კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (122)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

№31 ვინ შეიძლება, ყოფილიყვნენ ფარნავაზ მეფის წინაპრები და რა თანამდებობები ეკავათ მათ აქემენიდებისა და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიებში

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

აქემენიდების იმპერია უდიდესი იყო მანამდე არსებულ იმპერიებს შორის. მაკედონიაში იბადებოდა ახალი გეგმები. საქართველოზეც უნდა ემოქმედა ამ ცვლილებებს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 336 წელს მაკედონიის მეფე გახდა ალექსანდრე მესამე –  ფილიპე მესამე მაკედონელის ვაჟი. ახალგაზრდა ალექსანდრე მაკედონელმა გადმოლახა აზიისა და ევროპის საზღვარი და შეუტია სპარსეთის იმპერიას.
იმავე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 336  წელს სპარსეთის ტახტზე აიყვანეს აქემენიდთა გვერდითი შტოს წარმომადგენელი, დარიოს მეორის შვილთაშვილი კოდომანი, რომელმაც ტახტზე ასვლისას მიიღო სახელი დარიოს მესამე. მანამდე სპარსეთის იმპერიის სატრაპი იყო არმენიაში. ტახტზე ასვლისას 45 წლის ყოფილა ახალი შაჰი.
ქართული წყაროების მიხედვით, იმ პერიოდში მცხეთის მამასახლისი გახლდათ სახელგანთქმული კაცი, სახელად სამარა. ის ყოფილა მცხეთის დამაარსებლის, მცხეთოსის შთამომავალი, ქართველთა მამამთავრის, ქართლოსის ძისა.
სამარა მამასახლისს ჰყოლია უმცროსი ძმა, რომლის სახელიც უცნობია. როგორც ჩანს, ბედის საძიებლად სამარას ძმა გამგზავრებულა სპარსეთში და შესულა დარიოსის სამსახურში. ასეთი რამ ძალიან ხშირი მოვლენა იყო საქართველოსა და სხვა ქვეყნების ისტორიაში. მემკვიდრეების უმცროსი ძმები სხვაგან მიდიოდნენ მამულისა თუ შემოსავლის მოსაპოვებლად, რადგან მემკვიდრეობის გაყოფა არ შეიძლებოდა, ის უფროს ვაჟზე უნდა გადასულიყო. სპარსეთის აქემენიდთა მრავალეროვან სახელმწოფოში არა მხოლოდ სპარსელები მსახურობდნენ, არამედ სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები და ხშირად, დიდ თანამდებობებსაც აღწევდნენ. ჩვენი სამშობლო გადაკარგულ კუნძულზე არასდროს ყოფილა და ჩვენი წინაპრებიც მონაწილეობდნენ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში. შაჰის კარზე თავი გამოუჩენია ქართლოსის შთამომავალს, თან იმდენად, რომ  დარიოსს მისთვის თავისი ქალიშვილიც კი მიუთხოვებია. ამას გვიამბობს გვიანდელი ხანის რამდენიმე ქართველი ისტორიკოსი, ალბათ, უფრო ძველი გადმოცემების საფუძველზე. მართალია თუ არა ეს ცნობა, ძნელი სათქმელია. თუმცა, გამორიცხული არაფერია. ცნობილია, რომ დარიოს მესამეს ჰყავდა ორი ქალიშვილი. ერთი – სტატეირა, ალექსანდრე მაკედონელს მოუყვანია ცოლად, მეორე – დრაპეტიდა ალექსანდრემ ბავშვობის მეგობარს, ჰეფესტიონს მიათხოვა. თუმცა, მამასახლის სამარას ძმას ვინ მიათხოვეს და რა ერქვა, არ ვიცით. შესაძლოა, დარიოსს სხვა ქალიშვილიც ჰყავდა, ან გადმოცემაში სპარსეთის შაჰის სახელი არ არის დაზუსტებული და  სამარას ძმას, დარიოს მესამის რომელიმე წინა შაჰმა მიათხოვა ქალიშვილი. „ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ სამარას რძალი სპარსელი ყოფილა.
