კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა სიხშირის ხმაური იწვევს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ აშლილობას და რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოქალაქეების სიმშვიდის დარღვევისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 ის, რომ სამხრეთელები ვართ, ჩვენი ცხოვრების ხმაურიან წესსაც კი ეტყობა, არადა ხმაურით დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. იმის გარდა, რომ დიდი ქალაქების მცხოვრებთა ნახევარზე მეტი ყოველდღიურადაა შეწუხებული ხმაურით, ხმაური ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ღამის 11-დან დილის 7-მდე აკრძალული უნდა იყოს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები და ტელევიზორების, მუსიკალური ცენტრების, რადიომიმღებებისა თუ სხვა ბგერის წარმომქმნელი მოწყობილობის ძალიან ხმამაღლა მოსმენა. მათივე სტანდარტებით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 25 დეციბელი, დღისით –  30. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყოველი მეხუთე ევროპელი 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში ცხოვრობს (ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხმაურიან გარემოში ვარსებობთ ჩვენ). მეტიც, ასეთ ყოფაში ცხოვრება არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ, ფსიქიკურ პრობლემებსაც იწვევს. დადგენილია, რომ 30 დეციბელამდე ხმაური ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს (ცნობისთვის: ამ სიხშირეში იგულისხმება სრული სიჩუმე, ფოთლების შრიალი, ჩურჩული, საათის ხმა), 35 დეციბელზე კარგად ისმის ჩუმი საუბარი, 50 დეციბელზე –  გამოკვეთილად ისმის საშუალო სიმაღლის საუბარი და სარეცხი მანქანის მუშაობის ხმა. 120 დეციბელი ადამიანისთვის გაუსაძლისი ხმაურია, 130 –  უკვე ტკივილის ზღვარზე, 140 დეციბელი სიხშირის ხმაური შიდა ყურის ტრავმას იწვევს, 150-155 –  კონტუზიას, 160-170 დეციბელზე შესაძლოა, ადამიანს გაუსკდეს ყურის დაფის აპკი, 170-180 დეციბელზე –  აეგლიჯოს ფილტვები და არც სიკვდილია გამორიცხული. აი, 200 დეციბელზე მაღალი სიხშირის ხმაური კი უკვე გარანტირებულ სიკვდილს იწვევს. ადამიანისთვის ოპტიმალური დიაპაზონია 30-40 დეციბელის სიხშირის ხმაური.
აქვე გეტყვით, რომ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სანქციაა დაწესებული ხმაურის დადგენილი ზღვარის გადაჭარბებისთვის. კერძოდ: დიდ ბრიტანეთში 5 000-დან 20 000 ფუნტ სტერლინგამდე; ლატვიაში –  ფიზიკურ პირებს, თუკი მათ ზომაზე მეტად იხმაურეს, 30-355 ევროს ფარგლებში აჯარიმებენ, იურიდიულ პირებს კი –  70-700 ევროს ფარგლებში. აშშ-ში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 250 აშშ დოლარით ჯარიმდება, მეორედ –  500 აშშ დოლარით, მესამედ –  750-ით, ხოლო მეოთხედ –  1 000 აშშ დოლარით. სხვათა შორის, ხმაურისთვის სანქციები რუსეთშიცაა დაწესებული.
როგორც იქნა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რის მიხედვითაც, ღამის საათებში ხმაური დაისჯება. ზომაზე მეტ ხმაურში შემჩნეული ფიზიკური პირი პირველად 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული –  500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები ორმაგდება.
ამას გარდა, 2018 წლის პირველ აპრილამდე ზომაზე მეტად ახმაურებულებს პოლიცია დასჯის, ანუ საპატრულო პოლიცია, თავდაპირველად, შესაბამისი ხმაურმზომით დაადგენს ხმაურის დიაპაზონს და ამის შემდეგ დააკისრებს საზოგადოების მშვიდი ძილის დამრღვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველი აპრილის შემდეგ კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.
ამ ინიციატივის კანონად ქცევაში დიდი წვლილი შეიტანა „არა - ხმაურს“ მოქალაქეთა გაერთიანებამ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მწერალი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, პაატა ქურდაძეა და ასევე, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც ამ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია.

