კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ეჭვიანობდა ანი ტყებუჩავას უფროსი შვილი პატარაზე და აპირებენ თუ არა ანი და ლევან ბარამიძე ხუთი შვილის გაჩენას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 რამდენიმე დღის წინ, მსახიობი ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა. ახალშობილს თაია დაარქვეს და დედა-შვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ანის და რეჟისორ ლევან ბარამიძის უფროსი შვილი – ნენე უკვე სამი წლისაა. მეორე შვილის დაბადებასთან დაკავშირებულ ემოციებზე ლევანს ვესაუბრეთ.
ლევან ბარამიძე:
ანის მშობიარობისთვის ყველაფერი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი. დღეც ვიცოდით და წინასწარ, ძალიან მშვიდად, მომზადებულები მივედით სამშობიაროში. მშობიარობას მეც ვესწრებოდი. ახლაც და პირველი შვილიც საკეისროთი გაჩნდა, მაგრამ მაინც დავესწარი (იცინის). მერე, რომ გამოიყვანეს, გულზე დამაწვინეს. პირველ მშობიარობას არ ვესწრებოდი, მაგრამ გულზე ნენეც (პირველი შვილი) დამაწვინეს.
– მამებს უჭირთ მშობიარობის პროცესზე დასწრება. რამ გადაგაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა?
– რთულია, თუმცა ყველაზე მეტად, რითაც შეიძლებოდა, ანის დავხმარებოდი, მშობიარობაზე დასწრება იყო და გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი. ჩვენ ხომ ეს საქმე ერთად დავიწყეთ. მერე მთელი ცხრა თვე, ყველაფერი ანიმ იტვირთა და ბოლოს, ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ექიმების კეთილგანწყობილმა გარემომ მიშველა (იცინის).
– სახელი როგორ შეარჩიეთ?
– სახელი ორივეჯერ ანიმ შეარჩია. ნენეს შემთხვევაში, ეს სახელი ყოველთვის მოსწონდა და უნდოდა შვილისთვის დაერქმია. ამჯერად კი, არჩევდა და ბოლოს თაია იპოვა. მეც ორივე შემთხვევაში, დავეთანხმე, რადგან ეს სახელები ძალიან მომწონს.
– უკვე ორი გოგოს მამა ხარ, როგორი იყო მოლოდინები – ბიჭი გინდოდათ თუ არ ჰქონდა სქესს მნიშვნელობა?
– მეორე გოგოს დაბადებას რომ მილოცავენ, იქვე აყოლებენ – მესამე ბიჭი იქნებაო (იცინის). თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შვილების სქესითა და რაოდენობით საკუთარ ამბიციებს არ უნდა იკმაყოფილებდე, პირველ შვილთან დაკავშირებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან კარგია, გოგო რომ მყავს. თანატოლ ბიჭებთან შედარებით, ნენეკო გაცილებით საყვარელია (იცინის).
– როგორი გოგოა ნენეკო?
  ნენე საკმაოდ ჯიუტი ბავშვია, ვერაფრის გაკეთებას ვერ აიძულებ. მასთან მხოლოდ დიპლომატიური, შემოვლითი გზები ჭრის. თაიაზე უკვე საკმაოდ ეჭვიანობს, თუმცა ცდილობს, დამალოს. ფეხმძიმობის დროს ანას მუცელზე რომ მოვეფერებოდი და ამას ნენე დაინახავდა, ცოტა ხანს თავს შეიკავებდა, მაგრამ მერე, მაინც მეუბნებოდა – თავი დაანებე ნუ ეფერებიო. ან ცოტა ხანში, საერთოდ სხვა რამეზე დაგვიწყებდა ჩხუბს. მე და ანი ვცდილობთ, მათ შორის ყურადღება სწორად გადავანაწილოთ, რომ ეჭვიანობის მომენტი არ გაუჩნდეს.
– ახლახან დაიბადა, მაგრამ, ალბათ უკვე დაიწყეთ მსგავსებაზე ლაპარაკი.
