კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი


ანუ პატარა სექსის დიდი ამბები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-25(860)



ისტორია ოცდამეორე
თამაში: „დიდი სიყვარული“
(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)

ეკას ნომერი ჩავინიშნე და მანქანაში ჩავჯექი. ერთი საქმეღა მქონდა მოსაგვარებელი. მოსაგვარებელი, რა, ბოლო განკარგულებები უნდა გამეცა და დავლოდებოდი, რა მოხდებოდა. ვცდილობდი, გავბრაზებულიყავი, მაგრამ ვერ ვბრაზდებოდი, აი, რქების წარმოდგენაც კი არ მაბრაზებდა ჩემს თავზე. როგორ მივედი აქამდე?!
არა, ჯერ ქეთას დავურეკავ, რამე რომ არ იეჭვოს. ზარიც არ იქნებოდა გასული, რომ მიპასუხა, ისეთ ხმაზე ლაპარაკობდა, ტელეფონი შორს გავწიე. ჩემს ყურთან ასე ახლოს მისი ხმაც არ მსიამოვნებდა. თან, ისე მშვიდად ვიყავი, საკუთარი თავის მიკვირდა. ქეთა კი არ ჩერდებოდა...
– მთელი დღეა, გეძებ, გირეკავ, არ მპასუხობ, სამსახურშიც დაგირეკე, ზურასთანაც. არავინ იცოდა, სად იყავი. საყვარელო, რატომ დაივიწყე შენი გოგო?! გამოვყრუვდი ამ სახლში. მოდი, სადმე წავიდეთ: მარტო მე და შენ! იცი, ვიფიქრე და, მგონი, ბავშვი უნდა გავაჩინოთ. რას იტყვი?! და დავიწყოთ ამაზე მუშაობა ახლავე. ისე უნდა დაგამუშავო, დაგავიწყდეს, ვინ ხარ. ახალი თეთრეული ვიყიდე, შენ რომ გიყვარს, სრიალა და პრიალა… –  ქეთას ნათქვამ სიტყვებს ვეღარ ვარჩევდი, ეკას აბრეშუმის პერანგი გამახსენდა. იქნებ, ვინმეს ელოდებოდა?! აბა, მე რომ არ მელოდებოდა, ფაქტია. თუ ელოდებოდა, მე რატომ დამთანხმდა?! რატომ არ უნდა დამთანხმებოდა?! ლანასთან მეგობრობს და ვიღაც ვიგინდარა ხომ არ ვარ?! იქნებ ელოდებოდა ვინმეს, ის არ მოვიდა და ამიტომ მომყვება, სამაგიეროს გადახდის პონტში?! არაა, ასეთი პრიმიტიულიც არ იქნება. და რატომ არ იქნება?! რა გავახურე, ჰო, დამთანხმდა და, რა, შეჭმას ხომ არ ვუპირებ?!
რამდენი წლის იქნება? აბა, რა მნიშვნელობა აქვს?! ვინმე ჰყავს? ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მომყვება და უკვე კარგია. სასიამოვნო გარეგნობა აქვს და გონიერია. საქმიანი ვახშმისა და პარტნიორებზე შთაბეჭდილების მოსახდენად სავსებით საკმარისია…
– ლაშა, მისმენ, ლაშ… აქ ხარ? –  შორიდან ჩამესმა ქეთას ხმა.
– გისმენ, აქ ვარ, სად უნდა ვიყო?! ამაღამ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, უნდა გავფრინდე, უკვე თვითმფრინავში ვზივარ, ხვალ ან ზეგ საღამოს ჩამოვალ. მარტო ვარ, აბა, ვისთან ერთად უნდა ვიყო?! როუმინგი ჩართული მექნება. თუ რამე დაგჭირდა, ზურას დაურეკე, უკვე გვართვევინებენ ტელეფონს. გკოცნი.
გავუთიშე ისე, რომ სიტყვის თქმაც არ ვაცალე. ბაჭია ან კნუტიკო რომ ეხსენებინა, სულ გავრეკავდი და ტელეფონი მაშინვე გამოვრთე. ქეთასთან ლაპარაკი არ შემეძლო, სანამ არ გავარკვევდი, რას ხლართავდა ჩემ ზურგს უკან.
ეკას რეტრო-ჩაცმულობა მოუხდება. თუ დავიყოლიე, იმ ბუტიკში უნდა წავიყვანო. იმ ბებერ თურქს მოსწონს მეოცეს 30-იანების ეკრანებიდან გადმოსული ქალები.
მეორე ტელეფონი მოვძებნე და ნოდარს დავურეკე: ნოდარ, ამაღამ მივდივარ, ორ დღეს არ ვიქნები. სახლშიც უთვალთვალეთ და გარეთაც, სადაც გავა, გაჰყევით. სატელეფონო საუბრები და სახლის ჩანაწერები ცალკეც გამიკეთეთ. აბა, შენ იცი, იცოდე, არაფერს მიმალავ. ოღონდ, სანამ არ ჩამოვალ, არ მინდა ინფორმაციის მოწოდება.
