კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ გადმოვარდა ლიკუნა ჩაჩიბაია მეცხრე სართულიდან და რა ეჭვები აქვს მას

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 21 წლის პარასპორტსმენი – მოცურავე ლიკუნა ჩაჩიბაია ხუთი წლის წინ, მე-9 სართულიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, ლიკა გადარჩა და დღეს ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებს. მარჯვენა ხელის დაკარგვის მიუხედავად, მან მაინც შეძლო, ყოფილიყო წარმატებული და დამოუკიდებელი. ლიკა აქტიური და წარმატებული სპორტსმენია. მას ცხოვრებამ მეორედ მისცა შანსი, სიცოცხლით დამტკბარიყო.
ლიკუნა ჩაჩიბაია:
ხუთი წლის წინ, მეგობრებთან ერთად ვიყავი რუსთავში და სწორედ იქ მოხდა ეს ამბავი. გადმოვვარდი მე-9 სართულის სახურავიდან, ზოგი მე-10 სართულადაც კი თვლის. 3 დღე ვიყავი კომაში. რომ გავიღვიძე, თითქოს ყველაფერი ვიცოდი, გონება არც დამიკარგავს, თუმცა დეტალები არ მახსოვს.  სასუნთქი აპარატი მქონდა ჩადგმული და მხოლოდ 3 პროცენტი იყო ჩემი გადარჩენის. პირველად შიში იმაზე დამეუფლა, რომ ხმას ვერ ვიღებდი. მინდოდა, დედა დამეძახა და ვერ ვახერხებდი. ეს დავუკავშირე შიშის ფაქტორს. ვფიქრობდი, გადმოვარდნის დროს შიშისგან ხმა დავკარგე-მეთქი. არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, ხმისა და ლაპარაკის გარეშე.  თუმცა, მეორე დღეს დავუძახე დედას და მივხვდი, რომ ლაპარაკი შემეძლო. იმ მომენტიდან ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე და მივხვდი, რა ბედნიერებაა, როცა ცოცხალი ხარ. დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო, მათ შორის, ხელის დაკარგვაც.
– რა რეაქცია გქონდა, როცა ხელის დაკარგვის შესახებ გაიგე?
– ხელზე ოპერაცია კომაში ყოფნის დროს გამიკეთეს. თუმცა, თითქოს ყველაფერს ვხედავდი და ყველაფერი მესმოდა. შესაბამისად, ტრაგიკულად არ აღმიქვამს. მანამდე ღვიძლზე ჩამიტარდა ოპერაცია და მერე მიიქცია ჩემმა ხელმა ყურადღება. ძალიან გასივდა და რომ გაჭრეს, სისხლიც აღარ წამოვიდა. ჩემი მშობლებისთვის ჩემი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხელის ქონა-არქონა და ამიტომაც გადაწყვიტეს, ხელის ამპუტაცია გაეკეთებინათ. ერთი საათიც რომ დამგვიანებოდა, ვეღარ ვიცოცხლებდი, მეწამლებოდა ორგანიზმი. როცა გავიღვიძე, დედაჩემს მშვიდად ვკითხე: რატომ არ მითხარი, რომ არ მაქვს მარჯვენა ხელი-მეთქი. ქალი გაოცებული, ბედნიერი სახით გავიდა რეანიმაციიდან და ყველას შეატყობინა, რომ მშვიდად შევხვდი ხელის დაკარგვას  და არ გავგიჟებულვარ. მანამდე დაბმული ვიყავი, იფიქრეს, გაგიჟდებაო. ჩვეულებრივად გადავიტანე ეს ამბავი.
– მერე, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება?