– ნენე მე მგავს. მას რომ ვუყურებ, წარმომიდგენია, როგორი შეიძლებოდა ვყოფილიყავი პატარა და ძალიან მაინტერესებს, ანი როგორი იყო ბავშვობაში. ამიტომ, ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ თაია ანის ჰგავს.
– როგორი ორსული იყო? ჰქონდა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი პრეტენზიები და განსაკუთრებული მოთხოვნები?
– ვერ ვიტყვი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ანის რიმე გართულება ჰქონდა ემოციური ან ფიზიკური თვალსაზრისით. იმასაც ვერ ვიხსენებ, რომელი კერძი უყვარდა განსაკუთრებით. ძირითადად, ჯანსაღად იკვებებოდა. პრეტენზიული ორსული არ იყო. ერთადერთი, როცა დრო გვქონდა, მთხოვდა, სადმე, სუფთა ჰაერზე გავსულიყავით. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან ძალიან დაცხა.
– სერიალში ნინას მეხუთე შვილი თქვენმა რეალობამ განაპირობა, არა?
– ჩვენ მოვითხოვეთ (იცინის). უკვე გვინდოდა მეორე შვილის გაჩენა და ანამ ჩვენი სურვილი სერიალის ჯგუფს წინასწარ, ფეხმძიმობამდე რამდენიმე თვით ადრე შეუთანხმა. ძალიან გაუხარდათ, მიულოცეს და სერიალში ახალი პერსონაჟი დაამატეს. უკვე მეორედ იყო „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფეხმძიმედ (იცინის).
– იქ მეხუთე შვილის დედა გახდა. რეალურ ცხოვრებაში გეგმავთ ამდენი შვილის გაჩენას?
– ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ვხვდები, ბევრი შვილის გაჩენა რამხელა სირთულეა დედისთვის. მე, რა თქმა უნდა, ამის დიდი სურვილი მაქვს და ანისაც უნდა, მაგრამ ვნახოთ, როგორ შეძლებს. თუმცა ხუთი – არ ვიცი... ამაზე მაინც ანიმ უნდა გიპასუხოთ (იცინის).
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– დასაწყისში უფრო გვქონდა პრობლემა დროსთან დაკავშირებით, ახლა ასეთ გრაფიკს მივეჩვიეთ და რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ჩვენს საქმეში, მით მეტად გვიხარია სახლში დაბრუნება. პირადად მე, ასეთ დროს უფრო კარგი ქმარი ვარ, ვიდრე, მაშინ, როცა რამდენიმე დღე არ მიწევს სახლიდან გასვლა.
– ქორწინების შემდეგ, იცვლება ურთიერთობაო, – აღნიშნავენ ხოლმე წყვილები.
– ოთხი წელი ხდება, რაც ერთად ვართ. ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის. ამბობენ, რომ წყვილის ურთიერთობაში პირველი წელიც კრიზისულია. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მოთმინებით უნდა გაუმკლავდე და შემდეგ, აუცილებლად მოვა სიმშვიდე, როგორც, საერთოდ, ცხოვრებაში. როცა რამეს სწავლობ, იქნება ეს მანქანის მართვა, პროფესიის დაუფლება თუ სხვა, ამ გზაზე ხშირად გხვდება იმედგაცრუება და შეიძლება, ზოგჯერ ისე რთულად მოგეჩვენოს საქმე, ხელის ჩაქნევაც კი გადაწყვიტო. მაგრამ, მერე მაინც ბოლომდე აგრძელებ ბრძოლას. ასეა ოჯახური ცხოვრებაც. ზოგჯერ შეიძლება, მოგეჩვენოს, რომ პრობლემა გადაულახავია, მაგრამ ამ დროს მოთმინება უნდა გამოიჩინო. მეორე ნახევარს ესაუბრო და აუცილებლად იპოვი გამამხნევებელ ძალას, რომელიც პრობლემის გადალახვაში დაგეხმარება. მთავარია, მოძალადე არ იყო და საყვარელი ადამიანის შეცვლას არ შეეცადო. ის როგორიც იყო, ისეთი შეგიყვარდა და მერე მისი გადაკეთება არ უნდა მოინდომო. გამოცდილებამ, სხვისმა რჩევამ და ასე შემდეგ, ბევრი რამ შეიძლება, გასწავლოს. მთავარია, ამ გზაზე არ გაჩერდე და სირთულე გადალახო. თუმცა, ჯერ მხოლოდ ოთხწლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს მე და ანის და ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ გვაქვს (იცინის).
