კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ უკავშირდება ფალსიფიცირებული პროდუქტებით კვება ბავშვებში სისხლის დაავადებების გახშირებას და რატომ აიკრძალა რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის რეალიზაცია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


თუმცა უკვე წელიწადზე მეტია, მოქმედებს ნორმა, რის მიხედვითაც, რძის პროდუქტებს აუცილებლად უნდა მიეთითოს, რძისგანაა დამზადებული თუ რძის პროვოკაციისგან (ანუ მცენარეული ცხიმებისგან), რამაც გააჩინა ისეთი პარადოქსული წარწერები პროდუქციაზე, როგორიცაა ხაჭოსმაგვარი, არაჟნისმაგვარი და კარაქისმაგვარი, პირველი ივლისიდან ქართულ ბაზარზე რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის გაყიდვაც აიკრძალა. რა განსხვავებაა რძისა და რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს შორის და რატომ გახდა აუცილებელი ამ ნორმის დამატება უკვე არსებულ კანონში, –  ამ საკითხში სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე გაგვარკვევს.

– რატომ არ დაწესდა ყველის რეგულაცია მაშინვე, როდესაც რძის პროდუქტების მხოლოდ რძით დამზადების ნორმა შემოვიდა შარშან?
–  მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა მოთხოვნა, რომ რძის პროდუქტად უნდა დასახელდეს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც წარმოებულია ნატურალური რძისგან, ერთი დაზუსტება იყო მარტო საჭირო, რადგან რძის ფხვნილიც ნატურალურ პროდუქტს მიეკუთვნება, თუმცა არა პირველადს, იმიტომ რომ, გადამუშავებისას მას სცილდება ცხიმი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაშრება რძე, თუ მას არ მოშორდა ცხიმი. ასე რომ, აღდგენის დროს რძის ცხიმი უნდა დაემატოს რძის ფხვნილს, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი, რადგან იცვლება მისი შემადგენლობა და ის უკვე აღარ არის ახალი რძე. ამიტომაც მიიღეს ამჯერად ეს დამატება ტექნიკურ რეგლამენტში, რადგან აღმოჩნდა, რომ ბაზარზე არსებობს უამრავი დასახელების ყველი, რომლებშიც გამოყენებულია არა ჩვეულებრივი რძე, არამედ რძის ფხვნილი და ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს სოიის რძისგან დამზადებულ ყველსაც, ანუ მაქსიმალურადაა შერეული. ეს არის ფალსიფიკაცია, იმიტომ რომ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა ტიპის პროდუქტს მოიხმარს.
– რძის ფხვნილი მზადდება ნატურალური რძის გაშრობით და მაშინ ყველის ფასებს შორის სხვაობა რატომაა? ფხვნილად ქცეულიც ხომ ნატურალური პროდუქტია?
– რძის ცხიმი არის კარაქი. კარაქს სხვა მინარევი არც აქვს. შესაძლოა, ტენიანობა ჰქონდეს სხვადასხვა, ანუ მასში სითხის შემცველობა იყო განსხვავებული, სხვა განსხვავება არ არის. ნატურალური პროდუქტია კარაქი, რომელიც რძის მოხდით მიიღება. გინახავთ, ალბათ, რომ ნატურალური, ცხიმინი რძე ზედაპირზე ილექავს კარაქს.
– ანუ რძის ფხვნილად ქცევა იმიტომაცაა მომგებიანი, რომ ყველსაც ამოიყვან მერე და მანამდე კარაქსაც მოხდი?
– რძის ფხვნილის ისევ რძედ ქცევისას მიიღება კარაქი, იმ ფხვნილისგან შემდეგ გაკეთებულ რძეს კი ისეთი თვისებები აღარ აქვს, როგორიც ნატურალურ რძეს. თავადაც იცით, ორი დღეს რომ დააყოვნოთ მაცივარში ნატურალური რძე, მას ისეთი თვისებები აღარ აქვს და პლუს რძის ფხვნილისგან ყველის დამზადება იძლევა ფალსიფიკაციის საშუალებას. შესაძლებელია, რძის ფხვნილს დაემატოს სხვა ცხიმიც, არ მინდა ტექნოლოგიის ბოლომდე გაშიფრვა, რომ არ ვასწავლო არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ფალსიფიკაციის გზები. სოიის ცხიმზე უკვე გითხარით, ამატებენ მარგარინსაც… თუ ყველს, რომელსაც მიიღებენ რძის ფხვნილისგან, არ ამატებენ რძის ცხიმს, ყველი მშრალია, მას სასაქონლო სახე არ აქვს და ამიტომაც უმატებენ სხვადასხვა მცენარეულ ცხიმს.
