კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა ტიპის შეიარაღებული ძალები, გაწვევისა და სარეზერვო სისტემები უნდა ჰქონდეს საქართველოს, რომ შეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა და ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 კ
ანონში შევიდა ცვლილება, რის მიხედვითაც, სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდება მაქსიმუმ სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სახალხო დამცველის აპარატმა ცვლილებები დაიწუნა, რეპრესიულიაო (თუმცა თქვენ რეპრესიები მაშინ იკითხეთ, ოკუპანტმა თუ ტანკები დაძრა და ჩვენ არაფერი გვეცოდინა თავდაცვისა) და ჯარში სამსახურის მიმზიდველობის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი (რთული სათქმელია, რამ უნდა გახადოს სიკვდილი მიმზიდველი). მეორე მხრივ, ეს ცვლილება არც ახალგაზრდების ნაწილს მოეწონა, იმისდა მიუხედავად, რომ ტერიტორიის მესამედიც ოკუპირებული გვაქვს და მცოცავი  ოკუპაციაც ლამის ყოველდღიურობად იქცა. საზოგადოების ნაწილი დაქირავებული ჯარის ვერსიისკენ იხრება (ცხადია, გულისხმობს, რომ სხვა დაექირავება და მას დაიცავს). კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ, შეძლებს თუ არა ქვეყანა თავის დაცვას, თუ მის მოქალაქეებს მისი დაცვის სურვილი არ ექნებათ.
– როდესაც ადმინისტრაციულ საზღვარს გადმოგვიწევენ ოკუპანტ-სეპარატისტები, საზოგადოება შფოთავს, სად არის სახელმწიფოო, მაშინ, როდესაც თავად ჯარში სამსახური არ უნდა, ამდენად, რა რესურსიც აქვს, ისე იქცევა სახელმწიფოც. როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ არავის უნდა თავად ქვეყნის დაცვაში მონაწილეობა, მაგრამ უნდა, რომ ქვეყანა და თავადაც იყოს დაცული?
– ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ძალიან ფართო მსჯელობის საგანი უნდა იყოს. ჩვენი აზრით, პატრიოტიზმი, სამშობლოს მსახურება, თავგანწირვა, ისეთი ცნებებია, რომლებსაც უნდა განიხილავდნენ სატელევიზიო შოუებში, ნაცვლად იმისა, თუ ვის რა ფერის საცვალი აცვია. უნდა არჩევდნენ ამ ნიჰილიზმის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, ინფორმაციაც, განათლებაც, სპორტიც; თუ ნიჭიერი ხარ, წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველა სფეროში ცხადდება კონკურსები. მეტიც, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა სახეობის სპორტსმენებსაც კი ეპატიჟება, მაგრამ ახალგაზრდობა დაქვემდებარებულია თვითგადარჩენის ინსტინქტს, ერთჯერად გართობასა და ხორციელ სიამეზეა ორიენტირებული მათი ყველა გადაწყვეტილება. თქვენ თქვით, ახალგაზრდების ნაწილი აღშფოთდა ამ ცვლილებების გამოო. თავს დავდებ, რომ ეს არის საქართველოს ახალგაზრდების ყველაზე მცირე ნაწილი. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვენ, რაღაც სექტას აყალიბებენ იმისთვის, რომ ჯარში არ წავიდნენ, ანუ, ჩვენი აზრით, დეზერტირები და პარაზიტები.
– კიდევ არის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ პროფესიული არმია უნდა გვყავდეს, მაგრამ თუ ვერ შეიკრიბა ამდენი მსურველი? გაგახსენებთ, როდესაც ოქრუაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, კამპანია ტარდებოდა: დადიოდნენ საქართველოს რეგიონებში და აგროვებდნენ ახალგაზრდებს „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში“, ანუ დაქირავებულ ჯარში ჩასართველად და მთავარ მოტივაციად სთავაზობდნენ მაღალ ხელფასს, ანუ გათვლა იყო ღარიბ და უმუშევარ ახალგაზრდებზე.
– რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა დაიცვას პროფესიულმა ჯარმა, მაგრამ 4-მილიონიან ქვეყანაში მოაგროვებ ასეულ ათასობით პროფესიონალს?! ფიზიკურად ვერ შეკრებ ამდენს, ხარჯს რომ თავი დავანებოთ. მთავარი არის ის, რომ ვიცოდეთ, რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ და, მეორე –  რა რაოდენობის ჯარი უნდა გვყავდეს სამეზობლოში არსებული გამოწვევების გასანეიტრალებლად. ვიცით, რომ რუსეთს ჰყავს 800 000 სამხედრო მოსამსახურე, უკრაინას –  500 000-მდე, თურქებს –  მილიონი.
