კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ შეჩერდა როკის გვირაბის მშენებლობა ლავრენტი ბერიას ძალისხმევით

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ, მასზე არაერთი რამ დაიწერა: მავანნი „ბოროტ გენიას“ უწოდებენ, ზოგს სტალინური სისტემის მორიგი მსხვერპლი ჰგონია, ზოგისთვის კი, ქართული პატრიოტიზმის განსახიერებაა. ყველა ამ აზრს არსებობის უფლება აქვს, ხოლო ვინ იყო სინამდვილეში ლავრენტი ბერია, ამის გარკვევას დრო და მეტი საიდუმლო საბუთების განსაიდუმლოება სჭირდება, რომლებიც დღემდე უშიშროების ძველ არქივებში ინახება. ისტორიის დოქტორი ივანე მამულსკი წერს: „ამას წინათ, ერთ პუბლიკაციაზე მუშაობის დროს, ცეკას ძველ არქივში ერთ საბუთს წავაწყდი, რომელიც ინჟინერ ანდრეი ვაისმანს ეხებოდა. ჩავატარე კვლევა-ძიება. ინფორმაციები უფრო ღრმად მოვიძიე და ძალიან საინტერესო ისტორია აღმოვაჩინე, რომელმაც ლავრენტი ბერიასთან მიმიყვანა და საბოლოოდ, ტრაგიკულად დასრულდა. ანდრეი ვაისმანი, 1900 წელს ებრაულ ოჯახში დაბადებული, საგზაო ინჟინერი გახლდათ. ის გზების სამმართველოს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა ინჟინრად და კავკასიას კურირებდა. ანუ, მას უნდა გაეწია კონსულტაცია მთავრობისთვის, თუ სად, რა და როგორი ინფრასტრუქტურული ობიექტები  აეგოთ ამიერკავკასიაში, რადგან იმ პერიოდში სტალინის გრანდიოზულ საიდუმლო-სამხედრო პროექტი ხორციელდებოდა და გზებისა და გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობდა. 1934 წელს სწორედ ანდრეი ვაისმანმა შეუდგინა სტალინს მოხსენებითი ბარათი იმის შესახებ, რომ კავკასიონის მთებში, როკის უღელტეხილზე გაეჭრათ გვირაბი, რომელიც ჩრდილო ოსეთს საქართველოსთან შეაერთებდა უმოკლესი გზით. სტალინს ჭკუაში დაუჯდა როკის გვირაბის იდეა, რადგან ივარაუდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კავკასიონის ქედის აქეთ-იქით ძალიან მოკლე დროში მოახერხებდა სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადაჯგუფებას. მით უმეტეს, რომ საექსპერტო დასკვნას ხელს აწერდნენ აკადემიკოსი კრუმანი და შემდგომში სტალინის მიერ დახვრეტილი მარშალი ტუხაჩევსკი. როკის გვირაბის მშენებლობის საიდუმლო განკარგულებას სტალინმა ხელი მოაწერა. გამოიყო თანხა, 30 მილიონი მანეთის ოდენობით და მხოლოდ მაშინღა შეიტყო საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ „მის ტერიტორიაზე“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის შესახებ, როცა ანდრეი ვაისმანი ეწვია კაბინეტში და სტალინის მიერ ხელმოწერილი საიდუმლო საბუთი წინ დაუდო. გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „ლავრენტი ბერია ძალიან გაბრაზდა ვაისმანის ვიზიტის გამო და ინჟინერი რომ სასტუმროში წავიდა, მითხრა:
– შეურაცხყოფილი ვარ, თანაც ჩემს თავზე ვბრაზობ. თურმე, ამხელა საიდუმლო-სტრატეგიულ ობიექტს მიშენებენ ცხვირწინ და ამ ამბავს ვიღაც ქეციანი ინჟინრისგან ვიგებ. ჩემი საქმის კურსში ჩაყენება ცოტა ადრე არ ცნეს მიზანშეწონილად და ვერც მე შევიტყვე ამის შესახებ.
ლავრენტი პავლოვიჩს არ დაუკონკრეტებია თავისი ბოლო ფრაზის ზუსტი შინაარსი, მაგრამ სტალინს გულისხმობდა, რომელმაც მას არ შეუთანხმა ეს ამბავი. ისიც აბრაზებდა, რომ მან (ბერიამ) ჩეკისტური გზებითაც ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის კრემლში მოპოვება. არადა, ბევრი რამ, რაც კრემლში იგეგმებოდა, ბერიამ წინასწარ იცოდა და მომზადებული ხვდებოდა.
ბერია უახლოეს ადამიანად მთვლიდა, მენდობოდა და ყოველთვის გულახდილი იყო ჩემთან. მე მას ვკითხე:
– რას აპირებთ, ლავრენტი პავლოვიჩ?
– პროექტის შეჩერებას, – მოკლედ მომიჭრა ბერიამ.
– მას ხომ სტალინი აწერს ხელს?
– მოსკოვში უნდა ჩავიდე და დავარწმუნო ამხანაგი სტალინი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, – მითხრა ბერიამ.
