კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რაში „ჩაითრია“ დავით თარხან-მოურავი დეპუტატმა სიძემ და რა კავშირი აქვს გიორგი ლომიას ჯეიმს ბონდთან

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე


 გიორგი ლომია
„პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელია.  იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არენაზე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, მისი წვლილი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში საკმაოდ დიდია – მის სახელთან არის დაკავშირებული ციხის კადრები, რომელმაც ძველი ხელისუფლება დაამხო. ცხოვრება კადრსა  და  დეპუტატის მანდატს მიღმა, ურთიერთობა  დავით თარხან-მოურავთან, რომელსაც წლების წინ ქალიშვილის ხელი სთხოვა და წინა ცხოვრებაში დარჩენილი საყვარელი ექსტრემები – ამ თემებით გიორგი ლომია ჩვენი ტრადიციული რუბრიკის სტუმარია.  ის   გულწრფელი და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

–  დიდ პოლიტიკას საკმაოდ მძიმედ, ეგრეთ წოდებული ციხის ცნობილი კადრებით დაუკავშირდით. საზოგადოებამ  თქვენ შესახებ სწორედ ამ ისტორიით გაიგო. რას საქმიანობდით იქამდე?
– ჩემი პოლიტიკური აქტივობა გაცილებით ადრე, 2004 წელს დაიწყო.  მაშინ  თბილისის საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიაში ვმუშაობდი.   ჩემი პოზიციიდან გამომდინარე,  მქონდა   კავშირები  პოლიტიკოსებთან, თუმცა პოლიტიკურ კარიერაზე არ ვფიქრობდი. 2006 წელს, როდესაც კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა, მე წამოვედი სამსახურიდან. იქამდე, ერთი წლით ადრე,  დავაფუძნე „საქართველოს სპორტსმენთა ლიგა”. ვგეგმავდით,  მოგვეძიებინა ფინანსები სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მოსაწყობად, რომ დავხმარებოდით იმ სპორტსმენებს, ვისაც ეს სჭირდებოდა.  სპორტი  ყოველთვის იყო  ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება – ბავშვობაში მოჭიდავე ვიყავი, საქართველოს პირველობა მაქვს მოგებული იუნიორთა შორის. მერე აღმოსავლურმა ორთაბრძოლებმა გამიტაცა. ვარ კიოკუშინ  კარატეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რასაც, როგორც დეპუტატს,  კანონი არ მიკრძალავს.  „სპორტსმენთა ლიგა” უკვე დაფუძნებული მქონდა, როცა ჩავერთე სამშენებლო ბიზნესში. ჩემი  და ჩემი მეგობრების   ბიზნესსაქმიანობა, როგორც არაერთი სხვა  ბიზნესკომპანია, მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ინტერესის სფეროში და დაიწყეს ჩვენი შევიწროება. „სპორტსმენთა ლიგის” წარმომადგენლები  უკვე აქტიურად  ვიყავით ჩართულები  იმ  პროცესებში, რაც დაიწყო ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის  წინააღმდეგ, რომელმაც ეკლესიის დარბევა მოაწყო. ეს  გახდა   ჩემთვის მნიშვნელოვანი სიგნალი – უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ   პოლიტიკური გუნდი, რომელიც  უპირისპირდებოდა ჩვენს  მართლმადიდებლურ საზოგადოებას, უფრო და უფრო შორს  წავიდოდა. ისინი დაადგნენ გზას,  რომელიც  საზოგადოებისთვის   რთული პროცესებით  უნდა  გაგრძელებულიყო.   7 ნოემბრის პროცესს მოჰყვა ჩემი და ჩემი მეგობრების  კიდევ უფრო მეტად  გააქტიურება. „სპორტსმენთა ლიგა” აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში.  სპეცსამსახურებმა ჩვენი თვალთვალი დაიწყეს. ეს ვიცოდი, მაგრამ ამის შიშით ნამდვილად  არ გავჩერდებოდი.   ჩემი   აქტიურობა  საბოლოოდ ჩემი  დაპატიმრებით დასრულდა. სამართლებრივად საქმეს სხვა სარჩული ჰქონდა, თუმცა ყველამ იცოდა, რის გამო მიშვებდნენ ციხეში.  ჩემი პატიმრობა ორწელიწადნახევარი გაგრძელდა. წელიწადი და ცხრა თვე გავატარე გლდანის ციხეში. ბოლო ათი თვე ზონაზე  ვიყავი.               
