი, ხშირად ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და ერთი ილეთით მომიგია. ეს ილეთი მაქვს ვა-ბანკივით, როცა სხვა გზა არაა, მას ვაკეთებ. ინტერნეტში არის ვიდეოები, სადაც დაფიქსირებულია ეს მომენტები. ჩემმა ძმამაც გააგრძელა, შარშან და შარშანწინ, საქართველოს ჩემპიონატზე ფინალში შევხვდით ერთმანეთს. ერთხელ მე მოვუგე, მეორედ იმან მომიგო. ძმას ისე ვერ ეჩხუბები, როგორც სხვას.
– საქართველოში სპორტით ცხოვრება შესაძლებელია? მატერიალურ მხარეს ვგულისხმობ.
– რთულია, მაგრამ წარმატებული თუ ხარ, იცხოვრებ. საკუთარი ოჯახი, ცოლი და შვილი რომ მყავდეს, გამიჭირდებოდა მათი რჩენა.
– მაქსიმუმი რამდენი აგიღია ჰონორარი?
– ეგრე არ ვიცი, მაგრამ ჩემი შრომით სახლი ავაშენე და პატარ-პატარა რაღაცები შევიქმენი ჩემთვის.
скачать dle 11.3