კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-28(863)



გიგაურმა გააბოლა და ოთახში გაიარ-გამოიარა. გააბოლა ვარლამმაც, თან თვალს არ აშორებდა მაიორს, რომელმაც პაუზის მერე უთხრა:
– ევგენი მოროზოვი ძველი მზვერავია. ძალიან გამოცდილი და ყველაფერი მოფიქრებული ექნება. ვფიქრობ, თანმიმდევრულად მოქმედებს და სწორედ ამან, ანუ – ლოგიკამ მიიყვანა ის გივი კვირიკაშვილთან, რაც სამწუხაროდ, თქვენი მეგობრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
– ბოდიში, ზურაბ, გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, – სიტყვა გააწყვეტინა კოვზირიძემ გიგაურს – ჩემი აზრით, გივისა და მოროზოვის შეხვედრა „ალ-13-ის“ ძებნამ გამოიწვია, გივის მკვლელობა კი – მისმა ფრაზამ: ვარლამმა ხომ არ გაგიკეთათ ოპერაციაო.
– კი. მკვლელობის საბაბი სწორედ ეს ფრაზა გახდა, – დაეთანხმა მაიორი ვარლამს, – მაგრამ, თბილისში ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო.
– აბა, რას უნდა მივაწეროთ ეს?
– სავარაუდოდ იმას, რომ სხვაგან მან თქვენ ვერ აღმოგაჩინათ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მოროზოვი მეძებდა?
– დარწმუნებული ვარ ამაში.
– რატომ?
– იმიტომ, ვარლამ, რომ ერთადერთი ხართ, ვინც მისი დღევანდელი სახე იცის და მოწმის თავიდან მოშორება უნდა.
– გასაგებია, მაგრამ რა იცის, რომ ცოცხალი ვარ?
– შეიძლება, ეს დანამდვილებით მართლა არ იცის, მაგრამ რომ გამორიცხოს, ამიტომაც გეძებთ. ხომ გითხარით, ის ძველი, გამოცდილი მზვერავია და ამ ყველაფერთან ერთად, ინტუიციაც ძლიერი ექნება. ხიფათს გრძნობს, მონადირის სუნთქვა ესმის და თავად გახდა მონადირე. თანაც, არც თუ ისე რთულია, ორასიოდე საბჭოთა პლასტიკურ ქირურგს შორის, ერთის მოძებნა. დარწმუნებული ვარ, მან ეს გააკეთა. ყველგან მოგძებნათ და ბოლოს თბილისს მოადგა. ინტუიცია მკარნახობს, რომ მოროზოვი თბილისშია, თანაც მარტო არაა და თანამზრახველებიც ჰყავს.
– ალბათ, ცოლ-შვილი. მისი ვაჟი უკვე დიდი იქნება და თანამზრახველად გამოადგება.
– ვფიქრობ, ცოლ-შვილის გარდა, სხვა თანამზრახველებიც ეყოლება. საერთოდ, რა იცით, რა აქვს ჩაფიქრებული? ფული ექნება, რადგან უამრავი ოქრო გაიტაცა და მისი ფულად ქცევა პატარ-პატარა პორციებით არ გაუჭირდება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ „ტვირთი 39“ მოროზოვმა გერმანიიდან საბჭოთა კავშირში ჩამოიტანა?
– თითქმის დარწმუნებული ვარ.
– კი, მაგრამ ამდენი ოქროს ასეთ შორ გზაზე შეუმჩნევლად ტრანსპორტირება ასე იოლია?
– თუ ეს ასეა და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეა, მოროზოვმა ეს შეძლო. ეს ახლა, მშვიდობიანობის დროსაა შეუძლებელი – უკონტროლოდ გრამსაც კი ვერ გაიტან და შემოიტან. მაშინ, ცხრამეტი წლის წინ კი, ომი ახალი დამთავრებული იყო. დემობილიზაცია მიმდინარეობდა. ათეულათასობით ჯარისკაცი და ტექნიკა ბრუნდებოდა სამშობლოში. მათ კი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არავინ ჩხრეკდა. ასე რომ, ტანკით, ჯავშანმანქანით ან, სულაც, სატვირთო სამხედრო მანქანით შეიძლებოდა ამის გაკეთება. მე ამ მხრივაც მაქვს ნამუშევარი და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე.
