კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ვინ გამოაგდო გიორგი აფხაზავა თეატრიდან და რატომ გრძელდება მისთვის 90-იანებში დაწყებული შიმშილობა დღემდე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 მსახიობ გიორგი აფხაზავას მთელი ცხოვრება თეატრს უკავშირდება. თუმცა, ბოლო წლებში არცერთი თეატრის დასში არ ყოფილა და ცოტა ხნის წინ, საკუთარი თეატრის დაარსება გადაწყვიტა. საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება რომ ვერ მოახერხა, ადგა და საკუთარი ბინა გაყიდა. სამაგიეროდ, დღეს, მას და მისი „გიჟების“ გუნდს საერთო ოჯახი აქვს, რომელსაც ძალიან მალე, სექტემბერში გახსნიან და წარმოდგენების ჩვენებას დაიწყებენ.
გიორგი, მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, სხვა თეატრზე აღარ გიფიქრია და საკუთარის შექმნა გადაწყვიტე?
– სინამდვილეში, ცოტა სხვანაირად იყო. თეატრიდან ჩემი ნებით არასდროს წამოვიდოდი, იმიტომ რომ, მთელი ჩემი ცხოვრება იქ მაქვს გატარებული. ცენტრალურ საბავშვო თეატრში, როგორც მას ადრე ერქვა, 14 წლიდან ვმუშაობ. მას ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი წლები უკავშირდება. სინამდვილეში, კი არ წამოვედი, გამომაგდეს თეატრიდან. არასასურველი პიროვნება ვიყავი ახალი ხელმძღვანელობისთვის. ასევე, გამოაგდეს ჩემი მასწავლებელი, მთავარი რეჟისორი გია კიტია, სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკა ჯანდიერი, მე და კიდევ ბევრი სხვა. ეს 2008 წელს მოხდა, „მიშა ბიძიამ“ თეატრი გაასუფთავა. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ვიღაცისთვის თეატრი ფულის საკეთებელი მანქანაა, ჩვენთვის კი, ხელოვნების წმიდათაწმიდა კერა. ვიღაცისთვის თეატრი მეწველი ძროხაა, ჩვენთვის კი – სულიერების ზეიმი და შესაბამისად, ჩვენი ინტერესების თანხვედრა ვერასდროს მოხდებოდა.
ჩემი გზა ბავშვობიდან თეატრს დაუკავშირდა. პატარაობიდანვე ვთამაშობდი „მოზარდებში” და რაც კი პროფესია არსებობდა თეატრში, ყველაფერი ათვისებული მქონდა. იქნებოდა ეს გამნათებელი, სცენის მემანქანე თუ სხვა. ვმუშაობდი ამ „თანამდებობებზე“ მაშინ, როცა სხვა ბავშვები ერთობოდნენ. მე, პრაქტიკულად, არ მეცალა არც ფეხბურთის სათამაშოდ და არც ქუჩაში დგომისა და „გულავისთვის.” ის წლები ბუნდოვნად მახსოვს, არეულობის პერიოდი იყო. ჩაკეტილ სივრცეში ვიზრდებოდი, სამყაროში, სადაც არაფერი არსებობდა ხელოვნებისა და თეატრის გარდა. თეატრი ჩემი ცხოვრების წესია, რომლის გარეშეც მე, უბრალოდ, არ შემიძლია, ისევე, როგორც ჭამის, სმისა და ძილის გარეშე.
– დამოუკიდებელი თეატრის შექმნის გადაწყვეტილება როგორ მიიღე?
