კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№26 თბილისის რომელი უბნებია განსაკუთრებით საშიში მეწყერებისა და ღვარცოფების თვალსაზრისით და რატომ გახდა შეუძლებელი სეზონური წყალმოვარდნების პროგნოზირება

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 მეწყერებისა და ღვარცოფების თვალსაზრისით, საქართველო მაღალი რისკის ზონაა. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70 პროცენტი მეტ-ნაკლებად საშიშ ზონაში იმყოფება. სტიქიურად საშიში უბნები ყველა გეოგრაფიულ ზონას მოიცავს და ყველა რაიონში სხვადასხვა პროცესით ვითარდება. თბილისი მთაგორიან რელიეფზე გაშენებული ქალაქია და შესაბამისად, სტიქიის რისკიც ყოველთვის დიდია. სამწუხაროდ, წარსულიდან არაერთი შემთხვევა შეიძლება გავიხსეოთ, როცა მეწყერის, ღვარცოფისა და წყალმოვარდნის შედეგად, სავალალო შედეგი მივიღეთ. უფრო კონკრეტულად, არის თუ არა საგანგაშო ვითარება ამ მხრივ საქართველოში, ბიოლოგს, ქალბატონ ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ნინო, რამდენი მეწყერსაშიში ზონა არსებობს საქართველოში და რა ვითარებაა ამ მხრივ თბილისში?
– ოფიციალური ინფორმაციით, 53 000 მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფსაშიში მდინარეა აღრიცხული. თბილისში 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნის შემდეგ, 56 მეწყერი გააქტიურდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოსახლეობას ვერ დავაწყნარებ და ვერ ვეტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს. ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ ზონაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო თბილისი. დავიწყოთ ვაკით. ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე ორი დიდი მეწყერსაშიში ზონაა, მაგრამ გარდა ამისა, საყურადღებოა ისეთი ქუჩები, როგორიცაა ფალიაშვილი და მისი მიმდებარე ტერიტორია.  ფალიაშვილზე ბევრი სახლი დგას წყლის ზემოთ. ხოლო, სადაც წყალია, იქ შეიძლება მოხდეს კორპუსების გამორეცხვა, მთაწმინდიდან მომავალი გააქტიურებული ხევების შედეგად.  ვაკე არ არის მარტივი ზონა. აქ აშენებენ მაღალსართულიან კორპუსებს, თუმცა რამდენად გაუძლებს ეს შენობები იმ საფრთხეებს, რაც რეალურად არსებობს, არ ვიცით. დედამიწის ქერქზე სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ყველა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად
– უფრო კონკრეტულად, თბილისის რომელი უბნებია საშიშ ზონაში?
– მეწყერსაშიში ზონებია მთაწმინდის ფერდობები, რომელიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისა და სოლოლაკისკენ ჩამოდის. ასევე,  მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია ლოტკინის მხარეს, გლდანი-სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ.
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის ზევით არის ახალი სასაფლაო, რომელიც ასევე, მეწყერსაშიში ზონაა. მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობები კი სულ იმეწყრება. ქალაქში დაახლოებით გვაქვს მტკვრის 10 ძირითადი შენაკადი. დიდი წვიმის დროს ეს მდინარეები უცებ ივსება. შესაბამისად, იქნება ეს გლდანულა, კრწანისი, დიღმულა თუ ლიახვის ხევი, ჩვენთვის პრობლემატურია, რადგან ნებისმიერ ხევში შეიძლება, იგივე განვითარდეს, რაც ვერეს ხეობაში იყო. არანაირად არ ვართ დაზღვეულები. ვარაზის ხევს ვერ ვხედავთ, ვიცით, რომ იქ არის ქვაფენილიანი გზა. მის შიგნით, ქვემოთ, კიდევ არის ხევი, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს საშინლად ადიდებული იყო. როცა ვარაზის ხევზე მაგისტრალს აშენებდნენ, ერთი-ორი ფილის დადგმის შემდეგ, წყალმა ამოხეთქა. ხევის ასახვევში მისი სიღრმე დაახლოებით, 22 მეტრია. მიუხედავად ამისა, ხევის სათავეში დგას სახლი. სიფრთხილეზე რომ ვსაუბრობდი, სწორედ ეს ვიგულისხმე. ვიდრე ბინას ააშენებთ, მანამდე ტერიტორიის სერიოზული გეოლოგიური შესწავლაა საჭირო.