– საავადმყოფოდან 20 დღის შემდეგ გამომწერეს და სახლში გავაგრძელე რეაბილიტაცია. დიდად დეპრესიული მომენტები არ მქონია, უბრალოდ, მავიწყდებოდა, რომ ხელი არ მქონდა. გავუწვდიდი მარჯვენა ხელს ვინმეს  და მერე მახსენდებოდა ჩემი ამბავი. ამის გამო, უხერხული მომენტებიც იყო, მაგრამ საერთოდ არ ვღელავდი ამ საკითხზე, რადგან  კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ გადავრჩი. შემდეგ საერთოდ წავედი თბილისიდან, წალენჯიხაში გადავედი საცხოვრებლად. აღარ მინდოდა, მომესმინა: რა დაგემართა? როგორ გადმოვარდი? თან, ჭორები დადიოდა, რომ ვითომ შეყვარებულის გამო გადმოვხტი. რაც სისულელეა... მინდოდა, ცოტა ხნით დავკარგულიყავი და ამ სიტუაციას გავერიდე. თან, თბილისში ყველაფერი დავკარგეთ: სახლი, მანქანა. მოკლედ, ოჯახთან ერთად წავედი დასავლეთში. იქ  დავამთავრე მე-12 კლასი და გადავწყვიტე, ჩამებარებინა. ჩავაბარე კიდეც, პირველი კურსი დავხურე და შემდეგ ფინანსების გამო, ვეღარ გავაგრძელე სწავლა. მერე მქონდა ის მომენტი, რომ მინდოდა, რაღაც დამოუკიდებლად მეკეთებინა. მეცეკვა და ეს აზრი გავუზიარე მეგობრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. მსურდა „ნიჭიერში“ გავსულიყავი. თავიდან უარი მითხრეს, არ სჯეროდათ ჩემი. მაგრამ, მაინც  დავუკავშირიდი ქეთი ზაზანაშვილს და ვთხოვე, რომ ცეკვა მინდოდა. დამთანხმდა და გავედი „ნიჭიერში.” წარმატებული აღმოჩნდა ჩემი და თაზოს ცეკვა. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა და მათ შორის, შემოთავაზება მივიღე პარასპორტიდან. შემომთავაზეს, გავმხდარიყავი მოცურავე. თავიდან, ვიფიქრე, არ გამომივიდოდა, რადგან არასდროს ვყოფილვარ პროფესიონალური თვალსაზრისით ამ სფეროში ჩართული. თუმცა, ბოლოს მაინც ვცადე. თვე-ნახევარში წავედი პირველ შეჯიბრებაზე. ეს იყო ევროპის ჩემპიონატი, რომელმაც რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მომიტანა. ოლიმპიადაზე, უკვე ჩამოვყალიბდი როგორც მოცურავე და ამ მიმართულებით გავაგრძელე ბრძოლა.  
– მარტო იყავი სახურავზე, იმ შემთხვევის დროს?
არა,  მეგობრებს შეკრების ადგილი ყოველთვის სახურავზე გვქონდა. სწორედ ეს სახურავი აღმოჩნდა საბედისწერო ჩემთვის. არ მახსოვს, როგორ და რა ვითარებაში გადმოვვარდი. ბავშვები არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ მათ არაფერი დაუნახავთ და არც იციან, იქ რა მინდოდა.  ჩახლართული თემაა. მარტო მე ვამბობ, რომ ყველანი ერთად ვიყავით სახურავზე. მომხდარის შემდეგ, ყველა დაიმალა და გაჩუმდა. ეს თემა დღემდე გამოუძიებელია. თუმცა, ჩემი დასკვნები მაქვს. როცა გადმოვვარდი, ჩემს ტელეფონზე შეტყობინება იყო მოსული: „ლიკუ, აღარ მიყვარხარ და თავს არაფერი დაუშავო“. ალბათ, ეს ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, რომ გადავრჩებოდი. ის იყო ჩვეულებრივი მეგობარი და არა – შეყვარებული. სწორედ მასთან და რამდენიმე მეგობართან  ერთად ვიყავი სახურავზე, სადაც ვკამათობდით და მერე არაფერი მახსოვს. ეჭვის დონეზე, ამ კამათის დროს გადმოვვარდი ან გადმომაგდეს, თუმცა ხელს ვერავის დავადებ. გამოძიებაც მიმდინარეობდა, მაგრამ დედას ვთხოვე, დაეხურათ საქმე. დაახლოებით, ისედაც ვიცოდი, რაც მოხდა.
– რაიმე წინაღობა შეგხვდა ვარდნის დროს? გარდა ხელისა, კიდევ რა დაზიანებები გქონდა? ექიმები რას ამბობდნენ?
