კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ მიიჩნევა გველი ერთდროულად სიკვდილისა და სიცოცხლის, სიკეთისა და ბოროტების სიმბოლოდ და რამდენი ცოდვა მიეტევება ადამიანს მისი მოკვლისთვის

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ზაფხულია და როგორც ყოველთვის, აქტუალურია ქვეწარმავალების თემა და  არ იქნებოდა ურიგო, ამ მავნე თუ სასარგებლო, ბრძენი თუ ვერაგი, ბნელი თუ ნათელი ძალების სიმბოლოდ მიჩნეული არსების შეცნობაში, თავის წვლილს „შეუცნობელიც” თუ შეიტანდა. დახმარებისთვის მივმართეთ ბატონ თამაზს, რომელმაც გველის მრავლისმეტყველი სიმბოლოს და მასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციის: მეცნიერული კვლევების, ხალხური გადმოცემების, თქმულებებისა თუ ცრურწმენების შესწავლისა და ეზოთერული მიდგომების საფუძველზე, მთელი სისტემა შეიმუშავა.
– გველი, ალბათ, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა შორის, ყველაზე მეტად ასოცირდება მაგიასთან...

– სიბრძნისა და ვერაგობის ეს სიმბოლო, თავისი რგოლებად დაჭიმული გრაგნილებით, წარმოსახვის ზღვარგადასულ, უცნაურ ჯაჭვს ქმნის მატერიალურსა და იმქვეყნიურ სამყაროს; სიკვდილის ბნელ მაგიასა და მკვდრეთით აღდგომის ღვთაებრივ ძალებს; მზის სინათლესა და ცივი მიწისქვეშეთის უკუნეთს შორის. ამიტომაცაა, გველი – ქვებშორის მცხოვრები ეს იდუმალი არსება, საფლავში ჩაძვრომაც რომ ძალუძს, ერთი მხრივ, სიკვდილის პირდაპირი განსახიერება და იმავდროულად, მუდმივად განახლებადი ბუნების, ანუ ტყავის გამოცვლის გამო, სიცოცხლისა და უსასრულო გარდასახვის სიმბოლოც. სწორედ ამიტომაც აირჩია, ალბათ, გრიგოლ რობაქიძემ თავისი რომანის, „გველის პერანგის” „ფილოსოფიურ ქვად”, როგორც მარადიული დაბრუნების იდეა: „არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ” (გ. რობაქიძე)... ალბათ, ამგვარი უცნაური ორსახოვნება გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს წინაპრებს სახლში ის ოჯახის მფარველ, „ფუძის ანგელოზად” მიაჩნდათ, სასაფლაოზე კი – გარდაცვლილთა სულის ერთგვარ ემისრად. ასეთი არსების ხელშეუხებლობა მკაცრად იყო დაცული – ეს გარდაცვლილთა უკიდურეს შეურაცხყოფად მიიჩნეოდა.  
– „ფუძის ანგელოზის” ტრადიცია ხომ ჩვენს ფოლკლორში დღემდეა შემორჩენილი...
– „ფუძის ანგელოზი” სვანეთში მეზირის სახელითაა ცნობილი და გარეგნულად გველს უნდა ჰგავდეს ის – მას მოწიწებით ექცეოდნენ და რძით უმასპინძლდებოდნენ. ერთი ასეთი შემთხვევა მინდა, გავიხსენო, თუმცა ეს უკვე არა სვანეთში, არამედ კახეთში, ყვარლის რაიონში მოხდა. ერთი ოჯახის დიასახლისს საკუჭნაოდან ხმაური შემოესმა. შეიხედა და ფანჯრის რაფაზე ორ მეტრზე მეტი სიგრძის გველი დახვდა. ქალის დანახვაზე ქვეწარმავალი გაღიზიანდა, გაიჭიმა და ასისინდა. საშველად ქმარი შევარდა, მაგრამ გველის მოკვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ბოლოს მოკლული ქვეწარმავალი გარეთ გაათრიეს, მაგრამ მალე ქალს უჩვეულო წივილი მარნიდან შემოესმა. ფრთხილად შეაღო კარი – იმავე ზომისა და ფერის უხსენებელი წიოდა და თავს ცემენტის იატაკს ურტყამდა. სანამ დიასახლისმა მშველელი მოიხმო, გველმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ორი იდენტური გველი ერთ ჭერქვეშ ცოტას თუ უნახავს, მით უმეტეს, არავის სმენია, ერთის სიკვდილის გამო, მეორეს თავი მოეკლა. ამ უცნაურმა და უსიამოვნო ფაქტმა ოჯახი საგონებელში ჩააგდო. ფიქრობდნენ, რომ ისინი ფუძის მფარველები იყვნენ.