დავიწყოთ იმით, რომ ძალიან გავბრაზდი. არ შეიძლება, რამის გაკეთება გინდოდეს და სულ სხვებს ეხვეწებოდე. ვერაფერს შექმნი, თუ შინაგანად თავისუფალი არ ხარ. მიჯაჭვულობა დამაბრკოლებელია. თავისუფლებაში ქუჩაში გასვლას და საკუთარი, პრიმიტიული მოთხოვნების დასაცავად ხმამაღლა ყვირილს არ ვგულისხმობ. მე შინაგან თავისუფლებაზე ვსაუბრობ, რომელიც აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თეატრი, რომელშიც ხელოვანი თავისუფალია. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ამ ტიპის პროექტს ვხედავ. ყოველთვის ვიღაც ბიძიებზე, ბაბუებსა და „ღვაწლმოსილ” ადამიანებზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ, გადავწყვიტე თეატრის შექმნა, სადაც ხელოვანს ეს დანაკლისი არ ექნება.
– რასაც დიდი მატერიალური რესურსი სჭირდება.
– თეატრისთვის აუცილებელია ოჯახივით შეკრული გუნდი, რომელიც ერთ ორგანიზმს წარმოადგენს. თავიდან 30-მდე გიჟი გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და ახლა, საბედნიეროდ, გიჟების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან კავშირში თეატრთან, მოდიან და გვეხმარებიან. სამწუხაროდ, ამ გიჟებს და მათ შორის მეც, უკვე ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოგვეწურა.
– საჭირო ფინანსების შესაგროვებლად შენ საკუთარი ბინა გაყიდე. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– ძალიან მარტივად, როგორც კი შევხედე სარდაფს, სადაც ახლა უკვე ჩვენი თეატრია, მაშინვე გადავწყვიტე, რომ იქ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო უნიკალური თეატრი, როგორიც ნამდვილად აკლია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თეატრალურ სამყაროს, შეიძლება, მსოფლიო თეატრსაც კი. ალბათ, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რატომ დავწიოთ თამასა, მოდი, თავიდანვე მაღლა ავწიოთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. როგორც კი დავინახე, რომ აქ თეატრის აშენება შეიძლებდა, მაშინვე, ძალიან მარტივად მივიღე ჩემი ბინის გაყიდვის გადაწყვეტილება. აქამდე ჩვენ უსახლკარო გიჟები ვიყავით, ახლა საკუთარი სივრცე გვაქვს.
– ოჯახიც მარტივად შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
– ამაში ძალიან გამიმართლა. ჩემს ოჯახს ყოველთვის ერთი მიდგომა ჰქონდა: შენ შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რაც გაგიხარდება. უნდა აკეთებდე იმას, რაც გინდა, მაგრამ ძალიან სერიოზულად და მიზანდასახულად უდგებოდე ამას. ისინი ჩემგან ყველაფერს ითმენენ. ვაკლივარ, ვენატრები, დრო არასდოს მაქვს. სულ თეატრში ვარ, ჩვენთვის ურთიერთობის ხუთი წუთიც ძალიან დიდი ბედნიერებაა. თუმცა, მადლობა ღმერთს, ამ მხრივ, ოჯახის წევრებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს.
– ეს ბინა შენი საკუთარი იყო?
კი, ჩემი საკუთარი იყო, სადაც ვცხოვრობდი და მისი გაყიდვის შემდეგ, დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად.
– მიზნის მისაღწევად, ასეთი დიდი მსხვერპლი აქამდეც გაგიღია?
– პირველი მსხვერპლი ჩემი ცხოვრების თეატრთან დაკავშირება იყო. ეს არაა სფერო, რომელიც სიმდიდრეს მოგცემს და უზრუნველგყოფს. ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც ამ საქმეს მოაქვს, სულიერებაა. შიმშილის წლები, რომელიც 90-იანებში გადავიტანეთ, ჩემთვის ახლაც გრძელდება. მაგრამ, სამაგიეროდ, სულს ვკვებავთ. ჩვენი ყველანაირი ფინანსები პირდაპირ ამ თეატრში მიდის. წუწუნი არ მინდა, უბრალოდ, ფაქტია, რომლისაც არ მრცხვენია. პირიქით, მიხარია, რომ ასეთ ცუდ დროს, როცა ყველა მატერიალურზეა ორიენტირებული და „კუჭის ამოვსებაზეა“ გადასული, ჩვენ აბსოლუტურად სხვა პრინციპი და იდეა გვამოძრავებს.  
