კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-25(860)



***
„კაგაბეს“ კონსპირაციულ ბინაში ჩასახლებულმა ვარლამ კოვზირიძემ ივახშმა და ტახტზე წამოწვა. მაგრამ ისეთი დაქანცული იყო, რომ მაშინვე ღრმად ჩაეძინა.
მაიორმა ზურაბ გიგაურმა კი ჯერ კოტელოვსა და პავლოვს ჩააბარა პატაკი და ბოლოს კოტელოვს უთხრა:
– იური პეტროვიჩ, თქვენთან რამდენიმე თხოვნა მაქვს.
– რამდენიმე? – გაეღიმა მთავარი სამმართველოს უფროსს.
– დიახ, – დაუდასტურა გიგაურმა.
– თქვი. გისმენ.
– ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო, ნება მიბოძეთ, რომ ნადეჟდა მალიშევას მისი ლენინგრადის ბინის დაბრუნებაში დავეხმარო.
– მალიშევა, ეგ ის ქალია, ვინც პარხომენკო-კოვზირიძე ციხიდან გააქცია და ვინც მის გამო საკუთარი ბინა გაყიდა ლენინგრადში? – იკითხა კოტელოვმა.
– დიახ.
– დაეხმარე.
– გმადლობთ. ახლა მეორე თხოვნა.
– გისმენ.
– ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო, ნება დამრთეთ, რომ ვარლამ კოვზირიძის ცოლ-შვილი ჩამოვიყვანო თბილისიდან და შევახვედრო მას.
– მერე ეს ჩვენს საქმეს არ ავნებს? – ჰკითხა კოტელოვმა გიგაურს.
– არანაირად, ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო. პირიქით, წაადგება კიდეც.
– თუ მასეა, მაშინ ჩამოიყვანე.
– გმადლობთ, იური პეტროვიჩ.
– კიდევ, რა თხოვნა გაქვს ჩემთან?
– მეტი არაფერი.
– აბა, რამდენიმეო? შენ კი სულ ორი გქონია, – თქვა კოტელოვმა, პავლოვმა კი დაამატა:
– ამჯერად ორიც საკმარისია. შემდეგ კი, ალბათ, მოუმატებს თხოვნებს.
გიგაურს გაეღიმა. კოტელოვმა კი მაიორს უთხრა:
 – შეგიძლია, წახვიდე. ხოლო თუკი რამე ახალი გამოჩნდა, ან ჩემი დახმარება დაგჭირდეს, მოურიდებლად დამიკავშირდი.
– ნახვამდის, ამხანაგო გენერლებო! – გამოეჯგიმა გიგაური უფროსებს და კოტელოვის კაბინეტი დატოვა.
„კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში მისულ გიგაურს კოვზირიძე მძინარე დახვდა. იქვე მყოფ თავის ხელქვეითს, რომელიც მეთვალყურისა და მოსამსახურის როლს ერთბაშად ასრულებდა, უთხრა:
– იძინოს. მე წავალ. ხვალ მოვალ თუ არა, ზუსტად არ  ვიცი. შენ კი მას უთხარი, რომ ზეგ სიურპრიზით მოვადგები.
– სიურპრიზით ხომ, ამხანაგო მაიორო?
– ჰო. იცის მან, რა სიურპრიზით, – მიუგო გიგაურმა ხელქვეითს და კონსპირაციული ბინა დატოვა.
მეორე დღეს ზურაბ გიგაურს მალიშევასთან ჰქონდა მოსაგვარებელი საქმეები და კოვზირიძესთან არ შეუვლია. სამაგიეროდ, ნადეჟდა მალიშევა დაარწმუნა, რომ ლენინგრადის ბინის დაბრუნება აუცილებელი იყო.
– მე ხომ უკვე გავყიდე ჩემი ბინა და ფული ავიღე. რას იტყვის ის ადამიანი? – იუხერხულა მალიშევამ.
– დარდი ნუ გაქვთ, ნადია. ყველაფერი მოგვარდება და არაფერს იტყვის.
– უხერხულია.
– სულაც არა. მომენდეთ და, ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა გიგაურმა მალიშევას.
– ანტონის ამბავი მაინტერესებს, – თქვა მალიშევამ.
– ანტონ პარხომენკო ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება. მასთან ჩემი კოლეგები მუშაობენ. საქმე, რომელშიც ის ამოტივტივდა, ბევრად უფრო რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.
– ანტონს ხიფათი ემუქრება? – შეიცხადა ქალმა და ცრემლიანი თვალებით დააყოლა, – ანუ დიდი ხნის პატიმრობა?
