კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება თბილისი საშუალო სიმძლავრის მიწისძვრის დროს და გახშირდა თუ არა მიწისძვრები ქვეყნის მასშტაბით

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 საქართველო სეისმურ რეგიონს მიეკუთვნება. შესაბამისად, ხშირია მიწისძვრები. წარსულში არაერთი დიდი მიწისძვრის მომსწრენიც ვყოფილვართ, აქედან გამომდინარე, პატარა ბიძგის შემთხვევაშიც კი, მოსახლეობაში პანიკა იქმნება. არის თუ არა წელს გახშირებული მიწისძვრები, ამ საკითხთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორს, ზურაბ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ.
ზურაბ ჯავახიშვილი:
ზოგადად, მიწისძვრები ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობით არ ხდება. ჩვენთან დაახლოებით, 5 წლის წინ უფრო მეტი მიწისძვრა ფიქსირდებოდა, ვიდრე შარშან ან წელს. 90-იან წლებში განსაკუთრებით გააქტიურებული იყო ეს პროცესი - რაჭაში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, რომელსაც მოჰყვა ავთერშოკების გრძელი სერია. ეს რეგიონი მას შემდეგ დიდი ხანი იყო აქტიური. გარკვეული აქტიურობა ონის მახლობლად დღესაც შეინიშნება, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ჩაწყნარებულია. შეხედულება მიწისძვრების მატებასთან დაკავშირებით იმიტომ გაჩნდა, რომ გაიმართა ქსელი, მოიმატა სადგურების რაოდენობამ და ხალხი უფრო ინფორმირებული გახდა.
– ყველაზე აქტიური რომელი რეგიონია?
– წლევანდელი მონაცემების მიხედვით, კახეთი საკმაოდ აქტიურია. ზოგადად, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა კავკასიონის ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი. ისეთი რეგიონი, სულ რომ მიწისძვრა არ ხდებოდეს, საქართველოში არ გვხვდება. უბრალოდ, არის ადგილები, სადაც ნაკლებად შეინიშნება ბიძგები. რამდენიმე წლის წინ შავ ზღვაში დაფიქსირდა მიწისძვრა, სადაც დღემდე გრძელდება ბიძგები. ეს ადგილი ჩვენი სანაპიროებიდან 35-40 კილომეტრშია.
–  წელს დღემდე რამდენი მიწისძვრაა დაფიქსირებული, რაც მოსახლეობამ იგრძნო?
– რამდენიმე ათეული იქნება, თუმცა თბილისში ნაკლებად, უფრო რაჭაში და  დმანისთან ფიქსირდება. თბილისში 2-3 იქნება, რომელიც წელს იგრძნეს, ეს კი  კახეთიდან ბიძგები იყო. საბედნიეროდ, რამდენიმე წელია, ჩვენთან მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
– გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უახლოეს მომავალში დიდი მიწისძვრაა მოსალოდნელი.
– ეს საფუძველს მოკლებულია. იქიდან გამომდინარე, რომ სეისმურ რეგიონში ვცხოვრობთ, დიდი მიწისძვრა მოსალოდნელია, თუმცა წელს მოხდება, მომავალ წელს, ზაფხულში, თუ შემოდგომაზე, ეს უცნობია. მსგავსი ინფორმაცია საზიანოა და პანიკის საფუძველს ქმნის. თუმცა, მოსახლეობა უნდა იყოს მზად ამისთვის, ისევე, როგორც ხელისუფლება. განსაკუთრებით ის სამსახურები, რომლებმაც საჭიროების შემთხვევაში, უნდა იმოქმედონ. ჩვენი ქვეყანა საშუალო სეისმურ ზონადაა მიჩნეული. თუმცა, მაგნიტუდით საკმაოდ ძლიერი მიწისძვრებიც ყოფილა. მომავალში რა იქნება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
– მიწისძვრების სიმძლავრემ თუ მოიმატა?
– სეისმური პროცესი ასე სწრაფად არ იცვლება. მას სჭირდება ათასწლეულები. უახლოეს მომავალში სეისმურობა გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ჩვენთან იშვიათად ხდება მიწისძვრები, მეორე მხრივ, აბსოლუტურად მოუმზადებლები ვართ ამ პროცესისთვის და საშუალო მიწისძვრაც კი, ცუდ შედეგს გვაძლევს. ამის მაგალითია, 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრა. აუცილებელია სამშენებლო ნორმების განახლება – ძალიან მოძველებულია და რუკაც ძველია. 18 წელია გასული, რაც ეს რუკა შეიქმნა. საჭიროა ევროპული ნორმების მიღება, რომელიც გაცილებით თანამედროვეა.