– ალბათ, დანარჩენებსაც მოუწიათ ბევრის გაღება.
– ძალიან ბევრმა ფინანსური რესურსი გაიღო, ბევრმა – ადამიანური. ყველას აქვს პირადი ცხოვრება და საქმე, რომელიც გვერდზე გადადო და მხარში დაგვიდგა. გარდა იმისა, რომ ჩვენი ფინანსებით ვაშენებთ ამ თეატრს, ფიზიკურადაც ყველაფერს თავად ვაკეთებთ. თეატრის მშენებლობაზე ხელოსანი არ მოგვიყვანია. ჩვენვე ამოგვყავს კედლები, ვაკრავთ „გიფსოკარდონს,” „ვსვარკავთ”, ვასხამთ ბეტონს და ასე შემდეგ.
– საიდან ეს ცოდნა?
– (იცინის) ამას მამაჩემს უნდა ვუმადლოდე. ბავშვობიდანვე მაჩვევდა ხელსაქმეს და პატარაობიდანვე ვიცოდი ხეზე, ქვაზე მუშაობა. ახლა, ეს ყველაფერი გამომადგა. ასე რომ, აბსოლუტურად დამოუკიდებლად, საკუთარი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს. თეატრი უკვე აშენებულია, მაგრამ მალე გაჩერება მოგვიწევს, რადგან ჩვენი ფინანსები ამოიწურა. თეატრისთვის საბოლოო სახის მიცემა და აპარატურის შეძენაღა დაგვრჩა. იმედია, ამჯერად მაინც გამოჩნდებიან კეთილი ბიძიები. აქამდე საერთოდ არავინ დაგვხმარებია. ყოველთვის ისეთ პასუხს ვიღებდით ადამიანებისგან, ვისთვისაც ეს ჯიბის ფულია, რომ ლამის იქით დავეხმაროთ. ისე გვიჩუყდება გული მათი მოსმენისას, მართლა სურვილი მიჩნდება, ხელფასიდან რაღაც თანხა გადავდო და ვაჩუქო. ალბათ, ზუსტად ასეთი მიდგომით მოიპოვეს ამ ადამიანებმა ის, რაც აქვთ.
ამ მომენტისთვის, დღეში 12 საათს ვატარებთ ჩვენს თეატრში და პირობას ვდებ, ის აუცილებლად გაიხსნება სექტემბერში. დავპატიჟებთ ჩვენნაირ გიჟებს და ვაჩვენებთ წარმოდგენებს (იცინის). გიჟები, ძირითადად, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ასევე მეგობრები სამხატვრო აკადემიიდან, ფსიქოლოგები, ექიმები. მაგალითად, ჩვენი მეგობარი ექიმი გვიკეთებს გაყვანილობას და როცა თეატრი ამუშავდება, ის დაიკავებს ადგილს გამნათებლის პულტთან. მთავარია, იდეამ გაგაერთიანოს. რა მნიშვნელობა აქვს, რისი დიპლომი გაქვს სახლში, მთავარი საქმის სიყვარულია.
ეს იქნება თბილისის კამერული თეატრი, რომელიც ყოფილ ლესელიძეზე, ახლანდელ კოტე აფხაზის ქუჩის ნომერ ოთხში მდებარეობს. პირობას ვდებ, რომ ის იქნება ძალიან კარგი თეატრი, რომელშიც ხალხს არასდროს მოატყუებენ.
– პარალელურად რით ხართ დაკავებული?
– აქტიურად ვმუშაობ თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან. სარეჟისორო ჯგუფი გვყავს მე და ჩემს აღმზრდელ გია კიტიას – ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ჩემი ახალი თეატრის ღერძს შეადგენენ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
ვის რაში სჭირდება ჩემნაირი გიჟი (იცინის).
скачать dle 11.3