– არანაირი დიდი ხნის პატიმრობა. მაქსიმუმ, ერთი წლით დააბრუნონ ციხეში, როგორც ადრე ვთქვით. ჩვენი კუთხით კი, არანაირი სასჯელი არ ემუქრება და ის, უბრალოდ, გვეხმარება.
– მასთან ვერ შემახვედრებთ?
– ხომ შეგპირდით, რომ კი. მაგრამ, ახლა არა. ის ძალიან დაკავებულია.
– აბა, როდის, ზურაბ?
– ვეცდები, რაც შეიძლება, მალე. მანამდე კი, თქვენს ბინაში დაბრუნდით. შეხვედრის საშუალება რომ იქნება, თვითონ დაგიკავშირდებით და აუცილებლად შეგახვედრებთ, – უთხრა ზურაბმა ნადეჟდა მალიშევას.
– ზურაბ, როდის შემიძლია, ჩემს სახლში დავბრუნდე?
– ხვალვე, ნადეჟდა. ეგ ფული გამატანეთ, რომ პატრონს დავუბრუნო. თქვენ კი უკვე ხვალ საღამოსვე შეგიძლიათ, თქვენს სახლში დაბრუნდეთ. ჩემი ლენინგრადელი კოლეგები უკვე აგვარებენ ამ საქმეს და დარდი ნუ გაქვთ, – უთხრა გიგაურმა მალიშევას და 30 ათასი მანეთი გამოართვა. შემდეგ ლუბიანკაზე დაბრუნდა და თავის ხელქვეითს გადასცა ფული, რომელიც მალიშევას ბინის საქმეს კურირებდა.
დღის მეორე ნახევარში მაიორი ზურაბ გიგაური თბილისში გამოფრინდა. მიუხედავად იმისა, რომ გიგაური დარწმუნებული იყო, ირინე გავაშელი მას მოსკოვში წამოჰყვებოდა, მაინც ღელავდა. ქართველი მაიორი გავაშელთან სახლში სტუმრობასა და იქ ლაპარაკს აპირებდა. მოსკოვიდან გამოფრენამდე გიგაური თბილისელ კოლეგებს დაუკავშირდა და დარწმუნდა, რომ დედა-შვილი საქართველოს დედაქალაქში იმყოფებოდნენ.
ზურაბ გიგაური საღამოს შვიდის ნახევარზე ჩამოფრინდა თბილისში. რვის ნახევარზე კი, უკვე ყვავილებით ხელში, ირინე გავაშელის კართან იდგა და ზარი დარეკა. კარი ეკატერინემ გააღო და ყვავილებიანი მამაკაცი რომ დაინახა, ჰკითხა:
– ვინ გნებავთ?
– თქვენ, ალბათ, ეკატერინე ხართ?
– დიახ, – თქვა პირმშვენიერმა გოგონამ და ზურაბი შეათვალიერა.
– დედა სახლშია?
– დიახ. სააბაზანოშია. მობრძანდით და დაელოდეთ, – გოგონამ ზურაბი სახლში შეიპატიჟა და უკან გაჰყვა.
– ვინაა, დედი? – გამოსძახა ეკატერინეს სააბაზანოდან ირინე გავაშელმა.
– ყვავილებიანი კაცია, დედიკო, – მიუგო ეკატერინემ დედას. შემდეგ წყლიანი ლარნაკი მოიტანა და სურნელოვანი ვარდების თაიგული ჩადო.
ირინე გავაშელი ათიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა სააბაზანოდან. ზურაბს რომ მოჰკრა თვალი, გაუღიმა, მისკენ წავიდა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა. მაიორი ქალს ხელზე ეამბორა და უთხრა:
– ძალიან ლამაზი შვილი გყავთ, ქალბატონო ირინე და სტუმართმოყვარე.
– როგორ ხართ, ზურაბ. აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ? – ჰკითხა ქალმა სტუმარს, თან ეკატერინეს უთხრა:
– ეკა, შვილო, პური ამოიტანე, გაგვთავებია.
გოგონა პურზე წავიდა. დიასახლისმა კი სტუმარს უთხრა:
– რა მშვენიერი ვარდებია, ზურაბ, რასთან დაკავშირებით მომართვით?
– მე არ მომირთმევია. მე, უბრალოდ, გამომატანეს.
– გამოგატანეს?
– დიახ.
– ვინ?
