კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ გააშენა ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილმა კანადაში ულამაზესი ბაღი, სადაც მნახველები დღემდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნიკოლოზ აფხაზის სახელი ძალიან კარგადაა ცნობილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მან კანადაში, ვანკუვერში დიდებული ბაღი გააშენა, რომელსაც დღემდე უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. ნიკოლოზ აფხაზის წინაპრების, ასევე კანადაში, მისი გაშენებული ულამაზესი ბაღის შესახებ, რომელსაც დღესაც უამრავი მნახველი ჰყავს, ისტორიკოსი, რუსუდან დაუშვილი გვესაუბრება:
– კანადაში არსებული აფხაზების ბაღის შესახებ, პირველად 1988 წლის ემიგრანტულ ჟურნალ „გუშაგში,“ ნიკოლოზ აფხაზის ნეკროლოგიდან გავიგე. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია Abkhazi Garden-ის შესახებ. ბოლო ხანს კი, მომრავლდა საიტები და ვიდეორგოლები ამ ბაღის ულამაზესი ხედებით. მაგრამ, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ბაღი საქართველოს ეროვნული გმირის, კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის სახელს უკავშირდება.
– როგორია ნიკოლოზ აფხაზის წინაპრების ისტორია?
– აფხაზების საგვარეულო მეთექვსმეტე საუკუნეში კახეთში დამკვიდრებული აფხაზეთის მთავრების, შერვაშიძეთა შტოს წარმოადგენდა. ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე კონსტანტინე (კოტე) აფხაზი დაიბადა 1867 წელს კარდენახში, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ აფხაზისა და ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი და პეტერბურგის სამხედრო აკადემია. რუსეთის არმიაში არტილერიის გენერალ-მაიორის ჩინს მიაღწია და პირველი მსოფლიო ომის დროს საარტილერიო ბრიგადას სარდლობდა. აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ხელმძღვანელობდა კახეთის რკინიგზის მშენებლობას. იყო საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ეროვნული საბჭოს წევრი. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული არმიის ფორმირებაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1921-1923 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. 1922 წელს, სვანეთისა და ხევსურეთის აჯანყებების დამარცხების შემდეგ, იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი დამოუკიდებლობის კომიტეტის (პარიტეტული კომიტეტი) ინიციატივით შექმნილი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, რომელიც კოორდინაციას უწევდა საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხების მზადებას. „ჩეკამ“ მიაგნო ცენტრს, 1923 წელს თებერვალში დააპატიმრეს კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის 14 წევრი. საშინელი წამების შემდეგ, 20 მაისს ისინი დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი, საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიმეტანა თავი. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“...

რაც შეეხება კოტე აფხაზის ოჯახს. 1915 წლის 16 თებერვალს ნამსახურობის სიაში კოტე აფხაზი წერს, რომ დაქორწინებულია პოლკოვნიკ იასონ იოსელიანის ასულ ელენეზე და ჰყავს ორი ვაჟი – 1899 წლის 14 მაისს დაბადებული ნიკოლოზი და 1901 წლის 14 სექტემბერს დაბადებული – ილია. იმავე წლის 15 ოქტომბერს შევსებულ დოკუმენტში ილიას მონაცემებს ხაზი აქვს გადასმული და მხოლოდ ნიკოლოზია მითითებული. თუმცა, კოტე აფხაზის ბიოგრაფიის მკვლევარმა, პროფესორმა გელა საითიძემ ვერც გაზეთებში და ვერც დოკუმენტებში ვერ მიაგნო გარდაცვალების ცნობას, ნეკროლოგს, სამძიმრის ბარათებს. ეს მით უფრო უცნაურია, რომ ასეთი თვალსაჩინო ადამიანის 14 წლის ვაჟის სიკვდილს დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა საზოგადოებაში. უფროსი ვაჟის ცხოვრებაც ისე წარიმართა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არაფერი იცოდა მის შესახებ. მხოლოდ ქართული ემიგრაცია იცნობდა ნიკოლოზ აფხაზს და ინახავდა მის ნათელ ხსოვნას...
– როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ აფხაზი ემიგრაციაში?
– 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ელენე და ნიკოლოზი საფრანგეთში გაიხიზნენ და ელოდებოდნენ კოტეს ჩასვლას. 1923 წელს სამხედრო ცენტრის წევრების, კოტე აფხაზის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ, პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თვითონვე ეზრუნა საკუთარ თავსა და დედაზე. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ილამაზ დადეშქელიანი უგზავნიდა მდიდარ ამერიკელ კლიენტებს. ასე გაიცნო და დაუმეგობრდა მდიდარ ამერიკელ ცოლ-ქმარს კელებს. მათ სამეურვეოდ მიანდეს შესანიშნავი კარ-მიდამო და 120-ოთახიანი სასახლე, სადაც დედასთან ერთად დიდებულად ცხოვრობდა მეორე მსოფლიო ომამდე. იყვნენ ქართული სათვისტომოს წევრები. ელენე იყო პარიზის ეკლესიის დაარსების მოსამზადებელი კომიტეტის წევრი, „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტის“ თავმჯდომარე, მეგობრობდა ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟიშვილის, ჯამლეთის ნათლიაც გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზი გერმანელ ნაცისტებს. ტყვედ ჩაუვარდათ, რამაც დედამისს სიცოცხლე მოუსწრაფა. ნიკოლოზი მხოლოდ 1944 წელს გათავისუფლდა, 1946 წელს კი კანადაში გადასახლდა.

