კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ გამოუტყდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილს სიყვარულში და რატომ უარყო მისი სიყვარული რეჟისორმა

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია


ვერიკო ანჯაფარიძე – ეს სახელი და გვარი არის მთელი ქართული თეატრის, კინოს და უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნების ისტორია, ჭეშმარიტება, სრულყოფილება. ის არა მხოლოდ თავის როლებში, ყველაფერში იყო ქმნილება, ქალი, მეუღლე,  დედა, მეგობარი. თუ როგორ გამოხატავდა ის სიყვარულს ადამიანების მიმართ, ეს დღიურები დაგანახვებთ – თუნდაც, კოტე მარჯანიშვილის მიმართ. არა, ალბათ, არ იყო ეს უბრალო სიყვარული და ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მას სხვების მიმართ გააჩნდა. სიყვარულიც ხომ სხვადასხვანაირია. თუ ვერიკო ანჯაფარიძის „მოგონებათა თითო ფურცლით” ვიმსჯელებთ, კოტე მარჯანიშვილი მას წრფელი გულით უყვარდა, უპირველესად კი, როგორც რეჟისორი. საინტერესო იყო ეს ურთიერთობა ისევ და ისევ შემოქმედებითად. ისინი რომ მთელ დღეს რეპეტიციაზე ატარებდნენ, განიხილავდნენ, გეგმავდნენ... მოდი, ერთად წავიკითხოთ ამ ორი დიდი ადამიანის ცხოვრების დღიურები:   
 „ღამეა... საავადმყოფოში ვწევარ. ჩემს პალატაში ყველას სძინავს. შემოდის მორიგე ექიმი. ვეკითხები: „როგორ არის მარჯანიშვილი?“ (მძიმე ოპერაციის შემდეგ ისიც ამავე საავადმყოფოში წევს) – „წუხს, შფოთავს, ტკივილები აწუხებს.“ ავდექი, ძლივს მივაღწიე მის პალატამდე. კოტე გულგაღეღილი წევს, კვნესის. ფრთხილად შევახე ხელი მის ხელს. – შენ ხარ, ვერიკო? დაჯექი ცოტა ხანს. მის ხელს ვეალერსები, ვკოცნი. ხელი ცივია, მოდუნებული. – მიამბე რამე, გამართე, დავიღალე. – რა გიამბოთ, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ, რით გაგართოთ? – სულერთია, რაც გინდა. – კარგი, გიამბობთ. იცით, მე შეყვარებული ვარ, მიყვარს ერთი საუცხოო ადამიანი. მას ლამაზი სახე აქვს, დიდრონი, ანთებული თვალები, შუატანისაა, მისი ხელები თვალუწვდენელ, ზღაპრულ კოშკებს აშენებენ... – მოიცა, მოიცა, – მაწყვეტინებს მარჯანიშვილი, – ტყუილებმა გაგიტაცეს. მეც ვიცნობ იმ ვაჟბატონს! ჯერ ერთი, შენი გმირი უკვე დაბერდა და ახლა უძლური გდია. მეორეც, ის ოსტატურად გატყუებთ ყველას. ის არ არის დიდი და მძლავრი, არამედ სუსტი, პატარა რეჟისორია. არ ღირს მისი სიყვარული  ვერიკო!.. დიახ, ის ჩემი კოტე მარჯანიშვილი იყო. მაშინ ჩვენ ყველანი შეპყრობილი ვიყავით მისდამი სიყვარულით. ეს ასე დაიწყო.
