კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ მიიჩნეოდა აუღებლად ქსნის ციხე და რომელი მეფე მოკლეს იქ

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე – დიდი ხელმწიფის, ალექსანდრე პირველის მესამე ვაჟი – გიორგი მერვე იძულებული გახდა, დასჯერებოდა კახეთს და იქ გამეფებულიყო. კახეთის სამეფოში მას ეწოდება გიორგი პირველი. 1476 წლიდან კახეთში მეფობდა გიორგი მეფის ძე – ალექსანდრე პირველი (კახეთის მეფეთა ნუმერაციით).
იმერეთში გამეფდა ალექსანდრე პირველი დიდის ძმის, გიორგის შვილი – ბაგრატი, გიორგი მერვის ბიძაშვილი (იმერეთში ბაგრატ მეორე). მან გარკვეული ხნით ტფილისიც დაიკავა, ამიტომ ეწოდება ბაგრატ მეექვსეც, როგორც იმერეთ-ქართლის მეფეს (ტფილისის მეფეს).
ქართლში გამეფდა ალექსანდრე პირველი დიდის მეორე ვაჟის, დიმიტრის შვილი – კონსტანტინე მეორე. 1490 წელს, ფაქტობრივად, გაფორმდა ერთიანი საქართველოს დაშლა სამ სამეფოდ. 1505 წელს, კონსტანტინე მეორის გარდაცვალების მერე, ქართლის ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი, დავით მეათე. ის ყოფილა მშვიდობისმოყვარე ადამიანი.
მეთექვსმეტე საუკუნეც ურთიერთმტრობით დაიწყო. ერთიანი საქართველოს დაშლის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იმერეთის მეფე ბაგრატის ვაჟი, ალექსანდრე თავს ესხმოდა ქართლს. მან მოახერხა და დაიკავა იმერეთის ტახტი, მერე გარკვეული ხნით, გორიც კი წაართვა ქართლის სამეფოს.
აგრესიულობით გამოირჩეოდა კახეთის ტახტის მემკვიდრე, გიორგი ბატონიშვილი. თურმე, თავის მამას, მეფე ალექსანდრეს სთხოვდა, ბრძოლები ეწარმოებინათ ქართლის დასაკავებლად. ალექსანდრე პირველი არ იყო სისხლისღვრის მომხრე. ალექსანდრე მეფეს ვახუშტი ბაგრატიონი დადებითად ახასიათებს – ყოფილა მშვენიერი ვაჟკაცი, მოწყალე და მშვიდობისმოყვარე. ალექსანდრეს ჰყავდა მეორე ვაჟიც. გიორგი ბატონიშვილი ეჭვიანობდა უმცროს ძმაზე და ოცნებობდა, მალე ჩაეგდო ხელში ტახტი.
1505 წელს დიდი უბედურება დატრიალდა კახეთის სამეფო ოჯახში. რადგან მეფე-მამა და ძმა – დიმიტრი ეწინააღმდეგებოდნენ გიორგი ბატონიშვილის ზრახვებს, სისხლისღვრას. ჩვენი აზრით, ცხელ გულზე, გაგულისებულმა გიორგიმ მოკლა მამა, ძმას კი თვალები დასთხარა. თუმცა, ამ ამბავზე სხვა აზრი უფროა გავრცელებული. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს „ღალატით მოწყობილი მკვლელობა წინასწარ განზრაზულსა და განგებულს ბოროტმოქმედებას გულისხმობს და ცხადად მოწმობს, რომ ავ-გიორგის ეს საშინელი საქმე, არც დამაბრმავებელი ვნებათაღელვისა და მით უმეტეს, არც ფათერაკის შედეგი უნდა ყოფილიყო“. დიდი ივანეს ვარაუდს ამყარებს ის, რომ გიორგიმ ძმას – დიმიტრის თვალები დასთხარა და ცოლ-შვილით კახეთიდან გააძევა. ავიდა კახეთის ტახტზე და თავი „ლიხთიმერისა და ლიხთამერისა ორისავე ტახტისა და სამეფოის“ მფლობელად გამოაცხადა, ივანე ჯავახიშვილის სიტყვით – „ურცხვად“. კახთა მეფე გიორგის ამის გამო ხალხმა ავ-გიორგი შეარქვა. ავ-გიორგის მიერ ძმის დასჯის ფორმაში, თვალების დაწვასა და სამეფოდან გაძევებაში, ჩანს მისი სამართლებრივ-მემკვიდრეობითი შიში. სამეფო კანონებით ბრმას არ შეეძლო ტახტზე ასვლა.
