კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ ყიდულობს მსხვილი ქართული ინტერნეტპროვაიდერი ინტერნეტის 50 პროცენტს რუსეთისგან, თან უფრო ძვირად, ვიდრე ევროპისგან

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


აშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, საბანკო და ფარმაციის სექტორებისადმია მიპყრობილი: განსაკუთრებით, მოგებების მიმართულებით, გაირკვა, რომ არც ინტერნეტპროვაიდერები ჩამორჩებიან ერთნაირი ტარიფებითა და მოგების მაჩვენებლებით. ასე მაგალითად, 2016 წელს მათ, საერთო ჯამში, 196 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც, დამეთანხმებით, ფრიად შთამბეჭდავი მონაცემია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ინტერნეტით სრულიად საქართველო არცაა მოცული. სულ ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში საქართველოს ინტერნეტპროვაიდერების მიერ მიწოდებული ინტერნეტმომსახურება უფრო იაფი ღირს სომეხი მომხმარებლისთვის, ვიდრე ქართველი მომხმარებლებისთვის –  საქართველოში. უფრო მეტიც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალიდან ვიგებთ, რომ ამ ჩვენს ორ, მსხვილ ინტერნეტპროვაიდერს („კავკაზუსსა“ და „სილქნეტს“) 2016 წელს 2015-თან შედარებით, თითქმის გაუნახევრდათ ხარჯები (პირველს –  57,82, მეორეს –  43, 73 პროცენტით). თუმცა ქვეყანაში ინტერნეტის გაიაფებას პირი მაინც არ უჩანს (ამას დაამატეთ ისიც, რომ ინტერნეტს მომხმარებელი მობილურ ტელეფონშიც იყენებს –  ოღონდ მობილური კომპანიის ინტერნეტმომსახურებას).
ქართულ ინტერნეტბაზარზე არსებულ ვითარებას აფბას ვიცე-პრეზიდენტ გიორგი კაპანაძესთან ერთად გავარჩევთ.

– მოგების ეს მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ინტერნეტის ტარიფები გაბერილია?
– ეს 196 მილიონი ლარი არის მათი შემოსავალი და ჩვენ არ ვიცით მათი სუფთა მოგების მაჩვენებელი. ერთი პერიოდის განმავლობაში ისინი აქვეყნებდნენ თავიანთ ხარჯებს და, ასევე, აღწერდნენ საბითუმო ინტერნეტის ხარჯებს, შესაბამისად, სუფთა მოგების მაჩვენებელსაც. მაგრამ ამჟამად ეს შესაძლებლობა აღარ არის, იმიტომ რომ, ამ მონაცემებს აღარ აქვეყნებენ. ინტერნეტპროვაიდერებმა 2016 წელს საკმაოდ შთამბეჭდავი შემოსავალი მიიღეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ჯერ ერთი, ვლაპარაკობთ მცირე ზომის ქვეყანაზე და მეორე, რომ ისინი, ძირითადად, ოპერირებენ საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რამდენიმე რეგიონის ქალაქში. დანარჩენი რეგიონები ინტერნეტით არ არის მოცული. ანუ იმდენად მაღალი ტარიფები გვაქვს ქვეყანაში, რომ ამ ქვეყნის ზომისა და მცირე მოცვის ფონზეც კი, ამხელა შემოსავალი მიიღეს პროვაიდერებმა.
– რამდენი პროვაიდერი ოპერირებს ჩვენს ბაზარზე?
– საშუალოდ, 170-172, მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება. თუმცა ბაზრის 80 პროცენტს ორი კომპანია: „სილქნეთი“ და „კავკაზუსი“ აკონტროლებს. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენს ინტერნეტბაზარზე ეს ორი კომპანიაა, იმიტომ რომ, მათ აქვთ 80 პროცენტი, დანარჩენ 170-ს კი –  20 პროცენტი, რაც ცხადყოფს, რომ ინტერნეტბაზარზე რთული სიტუაციაა.
