კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ შეიცვალა გვანცა აფხაიძის ცხოვრება მეოთხე სტადიის სიმსივნის დამარცხების შემდეგ

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 26 წლის გვანცა აფხაიძემ ყველაზე საშიში დაავადება, სიმსივნე დაამარცხა. 20 წლის იყო, როცა შეიტყო, რომ მისი ორგანიზმი ლიმფური ჯირკვლებით იყო სავსე. ექიმებმა მე-4 სტადიის სიმსივნური ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. გვანცამ გადაწყვიტა, სიცოცხლისთვის ებრძოლა და არ დანებებოდა. ამ ყოველივეში ორგანიზმმაც შეუწყო ხელი. დაახლოებით, წელიწად-ნახევარი მკურნალობდა. საბედნიეროდ, თითოეულმა კურსმა დადებითი შედეგი გამოიღო და ის დღეს სრულიად ჯანმრთელია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არ უფიქრია სიკვდილზე, რადგან წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა დარჩენილი...
გვანცა აფხაიძე:
20 წლის ვიყავი, როცა ყელზე რაღაც ამობერილი შევამჩნიე. თავიდან ფარისებრი ჯირკვალი მეგონა, მერე ვიფიქრე, ჩიყვი ხომ არ არის-მეთქი. ამიტომ, მივედი თავ-კისრის ქირურგთან. ექოსკოპია რომ გადამიღეს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე მქონდა ჯირკვლები. კომპიუტერის ტომოგრაფიაზე გამოჩნდა, რომ შინაგან ორგანოებში, ელენთაში, თირკმელშიც ფიქსირდებოდა. მაშინ საქართველოში არ იყო აპარატურა, ზუსტი დიაგნოზი, რომ დაედგინათ. გაგვიშვეს თურქეთში, სადაც სიმსივნური ლიმფომის მეოთხე სტადიის დიაგნოზი დამისვეს. მანამდე, რომ გითხრათ, ცუდად ვიყავი-მეთქი, არა, უბრალოდ სისუსტეს ვგრძნობდი ხოლმე. არ ვიცი, რას შეიძლება, გამოეწვია ეს ყოველივე ჩემს ორგანიზმში. არ ვყოფილვარ ისეთი ბავშვი, ხშირად რომ მეავადმყოფა. როცა გავიგე, ლიმფომა მქონდა, არ ყოფილა ეს ჩემთვის შოკი, არც შემშინებია და არც დიდად განმიცდია.
– იცოდი, რაც იყო?
– არ ვიცოდი, შესაბამისად, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ძალიან საშიში შეიძლება, ყოფილიყო. პირველი, რაც გავაკეთე, ინტერნეტში მოვიძიე მასზე ინფორმაცია და  მაშინ გავიგე, რომ ეს იყო სისხლის სიმსივნე,  რომელიც საჭიროებდა ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსს. სიმსივნე რომ წავიკითხე, ცოტა კი შემეშინდა, თუმცა იმ მომენტში, ალბათ, ვერ გავიაზრე, რა მელოდებოდა წინ.
– როცა ანალიზების პასუხი გაიგე, მარტო იყავი?
– არა, ჯერ მამაჩემმა გაიგო და მერე მითხრა, რომ ვარაუდობენ ლიმფომასო. მაშინ დედა უცხოეთში იყო. 2-3  დღე, როცა ანალიზების პასუხი გახდა ცნობილი, მამა და დედა ცუდ ხასიათზე იყვნენ. ვატყობდი, არ იყვნენ კარგად. მაგრამ მე არაფერს მეუბნებოდნენ. იცოდნენ, რაც მჭირდა, უბრალოდ, ჩემთვის უჭირდათ თქმა. როცა გავიგე, ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა. მათ რომ ვუყურებდი, როგორ განიცდიდნენ, არ შემეძლო, მეც შოკში ჩავვარდნილიყავი. პირიქით, იქეთ ვამხნევებდი ყველას. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრს ჰგონია, რომ სიმსივნე თუ გაქვს, სასიკვდილო განაჩენია. ასე იყო ჩემების შემთხვევშიც, თან ბებია მკერდის სიმსივნით მყავს გარდაცვლილი. აქედან გამომდინარე, ეს ამბავი მამაჩემისთვის დიდი დარტყმა იყო. ეშინოდა.
– რამდენ ხანს მკურნალობდი?
– წელიწად-ნახევარი ვმკურნალობდი. 12 ქიმიის გადასხმა გავიკეთე. ეს რომ დავამთავრე, დავისვენე რამდენიმე კვირა და შემდეგ გადავედი დასხივებაზე. ამ დროს დამეწვა საყლაპავი და დაახლოებით, 3-4 თვე ვერ ვლაპარაკობდი. ესეც გარკვეული სტრესი იყო, თუმცა ვიცოდი, რომ მეტყველება დამიბრუნდებოდა.