– უკრაინა 40-მილიონიანია და, ცხადია, ეყოლება.
– აზერბაიჯანსაც მნიშვნელოვანი რაოდენობის არმია ჰყავს. ჩვენნაირ მცირე ზომის ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პროფესიული ჯარის ბირთვი, რომლის გარშემოც ზურგისა და დამხმარე ძალის დონეზე აეწყობა გაწვევისა და სარეზერვო სამსახურები. გაწვევა აუცილებელია! განარცისებული და გაუსაქმურებული 17-18 წლის ახალგაზრდები ერთ დასხდომაზე ორ-ორ ლიტრ ლუდს სვამენ და ხომ არ ჯობია, ივარჯიშონ, ჯარში იმსახურონ და ქვეყანას გამოადგნენ?! ვიმეორებ: აუცილებელია პროფესიული ჯარიც, წვევამდელებიც და სარეზერვო სამსახურიც, რომ, საერთო ჯამში, საჭიროების შემთხვევაში, 500 000-მდე მებრძოლის გამოყვანის საშუალება ჰქონდეს ქვეყანას. სხვა შემთხვევაში, არავინ ჩვენ ანგარიშს არ გაგვიწევს, არავინ არაფერს დაგვიბრუნებს და საზღვრებს კიდეც გადაგვიწევენ და კიდეც გადმოგვიწევენ; ჩვენს ფსევდოპოლიტიკოსებს ამოაპანღურებენ კიდევაც და მასხრადაც აგვიგდებენ. რაც უნდა სამხედრო ტექნიკა გყავდეს, რაც გინდა ბირთვული იარაღი გქონდეს, თუ მნიშვნელოვანი რაოდენობის მებრძოლი არ არის მზად ქვეყნის დასაცავად, არ ითვლება, რომ შენ ძლიერი არმია გყავს! ქვეყანა დაპყრობილად არ მიიჩნევა, თუ მასში არ შევიდა დამპყრობლის ჯარი. დამპყრობლის ჯარს კი უნდა დახვდეს ის ძალა, რაზეც ვილაპარაკეთ.
– თავდაცვის მინისტრმა იზორიამ ძლივს, ძალიან გონივრული რამ თქვა და მეც ყოველთვის ასე ვფიქრობდი: მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ, თუ ჩვენს ტერიტორიაზე შემოვა, მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთო. და სასაცილოდ აიგდეს ეს სოციალურ ქსელებში. თითქოს მართლაც ასე არ იყოს ყოველდღიურობაშიც: თუ მავანმა იცის, რომ ხურდას დაუბრუნებ, დიდხანს იფიქრებს, გაწყენინოს თუ არა.
– ერთი, რომ ხურდას დაუბრუნებ და, მეორე, სამაგიეროს გადაუხდი, უკაცრავად ჟარგონისთვის, „აბაროტს აუღებ“. უნდა იცოდეს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, თუ ფიზიკურად მოგვერევა და შემოვა, მიიღებს გრძელვადიან, სასტიკ პარტიზანულ ომს და ძალიან დიდი დანაკარგი ექნება. მეორე მხრივ, რა კატეგორიის ხალხია ჩართული სოციალურ ქსელებში? ისინი, რომლებიც მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას?! სოციალური ქსელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის არის საუკეთესო საშუალება საზოგადოებაზე ზემოქმედების მოსახდენად. მე არ ვარ სოციალური ქსელების მომხმარებელი და ძალიან ვწუხვარ, რომ საზოგადოების ნაწილზე მაინც ახდენენ გავლენას უპერსპექტივო ადამიანები, რომელთა ნაწილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეკვეთებს ასრულებს.
– მეორე მხრივ, არის ის პრობლემაც, რომ ჯარში სამსახური არ აძლევს ახალგაზრდას სამბრძოლო უნარ-ჩვევებს და მხოლოდ დროის კარგვაა, ფაქტობრივად.