 ესეც ასე: ნოდარი ყველაფერს გამირკვევს.
მანქანიდან სამგზავროდ გამზადებული ჩანთა ამოვიღე, რომელშიც ყველა საჭირო ნივთი მეწყო, საქმიანად სავახშმო ჩაცმულობის ჩათვლით. მანქანა სამსახურის ავტოსადგომზე დავაყენე. ყველა საჭირო საბუთი ავიღე. შალვაც მოვიდა და ამასობაში დროც გასულა: ბილეთები არის, სასტუმროს ჯავშანი არის, საბუთები არის, პარტნიორიც მყავს.
– ლანასთან გავიდეთ, –  ვუთხარი შალვას და ეკას ნომერიც ავკრიფე: 10 წუთში ვიქნებით ადგილზე.
ეკასგან ასეთ პასუხს არ ველოდი: ეზოში არ შემოხვიდე, „არკამდე“ გაჩერდი. მე თვითონ ჩამოვალ.
– როგორც იტყვი, რომ მოვალ, დაგირეკავ, –  ნეტავ, ვის ემალება ან ვითომ ვინმეს აზრი აინტერესებს?!
***
ეკა რომ მოუახლოვდა მანქანას, არც გადავსულვარ, ვიფიქრე, არ ესიამოვნებოდა. შალვასაც ვანიშნე, ადგილზე დარჩენილიყო. ეკამ თავისი ჩანთა წინა სავარძელზე დადო და თვითონ უკან დაჯდა, ჩემ გვერდით. ეს მოძრაობა ისე მოხერხებულად და შინაურულად გააკეთა, ეჭვი გამიჩნდა, რომ პირველად არ ჯდებოდა კონსპირაციულად მამაკაცის მანქანაში, რომლის ვინაობაც არ უნდოდა, ვინმეს გაეგო.
აეროპორტამდე ხმა არ ამოგვიღია არცერთს. შალვამ ორივეს ჩანთა აიღო და კართან დაგვიწყო. გამიღიმა, თავისუფალი ხარ-მეთქი, ვანიშნე და წავიდა.
– მე ამ ჩანთას არ ვათრევ! –  კატეგორიული ტონით მითხრა ეკამ, –  გარეთ კი იმიტომ გაგაჩერებინე მანქანა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, შენმა ცოლმა გამჩეჩოს, თან, ცარიელ ადგილას: როდესაც მე გეხმარები უანგაროდ და მეგობრულად, –  თავი თეატრალურად გადააქნია უკან, შეტრიალდა და შენობაში შევიდა. ორივე ჩანთა ავიღე და უკან გავყევი…
– მგონი, პირველად არ ჩამჯდარხარ მანქანაში ასე კონსპირაციულად. პრაქტიკა გეტყობა.
– სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროდან ცნობაც ხომ არ მოგიტანო, რომ კვლავ და მარად ქალწული ვარ ამ ჩემს ჭარმაგ ასაკში?! არ მოგერიდოს!
– გაჩუმდი, რა, –  ვუთხარი საკუთარ თავს.
რეგისტრაცია გავიარეთ და ზემოთ ავედით. ჩასხდომა უკვე გამოცხადებული იყო. ეკა ჩემ წინ მიდიოდა: ოდნავ გრძელი ქვედაბოლო ეცვა, გამოყვანილი, რომელიც კოჭებისკენ უფრო წვრილდებოდა, ამიტომ მთლიანად კვეთდა ორივე ფეხის მოყვანილობას, ოღონდ მონაცვლეობით. თვალი თავისით ავიდა ზემოთ: მაგრამ მოსაცმელი ბარძაყებს ზემოთ მიდამოს ფარავდა. მისი წინიდან შეთვალიერება მომინდა, ამიტომ დავეწიე და გავუსწორდი: ქვედაბოლო კი არა, კაბა სცმია, არც თუ მცირე ზომის დეკოლტეთი. წელში გამართული მიდიოდა და მოსაცმელშიც იგრძნობოდა, რომ წელი გაზნექილად ეჭირა. პროფილიდან რომ დამენახა პირველად და სულ ჩუმად ყოფილიყო, ალბათ, მომეწონებოდა. პროფილში მისი თვალების შეუვალი გამომეტყველება არ ჩანდა და საერთო სურათს არ აფუჭებდა.
– მოდი, ვითამაშოთ. თუ წინააღმდეგი არ ხარ, –  როგორც იქნა, ამოიღო ეკამ ხმა, როდესაც თვითმფრინავმა სიმაღლე აკრიფა და ჰაერში გასწორდა.
– რა ვითამაშოთ?