ზურაბმა ირინე გავაშელს ვარლამ კოვზირიძის მიერ ჩვიდმეტი წლის წინ დაწერილი წერილი დაუბრუნა და უთხრა:
– აი, ქალბატონო ირინე, დაიბრუნეთ. ჩვენ ის აღარ გვჭირდება.
ქალმა წერილს დახედა და ჯერ სახე გაუნათდა, შემდეგ შიში აღებეჭდა თვალებზე და ვარდებს შეხედა. ბოლოს ზურაბს მიაპყრო მზერა და უთხრა:
– ნუ მტანჯავთ, ზურაბ, გამაგებინეთ, რა ხდება?
– რა უნდა ხდებოდეს, ქალბატონო ირინე, ვარდები გამომატანეს თქვენთან.
– ჰო, მაგრამ ვინ გამოგატანათ ჩემთან ეს ვარდები? – ჰკითხა ირინე გავაშელმა ზურაბ გიგაურს.
– ვარლამ კოვზირიძემ, თქვენმა მეუღლემ, – უთხრა გიგაურმა ქალს და გაუღიმა.
– ვარლამმა? – წამოიძახა ქალმა.
– დიახ.
– ვარლამი ცოცხალია?
– ცოცხალია და თქვენ და ეკატერინეს მოსკოვში გელოდებათ. მე კი იმიტომ ჩამოვედი, რომ მასთან წაგიყვანოთ.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ქალმა და ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, მაგრამ მოიწმინდა და გიგაურს ჰკითხა:
– ჩვიდმეტი წელი სად იყო და რატომ არ გამოჩენილა?
– როგორც ვივარაუდე, ზუსტად ისე ყოფილა. ანტონ პარხომენკოს გვარით ციხეში იჯდა, – უთხრა ზურაბმა ირინე გავაშელს, ხოლო ნადეჟდა მალიშევასთან ურთიერთობაზე კრინტიც არ დაუძრავს.
– ახლა გათავისუფლდა?
– არა. ციხიდან გაიქცა.
– გაიქცა?
– დიახ. მაგრამ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენს ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობს და გელოდებათ. ხომ წამოხვალთ?
– რა თქმა უნდა, წამოვალ. ღმერთო ჩემო, ციხიდან ყოფილა გაქცეული. კი მაგრამ, რისთვის იჯდა?
– მკვლელობისთვის.
– მკვლელობისთვის? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ. შემთხვევით შემოაკვდა ერთი პოლკოვნიკი. სულ სხვას ეძებდა და სხვა შერჩა ხელში.
– ზურაბ, ვერაფერი გამიგია. რას ჰქვია, სხვას ეძებდა და სხვა შერჩა ხელში? ესე იგი, იმ სხვასაც მოკვლას უპირებდა და უბრალოდ, შეეშალა.
– პრინციპში, ჰო.
– რა ჰო, ზურაბ, გამაგებინეთ, რა ხდება ჩვენს თავს?
– ქალბატონო ირინე, ეს ძალიან გრძელი მოსაყოლია, თანაც სახელმწიფო საიდუმლოებაა და არავისთან არ უნდა გამჟღავნდეს.
– მომიყევით. კრინტსაც არავისთან დავძრავ.
– არაა სასურველი, რომ ეს ყველაფერი თქვენმა ქალიშვილმა მოისმინოს.
– ეკატერინე რომ მოვა, თავის ოთახში გავუშვებ.
 – კეთილი, მასე იყოს. მაშინ მოგიყვებით, – უთხრა გიგაურმა ქალს და თხრობის დაწყება დააპირა, მაგრამ მაღაზიიდან ეკატერინე დაბრუნდა და პური მოიტანა.
– ეკა, შვილო, მე და ბატონ ზურაბს სალაპარაკო გვაქვს და შენს ოთახში გადი, გაერთე, – უთხრა ირინე გავაშელმა ქალიშვილს, რომელიც სკამზე ჩამოჯდა და ადგილიდან დაძვრა არც კი უფიქრია.
ირინე გავაშელმა ხელმეორედ სთხოვა შვილს, თავის ოთახში გასულიყო. გოგონა სკამიდან წამოდგა და დედას უთხრა:
– რატომ მაგდებ ჩემს ოთახში?
– რას ამბობ, შვილო, არსად არ გაგდებ. უბრალოდ, გთხოვ, რომ დროებით გახვიდე, რადგან ჩვენს სტუმართან სალაპარაკო მაქვს, – უთხრა შვილს ირინე გავაშელმა.
– ისეთი რა სალაპარაკო გაქვს, მე რომ არ უნდა გავიგო, –  თქვა გოგონამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ ოთახიდან გასვლას არც აპირებდა.