ალექსანდრე მაკედონელმა სამჯერ დაამარცხა დარიოს მესამე. დარიოსის დამარცხების შემდეგ სამარას ძმა წამოსულა სპარსეთიდან და დაბრუნებულა მშობლიურ ქალაქ მცხეთაში, თავის ძმასთან, მამასახლის სამარასთან. თან ახლდა მეუღლე, სპარსეთის პრინცესა და დაახლოებით 2-3 წლის ვაჟი, ფარნავაზი.
ზოგიერთი მკვლევარი გვიხსნის, რომ „ფარნავაზი“ წარმოსდგება ორი სპარსული სიტყვისაგან: „ფარნა“ - ბრწყინვალე, მანათობელი, „ბაზა“ - ხელი და ნათელი, ბრწყინვალე ხელის მქონეს ანუ „ბრწყინვალე ხელისუფალს“ ნიშნავს. ამგვარად, ეს სახელი თავდაპირველად მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი ტერმინი იყო - „ხელ-ნათელი“, „ხელბრწყინვალე“ (ავთანდილ სონღულაშვილი). დაახლოებით, ამის მსგავსია ქართული სიტყვა „ხელმწიფე“.
სახელი ფარნაბაზი მანამდეც არსებულა. მცირე აზიაში აქემენიდებს ჰყავდათ მოხელეები, რომლებიც დიდ თანამდებობებს იკავებდნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მაშინდელ მსოფლიოში. გერმანელი ირანისტის, ჰაიდემარიე კოხის კვლევებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნიდან არსებობდა ფარნასიდების (ფარნაკიდების) დინასტია. ამ დინასტიაში სამი ფარნაბაზია (ფარნაბაზუსია) ცნობილი. პირველ ფარანაბაზს ცოლად ჰყავდა არტაქსერქსე მეორის ქალიშვილი. ბოლო, ფარნაბაზუს მესამე იყო შვილი არტაბაზ მეორის, ფრიგიის სატრაპის. არტაბაზ მეორე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 358 წელს ჩაერთო სპარსეთის შაჰის, არტაქსერქსე მესამის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. არტაბაზთან მსახურობდა ცნობილი ბერძენი სარდალი მემნონ როდოსელი, მენტორის ძმა. მენტორი სპარსული ჯარების ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო. არტაბაზს ცოლად ჰყავდა მემნონისა და მენტორის და. აჯანყების დამარცხების შემდეგ არტაბაზს და მემნონს მოუწიათ გაქცევა და თავი შეაფარეს მაკედონიის მეფე, ფილიპე მესამესთან, ალექსანდრეს მამასთან. არტაბაზს თან ახლდა თავისი ვაჟი, ფარნაბაზი.
შემდეგში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 345 წელს მენტორმა მოახერხა, დაარწმუნა შაჰი და მემნონსა და არტაბაზს აპატიეს დანაშაული და დააბრუნეს. ფარნაბაზი გახდა კილიკიის სატრაპი.
ალექსანდრე მაკედონელის სპარსეთის იმპერიაზე შეტევის დაწყებისას, ფარნაბაზისა და მემნონ როდოსელის გეგმით, სპარსელებს იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა გაევლო მაკედონელების ჯარს, აპირებდნენ გაენადგურებინათ ყველაფერი – ყანები, ჭები, მოსავალი, ნახირი, ცხვრის ფარები, რათა  დაესუსტებინათ ალექსანდრეს ჯარი. მაგრამ, სპარსელებმა უარი განაცხადეს საკუთარი მოქალაქეების ქონების განადგურებაზე. თუმცა, დარიოს მესამე აფასებდა ამ გეგმის ავტორებს. მან მემნონი დანიშნა სპარსელთა ჯარის მთავარსარდლად. ისოსის ბრძოლაში დარიოსი დამარცხდა. ფარნაბაზი აგრძელებდა ალექსანდრესთან ბრძოლას. მაგრამ მერე ჯარი შემოეცალა, დაამარცხეს, დაატყვევეს და მიჰგვარეს ალექსანდრეს, თუმცა მოახერხა გაქცევა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 331 წელს არტაბაზ მეორე მონაწილეობდა გავგამელას ბრძოლაში. ალექსანდრემ გაიმარჯვა. დარიოსი გაიქცა, თუმცა, მალე მოღალატეებმა მოკლეს. ასე დაიღუპა სამარა მამასახლისის ძმის სიმამრი, ანუ ჩვენი პირველი მეფის პაპა, დედის მხრიდან (თუ მართალია გადმოცემა ჩვენი ფარნავაზის დედის, დარიოსის ასულობის შესახებ).