– ანუ ჩვენთან ყველიც კი არ მზადდება ცხოველური ცხიმისგან?
დიახ, ყველიც კი არ არის რძისგან დამზადებული. ყველი არის პროდუქტი, რომელიც მიიღება რძისგან. თუ კარაქი მიიღება რძისგან ნაღების მოხდით, ყველი მიიღება რძემჟავას დუღილით და ის უნდა იყოს ნატურალური რძე. თუ სხვა საშუალებებითაა მიღებული ყველი, მომხმარებელმა ეს უნდა იცოდეს და თავად გააკეთოს არჩევანი.
– გასაგებია, ამ მაქინაციით იაფი უჯდებათ ყველის წარმოება, ამიტომ უფრო იაფადაც აწვდიან ბაზარს.
– ფალსიფიკაციის მეტი საშუალება აქვთ და ბაზარს დაბალი ხარისხის პროდუქტს აწვდიან. არადა, ჩვენ პროდუქტს არ ვიღებთ რაოდენობრიობის გამო, ჩვენ პროდუქტს ვიღებთ იმისთვის, რომ ის ფიზიოლოგიური ეფექტი ჰქონდეს, რაც ამა თუ იმ პროდუქტს ახასიათებს. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ჰიპოკრატე: დაე, კვება იყოს თქვენი მედიცინა და საკვები –  თქვენი წამალი, ანუ თითოეულ პროდუქტს თავისი დანიშნულება აქვს. რძის პროდუქცია თავისი ფიზიოლოგიური მნიშვნელობითა და მოხმარების წილით ადამიანის ცხოვრებაში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზეა კვერცხი, იმიტომ რომ, მასში სიცოცხლე იშვება და ყველანაირად დაბალანსებული პროდუქტია. მეორეა რძე, რადგან ბავშვი რამდენიმე თვეს მხოლოდ რძეს იღებს და ამის წყალობით იზრდება, უმაგრდება ძვლები.
– ამიტომაც ვიკითხე, შარშან რამ შეუშალათ ხელი, რომ ყველის ნატურალური რძისგან დამზადება მოეთხოვათ?
არ ელოდნენ, რომ მეწარმეების ფანტაზია ასე გაშლიდა ფრთებს, თორემ რეგულაციაში იმთავითვეა ნათქვამი, რომ რძის პროდუქტები უნდა დამზადდეს რძის პროდუქტისგან და ყველიც რძის პროდუქტია.
– მხოლოდ ადგილობრივი ყველი შეიძლება, იყოს დამზადებული რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმებისგან, თუ იმპორტირებულიც?
მე არ შემიმოწმებია ბაზარი, მაგრამ, ვფიქრობ, მეზობელი რეგიონებიდან თავისუფლადაა შესაძლებელი, ასეთი წესით დამზადებული ყველი შემოდიოდეს. მაგრამ ახლა კანონიც ამოქმედდა, სტანდარტიც დაწესდა და ინტენსიურადაც ამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური.
– არის თუ არა შესაძლებელი ფალსიფიცირებული ყველის ნატურალურისგან გარჩევა შესახედავად ან გემოთი?
– სპეციალისტმა შეიძლება, ეჭვი შეიტანოს, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რადგან მაშინ რა საჭირო იქნებოდა მილიონიანი აპარატურა, ეს რომ შეხედვით დგინდებოდეს?! ფალსიფიცირებული და ნატურალური ყველი განსხვავდება წარმოების წესით, შენახვის წესით… ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რაც მათ განასხვავებს. მეტიც, მაგალითად, კახური ყველი განსხვავდება იმერული ყველისგან. ზოგჯერ ყველს იმ მცენარის გემოც ეტყობა, რომლის ზეთიც აქვს შერეული. მაგრამ მომხმარებელს არ მოეთხოვება, ერკვეოდეს ამაში და ასხვავებდეს, ამიტომაც ამას უკვე არეგულირებს კანონი.