– ძალიან  მძიმე ფასი გადაიხადა წინა ხელისუფლებამ თქვენს პატიმრობაში.  თქვენ  „გატეხეთ” ბაჩო ახალაიას ციხე, რამაც ხელისუფლების   შეცვლა გამოიწვია. როგორ მოახერხეთ ვანო მერაბიშვილის პოლიციური რეჟიმისა  და სისტემის „მოტყუება”?
–  მთლად  ჯეიმს ბონდად ნუ მაქცევთ  (იცინის). დღესაც ვამბობ, რომ არ დავეჭირე, ისინი, ალბათ,  კვლავ იქნებოდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, ის პერიოდი რომ უკან  დამაბრუნებინა,  ისევ მზად ვიქნებოდი იმისთვის,  კვლავ ჩავმჯდარიყავი  ციხეში, ოღონდ ის ხელისუფლება და რეჟიმი   დასრულებულიყო.  მე მქონდა გარკვეული  ცოდნა და გამოცდილება, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა უშიშროების სამსახურს.  სანამ დამაკავებდნენ, ჩემს  მეგობრებთან ერთად დეტექტიური სააგენტოს გაკეთ ება  მქონდა  დაგეგმილი, საჭირო აპარატურაც შევიძინეთ, მაგრამ გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო,  რაც ლიცენზიის აღებასთან იყო დაკავშირებული, ამ საქმის წამოწყება გადავდეთ. სწორედ ეს აპარატურა გამომადგა მერე, გლდანის ციხეში.    ვერ გეტყვით, რომ ციხეში ყოფნის დროს  კადრების შესახებ მიფიქრია.    ისინი იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთ კადრებს  ვინმე იქიდან  გამოიტანდა.  ბაჩო ახალაია, რომლის ციხეშიც ვიჯექი, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა, მიხეილ სააკაშვილი იყო ჩემი „სამიზნე”.   ვერ ვიტყვი, რომ  პატიმრობის დროს მე პირადად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი.   სპორტსმენების მიმართ აგრესია ნაკლები იყო.  თუმცა, ჩემ თვალწინ ჩემი თანამოსაკნეების ცემა ჩემთვის იმდენად რთული გადასატანი იყო, ამას მერჩია,  ჩემზე აეწიათ ხელი.   მე კარგად ვიცოდი, რაც ხდებოდა ციხეში.   როგორ მოხდა იმ საშინელი კადრების გადაღება ყვველამ იცის  და ამაზე ბევრს არ მოვყვები.  პირველ მასალაში, რომელიც გიამ გადმომცა, მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული ჩანდა.  ეს იყო ბომბი, მაგრამ არა საკმარისი  სისტემის ასაფეთქებლად. მთავარი იყო, გვქონოდა კარანტინის დაშლის კადრი, რომელიც იქნებოდა  სისტემის მამხილებელი დანაშაულის ამსახველი კადრები.  პატიმრები  ამ დღეს წითელ პარასკევს ვეძახდით. კარანტინის დაშლა იყო  სისტემის კრახი და დანაშაული!   და  ჩვენ ეს კადრები მოვიპოვეთ. არ ვიცი, როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას სხვა, წავიდოდა თუ არა იმ დიდ რისკზე, რაც ამ ყველაფერს ახლდა.  ახლაც ვიტყვი,  დაცული რომ ყოფილიყო უსაფრთხოების ის პარამეტრები, რაც დასაცავი იყო, შესაძლოა,  კარანტინის კადრების  გარეთ გამოტანა ვერც გამოსულიყო.  როდესაც   ციხიდან  გავთავისუფლდი,   ბიზნესი წამოვიწყე,  რომ  ჩემზე ნაკლები ყურადღება ყოფილიყო. მაგრამ,   მუდმივად  ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა ჩამოშლილიყო ეს სისტემა.  ამ  იდეამ  მიმიყვანა  დავით თარხან-მოურავთან, რომელსაც დაპატიმრებამდეც  ვიცნობდი.  
