კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ გაშიფრა „კაგებეს“ ქართველმა პოლკოვნიკმა ჩეჩნების პირსისხლიანი ბანდა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

საშინელი აღმოჩენა
39 წლის კონდრატ ბარაშკინი „მედვეჟატნიკი“ იყო, რაც კრიმინალების ენაზე სეიფების გამხსნელს ნიშნავს. მეტსახელად „კოდეინი“ კრიმინალურ სამყაროში მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტული პიროვნება არ გახლდათ. ხშირ შემთხვევაში კოლეგები მას აბუჩადაც კი იგდებდნენ. ამისი მიზეზი კი ის იყო, რომ ბარაშკინს სულ რაღაც ემართებოდა საქმის დროს, რაც მისი ჩავარდნისა და დაპატიმრების მიზეზი ხდებოდა. ამიტომ, მასთან ერთად საქმის დაჭერა არავის სურდა და „კოდეინი“ მარტო „ჩალიჩობდა“. არადა, კონდრატ ბარაშკინს არც ქურდული კვალიფიკაცია აკლდა და არც გონებასუსტი იყო. „კოდეინს” ძალიან მოკლე დროში შეეძლო ურთულესი საკეტების გახსნა. „ნაკოლებსაც“ თვითონ „ჩარხავდა“ და „ცარიელზე“ არასდროს უმუშავია. მას ყოველთვის „მსუყე კუში“ ხვდებოდა. თუმცა, პრობლემები მხოლოდ მას მერე იწყებოდა, რაც ნადავლს ჩაიგდებდა ხელში და სამშვიდობოზე უნდა გასულიყო. ერთ-ერთი საქმის დროს, როცა ძვირფასეულობით დახუნძლული ბარაშკინი გაძარცვული, ცარიელი ბინიდან უნდა გასულიყო, მიწა იძრა და შვიდბალიანმა მიწისძვრამ სახლი შეაქანა. „კოდეინს” თავზე რკინის ხელსაწყოებით სავსე ფოლადის ყუთი დაეცა და გონება დააკარგვინა. ბარაშკინი რომ გამოფხიზლდა, უკვე მილიციაში იმყოფებოდა და მორიგი „სროკიც“ „აიკიდა“. მეტსახელი „კოდეინი“ კი ბარაშკინს იმის გამო შეარქვეს, რომ სიჭაბუკეში „კოდეინის“ ტაბლეტებს ყლაპავდა ინდაურივით. ამით ბრუვდებოდა და ამგვარად „ისწორებდა კაიფს“. მთელი თავისი ექსცენტრიკულობის მიუხედავად, ბარაშკინი უზადო გამქცევი იყო და სხვადასხვა საპყრობილიდან 6-ჯერ „აითესა“. მეექვსე გაქცევა კოდეინმა 11-ე კილომეტრის სახელით ცნობილი კოლონიიდან მოახერხა, რომელიც მოსკოვიდან 101 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ის იმავე ღამეს ჩავიდა საბჭოეთის დედაქალაქში და ზონიდან წამოღებულ „ნაკოლზე“ დაიწყო „ჩალიჩი“. „კოდეინმა“ ორი დღე უთვალთვალა ინჟინერ იუსუფ აბდულიმოვის ბინას, რომელიც სამოთახიან სახლში მარტო ცხოვრობდა. შემდეგ შეძვრა. ძვირფასი ნივთებით „დაიხუნძლა“ და უკვე გამოსვლას აპირებდა, რომ დალევა მოუნდა. „კოდეინმა“ ალაფი კართან დადო და სამზარეულოში გავიდა.  მაცივარი გააღო და გაშრა... უზარმაზარი მაცივრიდან მას ადამიანის მოკვეთილი თავი უმზერდა, რომელსაც თვალები ღია ჰქონდა. „კოდეინი“ სამზარეულოდან გამოიქცა, ნაქურდალ ნივთებს ხელი დაავლო და თავზარდაცემულმა დატოვა გაძარცვული ბინა.