მაინც საფიქრებელია, რომ მამის მკვლელობა მეფე გიორგის ძალიან აწუხებდა. ერთი ინფორმაციით, მეფე გიორგი „მოვიდა მცხეთას და  სვეტს ცხოველს შემოეხვეწა და იყო რამდენიმე ხანი“. სხვა საბუთში, ავ-გიორგისვე მცხეთისთვის შეწირულობის წიგნში, წერია, რომ კათალიკოს დიონისეს, მთავარეპისკოპოს მალაქიას და ამბა ალავერდელ იოანეს ავ-გიორგი უმხილებიათ დიდ ცოდვაში და ისიც აღიარებს დანაშაულს. რაც მოიხოვეს ცოდვების გამოსასყიდად კათალიკოსმა და მღვდელმთავრებმა, ყველაფერში დათანხმდა კახთბატონი – „მცხეთის საყდარს შევეხვეწენით და დავიურვეთო“. ავ-გიორგის შეწირულობა გაუღია სვეტიცხოვლისთვის და მამის მოსახსენიებლად, აღაპის დაწესება მოუთხოვია.
ტახტის მითვისების შემდეგ ავ-გიორგიმ დაიწყო შეტევები ქართლზე. ავ-გიორგის ქართლზე ლაშქრობები მხოლოდ მეფე დავით მეათის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, კახელების შემოსევები ქართლელების, უბრალო ხალხის აწიოკებასა და ძარცვას ნიშნავდა, ასევე მსხვერპლსაც. სუსტდებოდა საქართველო...
ქართლის მეფე დავითს ძმები სთხოვდნენ ქმედითი ზომები მიეღო და ელაშქრა კახეთზე, რადგან კახთა მეფეებმა წაგვართვეს კახეთიო: „მამათა ჩვენთა კახეთი მოიღესო“. თუ ქმედით ზომებს არ მიიღებ, ქართლსაც დავკარგავთო. დავით მეფე არ თანხმდებოდა, გადასულიყო შეტევაზე.  
მაშინ ინიციატივა ხელში აიღო დავით მეფის ერთ-ერთმა ძმამ, ბაგრატ უფლისწულმა, პირველმა მუხრანბატონმა. ბაგრატ ბატონიშვილი ყოფილა საინტერესო პიროვნება, კარგი მეომარი და მწიგნობარი, პოლემისტი, საეკლესიო მოღვაწე (1539 წელს ბერად აღკვეცილა). ჩვენამდე სრულად მოაღწია მისმა პოლემიკურმა ანტიმაჰმადიანურმა თხზულებამ „მოთხრობაი სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაი“. ნაწარმოებში გაკრიტიკებულია ყურანი, მაჰმადიანობა და ქრისტიანობის დოგმატურ მოძღვრებაზე დაყრდნობით, გადმოცემულია მისი არსი. თხზულება თავის დროს ძალიან პოპულარული ყოფილა. მისი ავტორი, ბაგრატ უფლისწული იმ დროისთვის ქართველთა იდეოლოგად შეიძლება, ჩაითვალოს.