– ეკა! – ტონი გაამკაცრა ქალმა, – ახლავე შეასრულე ჩემი თხოვნა – შენს ოთახში გადი და გაერთე. მე და ბატონ ზურაბს სალაპარაკო გვაქვს.
– არ გავალ! – ჯიუტად გაიმეორა გოგონამ და სკამზე ჩამოჯდა.
ირინე გავაშელს სიბრაზისგან სახე წამოეჭარხლა და წამოდგა, რომ გოგონასთვის ხელი ჩაეკიდა და ოთახიდან ისე გაეყვანა. გიგაურმა ქალი შეაჩერა. შემდეგ ეკატერინესთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
– ეკატერინე, წყალი დამალევინე, თუ არ შეწუხდები, ძალიან მწყურია.
 გოგონა უხმოდ გავიდა წყლის მოსატანად. მაიორმა კი დრო იხელთა და დიასახლისს უთხრა:
– მე მგონი, ეჭვიანობს და ჯობია, აქ იყოს. მთავარი ახლა ისაა, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი მამის მოულოდნელ გამოჩენას.
ოთახში ეკატერინე შემოვიდა წყლიანი ჭიქით და გიგაურს გაუწოდა. შემდეგ ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ის დედამ შეაჩერა:
– ეკა!
გოგონა შეჩერდა და მიუგო:
– რა გინდა?
– დაჯექი მანდ, – დედამ სკამზე მიუთითა გოგონას.
– ხან ოთახიდან მაგდებ, ხან კი მეუბნები, დაჯექიო. ხომ გინდოდა, აქ არ ვყოფილიყავი. ჰოდა, გიჯერებ. გავალ ჩემს ოთახში და გავერთობი, – მიაყარა გოგონამ დედამისს, მაგრამ ირინე გავაშელმა შვილს ხელი ჩაავლო მაჯაში, სკამზე დასვა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
– ეკუნა, შვილო, ძალიან გაღიზიანებული ხარ და ასე არ შეიძლება. არავინ არსად გაგდებს და არავინ არაფერს გიმალავს. უბრალოდ, მე თვითონ ვარ ძალიან დაბნეული და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ოთახიდან კი იმიტომ გიშვებდი, რომ ბატონ ზურაბს მოვთათბირებოდი.
– მოეთათბირე. მე გავალ.
– იჯექი. გასვლა აღარაა საჭირო. ყურადღებით მომისმინე, რასაც ახლა გეტყვი და გთხოვ, სწორად გამიგო, – უთხრა გავაშელმა ქალიშვილს და თავზე ხელი გადაუსვა, – იცი, აქ რისთვისაა მოსული ბატონი ზურაბი?
– არა! – გაოცებით წამოიძახა გოგონამ და მაიორს შეხედა.
– ეკა, შვილო, ძალიან გთხოვ, სწორად გამიგო და არ დამძრახო, – ენის ბორძიკით თქვა ირინე გავაშელმა და გაჩუმდა.
– დედა, თქვი, რაშია საქმე, მასე რატომ ლაპარაკობ, – თქვა გოგონამ და დედას მიაჩერდა, რომლისგანაც ასეთ დაბნეულობას არ იყო ჩვეული.
ირინე გავაშელმა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა. ჩვეული, მტკიცე სახე მიიღო და შვილს ჰკითხა:
– გახსოვს, რას გიყვებოდი მამაშენზე?
– კი. დაიღუპაო, – თქვა გოგონამ.
– მართალი ხარ, მასე გეუბნებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.
– ეგ როგორ?
ქალმა ზურაბ გიგაურზე მიანიშნა ქალიშვილს და უთხრა:
– აი, ბატონმა ზურაბმა მითხრა, რომ მამაშენი ცოცხალი ყოფილა. მე კი ის მკვდარი მეგონა.
– ცოცხალი ყოფილა? – გაიმეორა გოგონამ.
– ჰო, ცოცხალი ყოფილა, – გაიმეორა ქალმაც, რომელიც თვალს არ აშორებდა თავის ქალიშვილს, რადგან ეშინოდა, ემოციური შოკი არ მიეღო.
გოგონას უცებ სახე გაუნათდა, დედას ჩაეხუტა და უთხრა:
– მერე ამას რა ჯობია, დედიკო. მამა ცოცხალი მყოლია და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ამქვეყნად. ყოველთვის განვიცდიდი, სხვებს რომ მამები ჰყავდათ, მე კი – არა. ახლა მეც მყავს მამიკო და უზომოდ ბედნიერი ვარ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3