– რა ელის მას, ვინც გველს მოკლავს?
– ერთი ვერსიით, რადგან ბიბლიის მიხედვით, გველი მაცდური და უწმინდური არსებაა, მის მკვლელს სიცოცხლეში ჩადენილი 40 ცოდვა მიეტევება... და რაც მეტს მოკლავს, მეტად განიწმენს სულს. თუმცა, უფრო შორეული ეპოქიდან მოღწეული თქმულებები, გველის მოკვლისთვის ხუთწლიან უბედურებას გვისჯის. როცა გველი ვინმეს უკბენს, მისი სახეობათა უმეტესობისთვის ეს საბედისწეროა. ამიტომაა, რომ მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იკბინება – პირველი არასდროს ესხმის თავს არც ადამიანს და არც ცხოველს. პირიქით, ურჩევნია, მოწინააღმდეგეს გაეცალოს. თუმცა, თუ თავდასხმა გადაწყვიტა, დიდხანს ადგენს მოქმედების გეგმას, არც წყენას ივიწყებს – ჯავრი შეიძლება, წლების შემდეგაც კი იყაროს.
– რაც შეეხება გველის მაგიურ ძალას...
– გადმოცემა და ცრურწმენა მისი მაგიური ძალის შესახებ ძალიან ბევრია და მათ შორის, ყველაზე თავზარდამცემი მისი ნახვა სახლის ზღურბლზეა – შედეგის პესიმისტური ვარიანტი ოჯახის უფროსის ან დიასახლისის გარდაცვალებაა; ოპტიმისტური კი – გაფრთხილება მოახლოებული საფრთხის შესახებ, რაც დროული რეაგირებით, შეიძლება, თავიდან აიცილოთ. მაგრამ, თუ გველი ზღურბლს გამოსცდა და სახლში შემოაღწია, ანდა დიდხანს იწრიალა ეზოში, საგულდაგულოდ გადაჩხრიკეთ კარმიდამო, სადმე კვერცხი ხომ არ დადო. თუ ბედის ამ საჩუქარს წააწყდით, კარგად შეინახეთ, მომდევნო ათი წელი სრული გამართლება გელით ცხოვრებაში. გოლიათის ჯანღონით სავსეს განსაცდელი ვერ შეგეხებათ. სახლს კი, სადაც კვერცხია, ვერც ქურდი მიეკარება და ვერც ცეცხლი დაწვავს. მაგიურ „გველის პერანგს”, ანუ მის გამონაცვალ ტყავს თუ სადმე გადაეყარეთ, ხიფათისგანაც დაგიცავთ და ბედსაც გწევთ: თუ ქუდში დამალავთ, შაკიკი მოგეხსნებათ; ფეხზე – შეიბამთ, რევმატიზმებისგან განიკურნებით; ტოპრაკში გამოკრულს ყელზე საიდუმლო თილისმად თუ ატარებთ ან სახლის ჭერზე ჩამოჰკიდებთ, თვალი არ გეცემათ... და წარმოიდგინეთ, არც მტერს გაახარებს თქვენსას – მხოლოდ ბალიშის ქვეშ ამოუდეთ და დანარჩენი თვითონ იცის: თანდათან დალევს სულს ის უბედური. თუ გველმა ეკლესიისკენ ჯვარდასაწერად მიმავალ წყვილს გადაუჭრა გზა, მათი ქორწინება დიდხანს არ გასტანს, ხოლო თუ სტუმრად მიმავალმა შენიშნეთ გზაზე, მხიარულად გაატარებთ დროს. თუმცა, მისი დანახვა ფეხმძიმე ქალისთვის ცუდია... მაგრამ თუ მოკლავთ, მოხარშავთ და ნახარშს საჭმელში ჩაასხამთ, ნადირ-ფრინველთა ენას გაიგებთ. არ შეიძლება აქ, ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელი” არ გავიხსენოთ. მინდიას პორტრეტი „გველის მჭამელიდან” პროტოტიპია ქართული ფოლკლორის პერსონაჟისა – ხოგაის მინდია, რომელმაც ქაჯების ტყვეობაში ყოფნას სიკვდილი არჩია და ამ მიზნით, მათი საკვები – გველის ხორცი ჭამა. მაგრამ, მოწამვლის მაგიერ, ჯადოსნური ძალა შეიძინა – ამოიცნო ბუნების საიდუმლო: ფლორა-ფაუნის ენა ესმოდა და ამ უნარს ხალხის საკეთილდღეოდ იყენებდა... დაბოლოს, თუ უხსენებლის გამომშრალ თავს კისერზე დაიკიდებთ, მახრჩობელა სენისგანაც კი განიკურნებით. გველის გამოსახულება არაჩვეულებრივი თილისმაა: სიბრძნეს მატებს და გამოსავალს, თვით ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდანაც კი უჩვენებს პატრონს.
– პრაქტიკული, ყოფითი რჩევებიც შეგიძლიათ, მოგვცეთ?
ამბობენ, წყლის გველი არ იკბინებაო. სოკოზე თუ წახვალთ ტყეში, ფეხსაცმელებში გველის ბალახი (მეცნიერები ვერონიკას ყვავილს უწოდებენ) ჩაიფინეთ, რომელსაც ასე იმიტომ შეარქვეს, რომ გაუგებარი მიზეზის გამო, გველებს სასტიკად ეშინიათ მისი. როცა გაზაფხულზე ქვეწარმავალთა განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნევა, მას გრილი და წვიმიანი ზაფხული მოსდევს. თუ ზაფხულშია გველები უჩვეულოდ მომრავლებული, ეს მეტად ნესტიანი და ცივი შემოდგომის მაუწყებელია. მათი სიმრავლე კი, წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს, შეწყვილების რიტუალზე აღწევს პიკს. გადმოცემების თანახმად, ამ დროს, უმჯობესია, ტყეში არ წახვიდეთ, რადგან „ახალდაქორწინებულთა მაყრიონის” გამო, ფეხის დასადგმელსაც ვერ იპოვით. ისე, არც საკუთარ ეზოში გაწყენდათ სიფრთხილე.  
 – სიზმრად თუ ვნახეთ გველი...
– გველის მოკვლა სიზმარში, ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით, საწადელის მიღწევასა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ნიშნავს.  თუ მიწაზე მცოცავი ნახეთ – ვერაგი მტერი, ადრე თუ მზაკვრობას მალულად ცდილობდა, ახლა ღია ბრძოლაზე გადმოვა. თუ გველი შხამიანია, მოწინააღმდეგის მოგერიებას ვერ შეძლებთ. ცუდია დაგრაგნილი გველის დასიზმრებაც – ბევრ მოშურნეს სურს თქვენთვის კარიერისა და ოჯახის დანგრევა და სიკვდილიც კი. ყურადღებით იყავით ნაცნობებთანაც, ანაზდად წამოსროლილმა სიტყვამ, თქვენვე რომ არ გავნოთ. თუ სიზმარში გველი იკბინება – ახლობლისგან მწარე იმედგაცრუება გელით. ვისაც ენდობოდით, გიღალატებთ, თქვენ კი კარგა ხანს ვერ მიხვდებით, რაშია საქმე და უიღბლობის მიზეზს სხვაგან დაუწყებთ ძებნას. ამ ადამიანს კი თქვენი უბედურება სურს და ამისთვის, არც შავ მაგიას ერიდება.
скачать dle 11.3