1922 წელს რუსეთიდან სამშობლოში ბრუნდება კოტე მარჯანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თეატრი... ეს იყო ხელოვნება, რომელმაც
გული აავსო სიხარულით. მარჯანიშვილი ცხოვრობდა შემოქმედების ისეთ მწვერვალზე, რომლის მიღწევა ყველას არ ძალუძს. ის მოვიდა ჩვენთან, ქართულ თეატრში თავისი მომწიფებული შემოქმედებით…  მან აიყვანა თეატრი ისეთ სიმაღლეზე, სადაც ის, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, არასდროს ასულა... საქართველოში მარჯანიშვილმა ჩამოიტანა უდიდესი გამოცდილება... არასდროს დამავიწყდება მისი რეპეტიციები, მე, ისინი უფრო მიყვარდა, ვიდრე მისი სპექტაკლები... თვალწინ მიდგას კოტე სკამზე ცალფეხმორთხმული, ოდნავ წინ დახრილი. თვალს არ გაშორებს და სკამთან ერთად შენკენ მოჩოჩავს. უნდა, ახლოს იყოს, შენ გვერდით, რათა შენი სულის არცერთი მოძრაობა არ გამოეპაროს. თუ მოსწონდი, მღელვარედ გამოთქვამდა თავის აღტაცებას. სიხარულის ცრემლი უბრწყინავდა თვალებში, მაგრამ თუ ტყუოდი, ყალბი იყავი, არ გაპატიებდა, გესლიანად დაგცინებდა. მაშინ შენ იმას სძულდი. მახსოვს, ერთი რეპეტიცია. მე სცენაზე ვარ. მარჯანიშვილი ჩაბნელებულ დარბაზში ზის. უეცრად წყვეტს ის რეპეტიციას, ყმაწვილური ხალისით ამორბის სცენაზე, ხელში მიტაცებს და მკოცნის. არ ვიცი რა, მაგრამ ჩემს თამაშში მას რაღაც ძალიან მოეწონა... რამდენიმე დღის შემდეგ ამ პიესის პრემიერა შედგა. პრემიერის მეორე დილას მარჯანიშვილი მუდამ არჩევდა თავის სპექტაკლებს. იმ დღეს განხილვაზე დამაგვიანდა. თეატრში შევედი თუ არა, ერთმა მსახიობმა შემაჩერა: „სად ხარ აქამდე? დარბაზში არ შეხვიდე, კოტე საშინლად გლანძღავს“. მე გამიკვირდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ წუხელ ბრწყინვალედ ვითამაშე. განა ჯერ კიდევ გუშინ არ იყო, თვითონ მარჯანიშვილი მაქებდა? დარბაზში შევედი, მარჯანიშვილმა თვალებში მრისხანედ შემომანათა: „აჰა, თვითონაც მობრძანდა! რას თამაშობდი გუშინ? რახან გაქე, გადაწყვიტე, რომ შეგიძლია, მშვიდად იყო? დაფნის გვირგვინი არ აგცდება? შენი თავით შენვე ტკბებოდი სცენაზე – ერთი შემომხედეთ, რა შესანიშნავად ვთამაშობ, თვითონ მარჯანიშვილმა ამიტაცა ხელშიო. იცი, როგორ თამაშობდი?!“ – სიტყვებს ვეღარ პოულობდა სიბრაზისაგან. მე საოცრად მეწყინა და მხოლოდ გვიან, გაცილებით გვიან მივხვდი, რომ ის მართალი იყო. სცენაზე მე მართლაც ვტკბებოდი ჩემი თამაშით, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, ნამდვილად აკლდა შინაგანი განცდა. ჩვენ, ვინც მასთან ახლოს ვიყავით, ვხედავდით, თუ რა დიდ სულიერ და ფიზიკურ ძალას ხარჯავდა ის, თუ რა ძვირად უჯდებოდა მას ყოველი დღე თეატრში.

