კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№30 როგორ გადაურჩა ციხეში სასიკვდილოდ დაჭრილი გურამ ფოცხიშვილი სიკვდილს და უკავშირდება თუ არა მისი სიკვდილი ქურდული სამყაროს შურისძიებას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 გასულ კვირას ოზურგეთის ცენტრში,  საკუთარ სახლთან ახლოს, ორი მამაკაცი მსუბუქ ავტომობილში ავტომატური იარაღით ჩაცხრილეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქმედების მუხლით. გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი, დიმიტრი ომოლჩენკო, ადგილზე გარდაიცვალნენ. ჩვენ დავუკავშირდით ოჯახის ახლობელს და გარკვეულ დეტალებზე ვესაუბრეთ:

– როგორც ამბობენ, ეს ამბავი, ძველი კრიმინალური საქმის გაგრძელებაა, რომელიც სავარაუდოდ, გურამის მამას, დავით ფოცხიშვილს უკავშირდება.
– ზუსტად არავინ იცის, რა გახდა ამ საშინელი ფაქტის მიზეზი. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ეს მკვლელობა გურამის ადრინდელ ცხოვრებას უკავშირება, როცა ის კრიმინალურ ავტორიტეტებთან საკმაოდ დაახლოებული პირი იყო. გარდაცვლილის ბაბუაც, ასევე გურამ ფოცხიშვილი, კანონიერი ქურდი გახლდათ და ქურდულ სამყაროში – საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება. გურამის ბიძაც – კახა ფოცხიშვილი წლების წინ, ოზურგეთის რაიონთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. ასევე მოკლეს, მისი თანმხლები პირიც, რომელიც მის გვერდით სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ამბობდნენ, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტელეფონით ვიღაცას ესაუბრა – იკამათა და ის დაემუქრა, მანდ დამელოდე, მოვალო. მოვიდა, იარაღი დააძრო და კახაც და მისი უდანაშაულო მეგობარიც – ალიკა დოლიძე, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო, ადგილზე ჩაცხრილა. ზუსტად იგივე ტრაგედია განმეორდა წლების მერე და გურამიც, მის უდანაშაულო სიძესთან ერთად, ჩაცხრილეს იარაღით.
– მოკლული გურამ ფოცხიშვილი 2013 წელს გამოვიდა ციხიდან. რაზე იჯდა და რამდენი წელი მოიხადა?
– იარაღის უკანონო ტარება-შენახვისა და პოლიციისთვის შეიარაღებული  წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იჯდა. 25 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ამნისტია შეეხეო და 2013 წელს გამოვიდა. სხვათა შორის, რაც ციხიდან გამოვიდა და სახლში დაბრუნდა, ყველანაირ ქურდულ და შავ სამყაროს ჩამოსცილდა, დაიწყო მშვიდი ცხოვრება. ცოლს გაშორებული იყო და მასაც შეურიგდა. ერთი გოგონა დარჩა.
– ციხეში ის სასიკვდილოდ დაჭრეს მაკრატლით. ხომ არ იცით, ეს რას უკავშირდებოდა? ქურდული გარჩევა იყო ციხეში?
– დიახ, გურამი ციხეში მაკრატლით, სასიკვდილოდ დაჭრეს და რაღაც სასწაულით გადარჩა. როგორც ვიცი, ამბობდნენ, ეს ციხის შიდა გარჩევებს არ უკავშირდებოდა, გარედან შესული ინფორმაციის გამო მოხდაო. სხვათა შორის, გურამის მამაც დაჭერილია და დაახლოებით, ერთ თვეში უნდა გამოვიდეს.
– მკვლელობა დღის საათებში მოხდა და საოცარია, რომ თვითმხილველები არ ჰყავს...
– თვითმხილველი იმიტომ არ ჰყავს, რომ იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა. ისე ასხამდა, არაფერი ჩანდა. ამიტომ არ იყო ქუჩაში ბევრი ხალხი. თუმცა, როგორც ამბობენ, იმ ადგილას, სადაც მკვლელობა მოხდა, შავი „ჰონდა“ იდგა დიდხანს. როგორც ჩანს, მკვლელები ჩასაფრებული ელოდებოდნენ, როდის გამოივლიდა გურამი თავისი მანქანით, რომ მოეკლათ. ასეც მოხდა – დაელოდნენ, ჩაცხრილეს და მიაყოლეს მისი სიძეც, რომელიც შემთხვევით იჯდა მის ავტომანქანაში. ასევე, იქვე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, მკვლელობა ერთი ავტომატიდან არ მომხდარა, სავარაუდოდ, რამდენიმე იარაღიდან ისროლეს და  საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ავტომატის ჯერიო. ტყვიებიც ადგილზე ეყარა. ის მანქანა კი, რომლითაც თავდამსხმელები იყვნენ და გაიქცნენ, ოზურგეთთან ახლოს, სოფელ მელექედურში იპოვეს დამწვარი. როგორც ვიცი, გურამს იარაღი ჰქონდა, მაგრამ ამოღება ვერ მოასწრო.
– სიძე, რომელიც შემთხვევით გახდა ამ ფაქტის მსხვერპლი, სტიქაროსანი იყო. როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცოლისძმასთან?
– საკმაოდ კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ. დიმას საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა, ადრე დაობლდა. ის და მისი და-ძმა იური ჩიხრაძემ იშვილა და ზრდიდა. შემდეგ დიმა მეუფე იოსებთან დაახლოვდა, სტიქაროსანი გახდა. მის მანქანას ეს მართავდა და მეუფისთვის შვილივით იყო. შემოქმედის ეპარქიაში გაიზარდა. სასულიერო პირების გარემოცვაში იზრდებოდა. მეუფემ სახლიც უყიდა ოზურგეთში და შემდეგ დაოჯახდა. მეუფის ფრთის ქვეშ გაზრდილი ობოლი ბიჭი პატიოსანი კაცი დადგა. დედობას იღუმენიები და დედაოები უწევდნენ. შვილივით ზრდიდნენ. მისი დაოჯახება ყველას ერთნაირად უხაროდა. უცხოეთში წავიდა რაღაც პერიოდი. ოჯახი რომ ერჩინა დღე და ღამე მუშაობდა. შემდეგ დაბრუნდა.  მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, სწორედ მეუფესთან იყო და ესაუბრა. მას ცოლი და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა – ბიჭი. მეუფე ძალიან განიცდის დიმას გარდაცვალებას, ოჯახი კი განადგურებულია. დაიჭერენ თუ არა მკვლელებს, ეს ერთი საკითხია; რამდენად უკავშირდება ეს ამბავი ძველ კრიმინალურ საქმეებს – მეორე და მესამე ისაა, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ასე სასტიკად, დღისით, საკუთარ სახლთან, უმოწყალოდ და დაუნდობლად ჩაცხრილეს.

скачать dle 11.3