– როდის გადაიკვეთა   თქვენი და  დავით თარხან-მოურავის ცხოვრება?
–  2008 წელს ჩვენ დაგვაკავშირა    ბატონმა  თენგიზ სიგუამ, რომელმაც  მითხრა, რომ უცხოეთიდან  საქართველოში ჩამოვიდა  ძალიან წესიერი და კარგი ადამიანი, დავით თარხან-მოურავი –  ჩვენი მეფეების შთამომავალი,  რომელიც საზოგადოებრივი წინააღმდეგობის  მოძრაობას ქმნისო.   ბატონი  დავითი გარკვეული  პერიოდი,  დაპატიმრების საფრთხეს რომ გარიდებოდა, უცხოეთში იყო წასული.   ზურაბ ჟვანიას  ხელისუფლებას ძალიან უნდოდა მისი დაკავება,  დავით თარხან-მოურავის ეროვნული ღირებულებები მათთვის საფრთხის შემცველი იყო.    მას ვერ „იყიდდნენ”, როგორც ყიდულობდნენ იმ პერიოდში არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებს, ამიტომაც შეუქმნეს პრობლემები, რომ საქართველოდან წასულიყო. როდესაც პირველად შევხვდი დავით თარხან-მოურავს, უკვე მზად ვიყავი ბრძოლისთვის. მაგრამ, რადგან ორგანიზაცია ჩამოყალიბების პროცესში იყო,    დრო რომ არ დამეკარგა, აქტიურობა გავაგრძელე სხვა პოლიტიკურ ძალასთან  ერთად. თუმცა, ჩვენმა პირველმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩვენ, მე და ბატონ დავითს,  ბევრი საერთო ღირებულება გვქონდა, რაც, ძირითადად, ეროვნულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული.  
– ვიცი, არ გიყვართ საუბარი თქვენს პირად,  ოჯახურ ურთიერთობებზე, მაგრამ  დავით თარხან-მოურავისთვის ქალიშვილის ხელის თხოვნა  რთული არ  იყო?
– იოლიც არ ყოფილა (იცინის). მე და ნინომ ერთმანეთი ახლოს  გავიცანით 2014 წელს, ამერიკაში, სადაც სენატორებთან  და კონგრესმენებთან შეხვედრებზე ვიყავით ჩასულები.  ნინო ხშირად  დაჰყვებოდა  მამას საქმიან  შეხვედრებზე. ჩვენ გაცნობიდან ერთ წელიწადში დავქორწინდით. ტრადიციული, ქართული ქორწილი გვქონდა.  ვერ ვიტყვი, რომ,  რაც  ჩემ და ბატონ დავითს შორის ასეთი ახლო, ოჯახური კავშირი გაჩნდა, ჩვენი ურთიერთობა  განსაკუთრებულად შეიცვალა-მეთქი. პირიქით, მე  კვლავ ვიცავ ეტიკეტს, რაც მის მიმართ წლების განმავლობაში  მქონდა. ჩვენ გვაქვს საქმიანი ურთიერთობა. ის არის პარტიის თავმჯდომარე, მე – პარტიის წევრი.   ჩვენს პარტიაში მუშაობს ჩემი მეუღლეც. ის პარტიის  საერთაშორისო დეპარტამენტის  ხელმძღვანელია. მართალია, ხელფასი არ აქვს, მაგრამ ამას არ „აპროტესტებს” (იცინის).    
– „დაგიჩაგრავთ” დეპუტატ ქმარს და პარტიის ლიდერ მამას ნინო. სიმამრის სახლში, სადაც პოლიტიკური პარტია არ გაკავშირებთ, მაინც  ბატონი დავითია?
-  დიახ,  მიმართვის ფორმაც ისეთი გაგრძელდა, როგორიც ყოველთვის იყო. ეს ხელს არაფერში გვიშლის. ეს   პატივისცემის ნიშანია, სუბორდინაციის მომენტი.   ადამიანურად მის მიმართ, რა თქმა უნდა, სხვა სიყვარული და ემოციები მაქვს, მაგრამ ეს  ჩვენს საქმიან  ურთიერთობებზე არ აისახება.    მე და ნინო ცალკე ვცხოვრობთ. შესაბამისად, დავით თარხან-მოურავთან ყოველდღიური, ოჯახური სადილი ან ვახშამი   და ბარბიქიუ არ გვაქვს. ამისთვის ვერცერთი ვერ ვიცლით.