მაგონდება კოტეს ერთი მნიშვნელოვანი რეპეტიცია. „ჰამლეტს“ ვამზადებდით. უშანგი ჩხეიძე მაშინ სულ ახალგაზრდა, გამოუცდელი გახლდათ. ჰამლეტის როლის ათვისება მისთვის დიდი გამბედაობა იყო, მაგრამ კოტეს უყვარდა ახალგაზრდა, გამოუცდელი მსახიობის ნიჭის აღმოჩენა და მერე ამ ნიჭის დახვეწა, გაღრმავება. მახსოვს, როგორ დაჰკანკალებდა ის უშანგის, თავს ევლებოდა... და აი, დადგა დრო რეპეტიციისა, როდესაც უშანგის მთელი ხმით უნდა წარმოეთქვა ჰამლეტის მონოლოგი „ყოფნა – არყოფნა.“ სარეპეტიციო დარბაზი სავსეა მსახიობებით. უშანგი დგას გაფითრებული, კოტე საშინლად ღელავს, აღგზნებული თვალები უბრწყინავს, ღიმილი არ შორდება ბაგეზე. მისი მღელვარება ყველას გადაგვედო. ახლოს მივედი, ხელით შევეხე, ვიგრძენი, როგორ უთრთოდა ყოველი ძარღვი... კოტემ მაშინვე იგრძნო უშანგის საშინელი მღელვარება. უეცრად, ის ხმამაღალი სიცილით წყვეტს მუსიკას, ეძახის მსახიობებს, უამბობს მათ რაღაც სასაცილო აბდაუბდას, რომელსაც იქვე თხზავს. ქალებს მისი მოსმენა აკრძალული აქვთ და ჩვენც, თავი შორს გვიჭირავს. ნეტა, რას უამბობს კოტე, რამ გამოიწვია ასეთი თავდაუჭერელი ხარხარი? თვითონაც კვდებოდა სიცილით და ასე გრძელდება დიდხანს. ვერ გაგვეგო, რად დაარღვია კოტემ ასეთი მნიშვნელოვანი რეპეტიციის განწყობილება... ისევე მოულოდნელად წყვეტს სიცილს, უშანგი ოთახის სიღრმეში მიჰყავს და ეუბნება: „დაიწყე მონოლოგი! ხმამაღლა მთელი ხმით!“ და მე კვლავ ვხედავ ცეცხლს კოტეს თვალებში... მახსოვს „ჰამლეტის“ პირველი სპექტაკლი. მოახლოვდა ოფელიას სიგიჟის სცენა. მარჯანიშვილმა თვითონ დაათვალიერა მარცხენა კულისები, საიდანაც მე უნდა გამოვსულიყავი. სკამი მომაწოდა – „დაჯექი, ნუ იღლები!“ თმები ბალახებითა და ყვავილებით შემიმკო, მომეფერა და ისე გამიშვა სცენაზე. მე უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი მისი. მან იცოდა, რომ ეს სცენა მთლიანად იყო დამოკიდებული ჩემს განწყობაზე. ის ალბათ გრძნობდა, რომ მისი ხელის შეხება მამშვიდებდა...
„ჰამლეტის“ მეორე სპექტაკლია, ჩემი გამოსვლის დრო ახლოვდება. კოტე არ ჩანს კულისებში. ცუდად ვგრძნობ თავს. საშინელმა მღელვარებამ შემბოჭა. ვდგავარ გამოსასვლელთან და ღმერთს ვევედრები, მოვიდეს მარჯანიშვილი. ისე მჭირდება მისი ხელის ალერსიანი შეხება, მისი გამამხნევებელი ჩურჩული, მაგრამ ის არსად ჩანს. მე ცოცხალ-მკვდარი გავდივარ სცენაზე. ვამბობ შეშლილი ოფელიას ნაზი ლირიკით აღსავსე სიტყვებს და თან, ვგრძნობ, ცარიელია სიტყვები, მშრალი, ვერ ვპოულობ განწყობილებას. კოტემ, რომელიც ლოჟიდან უყურებდა სპექტაკლს, დაინახა ჩემი დაბნეულობა, ალბათ, გულით იგრძნო, რომ ამის მიზეზი თვითონ იყო და, უეცრად მისი სახე ახლოს დავინახე. მისი თვალები ალერსით გამთბარი მიცქერდნენ, მამხნევებდნენ. სიხარულით ამევსო გული, თვალთაგან ცრემლი წამსკდა და ისევ ლაღად ვიგრძენი თავი. მას შემდეგ რამდენჯერაც ვითმაშე ოფელია, მარჯანიშვილი ყოველი გამოსვლის წინ ჩემთან იყო. თავისი ხელით მიმკობდა თმებს ბალახებითა და ყვავილებით, მომეფერებოდა და ისე მიშვებდა სცენაზე. მაშინ ვიგრძენი, რა ძლიერ უყვარდა მას მსახიობი. გამიგონია, უთქვამთ, მარჯანიშვილი ახშობდა მსახიობს, მსახიობი მისთვის მხოლოდ უნებისყოფო მასალა იყოო. ეს მტკნარი სიცრუეა. უნიჭო მსახიობების მიერ მოგონილი სიცრუე! ასეთები ნამდვილად დაჰყავდა სცენაზე და აიძულებდა, მიებაძათ მისთვის, მაგრამ ამ სახის მუშაობა მას არ უყვარდა...
