კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ ცდილობდნენ „ერთმორწმუნე“ დამპყრობლები, ესარგებლათ ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვნობით და რას უპირებდნენ ისინი საქართველოს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


 1027 წელს, 16 აგვისტოს, თრიალეთში, მოულოდნელად გარდაიცვალა „სავსე ყოვლითა სიკეთითა“ – მეფე გიორგი პირველი. მაშინ 27 ან 31 წლის იქნებოდა. არის ვარაუდი, რომ მეფე მოღალატეებს მოაწამვლინეს ბიზანტიელებმა, რომლებიც ოცნებობდნენ ქართული მიწების მიერთებაზე, როგორც იერთებდნენ სომხურ სამეფოებს იმ დროს. ბიზანტიელები მოწადინებული იყვნენ, კავკასიის ქვეყნების სრული ანექსია მოეხდინათ. სომხური სამეფოები ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდა და უქმდებოდა.
ოთხი შვილი დარჩა მეფე გიორგის, ვაჟები – ბაგრატი და დემეტრე და ასულები – გურანდუხტი და კატა. ჰყავდა ერთი ასულიც, რომელიც ჩვილობაში გარდაცვლილა.
ტახტზე ავიდა 8-9 წლის ბაგრატ მეოთხე. ქვეყანას მართავდა სამეფო კარი – ოკუპანტებისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული, რომელთაც არ უნდოდათ, 1022 წელს დამარცხების გამო იძულებით დადებული ზავის შესრულება და ცდილობდნენ, არ დაეთმოთ ყველა ციხე-სიმაგრე ტაოში. მეტიც, ამ ციხეების გამოხსნას ლამობდნენ და საერთოდ, ქართული მიწების დაბრუნებას. ქვეყანაში საკმაოდ გავლენიანი იყო კათალიკოს-პატრიარქი მელქისედეკი. მის დროს აღიარეს ბერძნებმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქის რანგში. თუმცა, კათალიკოსიც არაა ნაკლები. ადრე კათალიკოსი, ბიზანტიის იმპერიის გარეთ არსებული ავტოკეფალური ეკლესიის მესაჭის ტიტული იყო, პატრიარქის თანაბარი. დიდი როლი ჰქონდა დედა-დედოფალ მარიამს, ვანის ტბის ჩრდილო და აღმოსავლეთის სანაპიროების გარშემო არსებული ვასპურაკანის, ყოფილი სომხური სამეფოს ყოფილი მეფის, სენექერიმ არწრუნის ასულს. გაუქმებამდე ვასპურაკანის სამეფო არცთუ პატარა იყო – 10 დიდი ქალაქი ყოფილა, 4 ათასი სოფელი, 72 ციხე და 115 მონასტერი, მოსახლეობა კი მილიონამდე (ალბათ, გადაჭარბებულია). ბიზანტიელებმა 1223 წელს სენექერიმ არწრუნი აიძულეს დაეთმო მათთვის თავისი სამეფო, სამაგიეროდ, მისცეს მაგისტროსობა – მაღალი საკარისკაცო ტიტული ბიზანტიის სამეფო კარზე. სამართავად კი გადასცეს ბიზანტიის ქალაქი სებასტია და კაპადოკიის თემი, სადაც ათწლეულებით ადრე, ათასობით სომეხი გადასახლდა. ყოფილი მეფე წავიდა სებასტიაში და თან წაიყვანა 14 000 მეომარი დედაწულიანად. მთლიანი რიცხვი იყოო 60 000 ადამიანი. ბიზანტიაში არწრუნები საშიში არ იქნებოდნენ, ხოლო თუ სომხეთში დარჩებოდნენ, დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებდნენ. ასე მოკლეს ერთად ორი კურდღელი  ბიზანტიელებმა – გააუქმეს ერთ-ერთი სომხური სამეფო, ტერიტორია შეიერთეს, იქაური სომხები კი იმპერიის ტერიტორიაზე გადაასახლეს და თავის სამხედრო რესურსს მიუმატეს.
იმავე ხანებში, დაახლოებით, 1022-1023 წლებში, ანისის სომეხთა სამეფოს მეფემ, ოვანეს-სმბატმა ბიზანტიის თავდასხმის შიშით, რადგან მისი მოკავშირე და დამხმარე, საქართველოს მეფე გიორგი პირველი დამარცხდა ბიზანტიასთან, ანდერძით გადასცა იმპერატორს თავისი სამეფო. ანდერძი ძალაში შევიდა მისი გარდაცვალების შემდგომ. ასე მოექცნენ სომხური წარმომავლობის ბასილი მეორე და და მისი ძმა, კონსტანტინე მერვე თავის სისხლსა და ხორცს.
 ბაგრატ მეფის მცირეწლოვნობით უნდოდა ესარგებლა ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე მერვეს და სურდა, საქართველოს სამეფოს გაუქმება, როგორც ვასპურაკანის სამეფო გააუქმეს და როგორც უნდა გაუქმებულიყო ანისის სამეფო.
ბიზანტიელები აქტიურად მოქმედებდნენ, არ იშურებდნენ არც ფულს და არც ქრთამს. თან, ცდილობდნენ, დაეშინებინათ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს დიდებულების ნაწილი და შემოსევით იმუქრებოდნენ. ზოგი მოღალატე გადავიდა ბიზანტიელების მხარეს. ზოგი ქართველი აზნაური კი, იძულებული იყო, დანებებოდა მტერს, რადგან ბევრს არ ეგონა, თუ საქართველოს სამეფო გადარჩენას მოახერხებდა. ტაოელი აზნაურები, ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე, მათთან ერთად არაერთი ტაოელი ციხოვანი ან უციხო აზნაური განუდგნენ მცირეწლოვან ბაგრატს, ეახლნენ კონსტანტინე მერვეს ბიზანტიაში. ციხოვანებმა თავიანთი ციხეები გადასცეს მტერს და მორჩილება გამოუცხადეს იმპერატორს.