ექიმები ამბობდნენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა და პრაქტიკაში არ ახსოვდათ მსგავსი რამ. ასეთი სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ, არავინ გადაურჩენიათ, თან, ასე მარტივად. ნეკნები მქონდა ჩატეხილი და ღვიძლი დაზიანებული. ყველაფერი გამოსწორებადი იყო, ხელის გარდა. თავიდან, დავეცი ხეს და მერე ჩამოვვარდი. ყველაფერი გააკეთეს ექიმებმა ჩემი გადარჩენისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ ამბავს ფსიქოლოგიურად ძლიერი შევხვდი. არადა, ამ შემთხვევამდე ბევრად სუსტი ვიყავი. თავიდან იყო ის მომენტი, რომ  ვფიქრობდი, რომ არ წავსულიყავი, არც არაფერი შემემთხვეოდა-მეთქი. თუმცა, რომ გითხრათ, ვნანობდი - არა. რაც კი ცხოვრებაში ხდება შენ გარშემო, საჭიროა, რომ ასე მოხდეს. რადიკალურად შევიცვალე უკეთესობისკენ. მანამდე არაფერი შემეძლო, უსუსური მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული. ახლა სულ სხვა პიროვნება გავხდი. ალბათ, საჭირო იყო, რომ ასე მომხდარიყო.
– როგორ ახერხებ, იყო დამოუკიდებელი?
– მშვენივრად. მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. ამ დროს თავს სრულყოფილ ადამიანად ვგრძნობ. როცა ცაცია არ ხარ, ბევრად რთულია მარჯვენა ხელის გარეშე დარჩენა. ერთხელ მითხრეს, ხელი მომიწერეო და არაამქვეყნიური, დიდი ასოები დავწერე. მაშინ გადავწყვიტე, დავმჯდარიყავი და წერა მესწავლა. ბუნებრივად გადავედი ამ ხელზე. ახლა ყველაფერს ვაკეთებ – „მანიკურსაც“ თვითონ ვისვამ და კერძებსაც ვამზადებ.
– ის ადამიანი, რომელსაც იმ დღეს ეკამათებოდი, აღარ შეგეხმიანა?
– არა, საერთოდ არ შემხმიანებია, სანახავადაც არ მოსულა. გავიგე, თურმე გაგიჟდა და ფსიქიკურად შეირყა. ამიტომ, გადავწყვიტე, მიმეწერა და მეთქვა, რომ მისი ბრალი არაფერია. თუმცა, რომ მივწერე, „ფეისბუქზე“ დამბლოკა. მან არ ისურვა ჩემი დახმარება და მეც გადავწყვიტე,  აღარასდროს მივწერო.  
– როგორ შეეგუა ოჯახი შენს მდგომარეობას?
მათთვის გავხდი სანატრელი, მეორედ ნაჩუქარი შვილი. არაფერს იშურებდნენ, ოღონდ ჩემი ღიმილი დაენახათ. მე თვითიონ ვაჩვენე მათ, რომ შემიძლია,  ყველაფერი თავად გავაკეთო და არ მჭირდება ვინმეს შეცოდება ან დახმარება. რაც მთავარია, ჩემმა მშობლებმა ეს ყოველივე ტრაგედიად არ აღიქვეს.  თავიდან დედაჩემს ჰქონდა ის მომენტი, რომ მეუბნებოდა: დე, შეინახე ხელი, დაიფარე და რაღაც მსგავსი. განა კომპლექსი ჰქონდა, უბრალოდ, ეშინოდა, სხვა ადამიანისგან არ მტკენოდა. მაგრამ, მე ხალხს არ ვუყურებ. ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში გამივლია და ტირილი დაუწყიათ. ასეთ დროს, ყველას ვუღიმი და  ვპასუხობ: ნუ ნერვიულობთ, მე არ ვნერვიულობ-მეთქი. ახლა დედა ყოველთვის ამბობს: მიხარია, შენნაირი შვილი რომ მყავს. არ მეგონა, თუ ოდესმე ასეთი შვილი მეყოლებოდაო. ამაყობს ჩემით, რაც ჩემი მიზანი იყო.
– სამომავლოდ დიდი გეგმები გაქვს.
– კი, გარდა ცურვისა, მინდა, ყველა იმ ადამიანს დავეხმარო, ვისაც ჩემნაირი პრობლემა აქვს. ძალაინ ბევრი მწერს, რომ მათთვის დიდი სტიმული ვარ. მაბედნიერებს ეს სიტყვები და ეს  უფრო არ მაძლევს იმის საშუალებას, დავნებდე. ცოტა ხნის წინ გავიცანი პატარა ლიკა, იგივე პრობლემით, არ აქვს მარჯვენა ხელი. ახლა მასთან ერთად ვგეგმავ რაღაცეების გაკეთებას.
скачать dle 11.3