– რატომ აღმოჩნდა საქართველო ქვეყანა, სადაც, თურმე ხმაური და სხვა მოქალაქეების შეწუხება ნორმაა?
პაატა ქურდაძე:
რაც უნდა მწარე იყოს რეალობა, უპირველესად, ეს არის უკულტურობის ბრალი. თბილისი განსაკუთრებით ხმაურიანი ქალაქია: ერთი წამი გვჭირდება იმისთვის, რომ ავფეთქდეთ და ყვირილი დავიწყოთ; ქუჩებში ავტომობილები გამუდმებით აძლევენ საყვირს და ამაზე არავინ რეაგირებს. შარშან ჩემს მეგობართან, ეზოში, საკმაოდ პრესტიჟულ კვარტალში, მეზობელი ბავშვის დაბადების დღეს იხდიდა. მოყვანილი ჰყავდათ ანიმატორები, რომლებსაც მოტანილი ჰქონდათ ხმის გამაძლიერებლები, მიკროფონები და ორ მეტრში მსხდომ ბავშვებს დაჰყვიროდნენ. არავის ჰქონდა ამაზე რეაქცია, ანუ ბავშვებსაც ხმაურში ვზრდით და ეს მათთვისაც ნორმაა. ამ საკითხზე მუშაობისას არაერთხელ მიმიღია ასეთი ტიპის საყვედური: ხალხი კარგ ხასიათზეა, ერთობა და შენ ხელს უშლი, ბოროტი ხარ?! მე მგონია, რომ ადამიანი, რომელიც სხვის პირად სივრცეში შეჭრას არ მიიჩნევს არანორმალურად, უკულტუროა. ჩვენთან კი უცერემონიოდ იჭრებიან სხვების პირად სივრცეში. ღამით ხმაური ქვეყნის ეთიკური პრობლემაა, რომელიც პოლიტიკურ რანგში იყო აყვანილი და მადლობა ღმერთს, მოგვარების ნიშნები გამოჩნდა. მაგრამ ჯერ პროცესი არ დასრულებულა და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. როდესაც დემოკრატიასა და ანარქიას ვერ არჩევ, რომელ განათლებულობასა და ცივილიზებულობაზეა ლაპარაკი?!
– ერთია, რომ შინაგანი კულტურა დავკარგეთ და მეორე, რომ ხმაურისთვის სანქციების დაწესებას ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები სახელისუფლო დონეზე. თითქოს ხმაური საჭიროა ტურისტების მოსაზიდად იმ იბიექტებში, რომლებიც ხმაურობენ, მეორე მხრივ კი, ეს ხმაური აფრთხობს ტურისტებს, რომლებიც ღამით ვერ იძინებენ.
– მე ვცხოვრობ მსოფლიოს ყველაზე ტურისტული ქალაქის, პარიზის, ყველაზე ტურისტულ უბანში, მონ მარტრზე და ეს არის ყველაზე წყნარი ადგილი პარიზში. არადა პარიზის, სადაც 60 000-მდე კაფე და რესტორანია, შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა რესტორნები და ბარები, მაგრამ იქ არ ხმაურობენ. იმ ქუჩაზე თბილისში, სადაც მე ვცხოვრობ, ექვსი სასტუმროა გაკოტრების პირას მისული იმავე ქუჩაზე მდებარე ორი კლუბის გამო. ერთი ასეთი ხმაურიანი კლუბი, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე უხმაურო ბიზნესს აზარალებს. ამის სტატისტიკა რომ გაკეთებულიყო, ვნახავდით, რომ ბიუჯეტს ავსებენ პატარა რესტორნები და კაფეები და არა ხმაურიანი კლუბები. ხმაურის მომხრეებს ცუდად ესმით ბიზნესის რაობა: ბიზნესი არის ის სასტუმროც, რომელშიც სტუმარი ჩამოდის იმისთვის, დღისით დაათვალიეროს და საღამოს დაიძინოს. ამას გარდა, გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ან თავიანთი ბიზნესი აქვთ, ან მუშაობენ და ვერ ახერხებენ გამოძინებას. ეს არ არის ზარალი?!