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, 20 წლის ასაკში ასე როგორ ვაზროვნებდი, მიკვირს. ისიც მიკვრის, რომ არ შემეშინდა. მართლა ძალიან პატარა ვიყავი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ მოვკვდებოდი. ხშირად ძალიან ცუდად ვყოფილვარ, გადასხმების დროს არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ არ ვუშვებდი იმ აზრს, რომ შეიძლებოდა, რაიმე დამმართნოდა. ვიცოდი,  იმიტომ ვიყავი ცუდად, მკურნალობის მერე კარგად რომ ვყოფილიყავი. ვცდილობდი, გამემხნევებინა საკუთარი თავი და შემართებით ვყოფილიყავი. ჩემთვის ვიმეორებდი, ცოტაც გაუძელი, ცოტაც მოითმინე-მეთქი. რატომღაც მჯეროდა, რომ აუცილებლად გადავრჩებოდი. მიმაჩნია, ადამიანი იმისთვის იბადება, რომ რაღაც შექმნას ცხოვრებაში. მაშინ არაფერი მქონდა შექმნილი და უფრო იმიტომ ვერ ვუშვებდი ჩემს სიკვდილს. არაფრით არ შეიძლებოდა ჩემი ამ ქვეყნიდან ასე, უბრალოდ წასვლა.
– ასეთ რთულ მდგომარეობაში, ამდენ რამეზე როგორ ფიქრობდი?
– ძალიან ბევრი ფიქრის დრო მქონდა. მკურნალობისას,  ხან ვიწექი, ხან  საავადმყოფოში ვიყავი და ამ ფიქრში, მგონი, დავბერდი კიდეც  (იცინის). ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია სიკვდილზე და ძალიან ბევრი ვერსია მქონდა იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის მერე. ყველაზე მეტად მეშინოდა, საერთოდ რომ გავმქრალიყავი. თუ მოხდებოდა ასეთი რამ, არ მინდოდა  სიკვდილის მერე დავევიწყებინე ხალხს. როცა სიცოცხლე გიყვარს, ალბათ, ყველაფერს დაამარცხებ. ახლა, ვინც ქიმიას იკეთებს, მინდა, ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია გწამდეთ.
– თუ გქონია უსამართლობის განცდა – „რატომ მე“?
– არასდროს არ მქონია ეგ მომენტი. საქართველოში ვიმკურნალე ბოლომდე. ექიმები მყავდა გადასარევი. შეიძლებოდა თურქეთში მემკურნალა, მაგრამ იქ იმდენად ცუდად გავხდი, რომ მერჩივნა, საქართველოში დავბრუნებულიყავი. მინდოდა, საავადმყოფოდან სახლში მივსულიყავი და არა სასტუმროში. არ მახსოვს გაბოროტებისა და უსამართლობის განცდა მქონოდეს. გადასხმაზე ვისხედით და ერთი ქალბატონი ტიროდა. ექიმი შემოვიდა და უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ტირილი: ის  უარყოფითად მოქმედებდა ორგანიზმზე. უცებ ეს ქალი ამბობს ფრაზას: რაღა მაინცდამაინც მე დამემართაო. აი, ამ სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა. მივხვდი, რომ მსგავს რამეზე არც კი მქონდა ნაფიქრი. არ მინდოდა, სხვას დამართნოდა და მე გადავრჩენილიყავი ამით. მოდი, საერთოდ არავის დაემართოს. ეს უფრო უკეთესი იქნება. ზოგჯერ ღმერთთან ასეთი თხოვნა მქონდა, კიდევ ერთხელ გადავიტან, კიდევ ერთხელ ვიმკურნალებ, თუ სხვებს აღარ დაემართებათ-მეთქი.
– როდესაც შენ ასე იმედიანად იყავი, რა ხდებოდა ამ დროს ოჯახში. შეეცვალათ შეხედულებები?
– დედისერთა ვარ და ჩემებისთვის ეს იყო ტრაგედია. მამაჩემი ჩუმად ტიროდა ხოლმე. ამაზე ისე ცუდად ვხდებოდი, ვცდილობდი, იქით გამემხნევებინა ყველა. როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ცრემლებისგან თავს ვიკავებდი, რათა ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. მთელი მკურნალობის პერიოდი ისე გავიარე, თითქოს სიმსივნე კი არ მქონდა, გაციებული ვიყავი. ჩემს მშობლებს მაქსიმალურად ვუწევდი ანგარიშს. ვიცოდი, რომ განადგურებულები იყვნენ. მე უფრო მჯეროდა იმის, რომ გადავრჩებოდი და კარგად ვიქნებოდი, ვიდრე მათ. წინა წლებში არ არსებოდა ასეთი წინადადებაც კი – იმკურნალა და გადარჩა. მე შევძელი და დავამარცხე მეოთხე სტადიის სიმსივნე. ეს არ არის სასიკვდილო დიაგნოზი. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მთავარია, მოინდომო და გინდოდეს სიცოცხლე. ცოტა ხნის წინ, გავაკეთე არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“. უნდა ვიპოვო ბევრი ადამიანი, რომლებსაც იგივე დაავადება აქვთ გადატანილი და მათი ისტორიები ხალხამდე მივიტანო. რაც უფრო ბევრი ნახავს, რომ სიმსივნით არ კვდებიან, მიხვდებიან, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

– გვანცა, მეოთხე სტადიის სიმსივნეზე ეს რთულად დასაჯერებელია. გარდა მკურნალობისა, როგორ ფიქრობ, კიდევ რა დაგეხმარა?