 – ნინო ჰგავს მამას?  
  კი, ჰგავს ხასიათით და ცხოვრების წესით – ეკლესიურია, როგორც ბატონი დავითი. ასევე,   ემოციურიც, გიჟდება ცხოველებზე. მეც მიყვარს ცხოველები, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არ ვართ, ცხოველს ვერ მოვუვლით. დავითს ჰყავს  დიდი ძაღლი, რომელიც მის მშობლებთან ცხოვრობს, მაგრამ დავითის დანახვაზე გიჟდება.
– აქვე გკითხავთ, თქვენი გვარის წარმომავლობაზე თუ იცით რამე? მეუღლისა და თარხან-მოურავების სამეფო  წარმომავლობა ხომ არ „გაშინებთ”?    
– არა,  რატომ უნდა მაშინებდეს? აგერ ბატონო,  ბრუნეის  პრინცესა, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანია ქალებში,  გათხოვდა ჩვეულებრივ კლერკზე.  რა არის ამაში უცნაური?! (იცინის)  გლეხობა, აზნაურობა, თავადობა  ბოლო პერიოდში ჩვენთან  აქტიური და პოპულარული თემა გახდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი წარმომავლობა დიდად არ მიკვლევია.  უბრალო ადამიანი ვარ. მამაჩემი  თერჯოლის რაიონიდანაა, მაგრამ,  როგორც ვიცი, ლომიას კავშირი აქვს ლომიძესთან,  რომლებიც თავადები არიან. ვფიქრობ, რამე საინტერესოს მივაგნებ, ეს თემა რომ „გამოვიკვილიო” (იცინის).
– სათქვენო თეორია მოგიგონიათ.    გაგიწიოთ სიმამრმა რეკომენდაცია, ის ხომ თავად-აზნაურთა წინამძღოლია და ძალიან იცავს ეტიკეტს.
– არ მინდა რეკომენდაცია, ჩემს სტატუსს დავჯერდები (იცინის). როდესაც დიდებული წინაპარი გიმაგრებს ზურგს, ამაში კარგის მეტი არაფერია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებითა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებით, თვითონ  უნდა დაამტკიცოს,  რომ ამ წოდების ღირსია. წოდება შთამომავლობით არ უნდა გადადიოდეს. ეს ჩემი აზრია, თუმცა დიდი პატივისცემით ვეპყრობი ამ საზოგადოებას.  ბატონი  დავითი თავად-აზნაურების წინამძღოლია.  ის საკმაოდ  ლიბერალი ადამიანია – არავის არ აძალებს და  არ ახვევს თავზე  თავის აზრს. ეს საზოგადოება  დროდადრო  საკმაოდ საინტერესო  წვეულებებს აწყობს,  რომელსაც მეც დავსწრებივარ, მაგრამ მე და ნინო უფრო პარტიული  მიმართულებით ვაქტიურობთ, ვიდრე – თავადაზნაურობის. თუმცა ნინო, ისევე როგორც მისი ძმა იორამი,   თარხან-მოურავების გენეალოგიის ხის,  რომელიც ცნობილი  მეფეებით იწყება, ღირსეული გამგრძელებლები არიან.     
 – ამ პოლიტიკურ რეალობაში თქვენი წვლილი საკმაოდ დიდია, ფრაქციის ხელმძღვანელი  ხართ, მაგრამ  პოლიტიკურ დებატებში აქტიურობით  არ გამოირჩევით. ვერ მოირგეთ  პოლიტიკოსის როლი?   როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება 2012 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ?