გამქრალი ინჟინერი
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არ გაუმართლა ბარაშკინს და პროხოროვის ჩიხში შესული „მედვეჟატნიკი“ „მურის“ ოპერატიულ ჯგუფს გადააწყდა. ღამის მორიგეობაზე,  მანქანაში იყვნენ ჩასაფრებული. ჩამქრალფარებიან „ჟიგულში“ ბესიკ აბულაძის ოთხეული იჯდა. კაპიტანი აბულაძე იმედოვნებდა, რომ ღამის მორიგეობიდან რომელიმე წვრილმან ლიფსიტას მაინც გააბამდა მახეში. თუმცა, როდესაც თავის ძველ ნაცნობს, კონდრატ ბარაშკინს მოჰკრა თვალი, ძალაუნებურად, გაეღიმა და კოლეგებს უთხრა:
– მოემზადეთ, ძმებო, თვით „კოდეინი“ გამოგვიგზავნა ფორტუნამ. დარწმუნებულები იყავით, რომ ძალიან გაგვიმართლა.
აბულაძემ „კოდეინი“ ადგილზევე „ააგდო“. შემდეგ ფაქტიანად ჩასვა მანქანაში და „მურში“ გააქანა. იქ კი ძველი ნაცნობი მეგობრულად მიიღეს მილიციელებმა და სიგარეტითაც გაუმასპინძლდნენ.
– აბა, ბარაშკინ, გვაუწყე, სად იშოვე ეს განძი? – ჰკითხა აბულაძემ დაკავებულს.
– დავწერ, უფროსო, – მიუგო ბარაშკინმა კაპიტანს და „მუშაობას“ შეუდგა.
„კოდეინის“ ნახევარსაათიან „ნაშრომს“ რომ გაეცნო აბულაძე, „მედვეჟატნიკს“ უთხრა:
– რა თავი, რის მოჭრილი და თვალებღია, შენ რა, დაგვცინი?
– თუ არ გჯერათ, თქვენ თვითონ ნახეთ, – მიუგო „კოდეინმა“ კაპიტანს და გააბოლა...
„მურის“ ოპერჯგუფი ინჟინერ აბდულიმოვის ბინას დილის 5 საათზე მიადგა. კარი მათ ჩაკეტილი დახვდათ და მხოლოდ 7 საათზე შეაღწიეს შიგ. მას მერე, რაც კანონით დადგენილი პროცედურები შეასრულეს და მოწმეების თანდასწრებით გატეხეს კარი. ბინაში არც მაცივარში მოთავსებული მოკვეთილი თავი აღმოჩნდა და არც ვინმე სულიერი. მეზობლებმა 36 წლის ჩეჩენი ინჟინერი კარჩაკეტილ პიროვნებად დაახასიათეს. გაირკვა, რომ ბინის პატრონი მექანიკურ ქარხანაში მუშაობდა. მილიციამ ქარხანაში მოიკითხა აბდულიმოვი, მაგრამ ის არც იქ აღმოჩნდა. გაუჩინარებულ აბდულიმოვზე ძებნა გამოცხადდა, „მურში“ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ინჟინრის ბინის ქურდობის ფაქტზე...

გვამების სამარხი
გამქრალ აბდულიმოვს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ერთი, ოცდახუთი კვადრატული მეტრი ოთახი ჰქონდა, რომელიც არასაცხოვრებელ ფართად იყო გაფორმებული. მილიციამ იქაურობა ყურადღებით დაათვალიერა და თავდაპირველად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. თუმცა, მიწა რომ გადაჩიჩქნეს, იქ შედედებული სისხლის კვალი აღმოჩნდა. მილიციამ მიწა ამოთხარა და მრავლისმნახველი ოპერებიც კი გაოგნდნენ და შეძრწუნდნენ. ორიოდე მეტრის სიღრმეში, აბდულიმოვის სარდაფში შვიდი ადამიანის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გვამები სხვადასხვა დროს ჩაფლეს – დაახლოებით ორი წლიდან, სამი თვის ხანგრძლივობით. მეშვიდე გვამი კი სულ რაღაც ორი-სამი დღის დამარხული გახლდათ და მას თავი ჰქონდა მოკვეთილი. ახალი გვამი სამოცდაათიოდე წლის ქალს ეკუთვნოდა. მისი იდენტიფიკაცია ადგილზევე ვერ მოხერხდა, რადგან არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. გვამი პროზექტურაში წაიღეს ექსპერტიზაზე. რაიონულ პროკურატურაში კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შვიდი, განსაკუთრებულად სასტიკად ჩადენილი მკვლელობის გამო. ინჟინერ იუსუფ აბდულიმოვზე  კი საკავშირო ძებნა გამოცხადდა, როგორც საშიშ დამნაშავეზე.