– ანუ, თბილისი საშუალო მაგნიტუდის მიწისძვრას ვერ გაუძლებს?
– 2002 წელს მაგნიტუდა 4,5 იყო, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და დაზიანდა 1 200 შენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობები ამ მხრივ ძალიან მისახედია - შესამოწმებელი და გასამაგრებელია. ამ მიწისძვრას ამხელა ზარალი და მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა. საშუალო მაგნიტუდის მიწისძვრას თბილისი ვერ გაუძლებს. საერთოდ, მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვება დიდ ქალაქებში, იქ, სადაც ბევრი შენობა და მჭიდრო დასახლებაა.
– მოძველებული სამშენებლო ნორმები გასაგებია, მაგრამ ამ ნორმების დაცვა თუ ხდება მშენებლების მიერ?
– არ მინდა პანიკის დათესვა, მაგრამ ამ მხრივ ცუდად არის საქმე. მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია გეოლოგიური კვლევა, თუმცა ამ მხრივაც დიდი ჩავარდნებია. ჩვენთან გარკვეული ინფორმაცია მოდის. ზოგი კომპანია კეთილსინდისიერად იქცევა და იცავს ყველაფერს, უფრო მეტიც, ითხოვენ ევროპული მეთოდით კვლევის ჩატარებას. ეს უფრო დიდი მასშტაბით მშენებლობებს ეხება. თბილისში ბევრ კორპუსს პირდაპირ ეტყობა, რომ იქ კარგად ვერ არის საქმე. ბევრ კომპანიას, მხოლოდ ფორმალურად აქვს ეს გეოლოგიური კვლევა, რადგან ამ დასკვნის გარეშე ვერაფერს ააშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის დროსაც იყო და არც მაშინ აშენებული შენობებია სანდო. სპიტაკის მიწისძვრამ, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 15 კილომეტრში მოხდა, ეს ნამდვილად დაამტკიცა. სპიტაკის მიწისძვრა ცნობილია, როგორც ადამაინის შექმნილი კატასტროფა. იქ იყო მთელი რიგი დარღვევები: სეისმურობის დაბალი შეფასება, მშენებლობის ნორმები დარღვეული, უხარისხო კონსტრუქციები, უხარისხო მასალები და ასე შემდეგ. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ერთდროულად ხდებოდა მშენებლობა, შესაბამისად, არც ჩვენ ვართ კარგ დღეში. ამას არ სჭირდება პანიკის დათესვა, უბრალოდ, ეს თემა მისახედია. თბილისის სეისმურობა დაბალია, მაგრამ საშუალო მიწისძვრამაც შეიძლება, ცუდი რამ გამოიწვიოს. მოსახლეობა ბევრია, მჭიდრო დასახლებაა და შენობების სიმრავლეც შეინიშნება.
– რა წესები უნდა დაცვას მოსახლეობამ მიწისძვრის დროს, რომ სავალალო შედეგი არ მივიღოთ?
– ამერიკის გეოლოგიურ სამსახურს ჩამოყალიბებული აქვს სამი პუნქტი. პირველია, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გაიქცნენ შენობიდან. ადამიანი უნდა გაჩერდეს იქ, სადაც არის, არ იმოძრაოს. უნდა მოსცილდეთ ფანჯარას და კარადებს. შეეცადეთ, დადგეთ ცარიელ კედელთან. კარგია თუ ჩაიმუხლებით და თავს ხელებით მაინც დაიფარავთ. საუკეთესო გამოსავალია, მაგიდის ქვეშ შეძრომა. ღამე, თუ მიწისძვრამ გაგაღვიძათ არ ადგეთ, ბალიში დაიფარეთ თავზე. ყველაზე ცუდია, როცა შენობიდან გარბიხართ. სწორედ ამ დროს იღუპება ყველაზე მეტი ადამიანი. თუ, ვერ ჩერდებით და გარბიხართ, დაითვალეთ 20-30-მდე და მერე გაიქეცით, რადგან რეალურად, 30 წამზე მეტი იშვიათად გრძელდება მიწისძვრა. ჩვენთან ყოველი შემთხვევისთვის უფრო დიდხანს არ გაგრძელებულა. თბილისში მიწისძვრა რომ მოხდა, ერთი დარტყმა იყო. ერთი წამიც კი არ ყოფილა.
скачать dle 11.3