– ძალიან ცუდი ტენდენციაა ახალგაზრდობაში ნიჰილიზმი და ზოგიერთ მათგანს აქვს თავის გასამართლებელი მიზეზიც: მდიდრების შვილები ჯარში არ მსახურობენ და ასე იყო შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მისი მამა, პაპა, ბიძა გასული საუკუნის 90-იან წლებიდან დღემდე იყო პატიოსანი, თავდადებული, თავი და ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს, მაგრამ მათ შთამომავლობას სიღატაკეში სძვრება სული და პერსპექტივა არ აქვს. ისიც ფიქრობს, მე რატომ უნდა შევწირო თავი სამშობლოს, თუ გადავრჩები, რომ ჩემი მომავალი სიღატაკე იყოს და სოციალური დახმარების თხოვნაო?! ახალგაზრდების მეორე კატეგორია, რომლებიც ჯარში არ მიდიან, არიან პროფესიონალი პარაზიტები, დედ-მამა პარაზიტი ჰყავთ, ბებია-ბაბუაც პარაზიტები იყვნენ. აგიხსნით, რას ვგულისხმობ „პარაზიტობაში“:  სხვისი ფრთის ქვეშ უნდა, რომ შეძვრეს; უნდა, რომ გაიცნოს ეკონომიკურად შეძლებული ან საზოგადოებრივად დაწინაურებული ადამიანი, მას მიეწებოს და მისი ავტორიტეტითა და გავლენებით იცხოვროს. ასეთ ადამიანებს სამშობლოს გრძნობა არ აქვთ. საერთოდ, პატრიოტიზმის გრძნობა მაღალი ინტელექტის გამოხატულებაა და ინტელექტუალური მოღალატეებიც ჰყოლია საქართველოს, არა მხოლოდ ერთუჯრედიანები. ინტელექტუალური მოღალატეც კი თავისი ღალატის მოტივაციას იმით ხსნიდა, რომ მისი სამშობლოსთვის ასე იყო უკეთესი. მაგალითად, სპარსელებს უნდა შემოვუძღვე, იმიტომ რომ, ეს საუკეთესო გამოსავალია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის; ბოლშევიკებს უნდა შემოვუძღვე, იმიტომ რომ ასე უკეთესია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ასეთი ფსიქოტიპის ადამიანები გენეტიკურად არსებობენ, რომლებისთვისაც ის მდგომარეობაა მისაღები, როდესაც თვითონ არიან წამყვან პოზიციებზე.
ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან პირველყოფილი ინსტინქტების გავლენის ქვეშ და საერთოდ არ აინტერესებთ არც ეთნიკური, არც რელიგიური ნიშანი, არ იციან, რა არის მარადიული ღირებულებები. ასეთი კატეგორიის ახალგაზრდებს შორის, სამწუხაროდ, მხოლოდ უწიგნურები არ არიან; ეს არის კატეგორია, რომლებიც ყველგან და ყველასთან იცხოვრებენ, თუ თვითონ მიიღებენ ხორციელ სიამეს. რა თქმა უნდა, არიან პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები ვერ მოაქციეს სისტემაში, იმიტომ რომ, ჩვენმა სახელმწიფომ  ვერ შექმნა ქვეყნისთვის მსახურების ეფექტიანი სისტემა.
– როგორ შექმნის, როდესაც, ვისაც იდეოლოგიის გატარება ევალება, განათლების მინისტრი მყავს მხედველობაში, ამბობს საჯაროდ, რატომ უნდა ვიცოდე „ავთანდილის ანდერძიო“? არადა, ჯარში რომ წახვიდე და მოქალაქედ შედგე, სწორედ „ავთანდილის ანდერძი“ უნდა იცოდე.
– დიახ და ასეთ პირობებში ვერც დაქირავებულ ჯარს შეკრებ. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ აშშ-ში ქუჩებში დადიან და იხვეწებიან, მოდი, დაქირავებული ჯარისკაცი იყავიო?! კონკურსებია, რომ აგიყვანონ და ამის შემდეგ ყოველ ექვს თვეში, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ, გააჩნია რანგს, აბარებ გამოცდებს, რომ დაწინაურდე. მეორე მხრივ, პატრიოტიზმი გენეტიკური მოთხოვნილებაა. როდესაც შენი ყველა წინაპარი იბრძოდა, შენც მებრძოლი გამოდიხარ, ისევე, როგორც დოღის ცხენის კვიცს აქვს უფრო მეტი შანსი, გახდეს კარგი მორბენალი, ვიდრე ჯაგლაგის კვიცს; ისევე, როგორც ქართული ნაგაზის ლეკვს აქვს მეტი შანსი, რომ გამოვიდეს მებრძოლი, ვიდრე ქუჩის ძაღლის ლეკვს. მარადიული ღირებულებები უნდა იყოს სახელმწიფოს იდეოლოგია და არა ერთჯერადი სარგებელი: მოხვალ ხელისუფლებაში, მოიპარავ, დაიმალები და ასე დაუსრულებლად; და არ ისჯება არავინ, ყველას ყველაფერი შერჩა. ანუ, თუ გამდიდრება გინდა, უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში და გაყვლიფო ხალხი.