–  ველით მთავრობას, რა მასშტაბის ხმაურს ჩათვლის კანონდარღვევად. პარლამენტმა რატომ არ დაარეგულირა ეს საკითხი?
ლევან გოგიჩაიშვილი:
ჩვენი რეკომენდაციაა 30-35 დეციბელი, მაგრამ ეს  ნორმა უნდა დაადგინოს მთავრობამ. პარლამენტმა თავისი საქმე შეასრულა: დააწესა სანქცია ხმაურზე. მთავრობას დავალებული აქვს, რომ პირველ აგვისტომდე მოაგვაროს ეს საკითხი.
– რა ტიპის ხმაურს ეხება ცვლილებები, ანუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს პოლიციის გამოძახება?
– მე გეტყვით, რას არ ეხება, რადგან ეხება ყველაფერ დანარჩენს. არ ეხება სარემონტო სამუშაოებს დღის საათებში: ანუ დილის რვა საათიდან საღამოს თერთმეტ საათამდე; ავტო და სარკინიგზო მაგისტრალებიდან ხმაურს, საწყლოსნო ტრანსპორტის მუშაობას, მეტროპოლიტენის მუშაობას, ზოგადად, სატრანსპორტო საშუალებებიდან გამოწვეულ ხმაურს.
– ჩვენს რეალობაში უცერემონიოდ იქცევიან ფიზიკური პირები. ამ შემთხვევაში როგორია პროცედურა?
– ზღვარია გასავლები წვრილმან ხულიგნობასა და ხმაურის ნორმების დარღვევას შორის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიციელს შეუძლია, გამოიყენოს დისკრეციის უფლება, მისი გადასაწყვეტია, რას მიუსადაგებს. ვიმეორებ, იმდენად მცირეა ზღვარი წვრილმან ხულიგნობასა და ხმაურის ნორმების დარღვევას შორის, რომ ეს პოლიციელის გადასაწყვეტია. მაგრამ პოლიცია მოსახლემ უნდა გამოიძახოს, იმიტომ რომ, ყველა კაფეში ვერ შევა პოლიციელი და ყველას ვერ მიაყურადებს. როდესაც პოლიციელს გამოიძახებენ, ის გაზომავს ხმაურის სიძლიერეს და თავად განსაზღვრავს სანქციასაც. ცხადია, დაჯარიმებულს შეუძლია, გაასაჩივროს მასზე დაკისრებული ჯარიმა.
– გამზომი ხელსაწყოები უკვე აქვს პოლიციას?
– ეს არ არის პრობლემა. რამდენადაც ვიცი, პოლიციელების გადამზადებაც დაიწყო. ელოდებიან დადგენილების ოფიციალურ დადასტურებას და კანონი ამოქმედდება 15 აგვისტოდან. რაც დანამდვილებით ამოქმედდება, არის ის, რომ აიკრძალება პიროტექნიკის გამოყენება ღამის საათებში: საღამოს თერთმეტი საათის შემდეგ დილის რვა საათამდე პოლიციის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება ექნება, დააჯარიმოს პიროტექნიკის გამომყენებელი. დათქმაში გვაქვს, რომ პიროტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში: 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით და 13-დან 15 იანვარის ჩათვლით, ანუ ახალ წელსა და ძველით ახალ წელს. ჩვენ ვფიქრობთ, ამის აღსრულება შესაძლებელია და რადიკალურად სხვა სურათი იქნება, თუ კარგად აღსრულდება.
– რას გულისხმობთ კარგად აღსრულებაში? ერთი, რომ მოქალაქემ უნდა გამოიძახოს პატრული. კიდევ?
– აუცილებლად უნდა გამოიძახოს პატრული მოქალაქემ. მე ვფიქრობ, როდესაც პოლიცია დაიწყებს ჯარიმების გამოწერას, ნელ-ნელა ყველანი მივეჩვევით, რომ სხვა არ უნდა შევაწუხოთ ჩვენი სიამოვნებისთვის. ეს არის საკითხი, რომელსაც, წესით, რეგულირება არ სჭირდება, მაგრამ, რადგან ეს მოცემულობაა და სხვაგვარად არ გამოგვდის წესრიგის დამყარება, სხვა გზა არაა, დავაწესეთ სანქციები, რომ სანქციებიდან გამომდინარე, მივეჩვიოთ ერთმანეთის პატივისცემას.
