კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ გამოიწვია სტალინმა ბერლინიდან ებრაული წარმოშობის საბჭოთა ელჩი და რა მოიტანა ამ ნაბიჯმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 სტალინის დიპლომატიური მოქნილობა არაერთხელ გამხდარა ფართო მსჯელობის საგანი და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საბჭოთა ბელადი უზადო საერთაშორისო მოთამაშე, მოქნილი დიპლომატი იყო, რომელსაც, ფაქტობრივად, არასდროს განუცდია დამარცხება ამ სფეროში... პროფესორი ეგორ პაპანოვი წერს: „სტალინი დიდი დიპლომატი გახლდათ და ამ სფეროში დიდ წარმატებას მოხდენილი ფრაზებით კი არ მიაღწია (თუმცა, მას არც ეს ეშლებოდა), არამედ იმ სიახლით, რომელიც საბჭოთა ბელადმა იმ საქმიანობაში შეიტანა (დიპლომატიაში). სტალინის მთავარი სიახლე კი ის გახლდათ, რომ ოპონენტს ბოლომდე იყენებდა, ბოლოს კი, მაინც ისე მოქმედებდა, როგორც მისი ქვეყნის ინტერესებისთვის იყო საჭირო. ამით, სტალინმა დაამსხვრია ყველა ის კლასიკური სტერეოტიპი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში იყო მიღებული და ამას თავისი გამართლება ჰქონდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინის დიდი დიპლომატია იმაში მდგომარეობდა, რომ მას შეეძლო თავისთვის სასარგებლო შეთანხმების მიღწევა. შემდეგ კი, ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ ეს შეთანხმება ყველა ნორმის დაცვით, თავადვე დაერღვია. მე დიდი ხნის განმავლობაში ვედექი სათავეში საბჭოთა საგარეო უწყებას და მიუხედავად იმისა, რომ, არც გამოცდილება მაკლდა და არც ცოდნა, სტალინის დიპლომატიურ ჩანაფიქრს ყოველთვის ბოლომდე ვერ ვწვდებოდი. ყოფილა შემთხვევები, როცა სტალინის ზოგიერთი ნაბიჯი დიდ შეცდომადაც კი მომჩვენებია, მაგრამ შესაბამისი განმარტებების შემდეგ მისი (სტალინის) მხრიდან, საპირისპიროში დავრწმუნებულვარ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა, არც განმარტებებს დავურწმუნებივარ, მაგრამ გარკვეული დროის მერე, მიღიარებია ჩემი შეცდომა... ასეთი შემთხვევა იყო გიორგი ალექსანდრეს ძე ასტახოვთან დაკავშირებით. ეს კაცი 1937-1938 წლებში ჰიტლერულ გერმანიაში საბჭოთა კავშირის ელჩი გახლდათ. ასტახოვი ძალიან განათლებული ადამიანი და ბრწყინვალე დიპლომატი იყო. 1938 წლის აპრილში, სტალინმა თავისთან მიხმო და მკითხა: – გიორგი ასტახოვზე რა აზრის ხარ?
– უგანათლებულესი ადამიანია. ბრწყინვალე დიპლომატი და საერთოდ, დადებითი პიროვნება, – მივუგე სტალინს.
– ჰო. მეც მასე დამიხასიათეს, – თქვა სტალინმა.
– სხვაგვარად არ არსებობს. მას ჯერ ერთი შენიშვნაც არ მიუღია, – დავუდასტურე სტალინს. ის კი ჩაფიქრდა და გააბოლა. შემდეგ მითხრა:
– და მაინც, მისი გამოწვევა მოგიწევს ბერლინიდან.
– რატომ, რა დააშავა? – გავოცდი მე.
– ერთი დიდი ნაკლი აქვს მაგ შენს იდეალურ ელჩს, – მითხრა სტალინმა. ულვაშებში ეშმაკურად ჩაეცინა და თვალი თვალში გამიყარა.
– რა ნაკლი, კობა, ვერ ვხვდები, – ვკითხე სტალინს.
– ებრაელია, – გაეცინა სტალინს.
ასტახოვი თავად სტალინმა დამანიშნინა ელჩად და მითხრა, – ანტისემიტ ჰიტლერს ებრაელ ელჩს დავუნიშნავ და აბა, ერთი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნოსო. ამის მერეც, არაერთხელ გვიხუმრია ამ ფაქტზე, თუ როგორ ართმევს ხელს ჰიტლერი ებრაელსო. ორჯერ, „პრავდაში“ სურათიც კი გამოაქვეყნეს სტალინის მითითებით და დაბეჭდეს ასტახოვისა და ჰიტლერის ხელის ჩამორთმევის მომენტი. სტალინი ხალისობდა კიდეც: ამით ჰიტლერს ვაღიზიანებთო. ეს ყველაფერი რომ გავახსენე სტალინს, მან უკვე სერიოზული სახე მიიღო და მითხრა:
– მოკლედ, ასეა, დიდ დიპლომატიურ თამაშს ვიწყებთ ჰიტლერთან. ფაშისტი ფიურერი უნდა გავაცუროთ. ამისთვის კი საჭიროა, პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ და ჰიტლერს „კოჭი გავუგოროთ“. ამ ყველაფრისთვის კი ასტახოვის გამოწვევაა საჭირო და დღესვე მოამზადე შესაბამისი განკარგულებაო.