 არტაბაზ მეორე იძულებული გახდა და გადავიდა ალექსანდრე მაკედონელის მხარეს. მისი ქალიშვილი, ბერსინე უყვარდა ალექსანდრეს და შვილიც ჰყავდა მისგან. ალექსანდრემ არტაბაზი დანიშნა ბაქტრიის სატრაპად. 327 წელს არტაბაზი გადადგა თანამდებობიდან და ორ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. არტაბაზის სხვა ქალიშვილი აპამე (სხვა ცნობებით არტაკამე) ცოლად მოიყვანა ალექსანდრე მაკედონელის მეგობარმა, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ფარაონმა პტოლემე პირველმა, პტოლემეიდების დინასტიის დამაარსებელმა, კლეოპატრას წინაპარმა.
ალექსანდრეს ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ ფარნაბაზი კარგა ხანს არ ჩანდა. მაგრამ, 324 წელს ფარნაბაზის და – არტონიკე ცოლად მოიყვანა ალექსანდრეს სარდალმა ევმონმა, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ იბრძოდა ალექსანდრეს ძის ინტრესების დასაცავად. ფარნაბაზიც მის გვერდით ჩანს ჩვენს წელთაღრიცხვამდე  321 წელს.  
ზუსტად ამ წლების შესახებ არის მოთხრობილი ზემოთ ნახსენებ გადმოცემაში (ასევე ძველ ქართულ წყაროებში), რომლებიც მოგვითხრობენ ქართლში სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესახებ. დარიოსის დამარცხების მერე მცხეთაში ბრუნდება სამარა მამასახლისის ძმა, თავის სპარსელ ცოლთან და პატარა ვაჟთან ერთად, რომელსაც ჰქვია ფარნავაზი.  
შეიძლება, ჰიპოტეტურად ვივარაუდოთ, რომ პატარა ფარნავაზი, ქართული წყაროების მიხედვით, სამარა მამასახლისის ძმის შვილი, იყო სატრაპ ფარნაბაზის შვილი, ან უფრო შვილიშვილი, რადგან ეს სახელი ტრადიციული იყო მათ ოჯახში. თეორიულად შესაძლებელია, ფარნაკიდების დინასტია ქართული წარმოშობის იყო და მსახურობდა სპარსეთის იმპერიაში, ხოლო აქემენიდების იმპერიის დაცემისა და ალექსანდრეს გარდაცვალების შემდგომ დაბრუნდნენ ქართლში, ან ერთი შტო იყო წასული და ის შტო დაბრუნდა. შესაძლოა, სამარა და პატარა ფარნავაზის მამა იყვნენ ფარნაბაზ მესამის, კილიკიის სატრაპის, მამის, არტაბაზის სხვა შვილები, რომლებიც ქართლში შემოჭრისას მოკლა ალექსანდრე მაკედონელის რომელიმე სარდალმა, რომელსაც რეგიონში უნდოდა გაბატონება. იმედია, მომავალში გაირკვევა ჩვენი ფარნავაზისა და ფარნაკიდების დინასტიას რაიმე კავშირი ჰქონდა თუ არა ერთმანეთთან.
ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება ასეთ მოვლენებთან იყო კავშირში.
скачать dle 11.3