კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ გახდა ბოსტონელების ჯონი დეპი ლაშა ხოზაშვილი და როგორ მიიღო მან ანა მურადელის გამო დიდი შოკი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 „ბოსტონ ბალეტის“ წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი და მისი მეუღლე, ასევე „ბოსტონ ბალეტის“ ბალერინა ეკატერინე ჩუბინიძე, ზამთარში უსაყვარლესი ნიკოლოზის მშობლები გახდნენ. პატარა ნიკოლოზმა მშობლების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ის ცოტა ხნის წინ მოინათლა და მისი ერთ-ერთი ნათლია, ვაჟა მანიაა.

ეკა ჩუბინიძე: ეს სეზონი ორსულობის გამო დეკრეტში ვიყავი. თუმცა, კლასებს მაინც ვიღებდი და ზოგადად, აქტიური ორსული ვიყავი. 36-37 კვირამდე ყოველდღე ვცურავდი. მერე ლაშა მიდიოდა გასტროლზე და ცოტა შემეშინდა, რადგან ზამთარი იყო, დიდი თოვლი მოვიდა.
– როგორც ვიცი, 10 წლის შემდეგ დაიბადა ნიკოლოზი.
– ბავშვი ძალიან გვინდოდა, მაგრამ სულ ვმოგზაურობდით, ხან სად ვიყავით, ხან სად. ზუსტად არ ვიცოდით, სად გავჩერდებოდით, ამიტომ ვერ გავრისკეთ ბავშვის გაჩენა, გვეშინოდა. შემდეგ, როგორც კი დავფუძნდით ბოსტონში, ეს ქალაქი ჩვენი მეორე სახლი გახდა, საკუთარი თავის იმედი გაგვიჩნდა. „ბოსტონ ბალეტმაც“, როგორც ოჯახი, ისე მიგვიღო. მივხვდით: აუცილებელი იყო ბავშვი გვყოლოდა. ასე რომ, 10 წლის შემდეგ გადავდგით ეს ნაბიჯი და ნიკოლოზმა უდიდესი სიხარული შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, სულ მეგონა: ორსულად რომ დავრჩებოდი, გული უნდა წამსვლოდა, ცუდად გავმხდარიყავი. მთელი წელი ვამბობდი: „გედების ტბის“ დროს უნდა დავრჩე ორსულად, რომ აღარ ვიცეკვო-მეთქი, ძალიან რთული სპექტაკლია და მთელ დასს გვეზარებოდა. მართლაც სცენაზე ვიდექი, ხელები მქონდა ზემოთ აწეული და თავბრუ დამეხვა. აღმოვჩნდი 6 კვირის ორსული. ჩემი როლები მაინც ვერ დავთმე. ყველა პარტია, რაც მომწონდა, ბოლომდე დავასრულე და შემდეგ განვაცხადე, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი.
ლაშა ხოზაშვილი: ახლა დაიწყო ჩვენი ცხოვრება, ახლა გვაქვს დასრულებული ოჯახი და ღვთის ნებით, უფრო მეტი მატება იქნება. როგორი დაღლილიც უნდა მოვიდე, ნიკოლოზს რომ ვხედავ, მაშინვე „ვიტენები” ენერგიით.
– ლაშა, ხომ არ დაესწარი მეუღლის მშობიარობას?
ეკა: ძალიან მეშინოდა იმის, რომ ქართულად დავიწყებდი ლაპარაკს და ექიმებს არ გავცემდი პასუხს. თან, მინდოდა, ლაშა ჩემ გვერდით ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაგვიჭირდა, საჭირო გახდა ექიმების დახმარება, პატარა ბიჭი ჯანმრთელი დაიბადა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ლაშა ბოლო წუთამდე ჩემთან იყო.