ერთი სიტყვით, ისეთი სახელმწიფო და კონსტიტუცია უნდა გვქონდეს, რომელიც შეესაბამება სამეზობლოს; ამასთან, უნდა გვყავდეს არმიის ბირთვი, რომელიც იქნება დაქირავებული და მის გარშემო უნდა ტრიალებდეს სავალდებულო გაწვევა. ამ ორივეს კი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ეხმარებოდეს რეზერვი. ამას გარდა, საქართველოში არის ერთი ცენტრალური ტრასა, თუ გადაიკეტა, პარალიზებულია ქვეყანა; ერთი სარკინიგზო ხაზია, თუ გადაიკეტა, პარალიზებულია ქვეყანა; ერთი ელექტროგადამცემი ხაზია, თუ გადაიკეტა, პარალიზებულია ქვეყანა. ქვეყანას კი უნდა ჰქონდეს იმის რეზერვი, რომ, ორად დაიყოფა, ოთხად თუ ათად, მისმა ყველა ნაგლეჯმა შეძლოს ავტონომიურად არსებობა. დამოუკიდებელი სახელმწიფო რას ნიშნავს? რომ თავად აკეთებს არჩევანს, სად გაწევრიანდეს, ვისთან იმეგობროს და ვისთან იჩხუბოს და, სულ მცირე, ექვს თვეს ფორსმაჟორულ ვითარებაში საკუთარი ხალხი უზრუნველყოს საკვებით, ენერგომატარებლებითა და წყლით. თუ სახელმწიფოს ამის პოტენციალი არ აქვს, ის სახელმწიფო არ არის.
– ჩვენ გვყავს ელიტური სამხედრო დანაყოფები, რომლებიც გაწრვთნილები არიან კოალიციის სამხედრო მიზნების გადასაჭრელად და უდაბნოს პირობებში ტერორისტებთან საბრძოლველად, საუკეთესო ნაწილი იქ მსახურობს, აქ ვინც გადის სამხედრო-სავალდებულო სამსახურს, მათ რა ამოცანების გადასაჭრელად წვრთნიან? რომელი კონცეფციითა და რა საფრთხეების გასანეიტრალებლად?
– ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მარტივად გადასაწყვეტია ეს პრობლემა. ამისთვის საკმარისია სამინისტროს დონეზე გადაწყვეტილების მიღება. ელიტური დანაყოფები ჰიბრიდული ომებისთვის გაწრთვნილი კონტინგენტია და ჩვენ ასეთები ძალიან გვჭირდება. საქართველოს ტერიტორიის დასაცავად არ არის საჭირო განსაკუთრებული ტექნიკა და არც განსაკუთრებული წვრთნა: საკმარისია სამთო-ქვეითები, ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, პლუს ქვედანაყოფები პარტიზანული ბრძოლისთვის. ჩვენთან, ფაქტობრივად, გამორიცხულია ფრონტალური ომები. არც გვჭირდება დიდი დანაყოფები. პარტიზანული მეთოდებით მომზადებული ოცეულებით უფრო მეტ შედეგს მიაღწევ, ვიდრე მთელი კოლონა სამხედრო ტექნიკით, იმიტომ რომ, საქართველოში ძალიან ძნელია მძიმე ტექნიკით მოძრაობა. თუ კარგად გაწვრთნილ ათეულებსა და ოცეულებს ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს დავუმატებთ, მივიღებთ საკმაოდ ეფექტიან და მობილურ სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც არა მარტო ზარალს მიაყენებენ მოწინაღმდეგეს, არამედ გაანადგურებენ კიდეც ჩვენს ტერიტორიაზე. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს სოციალური რეკლამები პატრიოტიზმზე, სამშობლოს დაცვაზე. აუცილებელია, კარგი ანაზღაურება ჰქონდეს არმიის დაქიარვებულ ბირთვს და ვერცერთი ადამიანი ვერ უნდა მოხვდეს სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ, თუ სამხედრო-სავალდებულო სამსახური არ ექნება გავლილი. ერთი სიტყვით, აუცილებელია სახელმწიფოს ნება და საქართველო შეძლებს, საკუთარი რესურსით, დაიცვას თავისი ტერიტორია.
скачать dle 11.3