– ნინას ჰგავს სინამდვილეში?
– მეჩვენება, რომ ნინა ძალიან ბევრს წუწუნებს. თითქმის სულ უკმაყოფილოა, რაც დიდად სასიამოვნო არ არის. ერთი და იმავე როლის მორგება რომ ხშირად გიწევს, მერე ჩვევაში გადაგდის და არაერთხელ მითქვამს ანისთვის: ნინა ხომ არ გგონია თავი-მეთქი?! (იცინის) ვერ ვიტყვი, რომ წუწუნი დასჩემდა, მაგრამ ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. თუმცა, ნინა რომ სულ უკმაყოფილოა, ეს თვითონაც არ მოსწონს.
– როგორ ინაწილებთ ოჯახში ფუნქციებს?
– მგონი, ოჯახში ქალი უფრო მეტ საქმეს აკეთებს. ძალიან მინდა, დავეხმარო, მაგრამ მაინც ისე გამოდის, რომ თითქოს უფრო ქალის საქმეებია გასაკეთებელი და ანი აკეთებს. თუმცა, სახლიც დამილაგებია, ჭურჭელიც გამირეცხავს და საჭმელიც მომიმზადებია, მაგრამ ვაღიარებ ანის უფრო კარგად გამოსდის (იცინის).
– კარგი კულინარია?
– კი, მაგრამ მეც არ ვითხოვ მისგან ბევრს. თვითონ სულ უნდა, რომ სადილები მოამზადოს, მაგრამ, როცა ვხედავ, ისედაც დატვირთულია, ვთხოვ, თავი დაანებოს კერძების მომზადებას და უმჯობესია, ეს დრო სხვანაირად გამოვიყენოთ, თუნდაც, დასვენებისთვის და საჭმელს რამეს მოვუხერხებთ.
– ჩვენთან ხშირად ამბობენ, კაცის ღალატს არა უშავსო.
– მგონი ეს ტენდენცია ნელ-ნელა გადადის. სერიალში მოუხდა ნინას ქმრის ღალატის გადატანა და ღმერთმა დაგვიფაროს, ჩემს გამო ანის მსგავსი საშინელების გამოვლა მოუწიოს. წარმომიდგენია, რამხელა ჯოჯოხეთია, როცა ადამიანს ატყუებ და ორმაგი ცხოვრება გაქვს. ქალისთვის ხომ უდიდესი გულისტკენაა. რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ, ის სხვას არ უნდა გაუკეთო. წარმოვიდგენ ხოლმე, რა საშინელება იქნება, ანიმ რომ მიღალატოს და ამის შემდეგ, მისი ღალატის სურვილი ნამდვილად აღარ გამიჩნდება. მგონი, თუ ასე იფიქრებ, უკეთესი იქნება.
– ანის ეკრანულ ქმართან – ლევან ყოჩიაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ამდენი წელია, ყველა მის ქმრად აღიქვამს. ცოტა უხერხულ მომენტებს არ გიქმნით ეს?
– ლევანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რამდენჯერმე, ვიღაც რომ გამიცნია და უთქვამთ, ეს ნინას ქმარიაო, შემიტყვია, არ ესიამოვნათ და ცოტა გაუკვირდათ, აშკარად სხვისი დანახვა ერჩივნათ (იცინის).
скачать dle 11.3