– რას გულისხმობთ?
– ათას ცხრაას ორმოცდახუთ-ორმოცდაექვს წლებში საეჭვო ვითარებაში დაღუპული, საბჭოეთში დაბრუნებული ჯავშანმანქანების მძღოლების საქმეებს ვათვალიერებდი და ერთ საგულისხმო დეტალს მივაგენი.
– რა დეტალს?
– რას და, ორმოცდაექვსი წლის მარტში, უფროსი ლეიტენანტი ფილიპ სკვორცოვი მოკლეს ქალაქ კალინინგრადში. მისი ჯავშანმანქანა კი ქალაქის გასასვლელში აღმოაჩინეს, მძღოლი სალონში იპოვეს შუბლში ტყვიანასროლი, ისევე, როგორც კვირიკაშვილი. ჯავშანმანქანა კი იმხელა იყო, რომ „ტვირთი 39“ თავისუფლად მოთავსდებოდა მასში. ვფიქრობ, მოროზოვმა სწორედ სკვორცოვს წამოაღებინა ოქროს ზოდები. შემდეგ ისინი სხვა ტრანსპორტში გადაიტანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიღო. თავად უფროსი ლეიტენანტი კი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორა.
– იქნებ, გეშლებათ და სკვორცოვი სულ სხვა რამის გამო მოკლეს?
– არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ არ მგონია?
– რატომ?
– იმიტომ, რომ სკვორცოვს გერმანიიდან ალაფი მოჰქონდა, საკმაოდ ძვირფასი ანტიკვარული ჭურჭელი და სხვა ნივთები, რომლებიც ხელუხლებელი აღმოაჩინეს. მაშინ ძირითადად ძარცვის მიზნით ხდებოდა ასეთი შემთხვევები. ძარცვას კი ადგილი არ ჰქონდა. თუკი ეს მოროზოვმა ჩაიდინა და ვფიქრობ, რომ სწორედ მან ქნა ეს, რატომ გაძარცვავდა სკვორცოვს, როცა ტონობით ოქრო ჰქონდა დასაბინავებელი?
– ლოგიკურია, – თქვა კოვზირიძემ.
– უფრო მეტ ლოგიკურობას მატებს ამ ყველაფერს ის, რომ, როგორც გავარკვიე, ზურგში მძიმედ დაჭრილ მოროზოვს, დაახლოებით ექვსი-რვა თვე დასჭირდებოდა ძალების აღსადგენად და ფეხზე დასადგომად. სწორედ რვა თვე გავიდა მისი დაჭრიდან კალინინგრადის მოვლენებამდე.
– ჰო, ზურგი მართლაც საშინლად დაცხრილული ჰქონდა და რომ ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი, მიპასუხა, – ბრძოლაში მძიმედ დავიჭერიო.
– ეს, რაც შეეხება ოქროს ჩამოტანას, – თქვა გიგაურმა, – ახლა კი სატყუარაზე ვილაპარაკოთ.
– გისმენთ, – ვარლამმა თვალი თვალში გაუყარა მაიორს, მან კი უთხრა:
– ჩემი, უფრო სწორად, ჩვენი უწყების ხელმძღვანელობის გეგმა ასეთია – თქვენ ბრუნდებით თბილისში და თქვენი პროფესიით იწყებთ მუშაობას ოფიციალურად...
– თბილისში ვბრუნდები და ჩემი პროფესიით ვიწყებ მუშაობას? – კვლავ გააწყვეტინა სიტყვა მაიორს გაოცებულმა ვარლამმა.
