კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№30 რატომ ჩამოიხრჩო თავი სიკვდილმისჯილთა საკანში მილიციის მაიორმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

 დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო საბჭოთა კავშირში. თუმცა, კომუნისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, მთავრობას ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.


მეოთხე მკვლელობა
1973 წლის 23 მარტს, გლდანის მასივის ახალაშენებული საცხოვრებელი  კორპუსის სადარბაზოში, 43 წლის არსენ კორღილაძე მოკლული იპოვეს. მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – შუბლსა და გულში. ორივე ჭრილობა სასიკვდილო გახლდათ და როგორც ექსპერტმა დაადგინა: კორღილაძე ადგილზევე გარდაიცვალა. მოკლული „შავი სამყაროს“ წევრი იყო და კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდის სტატუსი არ ჰქონდა, თავის კოლეგებში ქურდებზე არანაკლები წონა გააჩნდა. კორღილაძის მკვლელობა „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტით განხორციელდა და მკვლელმა მაყუჩი გამოიყენა. მოკლული დილის 6 საათზე აღმოაჩინეს, მკვლელობა კი დაახლოებით ღამის 1-2 საათზე ჩაიდინეს. კორღილაძის მკვლელობა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, რიგით მეოთხე იყო და ოთხივე, სავარაუდოდ, ერთი და იმავე პიროვნებამ განახორციელა. ამაზე უპირველესად, მიუთითებდა „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი და მკვლელის ხელწერა – მსხვერპლს ორ ტყვიას ესროდა, შუბლსა და გულში.
პირველი დანაშაული 1972 წლის 14 ნოემბერს მოხდა. დაახლოებით ღამის 2 საათზე კუკიის სასაფლაოზე მოკლეს 39 წლის სევა კუზანოვი და 41 წლის ომარ შაროევი. ორივე მსხვერპლი „შავ სამყაროს“ ეკუთვნოდა. ყომარბაზები იყვნენ, რაც ჟარგონზე კარტის ან კამათლის ფულზე მოთამაშეს ნიშნავს. სწორედ თამაშიდან ბრუნდებოდნენ ყომარბაზები. გზად სასაფლაო უნდა გაევლოთ და სიკვდილმაც იქ უწიათ. მესამე მკვლელობა, ასევე, 1972 წლის 10 დეკემბერს მოხდა. კვლავ დაახლოებით ღამის 1-2 საათის ინტერვალში, მეიდანში, 50 წლის გენო პორტნოვი მოკლეს თავისივე სახლის სადარბაზოში. ისიც დილით აღმოაჩინა მეეზოვემ. ამ მკვლელობების საქმეს ქალაქ თბილისის პროკურატურა იძიებდა. მილიციის სამმართველო კი ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდა. საქმე გამოცდილ გამომძიებელს, მურთაზ კახიძეს მიჰყავდა და რამდენიმე ვერსიაზე ერთდროულად მუშაობდა. მთავარი მათ შორის იყო შურისძიება. რადგან ოთხივე მოკლული კრიმინალი იყო, კახიძე ფიქროდა, რომ მათ შურისძიების მიზნით ხორცავდა, სავარაუდოდ, მათივე კოლეგა კრიმინალი, რომელიც გაამწარეს. თუმცა, გაირკვა, რომ მოკლულებს, გარდა კუზანოვისა და შაროევისა, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და საერთოდ, არც იცნობდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ვერავის გაამწარებდნენ ერთად. საგულდაგულოდ გადამოწმდა მკვლელობის იარაღი – „ტეტეს“ პისტოლეტი, მაგრამ ის კარტოთეკაში არ იყო დაფიქსირებული, თანაც მაყუჩიანი. ძიება, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. კახიძის მოთხოვნითა და შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით, თბილისის მილიციის მთელი სამმართველო ფეხზე იდგა. ეძებდნენ მაყუჩიანი „ტეტეს“ სავარაუდო მფლობელს. მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენეს, მაგრამ ამაოდ. არავინ არაფერი იცოდა. თბილისში კი ხალხი უკვე პირსისხლიან მკვლელზე ლაპარაკობდა, რომელიც „ქურდებს ხოცავდა“.