ქუთაისის თეატრი. შუაღამეა, ჩვენ კი „ურიელ აკოსტას“ გენერალური რეპეტიციების მხოლოდ პირველი მოქმედება გვაქვს გავლილი. ცუდად, ძალიან ცუდად ჩავატარეთ ეს მოქმედება... არაფერს ვგრძნობ, გარდა საშინელი სირცხვილისა კოტეს წინაშე. დაიკარგა მთელი ნამუშევარი, მთელი ელვარება, ბედნიერება, რომელსაც რეპეტიციაზე განვიცდიდი. ყველაფერი დავკარგე. სულიერ სიცარიელეს ვგრძნობ. მხოლოდ იმას ვცდილობ, ტექსტი მაინც წავიკითხო სწორად. ფიქრისაც მეშინია. ხვალ პრემიერაა. რა იმედით, რა ბრწყინვალებით, რა დიდი სიყვარულით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს, რამდენი გრძნობა ჩააქსოვა!.. და ახლა ვდგავარ დაბნეული და სირცხვილისგან თვალი ვერ გამისწორებია ძვირფასი კოტესთვის. რა ვუთხრა? როგორ ავუხსნა? ჩვენი იმედი ჰქონდა. „ურიელ აკოსტა“ მსახიობის ოსტატობის დემონსტრაციად მიაჩნდა... არაფერი გამოდის, სიცარიელეა! მთელი მოქმედების განმავლობაში კოტე ყვიროდა, ხმა ჩაეხლიჩა! არც განათება ვარგოდა, მუსიკაც გვიშლიდა. ყველაფერი იღუპებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, სპექტაკლის სული და გული, მსახიობები ყალბნი ვიყავით. გათენებისას, როგორც იქნა, დასრულდა რეპეტიცია. მარჯანიშვილს ხმა დაეკარგა. ისე დაიღალა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. „ჩაშალეთ, დაღუპეთ, ასეთი ნამუშევარი დაღუპეთ!“ თეატრიდან გამოვედით. გათენდა, ლურჯი ცა, სუფთა ჰაერი და ჩვენ. მორალური და ფიზიკური დაღლილობისგან განადგურებულნი, ღონემიხდილნი ვიდექით თეატრთან. კედელს მივეყრდენი. სად უნდა წავსულიყავი, რისთვის? მარჯანიშვილი თეატრის გვერდით, სასტუმროში ცხოვრობდა. ვხედავდი, როგორი მძიმე, ნელი ნაბიჯებით მიემართებოდა შინისკენ. სასტუმროს წინ შედგა, დამიძახა. ვუახლოვდები და ვხედავ, მიყურებენ კოტეს ცოცხალი, ხალისიანი, ბედნიერი თვალები. ხელი ჩამჭიდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა; „წადი, დაიძინე, დაისვენე, გენერალური რეპეტიცია ჩაგვივარდა, კარგი ნიშანია!“ როგორ მივედი სახლამდე არ მახსოვს. კარგად მახსოვს, რომ პრემიერამ ბრწყინვალედ ჩაიარა...“
скачать dle 11.3