კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 „კაგებეს“ მიერ ჩატარებულ სისხლიან ოპერაციას მოსკოვის ნაგავსაყრელზე ქართველი მაიორის სიცოცხლე შეეწირა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 სისხლიანი ისტორია, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხდა. მთავარი გმირების სახელი შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

„მოუსყიდავი“
 სიმონ რამიშვილი, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) ცნობილი თანამშრომელი იყო და თავის კოლეგებში „მოუსყიდავის“ მეტსახელით გახლდათ ცნობილი. სიმონს საბჭოეთის ყველაზე პირწავარდნილი კრიმინალებიც უფრთხოდნენ და მასთან შეხვედრას სალ კლდესთან შეჯახება ერჩიათ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რამიშვილი ძალიან გამოცდილი ოპერატიული თანამშრომელი გახლდათ და 24 წლის ასაკში, უკვე კაპიტნის ჩინი ჰქონდა. ქართველი მილიციელი 1960 წელს დაიბადა გურიის ერთ-ერთ რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ სიმონი 16 წლის ასაკში მოეწყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის დასწრებულ განყოფილებაზე, გახდა თუ არა 18 წლის, საბუთები დაუსწრებელ ფაკულტეტზე გადაიტანა და მუშაობა „მურში“ დაიწყო რიგითი ოპერის თანამდებობაზე. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების მიუხედავად, 21 წლის სიმონმა კატეგორიული უარი განაცხადა გამომძიებლის თანამდებობაზე და ისევ ოპერრწმუნებულად დარჩა. ქართველ ყმაწვილს ძალიან იტაცებდა ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება, შეიარაღებულ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლა, ანუ, ყველაფერი ის, რასთანაცაა დაკავშირებული ოპერთანამშრომლის საქმიანობა. რამიშვილი პირადად იცნობდა მრავალ საშიშ ბოროტმოქმედს. არაერთი მათგანი პირადად ჰყავდა დაპატიმრებული და სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს. მას მოწინააღმდეგე არასდროს მოუკლავს და „სუფთად“ მუშაობდა. მხოლოდ ერთხელ, 1980 წელს, სიმონმა თბილისში, ურთიერთსროლისას ფეხში დაჭრა ფუნიკულიორის ტყეში, ერთი ძებნილი, რომელსაც არტერიაში მოარტყა. თუმცა, პირველადი დახმარებაც თავადვე აღმოუჩინა და საკუთარი ზურგით ატარა. საავადმყოფოში კი სისხლიც გაიღო მის გადასარჩენად. ასეთი თვისებების გამო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც პატივს სცემდნენ მას. სიმონს 1978 წელს დაბადებული, ერთადერთი ვაჟიშვილი – კახა ჰყავდა. აგრეთვე, მეუღლე სალომე, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ მოსკოვში. სიმონ რამიშვილი 17 წლის ასაკში დაოჯახდა და 18 წლისას უკვე ვაჟი ჰყავდა. სალომე მოსკოვის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა და ქმარ-შვილი უზომოდ უყვარდა. ისევე, როგორც სიმონს უყვარდა ცოლ-შვილი.

შუააზიური არხი
1984 წელს ციმბირში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციისთვის, 24 წლის სიმონ რამიშვილს კაპიტნის რიგგარეშე ჩინი მიანიჭეს და გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, სიმამაცის მედლით დააჯილდოვეს. სიმონმა ქალაქ ირკუტსკში, თავის კოლეგებთან ერთად, მძარცველთა შეიარაღებული ბანდა, ფაქტობრივად, გასროლის გარეშე აიყვანა. მისი მეთაური, 36 წლის კოსტია სუხოვი კი, მეტსახელად „რეზვი“, სიმონმა ტაიგიდან გამოიყვანა. რამიშვილმა მას 11 კილომეტრი სდია. შემდეგ გაკოჭა და გამოიყვანა. ბანდის აყვანის ოპერაცია თავად სიმონმა დაგეგმა და ინფორმაციას თავისი აგენტურული ქსელის მეშვეობით მოიპოვებდა, რომელიც მას მრავლად ჰყავდა.
იმავე, 1984 წლის აგვისტოში, სიმონს თავისმა აგენტმა, მეტსახელად „რუპორმა“, აცნობა, რომ ავღანეთ-საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრის ტაჯიკეთის მონაკვეთზე, კარგად ორგანიზებული და კონსპირირებული ნარკოტრაფიკი მოქმედებდა, რომელსაც საბჭოეთში ჰეროინი შემოჰქონდა. სიმონმა ასევე დაადგინა, რომ ამ სინდიკატის ერთ-ერთი მმართველი, 43 წლის მოსკოველი იურისტი, პავლე განეცკი იყო. რამიშვილი მოქმედებას შეუდგა და თავის უფროსს, პოლკოვნიკ იური კორშუნოვს შუააზიური ნარკოტრაფიკის ერთი მარშრუტის გაშიფრული სქემა დაუდო. კორშუნოვიც, ისევე, როგორც სიმონი, პატიოსანი იყო და თავის ხელქვეითებს მოქმედების ნებართვა მისცა. მურელებმა განეცკიც აიყვანეს. მისი 6 ხელქვეითიც და 9 კილოგრამი ჰეროინიც მოაყოლეს. თუმცა, სულ რაღაც სამ დღეში „პატივცემული“ იურისტი გაათავისუფლეს. მისი ხელქვეითები კი დააჯარიმეს და გაუშვეს. ჰეროინი გაქრა. პოლკოვნიკი კორშუნოვი კი, სამინისტროში დააწინაურეს. თუმცა, სულ რაღაც ერთი თვის მერე კორშუნოვი თავის საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თავად რამიშვილისთვის ხელი არავის უხლია. ის ძველებურად აგრძელებდა მუშაობას.
1984-1988 წლებში სიმონმა და მისმა სპეცჯგუფმა არაერთი დიდი დანაშაული გახსნეს და რამიშვილს 1988 წელს, მაიორის ჩინი უბოძეს. ერთ-ერთი საქმის ძიებისას სიმონი კვლავ იურისტ პავლე განეცკის გადაეყარა და ისევ შუააზიური ნარკოტრაფიკი ამოტივტივდა. სიმონს თავისი ყოფილი შეფი გაახსენდა. ამიტომ, უფრო ფრთხილად მოქმედებდა და თავის ერთგულ, პატიოსან კოლეგებთან ერთად, ჯერ საფუძვლიანი სამხილები მოიპოვა და საქმე შეკრა, შემდეგ კი, მთელი დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანა. განეცკი, 20 კილოგრამ ჰეროინთან ერთად, „მურში“ მიიყვანა, ხოლო კორშუნოვისდროინდელი ისტორია რომ არ გამეორებულიყო, საქმის მასალის სრული ასლები და ფოტომასალები „კაგებეში“ გადააგზავნა, რომელსაც პატაკიც თან დაურთო.

