კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა და როგორია მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 „ვხვდებოდი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა, ისინიც დამეძაბა და მძიმე მდგომარეობაში ჩამეყენებინა“, – ეს თენგიზ სიგუას გარდაცვლილი შვილიშვილის, 15 წლის ქეთი სიხარულიძის დედის სიტყვებია.
ცოტა ხნის წინ, ყველამ საოცარად განიცადა სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე გოგონას მოულოდნელი გარდაცვალება. ქეთის ღვიძლზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ აუცილებელი გახდა გადანერგვა. დონორობა დედამ, ირინა სიგუამ გაუწია. თუმცა, საუბედუროდ, გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე რთულად იყო საქმე. დედა-შვილი თბილისიდან თურქეთში დიდი იმედებით წავიდა. აქ უამრავი გულშემატკივარი დატოვეს. ვერავის წარმოეგინა, რომ შეიძლებოდა, მსგავსი ტრაგედია მომდარიყო. ოპერაციამდე ქეთის დედა სოციალურ ქსელში წერდა: „თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს. იმედია, ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა“.

ნინო ლეჟავა (ირინა სიგუას მეგობარი): ქეთი განსაკუთრებული ადამიანი იყო. ამ ერთ გოგონაში თავმოყრილი იყო ყველა ის დადებითი თვისება, რაც, ზოგადად შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს: სიკეთე, სითბო, სიყვარული... სულ რამდენიმე წუთი იყო საჭირო მის შესაყვარებლად. ყველგან სითბო, სიყვარული და უდიდესი პოზიტივი შეჰქონდა... მასთან ასაკობრივ სხვაობას ვერ იგრძნობდი. მარტო მეგობრის შვილი კი არა, ჩემი შვილიც იყო და – დაქალიც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაცილებით დიდი ვარ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ჩემს შვილთან, რომელიც მასზე ხუთი წლით პატარაა. და-ძმასავით იყვნენ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. საოცრად გულწრფელი და ბავშვური ემოციები ჰქონდა. სულ მოღიმარი, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ორ სიტყვას რომ იტყოდა, უცებ შეგაყვარებდა თავს.
– ახლობლები აღნიშნავენ: მიუხედავად იმისა, რომ თავის ავადმყოფობის შესახებ იცოდა, ბოლო წუთამდე არ ნებდებოდა არც სწავლასა და განვითარებაზე ზრუნვა შეუწყვეტიაო.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე მოხდებოდა. სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. კარგად მღეროდა და სამომავლოდ სერიოზული გეგმები ჰქონდა. დიპლომატიურ კურსებზე დადიოდა და წარმატებული მოსწავლე იყო. ოჯახში ექიმები ჰყავს და ადრე იყო ლაპარაკი, რომ მასაც ამ მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა. მაგრამ, თვითონ ჯერ თეატრით დაინტერესდა და წრეებზე დადიოდა, თუმცა, როგორც გითხარით, ბოლო პერიოდში დიპლომატიამ გაიტაცა. მისი თვისებებიდან გამომდინარე ბევრი მეგობარი ჰყავდა – მისი 15-16 წლის მეგობრები მთელი ეს დრო გვერდიდან არ მოშორებიან, როცა მდგომარეობა გაურთულდა. მარტო მეგობრებს კი არა, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ექიმებსაც შეაყვარა თავი. საოცარი თანადგომა გამოუცხადეს. როცა ქეთის გართულებული მდგომარეობის გამო დახმარება დასჭირდა, რაღაც სასწაული მოხდა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. დედის „ფეისბუქზე“ გაზიარებული პოსტიდან, ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ რიგი იდგა სისხლის ჩაბარებაზე. ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი განსაკუთრებული იყო ქეთიც და მისი დედაც, უამრავ ადამიანს უყვარდა და მისი გადარჩენისთვის ბრძოლამ ყველა გააერთიანა. გამგზავრებისთვის საჭირო თანხა უცებ მოგროვდა, მაგრამ, საუბედუროდ, მოხდა ის, რაც მოხდა – ქეთის ღვიძლზე ჰქონდა პრობლემები. ამის შესახებ იცოდა, მაგრამ ასე სერიოზულად რომ იყო საქმე, არ ვეუბნებოდით. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი შეცდომა. ბოლოს მდგომარეობა ძალიან გართულდა. თურქეთში გადაყვანის შემდეგ, გადაწყდა, რომ სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. აუცილებელი გახდა ღვიძლის გადანერგვა. დედამ ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ თავსებადი იყო. ოპერაციამ, ფაქტობრივად, კარგად ჩაიარა. როგორც ექიმები ამბობენ, ქეთის ორგანიზმმა ღვიძლი მიიღო, მაგრამ ფილტვებმა უმტყუნა. ვეღარ გაუძლო ამ დატვირთვას, რადგან ორგანიზმი დასუსტებული იყო. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მსგავსი შედეგი არავის წარმოედგინა. არ გვეგონა, თუ ამდენად მძიმე სიტუაცია იყო. ყველანი საოცარი შემართებით ვიყავით და არ დაგვიშვია, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე დასრულებულიყო.