ლაშა: ძალიან მინდოდა, ბავშვი მალე მოვლენოდა ქვეყნიერებას და ჩემი ცოლიც დამშვიდებულიყო. რომ დავინახე, მხოლოდ მას ვხედავდი, მეტს ვერავის. ისეთი ემოცია ვიგრძენი, რაც აქამდე არასდროს მიგრძნია. ბოლომდე დავესწარი ყველაფერს, ცოტა გაურთულდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეც ვეხმარებოდი ექიმებს, ეკას.
– ამერიკაში ბავშვს ორ სახელს არქმევენ და ნიკოლოზსაც ორი სახელი ხომ არ ჰქვია?
– კი, ნიკოლოზი ჰქვია. საბუთებში კი უწერია: ნიკალას-თომასი. ჩვენთვის ნიკოლოზია, ნიკუშა. ამერიკის მოქალაქეა, თავისი პასპორტით ჩამოვიყვანეთ საქართველოში. „ბოსტონ ბალეტში“ ბევრს ჰყავს შვილი და ძალიან გვიწყობენ ხელს. გიჟდებიან: რასაც იტყვით, როგორც იტყვით, ისე იქნებაო. ძალიან კმაყოფილები ვართ იქაურობით.
– როგორი მამაა ლაშა?
ეკა: დედობრივად მზრუნველი მამაა. ძალიან თბილი, ყურადღებიანი. პატარა რომ იყო, გამოცვლის, დაბანის ცოტა მეშინოდა და ვერ ვაკეთებდი. ჯერ ლაშა აკეთებდა და მერე მე. საკუთარ თავზე მეტად, ლაშას ვენდობოდი.
ლაშა: დედას ვასწავლე თავისი მოვალეობები.
– წლების წინ როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ჩვენი ურთიერთობა ყოველგვარი რომანტიკის, განსაკუთრებული რაღაცეების გარეშე დაიწყო.
ეკა: სულ ნერვებს მიშლიდა. დარბაზში იდგა, ვარჯიშობდა და სულ ჩემ ცხვირწინ ტრიალებდა. ვბრაზდებოდი.
ლაშა: მე ბავშვობიდან მიყვარდა ჩემი საქმე. ჩემთვის ვვარჯიშობდი, ვტრიალებდი და ეს „ნაგლად” მიდგებოდა წინ. თეატრში უფრო დავმეგობრდით. უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ერთი წელი ერთად ვიყავით და მერე დავქორწინდით.
ეკა: როგორი მამაც არის, ასეთივეა შეყვარებული: თბილი, მოსიყვარულე, სულ ცდილობდა, რაღაცით ესიამოვნებინა. მამაც ასეთია: აღარ იცის, რა გაუკეთოს.
ლაშა: ამერიკაში ცხოვრების შემდეგ, უფრო მეტად დავუდექით ერთმანეთს გვერდში – თვალებში შევციცინებთ ერთმანეთს. თუმცა, გვქონია გაუგებრობაც – ეს ყველა ოჯახში ხდება. მაგრამ, მერე, რომ დავმშვიდდებოდით, ისევ ჩვეულებრივ მიდიოდა ყველაფერი.
ეკა: ვაღიარებ, ძალიან ალქაჯი ვარ. ყველაფერი ამწუთას მინდა. ლაშამ კი – მოიცადე... იფიქრებს, შეამოწმებს. იცი, რაზე მოგვდის ჩხუბი? სულ ასეთი ვარ: ჩქარა, მითხარი, რა ხდება.
– ეკა, როგორ მიიღე გადაწყვეტილება ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ?
– იმ დროს თურქეთში ვმუშაობდით და ძალიან მოგვწონდა. თუმცა, გვინდოდა, სხვაგან გადასვლა. იმ დროს ლაშას ამსტერდამის ნაციონალური ბალეტიდან მოუვიდა მიწვევა. მალევე დარეკეს „ბოსტონ ბალეტიდან“ და მიიწვიეს ლაშა.
ლაშა: ამსტერდამიდან ველოდებოდი პასუხს და „ბოსტონ ბალეტიდანაც“ პარალელურად, სულ მწერდნენ. ბოლოს დამირეკეს და მეც დავთანხმდი. ეკასაც სრული კონტრაქტი მისცეს და ბევრი აღარც გვიფიქრია.