– ჯარიმები ყველის ფალსიფიცირებისთვის არ არის ძალიან დიდი. იქნება ეს შემაკავებელი ფაქტორი საიმისოდ, რომ მცენარეული ყველი არ მივირთვათ?
–  პირველ ჯერზე 400 ლარია ჯარიმა, მეორედ –  1 000 ლარი და მესამედ –  წარმოების შეჩერება. თუმცა გააჩნია, რა მოცულობის პროდუქტია ნაწარმოები და რა დონისაა დარღევევა და შესაძლებელია, პირველივე ჯერზე დადგეს წარმოების შეჩერების საკითხი. ანუ რეალიზებული პროდუქტისა და დარღვევის მოცულობის მიხედვით. არის ლაბორატორიაც. ყველის შემოწმება შეუძლია მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებებსაც. სურსათის უვნებლობის სააგენტო შერჩევით შეამოწმებს პროდუქტს და, თუ დარღვევას აღმოაჩენს, გაუფრთხილებლად შეამოწმებს მეწარმეს.
– ეს რეგულაცია გაზრდის ყველის ფასს?
– ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვა ისმის: ხომ არ გაძვირდება ყველი? მაგრამ, თუ ახლა ნატურალურისა და ფალსიფიცირებული ყველის ფასი ერთი და იგივეა, არ ჯობია, ვიცოდე, რომ 50 თეთრით მეტს გადავიხდი და უკეთეს ყველს ვიყიდი? მთავარი ისიც არის, რომ სავაჭრო ობიექტებსაც მოსთხოვენ პასუხს, საიდან შემოიტანა ყველი და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა.
– თუკი ხაჭოც იყიდება და ხაჭოსმაგვარიც, კარაქიც და კარაქისმაგვარიც, ყველი და ყველისმაგვარიც რატომ ვერ გაიყიდება? რატომ არ დაუშვა ეს შესაძლებლობა კანონმდებელმა?
– არის მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეს, ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ ყველისმაგვარი პროდუქტის დაშვებისგან, თუ ამას ბაზარი არ მოითხოვს: იმიტომ რომ, მეწარმეს კიდევ რჩება მანიპულაციის საშუალება, რადგან ჩვენი მომხმარებლების ძალიან მცირე ნაწილი კითხულობს ეტიკეტებს.
– და ძალიან ბრაზდებიან მარკეტებში, როდესაც ეტიკეტს ჩაჰკირკიტებ.
უნდა მიეჩვიონ ამას, იმიტომ რომ, მე აუცილებლად უნდა ვიცოდე, რას მივირთმევ. თუ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი და იქითკენ მივდივართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში ფალსიფიცირებული პროდუქტის მწარმოებელს, თუ დაიჭირეს, ასამართლებენ წამებასთან გათანაბრებული მუხლით. იმიტომ რომ, თუ მაგალითად, ფალსიფიცირებული ძეხვი და სოსისი მიირთვა ბავშვმა, მას უზიანდება ჯანმრთელობა. ამიტომაც, მართლაც, საშვილიშვილო საქმე გაკეთდა, როდესაც აიკრძალა ასეთი პროდუქტების სკოლებსა და ბაღებში შეტანა.  თუ სოსისი დამზადებულია მეტი წილი პურისა და ცოტა ხორცისგან და ბავშვმა ის შეჭამა, მან უბრალოდ, შემავსებელი მიიღო, რაც არ აზიანებს მის ჯანმრთელობას, მაგრამ, თუ სოსისს დამატებული აქვს საღებავი, გემოს დამჭერები და სხვა ტოქსიკური ელემენტები, ეს უკვე სახიფათოა. რატომ გაიზარდა საქართველოში სისხლის დაავადებები ბავშვებს შორის? არასწორი კვების გამო.
– გვაქვს იმდენი რძე, რომ სამყოფი ყველი დამზადდეს? რძის ფხვნილს ჩვენც ვაწარმოებთ თუ შემოტანილია?