– მეზობლების ხმაურის შემთხვევაშიც იგივე სქემა მოქმედებს?
– ხმაური უნდა გრძელდებოდეს, თუ პატრული მოვიდა და ხმაური აღარ არის, ის ვერაფერს გახდება. ვიღაც თუ წამოიყვირებს, არ მგონია, ამისთვის სანქცია უნდა, დაწესდეს. მაგრამ თუ მეზობლის სახლში წვეულება ღამის სამ საათამდე გრძელდება და დანარჩენი მეზობლები წუხდებიან, სანქციის დაწესება შესაძლებელია. პოლიცია გაზომავს სპეციალური ხელსაწყოთი ხმაურის ზომას და გამოწერს ჯარიმას. მათ აქვთ ინსტრუქცია, რეკომენდაციები, რეგლამენტში გაწერილია, როგორ და რა პირობებში უნდა გაიზომოს ხმაური.
– იურიდიული პირები განმეორების შემთხვევაში, ჯარიმდებიან 1 000 ლარით. იქნებ უღირს ამ ჯარიმის გადახდა?
– არა, ასე მარტივად არ არის საქმე. თუ ნახავთ, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგაც არ ჩერდება ხმაური, შეგიძლიათ, რამდენჯერმე გამოიძახოთ პოლიცია და ის ყოველ ჯერზე დააჯარიმებს მას. ასე რომ, შეგიძლიათ, დილამდე 10 000 ლარის ჯარიმა დაახვედროთ. იყო ლაპარაკი საქმიანობის შეწყვეტაზე, როგორც სანქციის ფორმაზე, მაგრამ ამაზე არ წავედით. ჩვენ არ გვაქვს ინსტიტუციური მეხსიერება. ჩვენ არასდროს გვქონია ასეთი ტიპის კანონმდებლობა. იყო პრობლემა და გაყინული წერტილიდან დავძარით თემა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი გვექნება, მაგრამ ველი, რომ კარგი იქნება. თუმცა შესაძლოა, პროცესში ხარვეზები გამოჩნდეს, მაგრამ გავასწორებთ. ეს არის ახალი კანონი. ჩვენ არ გვქონია შესაბამისი სამსახურები, არ ვართ განებივრებულები გამოცდილებით ამ საკითხში და ახლა ვიწყებთ პრობლემისადმი სისტემურ მიდგომას.
– 2018 წლის პირველი აპრილიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გადაიბარებენ ხმაურს. რატომ?
– ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს წლის ბოლოს და თვითმმართველობებმა უნდა განსაზღვრონ შტატები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ.
– პოლიციას რატომ ვართმევთ ამ ფუნქციას, პოლიციელის გამოჩენა უფრო ეფექტიანი არ იქნება?
– შევხედავთ, პარლამენტის ხელშია ცვლილების მიღება. მგონია, რომ ერთი წლის განმავლობაში შევძლებთ, ეს ფუნქცია გადავაბაროთ ზედამხედველობის სამსახურს. თუ მათ პრობლემები შეექმნებათ, ბუნებრივია, პოლიცია დაეხმარება.
– პატრულს ვიძახებთ 112-ით, ანუ მარტივია.
– სისტემა იგივე იქნება, უბრალოდ, გამოძახებაზე მივა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. ხშირად პრობლემა გვარდება მარტივად: უბრალოდ, უნდა დაუწიონ მუსიკას. შეამჩნევდით, რომ ერთ კაფეში ისმის მუსიკა 50 კაფედან, ისეთ ხმაზე აქვთ ჩართული. ჩამხშობები შესაძლოა, არც დასჭირდეთ. თან, ხუთი თვეა, ყველამ იცის, რომ კანონში უნდა შევიდეს ეს ცვლილება. მე ვერანაირ ეკონომიკურ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. პირიქით, ისეთი სასიამოვნო გახდება გარემო, რომ უფრო მეტი კლიენტი ივლის მათ დაწესებულებებში. ზოგს არ სიამოვნებს იქ არსებული ხმაური, ადამიანს ვერ დაელაპარაკები.
скачать dle 11.3