ეკა: ძალიან გაგვიხარდა და არც კი გვჯეროდა, რომ გამზადებული კონტრაქტი გამოგვიგზავნეს: თქვენ მხოლოდ ხელი მოაწერეთო.
– როგორია ლაშა მუშაობის პროცესში?
– სულ ვჩხუბობდით და ძალიან მწყინდა რამეს რომ მეუბნებოდა.
ლაშა: თავიდან ძალიან დიდი მოთხოვნები მქონდა. თურქეთში ერთად ვიცეკვეთ დიდი პარტიები. იმ ეტაპზე მე უფრო გამოცდილი ვიყავი, როგორც წამყვანი მოცეკვავე და პატარა რამეზეც ზედმეტ ემოციებს გამოვხატავდი. სულ ამის ბრალიც არ იყო, მეც ვიყავი დამნაშავე და კატა-თაგვივით ვიყავით, გვაშველებდნენ ხოლმე.
ეკა: ბოსტონში ერთად რომ ვიცეკვეთ, ისე კარგად ჩავატარეთ ყველაფერი, ჩვენც გაგვიკვირდა და ყველას უკვრიდა. ლაშა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი სოლისტია, უფრო მეტს ცეკვავს. ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი წარმატება ისე მიიღოს, როგორც ჩვენი, ერთობლივი წარმატება. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ერთად ვიღებდით მილოცვებს. ეს „ბოსტონ ბალეტის“ დამსახურებაა, არასდროს ულოცავენ მხოლოდ ლაშას.
– ლაშა, როგორც ვიცი, ძალიან წარმატებული სეზონი გქონდა.
ლაშა: კი, ძალიან მაგარი სეზონი გვქონდა, ისევე, როგორც წინა სეზონები. დაიწყო მხიარულ ნოტზე: ბალეტი „კორსა“ ვიცეკვეთ. გემზე გვქონდა გადაღება – სარეკლამო რგოლი გადაიღეს. მთელ ბოსტონში ტრიალებდა – „პირატის“ ფორმებში ჩემი და ჩემი მეგობრის პოსტერები იყო გამოკრული. ვიღაცეები გვიწერდნენ: აქ ჩვენი ჯონი დეპები გვყავსო. ყველა გვცნობდა: „პირატები, პირატებიო!..“
– ლაშა, როგორც ვიცი, შენ და ანა მურადელი პარტნიორებიც იყავით.
– ჩვენთვის ეს იყო დიდი შოკი. სპექტაკლები ყოველდღე გვქონდა და ეკა მეუბნებოდა: ვიცი, რაზეც ფიქრობ, გადი, საცეკვაო გაქვსო. არ შემიძლია-მეთქი და რაღაც დღეები, გაგვიჭირდა ამ ყველაფრის გადალახვა. ის არა მხოლოდ პარტნიორი, ჩემი კარგი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი იყო. ბოლო ხანებში ხშირი ურთიერთობა არ გვქონია, რადგან ჩვენც დაკავებულები ვიყავით და ისიც. თან, მუხლის ოპერაცია გაიკეთა, პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა სჭირდა, რა დაემართა. მაგრამ, ნამდვილად ვიცი, რომ არ არის მკვლელი, ჭიანჭველას არ დააბიჯებდა ფეხს.
ეკა: ეს არის მთელი დასისთვის დიდი ტკივილი, ყველანი განვიცდით და ვცდილობთ, დავეხმაროთ. უცხოეთიდანაც ცდილობენ მის დახმარებას, რადგან ეს მწარე სიზმარივითაა, ძნელი დასაჯერებელია.
ლაშა: რაღაც ფინანსები ჩამოვიტანე ყველასგან, ვისაც მისი დახმარება სურდა. ანგარიშზე რომ ჩავურიცხოთ და რამენაირად გვერდში დავუდგეთ.
скачать dle 11.3