1512 წელს ბაგრატ ბატონიშვილმა მეფე-ძმას, დავით მეათეს მოსთხოვა საუფლისწულოდ მუხრანი, არაგვისა და ქსნის ხეობა. იქ ერთ-ერთი სადროშო ჩამოყალიბდა, ქართლის ოთხი სადროშოდან, ბაგრატის მეთაურობით. სამაგიეროდ, ბატონიშვილი ბაგრატი თავის მბრძანებელ ძმას შეჰპირდა, კახეთის სამეფოდან მომავალ საფრთხეს გავუმკლავდები და გავანეიტრალებო. ასე ჩამოყალიბდა მუხრანის საუფლისწულო-საბატონო. პირველი მუხრანბატონი გახდა ბაგრატი. ბაგრატმა თავის სამხედრო რეზიდენციად და ავ-გიორგისგან თავის დასაცავად, მტკვრისა და ქსნის შესართავთან, კლდის თავზე ააგო ქსნის ციხე (მტვერის ციხე, მტვრის ციხე) და იქ გამაგრდა.  ქსნის ციხე მაღალ მთაზეა აგებული, რომელსაც სარკინეთის მთას უწოდებენ. ახლა იმ ადგილას უფრო გვიან აშენებული და გაფართოებული ციხის ნაშთები დგას. ძველი ციხეც საკმაოდ კარგად გამაგრებული და დიდი შენობა ყოფილა. ბაგრატ უფლისწულს კარგად გაუთვლია, მიუვალ კლდეზე აშენებულ ციხეში მრავლად მოუწყვია წყლისა და სურსათის შესანახი სათავსოები და რადგან ელოდა ავ-გიორგის შემოსევას, ბლომადაც მოუმარაგებია წყალი და სანოვაგე.
მალე ქსნის ციხისკენ დაიძრა ავ-გიორგი დიდი ჯარით. ბაგრატ მუხრანბატონმა შეიტყო თუ არა, ციხეში გამაგრდა. ავ-გიორგი სამი თვის განმავლობაში უტევდა  ციხეს. იმ ბრძოლების შესახებ ლეგენდაა გავრცელებული: ავ-გიორგის დაცინვის მიზნით ღვინო გაუგზავნია ბაგრატ ბატონიშვილისთვის – მეფის ძე ხარ, ალბათ, რამდენი ხანია ღვინო არ დაგილევია და მოგენატრებოდაო. ბაგრატს ციხიდან ცოცხალი ორაგულები გადმოუყრია, სამი თვეა, ქსანთან დგახარ და ორაგული არ გიგემნია. აჰა, ცოცხალი ორაგული ჭამეო. შეიძლება, ქსნის ციხეში აუზები ჰქონდა მოწყობილი ბაგრატს. ხალხში ამბობდნენ, ქსნის ციხიდან მდინარემდე საიდუმლო გვირაბი იყო გაჭრილიო.
დარწმუნდა ავ-გიორგი, რომ ვერ აიღებდა ციხეს და გაეცალა. მაგრამ, 1513 წელს  ისევ გამოილაშქრა ქართლის წინააღმდეგ. ქართლის ნაწილის დარბევის მერე, ალაფით დატვირთულს ჯარი წინ გაუშვია  და მცირე ამალის ამარა დარჩენილი, ნადირობით ერთობოდა თურმე. გათამამებულ მეფე გიორგის, რომელიც არხეინად ნადირობდა, ბაგრატ ბატონიშვილი ჩაუსაფრდა თავისი რაზმით და კახთა მეფე და მისი ამალა ტყვედ აიყვანა.
ქსნის ციხეში მოხვდა ავ-გიორგი. იქვე გარდაცვლილა მალე. მისი სიკვდილის შესახებ  ორი ვერსია არსებობს: „რომელნიმე იტყვიან დაარჩუესო და რომელნიმე იტყუიან, თავისის დღით მოკვდაო “. ამიტომ დაბეჯითებით ვახუშტი ბაგრატიონი ვერაფერს ამბობს და წერს: „მოაშთვეს” ანუ მოკვდაო, ხოლო „ახალი ქართლის ცხოვრების“ ავტორი კი წერს: „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი და მოკვდა“. ზოგი გადმოცემით, ავ-გიორგი დავით მეფის ბრძანებით დაუხრჩვიათ.
скачать dle 11.3