კონსტანტინემ ჯარი გამოაგზავნა საქართველოში დიდი თანამდებობის პირის, პარაკიმანოსის ხელმძღვანელობით, უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე მის ძმას, ბასილი ბულგართმმუსვრელს ჰყავდა გიორგი პირველთან ომის დროს.
პარაკიმანოსმა კიდევ ერთხელ მოაოხრა ბასილის მიერ დალაშქრული ტერიტორიები ტაო-კლარჯეთში. ჯარის ერთი ნაწილი მიადგა თრიალეთს, კლდეკარის ციხეს, რომელსაც ფლობდა ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე. შემოიკრიბა ლიპარიტმა ლაშქარი, გაამაგრა ციხე. ქართველები ციხის მისადგომებთან შეებნენ მტერს და დაამარცხეს. უკან დაიხია პარაკიმანოსმა.
ჩანჩახ ფალელმა გადასცა ციხე გარყლობისა ბერძნებს, არჯევან ჰოლოლასძემ – წეფთის ციხე, თვითონ კი ბიზანტიაში გადაბარგდნენ. ბიზანტიელები, ყველას, ვინც მათ გადასცემდა სამეფოს ან საერისთავოს, ანდა ციხეს, კარგად ასაჩუქრებდნენ და ბიზანტიის სხვა ტერიტორიებზე აძლევდნენ მიწებს, თანამდებობებს და ფეოდალურ პატივს. ეს დამპყრობლების ცნობილი მეთოდია, როგორც გაუკეთეს სენექერიმს.
სამაგიეროდ, მტბევარმა ეპისკოპოსმა საბამ ააშენა ციხე-სიმაგრე ტბეთის ტაძრის მახლობლად, რომელსაც უწოდა სვეტი და შეკრიბა ადგილობრივთა ლაშქარი, მათ შორის, ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა, შავშეთის აზნაურები და მცხოვრებლები. პარაკიმანოსმა მათ წინააღმდეგ გამოაგზავნა იოვანე ხარტულარი დიდი ლაშქრით და თან გამოაყოლა გურგენ კლარჯი ბაგრატიონის ძე დემეტრე. დემეტრეს მამა გურგენი ადრე დააპატიმრა ბაგრატ მესამემ, რადგან ქვეყნის გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა. დემეტრე ბიზანტიაში იყო გაქცეული. ბიზანტიელები, თითქოსდა დემეტრე ბაგრატიონის უფლებებს იცავდნენ, სინამდვილეში, ცდილობდნენ ქართული მოსახლეობის დაბნევას და გადაბირებას. ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც.
საბა მტბევარი, ეზრა ანჩელი და სხვა მამულიშვილები ცდილობდნენ, აეხსნათ ხალხისთვის ნამდვილი ვითარება. ტბეთის სვეტიდან გამოვიდა ბაგრატ მეფის ერთგული ლაშქარი, შეებნენ მტერს და დიდი ზიანი მიაყენეს.
პარაკიმანოსს ძალიან გაუჭირდა და კონსტანტინე იმპერატორმა გაიხმო საქართველოდან. ვერ მიაღწია მტერმა თავის მიზანს. იმპერატორი კონსტანტინე დაავადდა და მოკვდა 1028 წლის 15 ნოემბერს. ტახტზე ავიდა 60 წლის რომანოზ მესამე არგირი, რომელსაც კონსტანტინემ, სიკვდილამდე სამი  დღით ადრე, ცოლად შერთო თავისი ასული, 50 წლის ზოია.
პატრიარქი მელქისედეკი გაემგზავრა კონსტანტინოპოლს საქართველოსა და ბიზანტიას შორის საქმეების მოსაგვარებლად. რომანოზ იმპერატორმა დიდი პატივით მიიღო ჩვენი კათალიკოსი და დიდი საჩუქრებიც გამოატანა. ეტყობა, ჩვენი მწყემსმთავრისა და ეკლესიის გულის მოგება უნდოდათ „ერთმორწმუნე“ დამპყრობლებს.
შემდეგ დედოფალი მარიამი გაემგზავრა ბიზანტიაში ურთიერთობის დასალაგებლად. დრო იყო მოსაგები, მეფე უნდა გაზრდილიყო, დამარცხებებით მიყენებული ჭრილობები უნდა მოეშუშებინა ჩვენს სამშობლოს. დედოფალი მარიამის ვიზიტის შედეგად ბაგრატ მეოთხეს მიანიჭეს კურაპალატის წოდება და ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ არგირის ძმის, ბასილის ასული, ელენე გამოუგზავნეს საცოლედ. მაშინ დინასტიური ქორწინებებით გვარდებოდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, მყარდებოდა მშვიდობა.
ქართველებმა ქორწილი გადაიხადეს ბანაში. ჩვენი წინაპრები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა (ბანაკი) და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ტაო საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიას (და სხვებს) ამას ხაზგასმით უმტკიცებდა. ბანა აღარ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი (მაშინ ქუთათისი გახლდათ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი). მეფის ქორწილები კი, როგორც წესი, დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მეტი პომპეზურობისთვის. მაგრამ, ბანას არქიტექტურასა და მდებარეობას ბერძნებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული და სტრატეგიული, ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია არ იყო სხვაზე ნაკლები.
მშვიდობა ჩამოვარდა ორ დაპირისპირებულ სახელმწოფოს შორის. მაგრამ, სამწუხაროდ, მცირეწლოვანი დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა. საქართველოს ისევ ელოდა ბრძოლები იმპერიასთან, ტერიტორიები იყო ოკუპირებული.
скачать dle 11.3