–  მე არ მივეკუთვნები იმ დეპუტატთა რიცხვს, ყველაფერს რომ აკეთებს კამერების ობიექტივში მოსახვედრად. ასეთი ბევრი დეპუტატი ვიცი ჩვენს  პარლამენტში.   თავის გამოჩენა  და თვითპიარი არაა ჩემი „ძლიერი” მხარე (იცინის).  ჩვენ  ახალგაზრდა გუნდი ვართ, თუმცა გვყავს  აქტიური დეპუტატები, მაგალითად,  ირმა ინაშვილი. ის  ხომ გამოირჩევა  განსაკუთრებული აქტიურობით?  ირმას  ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე.  ამას გარდა,  მას ჟურნალისტური წარსულიც ეხმარება.   პოლიტიკა ცვლის ადამიანების ცხოვრებას.   გარკვეული დოზით კარგავ  თავისუფლებას, რაც დიდი დანაკლისია. სპორტი და ვარჯიში ჩემი ცხოვრების    მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე ექსტრემის მოყვარულიც ვარ.  ამის გარეშე ვერ ვძლებ, მაგრამ ისეთი ცხოვრება მაქვს ბოლო წლებში,  რაც მიყვარს იმისთვის ვეღარ ვიცლი.  
–   როგორც ვიცი, ბაიკერიც  იყავით?
– არა,   ბაიკერი ცხოვრობს  ბაიკით – არ იყიდის მანქანას, წვიმაში, თოვლში ბაიკით ივლის. მე კი ბაიკი მაქვს ექსტრემისთვის.  თუმცა, ბაიკით  უფრო და უფრო იშვიათად ვსარგებლობ. სამი  თვეა, ბაიკზე არ ვმჯდარვარ. ქუთაისი-თბილისის მარშრუტზე, რისი   გავლაც ყველაზე ხშირად მიწევს,  ბაიკით ვერ ვივლი (იცინის). ძალიან მიყვარს ტირში სროლა. ზოგადად, მიყვარს იარაღი. ვფიქრობ, მამაკაცმა სროლა კარგად უნდა იცოდეს. მე ასევე, ვარ პრაქტიკული სროლის ფედერაციის  საპატიო პრეზიდენტი, რაც სიმბოლური პოსტია.   ფედერაციას  უახლოეს მომავალში საკმაოდ ბევრი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.  
– დავით თარხან-მოურავთან საერთო   სიძესიმამრული გატაცებები არ  გაქვთ? მაგალითად,  ნარდს არ თამაშობთ?
–  ნარდს არ ვთამაშობთ. როგორც გითხარით,  ჩვენ არ ვართ კლასიკური გაგებით სიძე-სიმამრი (იცინის). სხვათა შორის,  რაც შეეხება სპორტს, ალბათ, სპორტში მოიძებნება საერთო. ბატონი დავითი  ფლობს  საპატიო პირველ  დანს, რომელიც მას ჩვენი   ფედერაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. ფედერაციას უამრავი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს -  245 ჩემპიონი,  მათ შორის  მსოფლიოს, ევროპის, იაპონიის, საქართველოს  ჩემპიონები.  არცერთ ფედერაციას არ ჰყოლია ამდენი ჩემპიონი. თუმცა, სახელმწიფო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არაფერს აკეთებდა, ყველა ჩემპიონატს თვითონ ვუწევდით ორგანიზებას.
 –  თქვენ გაქვთ   დანი?     
–  კი, მე   ამ ეტაპზე  მეორე   დანი მაქვს,  მაგრამ  მესამე დანის გამოცდა უკვე ჩავაბარე.
– პარლამენტარის მანდატი გაქვთ,  კიდევ ერთი დანი რაღად გინდოდათ?
– დანი სპორტსმენისთვის პროფესიული აღიარებაა, მაღალი დონე, რაც ჩემთვის, წლები რომ სპორტში გავატარე ძალიან  ბევრს ნიშნავს.
–  დანთან ერთად, კარგად რომ ისვრით და სამიზნეს არ აცილებთ, თქვენი ცხოვრების მაგალითზეც  ჩანს.
– რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვანაირადაა. მარტივად, ბევრი შრომის გარეშე, არაფერი მიმიღია.  ამას წინათ, ერთ-ერთ გადაცემაშიც ვთქვი, პარლამენტში უამრავია ისეთი დეპუტატი, ვინც პარლამენტში რბილი სავარძლიდან მოხვდა და  ჩვენსავით არ უბრძოლია,   არ უგრძნია ის საფრთხე,  რაც ჩვენ გავიარეთ.  ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ დამკლებია სირთულეები, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი პერიოდის  მერე, მაინც მივდივარ დასახულ  მიზნამდე.  ერთადერთი, რასაც ვცდილობ, არის ის, რომ ამ მიზნებისკენ სწორად ვიარო.  
скачать dle 11.3