– მათ მომსახურების დაახლოებით ერთნაირი ფასები აქვთ, ფარმაცევტული კომპანიების მსგავსად, რომლებიც ფასდაკლების დღეებშიც კი, ერთნაირ ფასდაკლებას აცხადებენ. ერთი თვის განმავლობაში სპეციალურად ვამოწმებდი ამ საკითხს. ესე იგი, ინტერნეტბაზარზეც შეიძლება, გვქონდეს კარტელური გარიგების ნიშნები?
– მუდმივად არსებობს ეჭვი და ამას არა მხოლოდ მე ვამბობ, არამედ სპეციალისტებიც, რომ ეს ორი კომპანია მოქმედებს შეთანხმებულად. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ მათი ტარიფები მუდმივად მსგავსია. არ ცდილობენ, კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, ანუ დაწიონ ტარიფი და გადმოიბირონ კონკურენტიკომპანიის მომხმარებლები. მეტიც, დაახლოებით, სამიოდე წლის წინათ, ერთ-ერთმა ინტერნეტპროვაიდერმა გაზარდა ფასები და რამდენიმე თვის შემდეგ, მეორე კომპანიამაც გაზარდა ფასები.
– ნაცვლად იმისა, რომ დაეწია?
– ან დაეტოვებინა არსებული ტარიფები, რითაც თავისი კონკურენტის მომხმარებელს თავისკენ გადმოიყვანდა. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ ბაზარზე შესაძლოა, გვქონდეს კარტელური გარიგება ორ კომპანიას შორის. ეს სავსებით ბუნებრივია, როდესაც ბაზრის 80 პროცენტს აკონტროლებენ, შეუძლიათ, დააწესონ ერთნაირი ტარიფები. თუმცა მათ თავისუფლად შეუძლიათ ფასების დაწევა, რითაც გაზრდიან მომხმარებლების რაოდენობას, მაგრამ ეს მაინც შეამცირებს მათ საერთო მოგებას და ამიტომ, როგორც ჩანს, ურჩევნიათ შეთანხმებულად მოქმედება.
– ალბათ, მცირე პროვაიდერები ოპერირებენ რეგიონებში. მათ არ უშვებენ დიდ ქალაქებში? ისევე, როგორც ერთი პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო საწვავის ბაზარზე შეღწევა. ერთ კანისტრა ბენზინსაც კი ვერ შემოიტანდა დაინტერესებული პირი. ინტერნეტბაზარზე რა წინააღმდეგობები ხვდებათ მცირე კომპანიებს?
– ესეც საკმაოდ დიდი პრობლემაა და გამოვყოფდი რამდენიმე მომენტს. თუმცა პირველი და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ორი ინტერნეტპროვაიდერი ფლობს საბითუმო ინტერნეტს, რომელიც შემოაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან: ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან. თუმცა თურქეთიდან და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთიდანაც კი შემოდის, რაზეც არავინ ლაპარაკობს. ამ საბითუმო ინტერნეტს კი იმდენად ძვირად მიჰყიდიან მცირე პროვაიდერებს, რომ ისინი ვერ ახერხებენ ბაზარზე თავიანთი წილების გაზრდასა და რეალური კონკურენციის გაწევას. მათი დიდი ნაწილი ოპერირებს რეგიონებში და იქაც დიდი პრობლემები ექმნებათ. იყო ასეთი შემთხვევაც: მცირე ინტერნეტკომპანიებს დასავლეთ საქართველოში უნდოდათ თავიანთი ქსელის გაფართოება და აბონენტების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთარი ანძები მიეყიდა „დელტა ნეტისთვის“ და მხოლოდ „დელტა ნეტს“ შეეძლო სარგებლობა. „დელტა ნეტი“ კი არის „მაგთიკომის“ მფლობელობაში, ისევე, როგორც ახლა უკვე „სილქნეტიც“. ანუ „მაგთიკომის“ ხელშია დიდი მონოპოლიური ბაზარი და არ აძლევს მცირე პროვაიდერებს განვითარების საშუალებას. ამდენად, მათ ერთადერთი გზა ჰქონდათ: რეგიონებში თავიანთი ანძები დაედგათ, რაც მათ მომსახურებას გააძვირებდა. აი, ამ ტიპის დაბრკოლებები, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ხვდებათ მცირე პროვაიდერებს მსხვილებისგან, მათ არ აძლევს საშუალებას, რომ განვითარდნენ.