– სხვა რეგიონებში რა ვითარებაა?
– ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ მთიანი ქვეყანა, ძალიან რთული ოროგრაფიით. ქუთაისი ერთ-ერთ წყნარ ქალაქად მიიჩნევა, სინამდივლეში, საკმაოდ საშიშია. ამ ქალაქში რიონი შეიძლება ისე ადიდდეს, რომ ბევრი მსხვერპლი მოჰყვეს. წარსულიდან ამის არაერთი მაგალითიც გვქონია. წყალი ამოსულა იმ დონეზე, რომ ნაპირებთან მდგომი სახლები დაუტბორია.  ქალაქისთვის ტრაგიკული შეიძლება, აღმოჩნდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა.  გარემოს ზემოქმედების პირველი ჰესის ანგარიში, როცა წავიკითხეთ, ეწერა, რომ ამ ჰესის კაშხლის დანგრევის შემთხვევაში, ნახევარ საათში, ნახევარი ქუთაისი წაილეკება. უნდა მოხდეს ხალხის ევაკუაცია. რაც შეეხება სხვა რეგიონებს – ხობი ახლახან დაიტბორა. ბათუმი და ქობულეთი ყოველი დიდი წვიმის მერე იტბორება. მსგავსი რისკები  გვაქვს ზუგდიდშიც. ჩვენი ქალაქების პრობლემა არის ის, რომ სადრენაჟო სისტემები აღარ არსებობს. აღსანიშნავია ფასანაურის მოსახლეობის მაგალითი, როცა მათ პროტესტი გამოთქვეს ქსანი-ფასანაურის გზაზე. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. იქ იყო მეწყრის საშიშროება. 70-იან წლებში ამ ტერიტორიაზე ჩამოწვა მეწყერი და სამი ოჯახი დაიღუპა, მთლიანად ჩაფლა და წაიღო მიწამ. ამის შემდეგ, თავად სოფელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი არ ეხლოთ იმ ადგილისთვის და გაეშენებინათ ტყე.
– როგორც ცნობილია, ყვარელი განსაკუთრებული  საფრთხის ქვეშაა.
– ყვარელს საერთოდ სხვა პრობლემა აქვს. იქ არის დურუჯი, რომელიც ინერტული მასალებითაა სავსე.  მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამ ტერიტორიაზე ილია ჭავჭავაძემ  სპეციალურად გააკეთა  დამბა, რადგან ყვარელი არაერთხელ წაიღო ამ მდინარემ. არსებული დამბა, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მდინარე თუ ადიდდა, დიდი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.
– რა ზომებია ამ ეტაპისთვის მიღებული, რომ მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი?
უპირველესად, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე გაკეთდა – შეტყობინების სისტემა. ცოტა ხნის წინ, მეწყერი კვლავ ჩამოწვა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე და უცებ მოხდა ქალაქის გადაკეტვა. საშიშ ზონაში არ უშვებდნენ მოსახლეობას. დაკვირვების სისტემა გაიმართა ვერეს ხეობაზე, თუმცა მეწყერი მაინც დაფიქსირდა. თბილისში ყველა მდინარე არ არის ისეთი მუდმივი დაკვირვების ქვეშ, როგორც ვერეს შემთხვევაში. მხოლოდ გლდანულაზეა რაღაც ზომები მიღებული. არაფერი გაკეთდაო ვერ ვიტყვით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრად მეტია.
– მეწყერსაშიში პერიოდი გაზაფხულის დასაწყისშია თუ ბოლოსკენ?