– ვინ იყო ნიკოლოზ აფხაზის მეუღლე?
1921 წელს ნიკოლოზმა პარიზში გაიცნო მშვენიერი მარჯორი (პეგი) პემბერტონ-კარტერი (1902-1994). ნიკოლოზის მსგავსად, გოგონასაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. 3 წლის დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბედნიეროდ, ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა და ოჯახური სითბო აჩუქა. მამობილის გარდაცვალების შემდეგ, დედობილთან ერთად მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ნიკოლოზთან მიმოწერა ჰქონდა, მეგობრობდა, ხვდებოდა, როცა პარიზში ჩადიოდა. მაგრამ, მათი გზები დიდი ხნით გაიყარა. 1939 წელს, დედობილის გარდაცვალების შემდეგ, პეგი დასახლდა შანხაიში, იმ ქალაქში, სადაც დაიბადა. 1937 წელს ქალაქი იაპონიამ აიღო. იაპონიის მიერ ამერიკული ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვისა და ამერიკის ომში ჩაბმის შემდეგ პეგი დაიჭირეს. ტყვეობის დროს ჩანაწერებს აკეთებდა, რომელთა საფუძველზე, 1981 წელს გამოსცა წიგნი „უცნაური გალია“. იმ დროს ნიკოლოზიც  გერმანელთა ტყვე იყო, მხოლოდ სხვა კონტინენტზე. გათავისუფლების შემდეგ, პეგიმ მიიღო ვიქტორიიდან ძველი მეგობრების, მაკენზების მიპატიჟება. გაყიდა შანხაიში თავისი ქონება და 1945 წლის ბოლოს კანადაში გადასახლდა. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის სამხრეთ ნაწილში იყიდა მოზრდილი კლდოვანი და სარეველებით სავსე ნაკვეთი. იქირავა მუშები, დეკორატორი და არქიტექტორი, რომელმაც დაუპროექტა საზაფხულო სახლი. 1946 წლის შემოდგომისთვის უკვე მზად იყო სახლი და პირველი გაზონები. 1946 წლის იანვარში, 13 წლის მერე, პეგიმ ნიკოლოზის პირველი წერილი მიიღო. შემოდგომაზე ნიუ-იორკში დათქვეს შეხვედრა. შეხვედრა მალე ნიშნობით დასრულდა. 1946 წლის ნოემბერში ახალდაქორწინებულები ვიქტორიაში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ბაღის მოწყობას. დახვეწილი მანერებით, გემოვნებით, მუსიკისა და ხელოვნების სიყვარულით და, რა თქმა უნდა, ულამაზესი ბაღით, წყვილმა მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი სულის გამოხატულება. 40 წელი ხვეწდნენ, ატარებდნენ ექსპერიმენტებს და ანახლებდნენ ბაღს.
– მათ სიცოცხლეშივე ჩადიოდნენ სტუმრები  ბაღის სანახავად?

მათ სიციცხლეშივე ბაღი შესანიშნავი ლანდშაფტური პეიზაჟით, იხვებითა და სხვა ფრინველებით სავსე გუბურებით და საოცარი ნარგავებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ მნახველს იზიდავდა, მათ შორის, სახელმწიფოთა მეთაურებსა და ცნობილ ადამიანებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ როდოდენდრონების კოლექცია, რომელთაგან ერთი აფხაზების გამოყვანილია. 1987 წელს „ამერიკის როდოდენდრონის მოყვარულთა ასოციაციამ” საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ვიქტორიაში ჩაატარა, რათა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა მისცემოდათ, აფხაზების ბაღის კოლექციით დამტკბარიყვნენ. ნიკოლოზს და პეგის შვილები არ ჰყოლიათ და ეს ბაღი გახდა მათი შვილი. ბაღი, რომელიც, როგორც პეგი წერდა, „სიყვარულით აშენდა“. აფხაზების ცხოვრება აღწერა კატარინა გორდონმა წიგნში „უცნაური ცხოვრება“, რომელშიც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი ბაღისა და მისი პატრონების, მართლაც რომ, უცნაური და საოცარი ისტორია.
– რა ბედი ეწია მათი გარდაცვალების შემდეგ ბაღს?
ნიკოლოზ აფხაზი გარდაიცვალა 1987 წლის 25 დეკემბერს, პეგი – 1994 წლის 14 ნოემბერს. ანდერძის მიხედვით, კრემაციის შემდეგ, მათი ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს, რათა მათი სულებიც ბაღში დარჩენილიყო. აფხაზების დეკორატორმა კრის ბოლმა და მოახლე მარია კამოსამ ვეღარ შეძლეს ბაღის შენახვა და ყოველწლიურად 30 000 დოლარის გადახდა. ბაღმა რამდენიმე პატრონი შეიცვალა. ბოლოს ბაღი შეიძინა სამშენებლო კომპანიამ საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და ბაღის გადასარჩენად მთელ ქვეყანაში კამპანია გაიმართა. ბაღის შესანარჩუნებლად არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდიოდა შეწირულობები 10-დან 10 000 დოლარამდე. საბოლოოდ; 2000 წლის 17 თებერვალს ამჟამინდელმა მფლობელმა, კომპანია TLC-მ, გამოისყიდა ეს ულამაზესი ბაღი.

– დღეს რა მდგომარეობაშია ბაღი?
– ბაღი ძველებურად სავსეა ტურისტებით, მკვლევრებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და „სიყვარულის ბაღშიც“ ხშირია ქორწინების რიტუალები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებსა და კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს... აფხაზების ბაღი გადარჩა.

скачать dle 11.3