–  დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას. თუ იფიქრებ, რომ ვერ გადარჩები, შეიძლება, არაფერი გჭირდეს და რაღაც მაინც დაგემართოს. პოზიტიურად უნდა იყო. არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ორგანიზმი ვერ უძლებს, მაგრამ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა, ყველა შემართებით იყოს და არასდროს ჩაიქნიოს ხელი. ზოგჯერ მეც მქონია მსგავსი მომენტები – როცა  ვამთავრებდი მკურნალობას, ვფიქრობდი, დავანებებ თავს, რას აზრი აქვს-მეთქი. ვეღარ ვუძლებდი, ბოლოს ყველაზე მეტად გამიჭირდა – დამეწვა ხელები, აღარ მქონდა ვენები. მოკლედ, რთულ მდგომარეობაში ვიყავი. თუმცა, სიცოცხლისთვის ყველაფერი ღირს და არასდროს, არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი.
– დღეს არაფერი გეტყობა, თუ მსგავსი რამ გადაიტანე. ფიზიკური ცვლილებები გქონდა?
– კი, როგორ არა, ძალიან მეტყობოდა ფიზიკურად. თმები გამცვივდა, გავსუქდი მკურნალობისგან და აშკარგად ჩანდა, რომ ავად ვიყავი. ფიზიკურად რომ შევიცვალე, ეს იყო ყველაზე დიდი სტრესი. თმა არ ამომდიოდა და მეგონა, რომ რაღაც ძალა იყო ამ თმაში. შესაბამისად, ერთი სული მქონდა, როდის ამომივიდოდა. ყველას ვეცოდებოდი და ეს ისე მაღიზიანებდა – ამბობდნენ, საწყალი სიმსივნე აქვს, კვდებაო და ასე შემდეგ. ამაზე ვბრაზდებოდი და ვპასუხობდი, არ ვკვდები, ვიმკურნალებ და გადავრჩები-მეთქი. ამის გამო არ მიყვარდა ხალხში გასვლა, თან ზოგი მეკითხებოდა, ხომ არ გადამედებაო. მკურნალობა რომ დავამთავრე, ძალიან გამიჭირდა საზოგადოებასთან ადაპტაცია. მეგონა, ისევ ისე დაიწყებდნენ: უი, საწყალი, ამას კიბო ჰქონდა. ახლა ვერავის წარმოუდგენია, თუ ოდესმე ეს დაავადება გადავიტანე. თმამ ზრდა რომ დაიწყო, ისე გამიხარდა, ვთქვი, არასდროს შევიჭრი-მეთქი (იცინის).
– მკურნალობის ხარჯებს თქვენ ფარავდით?
– მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. რაღაც ნაწილი დამიფინანსა საყოველთაო დაზღვევამ, ხოლო ნაწილი ჩვენ გადავიხადეთ. სახლიც გავყიდეთ.
– შეიცვალა შენი ცხოვრება, ამ ყოველივეს შემდეგ?
– რა თქმა უნდა, დავუბრუნდი ცხოვრების აქტიურ რიტმს. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ვიყავი იურისტი და უცებ დავანებე სწავლას თავი. მინდოდა, ვყოფილიყავი მხატვარი და დავიწყე ხატვა. არ მეგონა, თუ ვინმეს მოეწონებოდა ჩემი ნახატები, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ ბევრს მოსწონს. მანამდე არც არასდროს მიცდია, მიუხედავად იმისა, რომ მამა ხატმწერია. მამა არასდროს მასწავლიდა არაფერს. მიაჩნდა, რომ ნამდვილმა მხატვარმა უნდა დახატოს ის, რაც უნდა და ჩარჩოებში არ უნდა მოექცეს.
– რას ამბობენ შენი ნახატები?
– ჩემი ნახატები ბევრ რამეს ამბობენ და ბევრი აზრი დევს მათში. რასაც განვიცდი, ვგრძნობ, ვფიქრობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე ვხატავ. გამოფენა ჯერ არ მქონია, ცოტა ხანია, რაც ამ საქმეს მივყავი ხელი. თუმცა იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში მექნება.  დავხატე ქიმიაც. ჩემებურად გადმოვეცი ეს პროცესი:  მწვანე ცხენები არის ცხოვრება, რომელიც გრძელდება; ხოლო შავი ცხენი იქაა, სადაც ადამიანი ქიმიას იკეთებს. ამ დროს, თითქოს გაჩერებულია შენი ცხოვრება, ვერ რეალიზდები, ვერაფერს აკეთებ, ცუდად ხარ. რატომღაც მგონია, იმიტომ გადავრჩი, რომ სხვებს დავხმარებოდი.
скачать dle 11.3