მოსკოვში, სტალინთან გამგზავრებამდე, ბერიამ მეცნიერ-ეკოლოგთა და საგზაო ინჟინერთა ჯგუფი შეკრიბა. ამ შეხვედრას ვაისმანიც დაასწრო და ყველამ, გარდა ანდრეი ვაისმანისა, ერთხმად თქვა, რომ როკის გვირაბის მშენებლობა ეკოლოგიურად დიდ ზიანს მიაყენებდა კავკასიას. მით უმეტეს, არც სამხედრო სტრატეგიულად იყო გამართლებული მისი მშენებლობა, რადგან გვირაბით სარგებლობა მტერსაც შეეძლო და არსებობდა სხვა მოსაზრებებიც. ანდრეი ვაისმანმა კი, რომელიც მსხვილ თანხასა და სახელის მოხვეჭას ელოდებოდა ამ საქმიდან, ბერიას პირში მიახალა:
– ეს სტალინის მოწონებულია და ნუთუ გგონიათ, მასზე უკეთ იცით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს? მე პირადად მოვახსენებ ამხანაგ სტალინს ამ თავაშვებულობის შესახებ და იცოდეთ, პასუხს აგებთ!
– დამშვიდდით, ამხანაგო ვაისმან. ნუ ცხარობთ. ყველა დამნაშავე დაისჯება, – მიუგო ბერიამ ინჟინერს და შეკრება დაიშალა“.
ყველაზე საინტერესო  ამ მონაკვეთში ისაა, რაზეც სერგო გოგლიძე არ საუბრობს. კონკრეტულად კი ბერიას კაბინეტიდან გამოსულ ვაისმანს „ჩეკას“ აგენტები აედევნენ და გაარკვიეს, რომ ინჟინერმა მოსკოვში მიმავალ მატარებელზე აიღო ბილეთი. იმავე საღამოს სტალინთან მიმავალი ინჟინერი საავადმყოფოში აღმოჩნდა კუჭ–ნაწლავის მწვავე აშლილობით და ერთი კვირა დაჰყო იქ. რომ გამოწერეს, სითხის დაკარგვისგან გამოწვეული წონის კლება აღენიშნებოდა, 17 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული და ფეხზე ძლივს იდგა. ინჟინერი ბერიას განკარგულებით ბორჯომში გაგზავნეს სარეაბილიტაციოდ. თავად ბერია კი ამასობაში მოსკოვში იმყოფებოდა. სტალინს შეხვდა და ბელადი დაარწმუნა, რომ როკის გვირაბის მშენებლობა გაუმართლებელი იყო, უპირველესად, სამხედრო-სტრატეგიული კუთხით. მათ საუბარს არავინ დასწრებია და თუ რა ილაპარაკეს ერთმანეთში ორმა ქართველმა, უცნობია. თუმცა, სტალინმა გააუქმა მის მიერვე მოწონებული პროექტი და 30 მილიონი ბიუჯეტში დააბრუნა.
საინტერესო და ძალიან საგულისხმო რამ მოხდა ანდრეი ვაისმანის შემთხვევაში. როდესაც ბორჯომში მყოფმა ინჟინერმა პროექტის შეწყვეტის შესახებ შეიტყო, მიხვდა,  საიდანაც უბერავდა ქარი – ვინ დამართა მას კუჭ-ნაწლავის აშლილობა და შემდეგ ვისი განკარგულებით მკურნალობდნენ მას. ამიტომ, შეშინებულმა მიატოვა მკურნალობა და ბორჯომის სანატორიუმიდან გაიქცა. აშკარა იყო, რომ მას ბერიას შურისძიების შეეშინდა, თუმცა მაინც ვერ აცდა მას. 1944 წელს ანდრეი ვაისმანი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გაასამართლეს, ბოლოს კი დახვრიტეს. ინჟინერს ბრალად ედებოდა რამდენიმე გზის გაყვანა კავკასიონის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც წითელ არმიას თავისი ტექნიკა გადაჰქონდა და ერთი ზარბაზნისლულამოკიდებული ცხენი უფსკრულში გადაიჩეხა, რაც არანაირად არ იყო ვაისმანის ბრალი. უბრალოდ, ბედის ირონიით, ვაისმანი კვლავ კავკასიაში გამოუშვეს მოსკოვიდან სამხედროების დასახმარებლად. კავკასიის დაცვას კი ბერია ხელმძღვანელობდა და მათი გზები კვლავ გადაიკვეთა.
ანდრეი ვაისმანთან დაკავშირებული ისტორია ყველა დაინტერესებულ მხარეს სათავისოდ შეუძლია, გამოიყენოს. ვინც მიიჩნევს, რომ ბერია სისხლისმსმელი იყო და მცირედ წყენასაც კი არავის აპატიებდა, იტყვის, რომ ბერიამ ყოვლად უდანაშაულო ადამიანი სასიკვდილოდ გაწირა. ვისაც მარშალი ბერია მოღალატედ, საბჭოეთის მტრად მიაჩნია, იტყვის, რომ ბერიამ საბჭოთა სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას შეუშალა ხელი მტრის სასარგებლოდ. ნაციონალისტ-პატრიოტი ქართველები კი, ამტკიცებენ, რომ ბერიამ მრავალი ათეული წლით წინ გაიხედა და თავისი მამული რუსეთისგან კავკასიის ქედით დაიცვა (არ გააჭრევინა უმოკლესი გზა, რომლითაც შემდგომში  შემოიჭრებოდა რუსეთი საქართველოში). და სწორედაც მოიქცა. ალბათ, ამ სამივე ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ბევრი რამ, რაც როკის გვირაბის გაჭრას უკავშირდებოდა, ახდა. გვირაბი მოგვიანებით, მაგრამ მაინც გაიჭრა და ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ლავრენტი ბერიას გენიალური წინასწარი გათვლა, ყველა მხარემ თავისებურად გაშიფროს“.
скачать dle 11.3