სისხლიანი სპეცოპერაცია
სიმონ რამიშვილის მიერ გადაგზავნილი მასალების შედეგად, „კაგებემ“ განეცკი ლუბიანკაზე გადაიყვანა და გამოძიებას შეუდგა. თან, წაიღეს 20 კილოგრამი ჰეროინიც და რამიშვილიც ჩართეს გამოძიებაში. თუმცა, 1988 წლის 30 სექტემბერს, სახლში მყოფ სიმონ რამიშვილს უცნობმა დაურეკა და უთხრა:
– შენი 10 წლის კახა ჩვენთანაა. არც ეცადო მის მოძებნას და არავის შეატყობინო ეს ამბავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ავკუწავთ. თუკი შვილის ცოცხლად დაბრუნება გინდა, კონფისკირებული 20 კილოგრამი ჰეროინი მოიტანე დათქმულ ადგილზე, რომელსაც მოგვიანებით გაცნობებთო.
ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ უცნობმა სიმონს დაწვრილებით აუხსნა, თუ სად ინახავდნენ ჰეროინს და როგორ უნდა გამოეტანა „კაგებეს“ საცავიდან „თეთრი სიკვდილი“. 28 წლის მაიორს არ გასჭირვება იმისი მიხვედრა, რომ ნარკომოვაჭრეებს თავიანთი მფარველი ჰყავდათ „კაგებეში“, რომელიც ხუთი თითივით იცნობდა უშიშროების სისტემას. რამიშვილმა 1988 წლის 2 ოქტომბერს, კვირა დღეს შეაღწია „კაგებეს“ სამხილების საცავში. იქიდან 20 კილოგრამი ჰეროინი გამოიტანა და სახლში დაბრუნდა. მას მალევე დაურეკეს და აცნობეს, რომ ჰეროინი, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ-დასავლეთ მოსკოვში უნდა მიეტანა (ამჟამად იქ ფეშენებელური რაიონია), სადაც ტყის პირას, ნაგავსაყრელი მდებარეობდა და ვაჟსაც იქ მიუყვანდნენ. მართლაც, საღამოს 9 საათზე, როცა საკმაოდ ყინავდა და ბნელოდა, რამიშვილმა აღნიშნულ ადგილზე ჰეროინი მიიტანა. მას ვაჟი მიუყვანეს. ნარკოტიკი წაიღეს და როგორც კი პირველი მანქანა, სადაც ნარკოტიკი იყო, წავიდა, ნაგავსაყრელზე უშიშროების სპეცჯგუფი შევარდა. მათ დანარჩენ მანქანებში მსხდომ ბოროტმოქმედებს ცეცხლი გაუხსნეს და 7 ადამიანი ადგილზევე ჩაცხრილეს. დაიღუპა სიმონიც, რომელიც თავის ვაჟს გადაეფარა, 10 წლის ბიჭი კი გადარჩა...
P. S. 1999 წლის 2 ოქტომბერს, ანუ ნაგავსაყრელზე მომხდარი სასაკლაოდან 11 წლის მერე, მოსკოვის ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში, უცნობმა მკვლელმა მაყუჩიანი პისტოლეტით 9 ადამიანი დახოცა და გაუჩინარდა. მოკლულთა შორის იყო პავლე განეცკიც. როგორც ხმები გავრცელდა, ეს გახლდათ 21 წლის კახა რამიშვილის შურისძიება მამამისის მკვლელობის გამო. თავად ეჭვმიტანილი არავის დაუკავებია და ეს ხმებიც მალე მიწყნარდა.
скачать dle 11.3