– ახლა როგორია ქეთის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა? რამდენადაც ცნობილია, როცა გოგონა დაკრძალეს, მაშინ ჯერ კიდევ უგონოდ იყო და არ იცოდა, შვილის გარდაცვალების შესახებ.
 
– იმ მომენტში, სამწუხაროდ, მე მასთან ერთად არ ვყოფილვარ თურქეთში. სხვა მეგობრები იყვნენ მის გვერდით. მათგან ვიცოდი, რომ ექიმის თხოვნით, არ ეუბნებოდნენ ქეთის გარდაცვალების შესახებ. ამხელა ოპერაცია გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში იყო. უსიტყვოდ იწვა, თვალდახუჭული, ხმას არ იღებდა. არც ქეთიზე გვეკითხება რამესო, მეუბნებოდნენ. კარგად ვიცნობ ირინკას. რადგან ქეთიზე არაფერს კითხულობდა, ესე იგი, უკვე გრძნობდა, რა უბედურებაც მოხდა. ეს ორმაგად მძიმეა. როცა არ ლაპარაკობ და ამხელა ტკივილს გულში იკლავ. ახლა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა ისინიც დამეძაბა და მძიმე მდგომარეობაში ჩამეყენებინაო. ყველა დედა დამეთანხმება, რომ ის სხვანაირად გრძნობს შვილის ამბავს, მაგრამ ირინკა განსხვავებულია, საკუთარ ტკივილსა და პრობლემებს სხვას არ მოახვევს თავს. ამიტომაც იყო ჩუმად. ირინაც განსაკუთრებული ადამიანია – ძალიან თბილი, კეთილი, ერთგული, უნიჭიერესი, მართლა გამორჩეული ბევრი დადებითი თვისებით. არ იცით, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქეთის და ირინას. ისინი მარტო დედა-შვილი არ იყვნენ, უახლოესი მეგობრობა აკავშირებდათ. ირინამ მთელი ცხოვრება ერთადერთ შვილს მიუძღვნა. მეუღლეს დაშორებულია და ქეთის მარტო ზრდიდა, ყველაფერს დამოუკიდებლად ართმევდა თავს. გაზრდაც არის და გაზრდაც, ეს ბავშვი არაამქვეყნიურად კარგი იყო. ექიმსაც კი, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, უთქვამს: ბოლოს, უკვე ლაპარაკი რომ აღარ შეეძლო, სიყვარულს და სითბოს მაინც გამოხატავდა, თითებით გულს მაჩვენებდაო. ზედმეტია საუბარი იმაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მეგობრებთან და ახლობლებთან. რამდენიმე დღის წინ ირინა ამბობდა, მისი მეგობრები იმდენ და ისეთ ისტორიებს მიყვებიან ქეთიზე, მგონია, ბოლომდე არ ვიცნობდი შვილსო.
 – ფაქტია, რომ უძლიერესი ადამიანია, რომელსაც ამ მდგომარეობაშიც კი, შეუძლია სხვაზე ფიქრი. მაგრამ, უდიდესი ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში, ერთადერთი შვილი დაკარგა. როგორია მისი მდგომარეობა?
– ძალიან მეშინოდა მის გამო. დაკარგა ერთადერთი შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მეორე ოჯახის შექმნას ვერც უხსენებდი. შვილი მყავს და ჩემი ცხოვრების მიზანი ის არისო, ყოველთვის ამას ამბობდა. ძალიან ვნერვიულობდი, როგორ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ თავიდან კონტაქტზე არ გამოდიოდა. ამ ამბების შემდეგ რომ დაველაპარაკე, მითხრა: ვიცი, რომ მშობლებს ვჭირდები (ისიც ერთადერთი შვილია თავის მშობლებისთვის), მაგრამ კიდევ მინდა რაღაცა ვაკეთოო. ამიტომ გადაწყვიტა, გააკეთოს ასოციაცია, რომლის მეშვეობითაც, ქეთის სახელით სხვის შვილებს დაეხმარება. მშობლებიც ცუდად არიან. ირინა ჯერ ძალიან სუსტადაა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს. ისედაც რაღაც განსაკუთრებული ადამიანია. ყოველთვის ცდილობდა, მისი პრობლემებით სხვები არ დაემძიმებინა, სხვებისთვის ბოლომდე იხარჯებოდა. სასწაული გვერდში დგომა იცის. მიხარია, რომ მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, ამ მდგომარეობაშიც ისევ ახერხებს სხვებზე ფიქრსა და ზრუნვას.
скачать dle 11.3