მკვლელობის იარაღი
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოფიციოზი ყველა მძიმე დანაშაულს საგულდაგულოდ მალავდა, ხალხი ყოველთვის იგებდა მათ შესახებ და გადასხვაფერებული ვერსიით მთელ ქვეყანას ედებოდა. ასეთი რამ კი დაუშვებელი იყო. ამიტომ, ცეკას პირველმა მდივანმა ძალოვნები დაიბარა და დანაშაულის სასწრაფოდ გახსნა მოსთხოვა. მათ კი თავის ხელქვეითებს მოსთხოვეს ანალოგიური და ძალოვნებმაც გააძლიერეს მუშაობა. განსაკუთრებით მილიცია ცდილობდა – სამმართველოს ოპერჯგუფები მთელ ქალაქში დადიოდნენ და რეიდებს აწყობდნენ. ამოწმებდნენ და ჩხრეკდნენ ყველას და ყველაფერს. არაერთი დანაშაული გახსნეს, მათ შორის, მძიმეც, მაგრამ „ტეტესა“ და მისი მფლობელის კვალი არსად ჩანდა. მეტიც, 20 აპრილს და 8 მაისს, კიდევ ორი მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „ტეტეთი“. ვაკეში, „ლოკომოტივის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, 37 წლის ოთარ ბუნტური  მოკლეს, რომელიც ჯიბის ქურდი იყო. მეექვსე მსხვერპლი კი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ბესო კოხრეიძე, მეტსახელად „მჟავე“ გახლდათ. 45 წლის „მჟავე“ თავისი სახლის სადარბაზოში, საბურთალოზე მოკლეს. ძალოვნებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს ძალისხმევა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. არც „ტეტე“ ჩანდა და არც მისი პატრონი... როგორც არც თუ იშვიათად ხდება, ახლაც, დანაშაული სრულიად მოულოდნელად გაიხსნა – 1973 წლის 30 მაისს თბილისის კალინინის (მთაწმინდის) რაიონის მილიციაში ინფორმაცია შევიდა, რომ ფუნიკულიორის პლატოზე შეკრებილი იყვნენ მოზარდები და ერთმანეთში კამათობდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა პისტოლეტიდან ორჯერ გაისროლა ჰაერში და ყველა გაიქცა. ფუნიკულიორის პარკში მორიგემ, ზემდეგმა გივი ზვიადაძემ წარმოადგინა ორი გასროლილი მასრა. ისინი „ტეტეს“ პისტოლეტის იყო. მასრებს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა და საოცარი შედეგი გამოვლინდა. ორივე ტყვია იმ პისტოლეტის იყო, რომლითაც ექვსი ადამიანი მოკლეს. მიუხედავად იმისა, არავინ იცოდა, ვინ იყვნენ ფუნიკულიორზე შეკრებილი მოზარდები, როცა გასროლა მოხდა, მილიცია დატრიალდა და გაირკვა, რომ თბილისის ორი სხვადასხვა სკოლის მეათეკლასელებს ჰქონდათ ერთმანეთთან „რაზბორკა“ გოგოს გამო და გაისროლეს სწორედ მაშინ. დადგინდა მსროლელიც, რომელიც 17 წლის მეათეკლასელი. სოსო გუგუშვილი აღმოჩნდა.

მაიორის აღსარება
როდესაც სოსო გუგუშვილის პიროვნება დაადგინეს, მილიციის თანამშრომლები გაოგდნენ. 17 წლის ბიჭი მათი კოლეგის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული განყოფილების მაიორის, ვახტანგ გუგუშვილის ვაჟი აღმოჩნდა... 37 წლის მაიორი დადებითად ხასიათდებოდა. ამიტომ, მურთაზ კახიძემ ბიჭი დაიმარტოხელა და გაარკვია, რომ მან პისტოლეტი მამამისის სეიფიდან მოიპარა. სეიფი სახლში ჰქონდა მაიორს, სადაც ტაბელურ იარაღსა და სანადირო თოფთან ერთად, მაყუჩიან „ტეტესაც“ ინახავდა. სოსო გუგუშვილმა თქვა: „მამის სეიფის კოდი ვიცი, ჩუმად გავაღე და პისტოლეტი მოვიპარე, რომ ჩხუბში მოწინააღმდეგე შემეშინებინა. შემდეგ კვლავ უკან დავდე და მამამ არაფერი იცისო...“ აშკარა იყო, ის ექვსი ადამიანი ვახტანგ გუგუშვილმა მოკლა. ამიტომ, მინისტრის სანქციით, მაიორი გუგუშვილი მისივე კაბინეტში დააპატიმრეს. მანამდე კი, მისი ბინიდან მაყუჩიანი „ტეტე“ ამოიღეს და საქმეს დაურთეს. მაიორს არც კი უცდია თავის დაძვრენა და კახიძეს ასეთი ჩვენება მისცა: „მე არც კაცთმოძულე ვარ და არც მანიაკი. ვხოცავდი მხოლოდ ბოროტმოქმედებს, იმ არაადამიანებს,  ჩვენს ჯანსაღ საზოგადოებას სისხლს რომ სწოვდნენ და ჩვენს მომავალ თაობას აფუჭებდნენ...“ ძიების მსვლელობაში გაირკვა, რომ კახიძის ერთი წლის წინ გარდაცვლილი ცოლი, სინამდვილეში, თავად მაიორმა მოწამლა ციანიდით. მიზეზი კი ღალატი იყო. მეუღლე მას ყაჩაღ ვანო ქვლივიძესთან ღალატობდა, რომელიც ვახტანგ გუგუშვილმა ჯერ გაიტაცა და კოჯრის ტყეში წამებით მოკლა, შემდეგ კი ღრმად ჩამარხა მიწაში. მილიციამ ქვლივიძის გვამსაც მიაგნო და მაიორს რვა ადამიანის მკვლელობაში დაედო ბრალი. ვახტანგ გუგუშვილი ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შერაცხადად ცნო და მას დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, მან სიკვდილმისჯილთა საკანში თავი ჩამოიხრჩო.
скачать dle 11.3