– ჩვენთან რძის ფხვნილის წარმოება მასობრივი არ არის, ძირითადად, შემოტანილია. ეს რეგულაცია სტიმულს მისცემს მესაქონლეობის განვითარებას და ამას მიებმება ხორცის წარმოებაც, რადგან საქონელი გარკვეული პერიოდის შემდეგ წავა ხორცის წარმოებაში.
– რძის სხვა პროდუქტების დამზადება შეუძლებელია რძის ფხვნილისგან?
– არაჟანი რძის ცხიმისგან დამზადებული პროდუქტია. თუ ხელოვნურადაა გაკეთებული და დამატებული აქვს მარგარინი, ის არის არა არაჟანი, არამედ მავნე პროდუქტი. რა თქმა უნდა, დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია არაჟნის რძის ფხვნილისა და მინარევებისგან დამზადება, მაგრამ ეს აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით. ერთ-ერთ საწარმოს აქვს თავისი ფერმები და იქ მიღებული რძისგან აწარმოებს თავის პროდუქტს.
– გაყიდვებზე როგორ იმოქმედა რძის პროდუქტებზე დაწესებულმა რეგულაციებმა?
– ძალიან ხშირად მსმენია მეწარმეთა უფლებების დამცველი საზოგადოებების წარმომადგენლებისგან, რომ რეგულაციები ხელს შეუშლის მეწარმეობის განვითარებასო. მაგრამ ქცევის ნორმები იმიტომაა შემოღებული, რომ ჩემი ქცევა თქვენს უფლებებს არ არღვევდეს და პირიქით. მეწარმე, რომელიც არღვევს წეს, არის არა მეწარმე, არამედ დამნაშავე. ამდენად, მართალი გითხრათ, მიკვირს ასეთი დამოკიდებულება. მე ჩემს პროდუქტს დავადებ ჩემთვის ხელსაყრელ ფასს, თუ კონკურენტი იმაზე იაფს დაადებს, მაშინ მისი პროდუქტი გაიყიდება და არა ჩემი.
– მეორეც: მირჩევნია, მივიღო ასი გრამი ყველი, ვიდრე სამასი გრამი ყველისმაგვარი ნაგავი.
– რასაკვირველია. ძალიან ხშირად მომიყვანია ასეთი მაგალითი: რეგულაციაა ქუჩაში, მაგრამ მაინც რამდენი დარღვევაა?! რეგულაცია რომ არ იყოს, სახლში ვერ მივიდოდით ცოცხლები. რეგულაცია არ ნიშნავს შებოჭვას, რეგულაცია ნიშნავს წესების დადგენას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმოქმედებთ ისე, რომ სხვის უფლებას არ ვარღვევთ, არ ვწამლავთ, არ ვკლავთ…
– დიდ სუპერმარკეტებში წავაწყდი აქციებს ყველზე, ანუ ყველისმაგვარებს ასაღებდნენ რეგულაციის ამოქმედებამდე?
– შეიძლება, რომ კანონის ამოქმედებამდე მოესწროთ რეალიზება და არ ენახავთ ზარალი.
– მაგრამ ხომ იცოდნენ წინასწარ, რომ პირველი ივლისიდან რეგულაცია უნდა ამოქმედებულიყო? არ მოემზადნენ?
– სამწუხაროდ, ბევრი რამ ვიცით, მაგრამ მაინც ვაშავებთ. ცუდი ყველგანაა, მაგრამ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ პროდუქტის ეტიკეტი. პირადად მე, ვიცავ არა მხოლოდ ჩემს უფლებებს, როგორც მომხმარებელი, არამედ სხვებსაც ვექომაგები მარკეტებში. სხვათა შორის, ცოტა გამოსწორდა ვითარება ამ ბოლო დროს, ღიმილით გხვდებიან, გთავაზობენ დახმარებას. თუმცა მარკეტინგში მოქმედებს ერთი მთავარი წესი: როგორიცაა მომხმარებელი, ისეთია მომწოდებელი. თუ სხვანაირი იქნები, ისიც იძულებული გახდება, გახდეს სხვანაირი.
скачать dle 11.3