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალმა თავმჯდომარემ ისაუბრა: გამოვლინდა ფაქტი, რომ საქართველოში ნაყიდ საბითუმო ინტერნეტს, რომელსაც ყიდულობენ სომხური კომპანიები, შემდეგ ქართველ მცირე პროვაიდერებს უფრო იაფად სთავაზობდნენ, ვიდრე ადგილობრივი კომპანიები. ესეც სრულიად გაუგონარი ამბავია და ნიშნავს, რომ იმდენად დიდი განსხვავებაა სომხეთისა და ადგილობრივი  პროვაიდერებისთვის შეთავაზებულ ინტერნეტის ფასს შორის, რომ სომხურ კომპანიებს უღირთ, უფრო იაფად შესთავაზონ ჩვენს მცირე პროვაიდერებს ჩვენივე მსხვილი პროვაიდერებისგან ნაყიდი ინტერნეტი! ამაზე მეტი რა ნიშანი სჭირდება მარეგულირებელს, რომ დაინტერესდეს ინტერნეტბაზარზე არსებული ვითარებით და ნახოს, თუ რატომ გვყავს წლების განმავლობაში ორი მსხვილი კომპანია და რატომ ვერ ვითარდებიან მცირე კომპანიები?!
– ეს ისეთივე შემთხვევა ყოფილა, როდესაც სომხეთში ქართული წარმოების წამლები უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში.
– და ვინმემ იქიდან ისევ ქართულ სააფთიაქო ქსელს რომ მიჰყიდოს ის წამლები უფრო იაფად, ანუ სომხური კომპანიები მოგებასაც ხომ იტოვებენ და მაინც უფრო იაფად აძლევენ ადგილობრივ კომპანიებს.
– გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში საქართველოში ნაყიდი ინტერნეტიც უფრო იაფია.
– დიახ, იგივე სიტუაციაა საცალო ქსელშიც, რომელიც ჩვენამდე, ანუ მომხმარებლებამდე მოდის. მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოდან მარაგდება ინტერნეტით. სომხეთში საცალო ინტერნეტის ფასი უფრო იაფიცაა, ვიდრე საქართველოში. ანუ იმდენად იაფად მიჰყიდიან სომხურ პროვაიდერებს ინტერნეტს საქართველოში, რომ ისინი საცალო ქსელშიც უფრო იაფად ჰყიდიან, ვიდრე ჩვენი პროვაიდერები. მაგალითად: 10 მეგაბიტწამი ინტერნეტი სომხეთში ღირს 27 ლარი და 89 თეთრი, ჩვენთან –  27 ლარი; 30 მეგაბიტწამი სომხეთში ღირს 35 ლარი, ჩვენთან –  37 ლარი; 50 მეგაბიტწამი სომხეთში ღირს 51 ლარი, ჩვენთან –  50 ლარი, ხოლო ყველაზე სწრაფი ინტერნეტი სომხეთში ღირს 66 ლარი, ჩვენთან –  100 ლარი, ანუ ტარიფები მსგავსია ან უფრო იაფი.
– საქართველო ევროპული ინტერნეტით მარაგდება იმ ბოჭკოვანი კაბელით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის და რომლის შესყიდვაც უნდოდა „ბილაინს“.  კიდევ რა არხებით ვიღებთ ინტერნეტს და რამდენად უსაფრთხოა?
– „ბილაინისთვის“ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყიდვის შემთხვევაში საუბრობდნენ საფრთხეზე, რომ რუსული სპეცსამსახურები შეძლებდნენ კონტროლს. მაგრამ ეს ცოტა სპეციფიკური თემაა, რადგან, თუ სპეცსამსახურს უნდა, ისედაც შეუძლია ამის კონტროლი.
