კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ ეგონა ლიზი მორს დიდი ხნის განმავლობაში მომავალი მეუღლე გარდაცვლილი და როგორ უშრობდა სისხლს და მიჰყავდა ცრემლებამდე მას ქმარი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 
ლიზი მორი „ცეკვავენ ვარსკლავების” ჟიურის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო, რომელმაც პროექტში ბევრი დადებითი მუხტი შეიტანა. ქორეოგრაფი და მოცეკვავე ლიზი მორი, ისრაელის კულტურისა და სპორტული ცეკვების საბჭოს პრეზიდენტი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. ის ასევე მეუღლესთან, ელი მორთან ერთად, არაერთი საერთაშორისო პროექტის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორიც გახლავთ. იმისთვის, რომ ლიზისა და მის მეუღლეს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწიათ, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ. თუმცა, 27 წელია, ერთად არიან და დღემდე ერთმანეთი ძალიან უყვართ.

ლიზი მორი: ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა: მიყვარდა ცეკვა, სპორტი, თეატრი, გატაცებული ვიყავი ხელოვნებით. კარგად დავრბოდი, სიგრძეზეც ვხტებოდი 4 მეტრზე – ჭინკა ბავშვი ვიყავი, ახტაჯანა, ძალიან აქტიური. თეატრალურ წრეზეც დავდიოდი, სადაც მიხეილ ციციშვილი მასწავლიდა – არაჩვეულებრივი პიროვნება. მე და ჩემი და ცეკვაზე ერთად შეგვიყვანეს და რადგან ეს წყვილების ცეკვაა, ბიჭებთან დაგვაყენეს. ჩემმა დამ ტირილი დაიწყო, მეორე დღეს აღარ წამოვიდა. მე კი წავედი და წავედი წინ ამ სფეროში, რადგან ძალიან მომეწონა. 3 თვეში ტურნირზე გამიყვანეს და გავიმარჯვე. დღემდე მახსოვს მაშინდელი ემოციები. ყველამ შემამჩნია. ჩემს მშობლებს უთხრეს: ეს ბავშვი ნიჭიერია, წარმატებები ექნება, გააგრძელოს ცეკვაო. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ჩემი მშობლები არ იყვნენ მატერიალურად ძლიერად და გვიჭირდა კიდეც, დედაჩემი პურის ფულს იკლებდა და ჩემთვის არაფერს იშურებდა. ჩემს ბავშვობაში თანამედროვე სპორტული ცეკვები არ იყო ისე განვითარებული, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ ევროპასთან. მე ვამაყობ, რომ ჩემი პედაგოგი იყო ანც ტაელი – იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი. ზაფხულში სასწავლო სეზონს რომ ვამთავრებდით, ესტონეთში მივდიოდით, მასთან ვიღებდით კერძო გაკვეთილებს და მე მქონდა ძალიან კარგი ტექნიკა, ფუნდამენტი. ვმონაწილეობდით სხვადასხვა ტურნირში საკმაოდ წარმატებულად. მოგებული მაქვს სოხუმის ღია ჩემპიონატი – რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, საქართველოს ჩემპიონატები, უცხოეთშიც ხშირად მივდიოდით, არაერთხელ გავსულვარ ფინალში.
– მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი მეწყვილე გყავდათ, რომელიც დღეს თქვენი მეუღლეა.
როგორც ახლა, მაშინაც თანამედროვე სპორტულ ცეკვებში, მეწყვილე ბიჭებთან დაკავშირებით, სულ პრობლემა იყო. თუმცა, მე ერთადერთი მეწყვილე მარგუნა ღმერთმა: ეს იყო ელი მორი, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა. ბავშვობიდან ვცეკვავდი მასთან. შემდეგ დავახლოვდით და როგორც აღმოჩნდა, დიდი ხნის განმავლობაში ვუყვარდი. თუმცა, ამაში გვიან გამომიტყდა. შემდეგ დავქორწინდით და წავედით ისრაელში.
–  თავიდან როგორ შეეგუა თქვენი წყვილი ერთმანეთს?
– ისე ვაწვალებდი, ცრემლებამდე მიმყავდა. ძალიან სწრაფი და ემოციური ვიყავი. ხშირად იუნიორებში გოგონები უფრო სწრაფად ითვისებენ, ვიდრე ბიჭები. არაფერს ვაცდიდი, სისხლს ვუშრობდი, მაგრამ მაინც დაქორწინდა ჩემზე – მაინც ვუყვარდი.