სიმართლე რომ ვთქვა, იმ მომენტში ბოლომდე ვერ ჩავწვდი სტალინის ჩანაფიქრს და მისი ნაბიჯი მცდარად მომეჩვენა. ყველანი დიდ ომს ველოდებოდით და გაცხარებული მზადება გვქონდა. ასტახოვის გამოწვევა ჰიტლერის მორიგ გამარჯვებად შეიძლებოდა, ჩათვლილიყო. მისი ხასიათიდან გამომდინარე კი, ეს უფრო დაასუსტებდა ჩვენს პოზიციებს. თანაც, ინფორმაცია არ მქონდა, თუ რას და როგორ გეგმავდა სტალინი და როგორც ეტყობა, ეს ყველაფერი ნათლად ამესახა სახეზე. ამიტომ, წამოვდექი და ვუთხარი:
– კარგი, კობა. ახლავე გავამზადებ ასტახოვის გამოწვევის საბუთს.
– დაჯექი. ნუ ჩქარობ წასვლას, – მითხრა სტალინმა, – გეტყობა, არ მეთანხმები.
სტალინისთვის ტყუილის თქმა გამორიცხული იყო და ვუთხარი:
– მართალი ხარ, კობა. არ გეთანხმები.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჰიტლერი ამას ჩვენს სისუსტედ ჩათვლის და უფრო გადიდგულდება.
– კი. გადიდგულდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოვახერხებთ მისთვის ჩვენი გეგმის თავს მოხვევას. შენ ხომ არ იცი, რა ჩავიფიქრე და აქ იმიტომ დაგიბარე, რომ ჩემი გეგმა გაგაცნო. შენ კი გარბიხარ.
– არა. მე, აბა, რა ვიცოდი ეს, – ვუთხარი სტალინს. მან კი მითხრა:
– ნუ იბნევი. ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, კობა! – ვუთხარი სტალინს და სმენად ვიქეცი.
– მოკლედ, ასეა, – დაიწყო სტალინმა, – ასტახოვის გამოწვევა პირველი ნაბიჯი იქნება დიდი მოლაპარაკებისკენ მიმავალ გზაზე. მას ჩვენ მეგობრობას შევთავაზებთ და თუკი დაგვთანხმდა, მაშინ თავდაუსხმელობის პაქტს დავდებთ. ამით კი დროს მოვიგებთ. გავძლიერდებით და ღირსეულად შევხვდებით მტერს.
– ჰიტლერთან მეგობრობა? – გავოცდი მე.
– დროებითი მეგობრობა, – შემისწორა სტალინმა, – ის თვითონვე დაარღვევს ამას და არავითარი ვალდებულება აღარ გვექნება. ახლა მთავარია, დრო მოვიგოთ და შენი უწყება მთელი ძალებით უნდა ჩაერთოს ამ თამაშში.
სტალინისგან რომ წამოვედი, ბოლომდე არ მჯეროდა მისი ჩანაფიქრის. თუმცა, როგორც ყოველთვის, სტალინი უფრო შორსმხედველი აღმოჩნდა და ეს ისტორიამაც დაამტკიცა. გიორგი ასტახოვი გამოვიწვიეთ ბერლინიდან. მის მაგივრად კი, 6 მაისს ახალი ელჩი, ალექსეი მერკალოვი დავნიშნეთ, რომელიც შემდეგ ჯერ ალექსეი შკვარცოვმა შეცვალა შემდეგ კი, ჩეკისტმა ვლადიმირ დეკანოზოვმა, რომელმაც ფართომასშტაბიანი სადაზვერვო საქმიანობა გააჩაღა მტრის ზურგში. ამ ყველაფერმა კი ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება მოგვიტანა. სამი წელი მოვიგეთ და ჰიტლერულ აგრესიას ღირსეულად დავხვდით...“
 საგულისხმო ფაქტია, რომ ასტახოვის გამოწვევის შემდეგ, ჰიტლერმა სტალინს სამადლობელი ბარათი მისწერა და აქეთ შესთავაზა მეგობრობა. მასში ეწერა: „ბატონო სტალინ! მოხიბლული ვარ თქვენი დიპლომატიური ნაბიჯით და გიწვდით მეგობრულ ხელს, ევროპის საკეთილდღეოდ.”
მართალია, სტალინ-ჰიტლერის მეგობრობამ მხოლოდ 3 წელი გასტანა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საბჭოეთისთვის, რომ ვერაგული ჰიტლერული თავდასხმისთვის ფაშიზმის განადგურებით ეპასუხა.“
скачать dle 11.3