– დღეს ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს. ჩვენ გქვონდა გაზაფხულისა და შემოდგომის წყალდიდობები, მაგრამ ახლა კლიმატი იმდენად შეცვლილია და სეზონები იმდენად არეული, რომ  ვერ ვიტყვით, რომელი სეზონია შედარებით საშიში. ეს ყოველივე გამოიწვია გლობალურმა დათბობამ. თუმცა, პროცესი არა მარტო ჩვენთან მიმდინარეობს, ზოგადად, მსოფლიოში შეიცვალა ციკლები.
– არის თუ არა მეწყერისა და ღვარცოფის წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელი იმ დონეზე მაინც, რომ ამ ყოველივეს არ მოჰყვეს მსხვერპლი?
– არის შესაძლებელი და შესწავლილიც. ყოველწლიურად გარემოს დაცვის სამსახური დებს ანგარიშს იმისთვის, რომ ხელმძღვანელმა მუშაკებმა: გამგებლებმა, რწმუნებულებმა და ასე შემდეგ, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. როგორც წესი, ეს ანგარიშები შემოდებულია თაროზე და არავინ კითხულობს. მერე, რაღაც კატასტროფა რომ მოხდება, ამბობენ, სტიქია დაგვემართაო. სტიქია ასე მარტივად არ იჩენს თავს – არსებობს პროგნოზირება, რომლის მასალებიც აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში დევს.
– რამდენად საშიშია გლობალური დათბობით გამოწვეული შედეგები და რა შეიძლება, მოჰყვეს ამ ყოველივეს?
– ეს საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი მეორე, მესამე თაობა შეიძლება, ამას შეეგუოს. არსებობს რამდენიმე შეხედულება გლობალური დათბობის შედეგებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თუ ოკეანე აიწევს, რამდენიმე ქვეყანა გაქრება, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და დანია.  ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საერთო ოკეანეს აწევის შემთხვევაში, აიწვეს შავი ზღვის დონეც. შესაბამისად, კოლხეთის დაბლობი აღარ გვექნება და ზღვა შემოიჭრება. ამის საშიშროება ისედაც არსებობს, რადგან ფოთი თითქმის უკვე იძირება. მართალია, ჯერ მცირე ნაბიჯებით, მაგრამ 50-იან წლებში, სადაც სტადიონი იყო, ახლა წყალია. ვერ ვიტყვით, როგორ წავა ზღვის დინამიკა, უბრალოდ, ეს ერთ-ერთი სცენარია. მეორე მოსაზრებით,   დათბობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ძალიან მოკლე ან დიდი ხანი. თუ მოკლეხანს გაგრძელდება, მაშინ დაიწყება გამყინვარება. მეორე შემთხვევაში კი, პირიქით.  რეალურად არავინ იცის, რა მოხდება. იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც დნება ყინულოვანი ფენა, ეს ნიშნავს, რომ ოკეანის დონე აუცილებლად აიწევს და ევროპა ნაწილობრივ გაიყინება. სხვა პროგნოზი ჯერ არ გაკეთებულა.
– საქართველოს რა ემუქრება?
ყინულოვანი ფენა ცენტრალურ კავკასიონზე მკვეთრადაა შემცირებული – ერთი მესამედით მაინც. წინასწარი პროგნოზით ვიცით, რომ წყალი შეგვიმცირდება და დეფიციტი გვექნება. 30 წლის შემდეგ წყლის დეფიციტი გვექნება დასავლეთ საქართველოშიც კი. უკვე, ფიქსირდება, რომ მიწისქვეშა წყლები ჩადის ქვემოთ, ანუ ხელმიუწვდომელია მცენარეეებისა და ადამიანებისთვის. ასევე, ცნობილია, რომ ალაზნის პირას ხალხმა თოკები დააგრძელა ჭებში. ბევრ სოფელს წყალიც კი შეუწყდა. ამას ემატება ისიც, რომ გაზრდილია ტენიანობა, განსაკუთრებით თბილისში. თუ ადრე, აღმოსავლეთ საქართველოში სარეცხს სჭირდებოდა ნახევარი დღე გასაშრობად, ახლა დღენახევარია საჭირო.
скачать dle 11.3