– დიახ. თბილისში ბრუნდებით და სილამაზის ინსტიტუტში ქირურგ-პლასტიკოსად იწყებთ მუშაობას თქვენი მეგობრის, გივი კვირიკაშვილის ადგილზე. მანამდე კი გავავრცელებთ ხმას, რომ ათი წელი იჯექით ციხეში იმის გამო, რომ ადამიანი შემოგაკვდათ. შემდეგ კი, საექიმო საქმიანობა გქონდათ შეჩერებული და რუსეთში ცხოვრობდით. ახლა ეს ვადა გავიდა, სამშობლოში დაბრუნდით და ისევ ძველ პროფესიას მოჰკიდეთ ხელი. თანახმა ხართ?
– კი, თანახმა ვარ, მაგრამ ბოდიში ამ სიტყვაზე და მოროზოვი ამას ჭამს? – თქვა ვარლამმა, – თუკი ის ძველი, გამოცდილი მზვერავია, თან ინტუიციაც აქვს, ნუთუ ამ ყველაფერში უშიშროების ხელს ვერ დაინახავს?
– კი. მასეა, მაგრამ ვფიქრობ, გარისკავს, რადგან უღირს. თუმცა, ძალიან ფრთხილად იმოქმედებს. ხომ გითხარით, მგონია, მას ცოლ-შვილის გარდა, სხვა თანამზრახველებიც ჰყავს და შესაძლოა, თქვენს კოლეგებს შორისაც. ამიტომ, უფრო მათი მეშვეობით იმოქმედებს. თავად, სავარაუდოდ, ჩრდილში დადგება და სიტუაციის მართვას შეეცდება.
– თანახმა ვარ, – გაეცინა ვარლამს და მაიორს ხელი გაუწოდა, – ჩამომართვი ხელი, ზურაბ, შევთანხმდით!
გიგაური, ხელის ჩამორთმევას არ ჩქარობდა. მან პაუზა გააკეთა და უხერხულად დახარა თავი. შემდეგ თავი ასწია, ვარლამს თვალებში შეხედა და უთხრა:
– და, ყველაზე მთავარი...
– აბა, გისმენ, ზურაბ, – უკვე მეორედ მიმართა შენობით ვარლამმა მაიორს.
– ბატონო ვარლამ, მეტი დამაჯერებლობისთვის, ანუ მოროზოვმა რომ დაიჯეროს თქვენი თბილისში დაბრუნების ამბავი, საჭიროა, გავრცელდეს ხმა თქვენი ოჯახის შესახებ.
კოვზირიძე უცებ ვერ ჩასწვდა მაიორის სიტყვებს.
– რას გულისხმობთ, მე ხომ მარტოხელა... – უცებ კოვზირიძე გაფითრდა, ენა დაება და რის ვაი-ვაგლახით დააყოლა, – ეკას და ირინეს გულისხმობთ?
– დიახ. სწორედ მათ. მოროზოვის ყურამდე უნდა მივიდეს ეს ამბავი და მაშინ ყველაფერს დაიჯერებს, – მტკიცედ უთხრა მაიორმა ვარლამს.
– მერე ეს საშიში არაა?
– რისკი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევამცირებთ მას.
– როგორ?
– თქვენ და თქვენი ცოლ შვილი, განსაკუთრებით კი ეკატერინე, ჩვენი მუდმივი მეთვალყურეობისა და დაცვის ქვეშ იქნებიან.
კოვზირიძეს ოფლმა დაასხა და ხელის კანკალით მოუკიდა სიგარეტს. მოქაჩა, კვამლი გამოუშვა და გიგაურს უთხრა:
– ირინე თუ დაგთანხმდებათ.
– თქვენი მეუღლე თანახმაა. ქალბატონ ირინესთან უკვე შეთანხმებული ვარ და დასტური მომცა, – თქვა გიგაურმა, – უნდა გითხრათ, რომ თქვენი მეუღლე ძალიან მამაცი ქალია.
– კარგი, ზურაბ, – კვლავ თქვენობითზე გადავიდა კოვზირიძე, – რადგან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია, მეც თანახმა ვარ.
 – ბატონო ვარლამ, მოდით, ვიმეგობროთ და უშუალოდ მივმართოთ ერთმანეთს, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნეთ.