– როგორც იმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამყვანი „სილქნეტის“ ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე ამბობს, თუკი რუსული კომპანია შეიძენდა იმ კაბელს, იყო საფრთხე, რომ მიეერთებინათ ნოვოროსიისკში პირდაპირ სპეცსამსახურების არხზე.
–  „ბილაინის“ შემთხვევაში დადებითი ის იყო, რომ ისინი მომხმარებელს ჰპირდებოდნენ ტარიფების გაიაფებას. ისევე, როგორც მობილური ოპერატორების ტარიფებმა დაიკლო „ბილაინის“ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ. „ბილაინის“ ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ, როდესაც რუსული ინტერნეტის საფრთხეზე ვლაპარაკობთ, ამ დროს „სილქნეტი“ ინტერნეტს ყიდულობს ევროპის ქვეყნებიდან, თურქეთისგან და, დაახლოებით, 50 პროცენტს „მეგაფონისგან“, ანუ რუსეთისგან და სხვათა შორის, გაცილებით ძვირად, ვიდრე ევროპიდან. ანუ საქართველოში რუსეთიდან ისედაც შემოდის ინტერნეტი, მაგრამ ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას. არადა, თუ ეს იყო პრობლემა „ბილაინის“ შემთხვევაში, მაშინ ესეც პრობლემაა.
– იმ პერიოდშიც, როდესაც „ბილაინს“ უნდოდა, რომ შეეძინა შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, „მეგაფონისგან“ ყიდულობდა ინტერნეტს?
– დიახ, რამდენიმე წელია, ყიდულობს საბითუმო ინტერნეტს „მეგაფონისგან“. მცირე და საშუალო პროვაიდერთა ასოციაციამ სარჩელი შეიტანა კონკურენციის სააგენტოში, მაგრამ კონკურენციის სააგენტომ არ ჩათვალა საჭიროდ, ყურადღება მიექცია ამ პრობლემისთვის. თუმცა პირადად მე, კმაყოფილი დავრჩი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ამას მოჰყვება რეაგირებაც, მცირე პროვაიდერებსაც ექნებათ განვითარებისა და მსხვილი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალება რეგიონებში მაინც.
– რამდენადაა დაცული ჩვენი ინტერნეტქსელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისგან? თეორიულად, ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს, დამლაგებელსაც კი შეუძლია, თავისუფლად აკონტროლოს ნებისმიერი მომხმარებლის ვირტუალური აქტივობა.
– ამ მიმართულებით, წლების განმავლობაში გვქონდა ცუდი პრაქტიკა, როდესაც ძალიან მარტივად უსმენდნენ ნებისმიერს სწორედ ინტერნეტის ქსელის მეშვეობით. არ ვიცი, იყო თუ არა ეს შეთანხმებული პროვაიდერებთან, მაგრამ ფაქტია, ასეთი რამ ხდებოდა.
– იგივე მამია სანადირაძე აცხადებდა, რომ მას შსს-მ პირდაპირ მოსთხოვა, „სილქნეტის“ თანამშრომლების ფორმაში გადაცმული პოლიციელები გაეგზავნა კონკრეტულ მისამართებზე, თითქოს ინტერნეტდაზიანების აღმოფხვრის მიზნით, რომ მათ უშუალოდ საცხოვრებელ ბინებში დაემონტაჟებინათ მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა.
– სხვა შემთხვევებიც იყო, როდესაც ქსელში უშვებდნენ ვირუსს და შემდეგ მომხმარებლების კომპიუტერების მეშვეობით უსმენდნენ. ბოლო წლებში ჩვენ არ გვაქვს მსგავსის დადასტურების საშუალება, ამიტომ რთულია ამაზე ლაპარაკი. ჩვენ გვინდა, რომ დაცულები ვიყოთ და გვეუბნებიან, რომ დაცულები ვართ, მაგრამ რეალურად რა ხდება, ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება.
скачать dle 11.3