ჩეჩნური დაჯგუფება
ძებნილი იუსუფ აბდულიმოვის საქმემ მილიცია, ეგრეთ წოდებულ, ჩეჩნურ დაჯგუფებაზე გაიყვანა, რომელიც ადამიანების გატაცებითა და ფულის გამოძალვით გახლდათ დაკავებული. გაირკვა, რომ ამ დაჯგუფების წევრები, ეგრეთ წოდებული, იატაკქვეშა მილიონერების ოჯახის ორ წევრს – ახალგაზრდასა და ხანდაზმულს ერთდროულად იტაცებდნენ. ხანდაზმულს თავს ჰკვეთდნენ და მილიონერს უგზავნიდნენ, თან ეუბნებოდნენ,  თუკი ფულს არ მოიტან, ახალგაზრდა გატაცებულსაც იგივე დღეს დავაყრითო. ფულის გადახდის შემდეგ კი, ემუქრებოდნენ,  თუკი ამ ამბავს მილიციას შეატყობინებთ, მთელ საგვარეულოს გავწყვეტთო. შეშინებული დაზარალებულები მილიციას არაფერს ატყობინებდნენ. მხოლოდ მოკვეთილ თავს მარხავდნენ ჩუმად და დანაშაული იფარცხებოდა. იუსუფ აბდულიმოვი ამ დაჯგუფების წევრი გახლდათ. მას – კურიერად, მისი ბინის სარდაფს კი, სასაფლაოდ იყენებდნენ. ძებნილი აბდულიმოვი სამართალდამცველებმა მშობლიურ სოფელში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკაში მოკლული იპოვეს. აშკარა იყო, ინჟინერს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ მისი ბინიდან გაიშიფრა დანაშაული, თანაც ხელჩასაჭიდი ძაფიც გაწყვიტეს.

თითმკვლელი გენერალი
განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ჩეჩნური დაჯგუფების საქმე „კაგებემ“ წაიღო. უშიშროებამ ჩვეულ რიტმში წარმართა გამოძიება და მალევე დაადგინეს, რომ ჩეჩნებს 49 წლის რეციდივისტი, ძარცვა-ყაჩაღობისთვის ოთხჯერ ნასამართლევი, შამილ რახმანოვი მეთაურობდა. მან კარგად ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურა  ჩამოაყალიბა, 40 წევრით. ამ საქმეს „კაგებეს“ ქართველი პოლკოვნიკი ნუგზარ პეტრიაშვილი უძღვებოდა. ძალიან გამოცდილ, 45 წლის პოლკოვნიკს უწყებაში დიდად აფასებდნენ. პეტრიაშვილს არაერთი მძიმე დანაშაული ჰქონდა გახსნილი და ბევრი საშიში დამნაშავეც დააპატიმრა. შამილ რახმანოვის კვალზე გასულმა უშიშროებამ, პირწავარდნილი რეციდივისტი პოდმოსკოვიეში, ქალაქ ოდინცოვოში, ერთ-ერთ აგარაკზე დააპატიმრა, სადაც ის თავს აფარებდა. თითქმის ერთბაშად აიყვანეს დანარჩენი ბოროტმოქმედებიც. ოპერაცია პეტრიაშვილმა  დაგეგმა და უზადოდ შეასრულა „კაგებეს“ სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა. საქმის მასალებმა, მოწმეთა ჩვენებებმა და საყოველთაო ანალიზმა ცხადყო, რომ ჩეჩნურ დაჯგუფებას საკმაოდ დიდი მფარველი ჰყავდა საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების მაღალ ეშელონებში. პეტრიაშვილმა მისი ვინაობაც გაიგო და ის მილიციის გენერალ-მაიორი, გენადი პოტაპოვი აღმოჩნდა. თუმცა, მის წინააღმდეგ პირდაპირი სამხილები არ არსებობდა. მასთან კავშირზე მხოლოდ რახმანოვი გადიოდა, მას კი, ჩვენების მიცემა არ უნდოდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა პოლკოვნიკმა მაინც მოუძებნა რახმანოვს ხინჯი. პეტრიაშვილმა „გამოუქექა“, რომ რახმანოვი ერთ-ერთი ცნობილი, გარდაცვლილი კანონიერი ქურდის მეუღლეს ჰყვარობდა და ამისი უტყუარი საბუთი, ფოტომასალა დაუდო წინ. თან, უთხრა:
– ამ ფოტოებს გავამრავლებთ და ყველა საპრყობილის მაყურებელს მივაწვდით, რომელშიც არ უნდა მოხვდე – საქათმე და საშინელი სიკვდილი გარანტირებული გაქვს.
პეტრიაშვილის მუქარამ გაჭრა. რახმანოვმა საქათმეს მილიციის გენერლის „ჩაშვება“ ამჯობინა და პოლკოვნიკს ჩვენება მისცა. „კაგებეს“ ოპერაჯგუფი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოტაპოვის დასაპატიმრებლად მივიდა, გენერალმა თავი ტაბელური იარაღით, საკუთარ კაბინეტში მოიკლა. საწერ მაგიდაზე კი ბარათი დატოვა, რომელშიც ეწერა: „სიცოცხლე ჩირადაც აღარ მიღირს.“
скачать dle 11.3