– როდის გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
– ბავშვობაშიც და მერეც, კარიერისტი ვიყავი, – მინდოდა, მესწავლა, ბევრი რამისთვის მიმეღწია, დამეპყრო მთელი მსოფლიო. აქედან გამომდინარე, სიყვარულობანა არ მიზიდავდა. თან, მისი ოჯახი ადრე გაემგზავრა ისრაელში და დიდხანს არ მქონდა მათთან ურთიერთობა. ძალიან რთული იყო ფსიქოლოგიურად, გული მწყდებოდა, ვსაყვედურობდი კიდეც, მაგრამ მისიც მესმოდა. მეგობრები რომ დავსხდებოდით ერთად, სულ ელის ვიხსენებდით. ბევრი პარტნიორი მომიძებნეს, მაგრამ მასავით ვერავის შევეწყვე და ჩემი კარიერა შეწყდა. თუმცა, სულ ვვარჯიშობდი, ვასწავლიდი ცეკვას, ვმსაჯობდი და ამით ვივსებდი დანაკლისს. ერთ დღესაც ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ელი გარდაიცვალაო. იმ დროს ისრაელში ომი იყო. ძალიან ვინერვიულე. გავიდა დრო და მახსოვს, 26 აპრილია, ჩემი დაბადების დღე, სახლში სტუმრები, უცებ იღება კარი და ელი მორი გამოგვეცხადა, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი. იმხელას ვკიოდი, მეზობლები ამბობდნენ: რა ხდება მათ ოჯახშიო. პატარა ოთახი მქონდა. იქ შევედით და იმ საღამოსვე დავიწყეთ ცეკვა: გახსოვს, როგორ იყო ეს, როგორ იყო ის და დილამდე ვიყავით ასე. იმ ღამეს გადაწყდა ყველაფერი. შემდეგ ისრაელში დაბრუნდა, ხშირად მირეკავდა, ვსაუბრობდით. შემდეგ მისი მშობლები ჩამოვიდნენ, ოფიციალურად სთხოვეს მშობლებს ჩემი ხელი. საქართველოში გადავიხადეთ ქორწილი – ესეც ზღაპარივით იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც სხვა ისტორიები.
– ისრაელში თავიდან მოგიწევდათ ყველაფრის დაწყება.
– კი, ისრაელში დაიწყო რთული პერიოდი. მე მივეკუთნები იმ თაობას, რომელიც ნოსტალგიას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ისრაელი, შევისისხლხორცე ეს ქვეყანა, საქართველო სამშობლოა ჩემი. ყოველთვის ვოცნებობდი აქ დაბრუნებაზე. მინდოდა, საქართველოშიც გამეკეთებინა რაიმე ღირებული – ის მიღწევები გამომეყენებინა, რაც ისრაელში მაქვს, რადგან იქ ბევრ რამეს მივაღწიე. საქართველოში, თეატრალური უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე. რუსთავის დრამატულ თეატრშიც ვმოღვაწეობდი, რომელიც ძალიან მიყვარს. მე მხვდა წილად ბედნიერება, ვყოფილიყავი არაჩვეულებრივ დასში, მეყურებინა და ვმდგარიყავი გენიალური მსახიობების გვერდით. დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე, რაც შემდეგ, ქორეოგრაფიაში ძალიან დამეხმარა. 90-იან წლებში, ისრაელში გავემგზავრე და თეატრისთვის თავის დანებება მომიწია. იქ ძნელი იყო ქართული ენით, ქართული აზროვნებით ცხოვრება. უნდა მესწავლა ივრითული ენა, ივრითულად უნდა დამეწყო აზროვნება. მოკლედ, დაიწყო პრობლემები, – დიდი გაჭირვება, ემიგრაცია, მაგრამ გადავლახე. სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, ამიტომ ცეკვის კუთხით წავედი. ინგლისში დავამთავრე „ცეკვის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაცია” და ვარ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სპორტულ ცეკვებში. აღებული მაქვს მასტერ-კლასები ინგლისისა და  იტალიის სამეჯლისო ცეკვების საუკეთესო ქორეოგრაფებთან. და ესენი არიან: Karen & Marcus Hilton, Luca Baricchi, Donnie Burns, Gaynor Fairweather და სხვები.  2014 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ვიყიდეთ ლიცენზია და მსოფლიო ცეკვების საბჭოს WDC ეგიდით საქართველოში ჩავატარეთ ჩემპიონატი აღმოსავლეთ ევროპის თასზე. ძალიან წარმატებულად ჩაიარა, თუმცა სპოსნორები ვერ მოვიძიეთ და თავი რომ არ შეგვერცხვინა, ჩვენი ცეკვით მოპოვებული თანხები ჩავდეთ. გარდა ამისა დავაარსეთ თასი: Georgian Queen trophy – მინდა, მსოფლიოში ისმოდეს საქართველოს წარსული, ჩვენი ისტორია. შემდეგ წლებში ვეღარ მოვახერხეთ ჩემპიონატის ჩატარება, თუმცა ვეცდებით, კიდევ გავაკეთოთ და მას ტრადიციული სახე მიეცეს. მინდა, გვყავდეს ამ ცეკვებში საქართველოს ნაკრები, შეიქმნას წყვილები და მათ დადონ მაღალი შედეგები.