– კეთილი. მასე იყოს, ზურაბ.
– აი, ჩემი ხელი, ვარლამ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, ზურაბ, – მიუგო კოვზირიძემ მაიორს და მაგრად ჩამოართვა ხელი.
კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. მაიორმა უპასუხა. ხუთიოდე წუთის მერე კი ყურმილი აპარატზე დადო და ვარლამს უთხრა:
– თბილისიდან დამირეკეს. ალერგოლოგიის განყოფილებიდან პრეპარატი „ალ 13“ გაიტაცეს. ექიმი გათიშეს. წამლების კარადა ჩაამტვრიეს და ამპულა ისე წაიღეს. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არაა. დარწმუნებული ვარ, ეს მოროზოვმა ან მისმა თანამზრახველმა გააკეთა. ხომ ვამბობდი, ის თბილისშია და ალბათ, ღრმადაა ფსკერზე  დაწოლილი.
ვარლამმა უხმოდ დაუქნია თავი მაიორს და სიგარეტი გააბოლა.
***
ვარლამ კოვზირიძე და მისი ცოლ-შვილი, როგორც გიგაურმა თქვა, ერთი კვირა მოსკოვში გაჩერდნენ. ამ ხნის განმავლობაში „კაგებემ“ მთელ საქართველოში გაავრცელა ხმა, რომ ექიმი-კოსმეტოლოგი ვარლამ კოვზირიძე, თავის ცოლ-შვილთან ერთად, თბილისში ბრუნდებოდა ციმბირიდან, სადაც „ნასროკალი“ ექიმი გადასახლებაში ცხოვრობდა. ახლა კი უფლებააღდგენილი ექიმი თავის პროფესიას დაუბრუნდა.
ვარლამ კოვზირიძე რომ ძველ სამსახურში დაბრუნდა, უკვე მთელმა კოლექტივმა იცოდა მისი და ირინე გავაშელის ისტორია. „კაგებემ“ ჩვეულ სტილში იმუშავა და „ნასროკალი“ ექიმის ამბავი მთელმა თბილისმა იცოდა. ეკა თავის ნამდვილ გვარზე გადავიდა და კოვზირიძე გახდა. ირინე გავაშელმაც ქმრის გვარი მიიღო და სამივე ირინეს ბინაში ცხოვრობდა.
ოპერაციის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, მაიორი ზურაბ გიგაური თბილისში გადმოსახლდა დროებით. მაგრამ, მშობლიურ სახლში არ ცხოვრობდა. არალეგალურად „კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში მოეწყო. მას „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის ექვსკაციანი ჯგუფი ჩამოჰყვა, რომელიც სრულ დაქვემდებარებაში ჰყავდა და საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო, ადგილობრივი კადრებიც ჩაერთო საქმეში. გეგმისამებრ, რომელიც თავიდან ბოლომდე გიგაურის შედგენილი იყო და მისი უშუალო უფროსების, გენერლების – იური პავლოვისა და იური კოტელოვის, მიერ  მოწონებული, ეკა კოვზირიძეს ოცდაოთხი საათის განმავლობაში „კაგებეს“ ოფიცერი იცავდა. თითო  გამოცდილი ოფიცერი ირინეს და ვარლამსაც იცავდნენ. გარდა ამისა, კოვზირიძეების სახლი, ირინეს სამსახური და ვარლამის სამსახურიც, „კაგებეს“ ოპერჯგუფების მუდმივი თვალთვალისა და კონტროლის ობიექტები გახდა. ზურაბს ისეთი ბადე ჰქონდა გაბმული, რომ მოროზოვი აუცილებლად უნდა გაბმულიყო. მართალია, ამ ოპერაციაში  დიდი ძალები იყო ჩართული და თითქმის ულიმიტო დაფინანსება ჰქონდა, მაგრამ „ჩიტი ბდღვნად ღირდა“. ოპერაციის გეგმას რომ აწერდა ხელს, გენერალ-ლეიტენანტმა იური კოტელოვმა გიგაურს უთხრა:
– აბა, შენ იცი, ზურაბ, მე და იური ანდრეევიჩს (კოტელოვმა პავლოვზე მიანიშნა გიგაურს) შენი დიდი იმედი გვაქვს და არ გაგვაწბილო.