– როგორც  ვიცი, ისრაელში რომ წასულიყავით თქვენი საცეკვაო ძვირად ღირებული კაბები და ფეხსაცმელებიც კი, გაყიდეთ.
– მე და ჩემმა მეუღლემ ისრაელში ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. კი, მომიწია კაბების, ფეხსაცმელების გაყიდვა, რადგან ძალიან გვიჭირდა. წლების განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ვცეკვავდით და თან, ვასწავლიდით. მოვრჩებოდით რეპეტიციას და მივდიოდით საცეკვაოდ. ვცეკვავდით რესტორნებში, დაბადების დღეებზე, კორპორატიულ საღამოებზე, დიზაინერების ჩვენებაზე. ძალიან პოპულარული წყვილი ვიყავით, რადგან ყველანაირ ცეკვას ვასრულებდით: როგორც ლათინოამერიკულს, ასევე, ქართულ და ევროპულ ცეკვებს. ამიტომ, მოთხოვნადი წყვილი გავხდით ისრაელში. აღებულ თანხებს ისევ ჩვენს სწავლა-განვითარებაში ვდებდით. ახლა ორი სტუდია გვაქვს ისრაელში. ერთს „გული” დავარქვით: ჩემს მეუღლეს ქართული სახელი ჰქვია გუჯა, მე-ლიზი და გამოვიდა „გული”. მეორე სტუდიას „ისრა დენსი” ჰქვია. ორივე საკმაოდ პოპულარულია. გავზარდეთ ისრაელის ჩემპიონები, ასევე საერთაშორისო კონკურსების ფინალისტები და დღეს ჩემი მოსწავლეები პედაგოგები არიან. ახლა, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურიში ვარ, ჩემი შენიშვნები განპირობებულია მხოლოდ იმით, როგორ დავეხმარო კონკურსანტებს განავითარონ საკუთარი სხეული, ნაბიჯები. რომ ქალმა მეწყვილესთან თავი  პრინცესად იგრძნოს, ხოლო მამაკაცმა – მაჩოდ. ბევრ რამეზე ვთქვი უარი, ბევრი რამ გადავდე გვერდით – ჩემი პირადი, ბიზნესი, მსაჯობა, რომ ამ პროექტში ბოლომდე ჩავრთულიყავი. მადლობელი ვარ ქართველი და ებრაელი ხალხის, როგორ მომეფერნენ, როგორ ჩამიხუტეს გულში. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ასევე ნოე სულაბერიძეს, მე ვარ მისი აღმოჩენილი პროექტი და ყველაფერი გავაკეთე იმისვის, მისი იმედები გამემართლებინა. მიყვარს საქართველოში ცხოვრება: აქ ყველაფერი გემრიელია, ყველაფერი მიყვარს... გული მწყდება, რომ პროექტის შემდეგ საქართველოდან წასვლა მომიწევს. სულ ვამბობ: მე დავბრუნდები და ალბათ, კიდევ მომეცემა საშუალება, რომ კვლავ ჩამოვიდე და რამე გავაკეთო საქართველოში იმ დარგისთვის, რომელსაც ვემსახურები.
– მეუღლე ხომ არ გაკრიტიკებდათ?
– ყველაზე მეტად ჩემი მეუღლე მაკრიტიკებდა და მაძლევდა შენიშვნებს. შემიკლა ხელში შენიშვნებით. ის არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ხელშემწყობი. ტელევიზორს რომ უყურებს, უფრო მეტს ითხოვს: ეს ასე რატომ არ თქვი, აქ რატომ არ იყავი უფრო მეტად მომთხოვნიო.
– პრინცესად უნდა აგრძნობინოს მამაკაცმა თავის მეწყვილეს თავიო. თქვენი მეუღლე თუ გაგრძნობინებთ თავს პრინცესად?
– ჩემი მეუღლისთვის ყოველთვის, ყოველდღე ვარ პრინცესა-დედოფალი.. წელს ჩემს დაბადების დღეზე საქართველოში ვიყავი, აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად. სანამ სუფრასთან დავსხდებოდით, გაიღო კარი და უზარმაზარი ვარდების თაიგულით შემოვიდა ელი. წინა დღეს მითხრა: ვერ ვახერხებ ჩამოსვლასო. ასეთი სიურპრიზები ძალიან უყვარს და მეც ვუკეთებ ხოლმე სიურპრიზებს. გემოვნებით შევურჩევ ხოლმე რამეს და მთელ გულს, სულს ვდებ ამაში – ბევრს ვიფიქრებ და გავახარებ ადამიანს.
P.S. ინტერვიუს ჩაწერისას ქალბატონ ლიზის მეუღლემ დაურეკა და ისიც გაგვესაუბრა. მან აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულად მოეწონა. თუმცა, მონაწილეების შეფასებისას,  მეუღლის ადგილას ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტად კრიტიკული იქნებოდა.
скачать dle 11.3