– თავს დავდებ და ოპერაციას წარმატებით დავასრულებ, იური პეტროვიჩ, – მიუგო მაიორმა „კაგებეს“ პირველი მთავარი სამმართველოს უფროსს. პავლოვმა კი ზურაბს უთხრა:
– შენი თავი ჩვენ გვჭირდება და გაუფრთხილდი. აი, ჩვენი ყოფილი კოლეგის, ევგენი მოროზოვის თავს თუ მოიტან ოქროსთან ერთად, პოდპოლკოვნიკობა გარანტირებული გაქვს, – პავლოვი კოტელოვს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– რას იტყვი, იური ანდრეევიჩ, ხომ დაამშვენებს ზურაბს პოდპოლკოვნიკის სამხრეები?
– დაამშვენებს, დაამშვენებს და ვფიქრობ, არც გენერლობა აწყენს მაიორს, – მიუგო კოტელოვმა პავლოვს.
გიგაური უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო განმსჭვალული და კარგად ესმოდა, რომ გენერლები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ზურაბი მართლაც მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც კი გაეღო იმ ოპერაციის წარმატებისთვის, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტებში „ოქროს საცერი“ ეწოდებოდა. ამ რწმენით ჩამოვიდა ზურაბი საქართველოში. ამ რწმენით ასრულებდა ყველა საქმეს გიგაური და დარწმუნებული იყო, რომ ფორტუნა არც ამჯერად უმუხთლებდა და „ტვირთი 39“ აუცილებლად ჩაუვარდებოდა ხელში, გამტაცებელთან ერთად. „კაგებეს“ მარტოხელა, უცოლშვილო მაიორს კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ამოძრავებდა. ეს იყო მასზე ათი წლით უმცროსი ეკატერინე კოვზირიძე, რომელიც ჩვიდმეტი წლის შესრულდა და ოცდაშვიდი წლის ზურაბს პირველივე შეხვედრისას შეუყვარდა. მართალია, ეკა ჯერ არასრულწლოვანი გახლდათ და სკოლას ამთავრებდა, მაგრამ მაიორს შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. ზურაბს ეკა ცოლად უნდოდა და „ოქროს საცრის“ დასრულების შემდეგ აპირებდა, ამ კუთხით გააქტიურებას. მანამდე კი, მთელი არსებით ოპერაციაში იყო ჩართული და როგორც სჩვეოდა, თანმიმდევრულად მიჰყვებოდა ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს.
***
ოპერაცია „ოქროს საცერი“ ერთი კვირის დაწყებული იყო. ვარლამ კოვზირიძე თავის კაბინეტში იჯდა და ცხვირნაოპერაციევი პაციენტისთვის სარეაბილიტაციო რეჟიმს წერდა. რომ დაასრულა და პაციენტი გაისტუმრა, ოთახში ორმოცდახუთიოდე წლის ქალი შევიდა. ვარლამს გაუღიმა და უთხრა:
– პროფესორი ვარლამ კოვზირიძე თქვენ ხართ?
– მე ვარ ექიმი ვარლამ კოვზირიძე, მაგრამ არა პროფესორი, – მიუგო ვარლამმა ქალს.
– ექიმი-კოსმეტოლოგი და ქირურგი, – დააზუსტა ქალმა.
– დიახ. რით შემიძლია გემსახუროთ?
ქალმა აქეთ-იქით გაიხედა-გამოიხედა და ვარლამს უთხრა:
– თქვენთან საიდუმლო საქმე მაქვს.
– ბრძანეთ, გისმენთ.
ქალმა კვლავ გაიხედ-გამოიხედა და ვარლამს უთხრა:
– სახე უნდა შემიცვალოთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3