– „დურაკა“, უნდა „გაგადურაკო“, –  ეკამ ისეთ ხმაზე გადაიხარხარა, გარშემო მსხდომმა მგზავრებმა თითქმის სინქრონულად შემოგვხედეს.
უცნაური ქალია, კაცმა არ იცის, რას გამოაგდებს უცებ.
– რა და?! მე ხომ დაგთანხმდი შენ ასე უანგაროდ, მიმეტოვებინა თბილი კერა და გამოგყოლოდი, ღმერთმა უწყის, სად…
– ჰო, აბა, ფრონტის წინა ხაზზე მიმყავხარ, –  გადავწყვიტე, ავყოლოდი.
– იქნებ და, ჩემთვის ფრონტის ხაზზე უფრო სახიფათოა თვითმფრინავში ჯდომა? იქნებ კლაუსტროფობიით ვიტანჯები და საცაა შიშით გული გამისკდება?! –  თეატრალურად ლაპარაკობდა და თან, თვალებს ატრიალებდა, სახესაც აყოლებდა. უცებ ინტონაცია შეეცვალა: მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან მარტო ხარ, ვეღარავის ენდობი, ყველაფერი მოგბეზრდა, იმდენადაც კი, რომ ჩემნაირი აუტანელი დედაკაცის კომპანიონობასაც კი დათანხმდი! ესე იგი, იმედი გაქვს გადაწურული, თუ გადაწყვიტე, რომ ორი დღის განმავლობაში ამიტანო ჩემი ტირადებით.
შეთქმულივით გამიღიმა და გააგრძელა: ჰოდა, რადგან ორივე, ცოტა არ იყოს, ჩიხში ვართ, მოდი, ვითამაშოთ. უბრალოდ ვითამაშოთ: არანაირი გეგმები არ მაქვს შენთან დაკავშირებით, არც გაბამ, არც გეარშიყები, არც თავს გაწონებ, არც შენს ცოლობას ვლამობ. მაინც თუ თამაშია ყველაფერი და წუთია ეს სოფელიო, ვითამაშოთ დიდი სიყვარულის ისტორია, რომელიც დაიწყება, როგორც კი ათა თურქის აეროპორტში დავდგამთ ფეხს და დამთავრდება, როგორც კი თბილისის აეროპორტში შემოვდგამთ იმავე ფეხებს. თან –  ჩვენ წუთი კი არადა, ლამისაა, ორი დღე გვექნება, ანუ იმდენ ცხოვრებას გავლევთ, მგონი, ინკარნაციებსაც მოვასწრებთ, –  ამას რომ ამბობდა, სახეში მიყურებდა ჯიქურ და მოურიდებლად.
შემოთავაზება მოულოდნელი იყო… ეკა თითქოს მიხვდა, რომ ვჭოჭმანობდი და მომაყარა: მე შენგან არაფერი მინდა, არაფერს ველი, არც გთავაზობ. უბრალოდ, ვითომ მიყვარხარ და ვითომ გიყვარვარ: აი, ასე, მხოლოდ რომანტიკულ-პლატონურად. სამაგიეროდ, მე არ მოგიშლი ნერვებს ჩემი ენამახვილობით, ვიქნები ხავერდივით რბილი, ნიავივით ჩუმი და „რახათ-ლუხუმივით” ტკბილი. მგონი, გადასარევი წინადადებაა?! და მერე ამ ამბავს ვივიწყებთ და ვბრუნდებით საკუთარ… –  ფრაზა აღარ დააბოლოვა.
–  მე გასაგებია, ვინ საკუთართან და შენ?
–  მეც საკუთართან, –  მითხრა ეკამ და თვალი ჩამიკრა, –  და კიდევ, სხვის ქმართან დაწოლას არ ვგეგმავ. არ გავიმდიდებ ჩემს პირად კოლექციას შენი პერსონით, ხელშეუხებელი და შეურყვნელი უნდა დაგტოვო.
–  არც მე სხვის საყვარელთან, –  ენაზე ვიკბინე, მაგრამ გვიანი იყო.
ეკამ გაიცინა: ჭკვიანი კაცი ხარ შენ და ქეც მეიწყობ ცხოვრებას! შევთანხმდით, ჩემო დიდო, თუმცა ორდღიანო სიყვარულო! მოკლედ, ვიწყებთ და ვივიწყებთ: არანაირი ვალდებულებები!
ეკამ ჩემი მარცხენა ხელი აიღო. თითები თითებს შორის შემიცურა და ფანჯარაში გაიხედა: ცოტას დავიძინებ… მისი ხელისგულიდან უცნაური სითბო შემოვიდა, თითქოს ნაცნობი და მშობლიური, თუმცა ხელი ოდნავ ცივი ჰქონდა. უნებურად მივიტანე მისი ხელი ტუჩებთან და ხელის გულზე ვაკოცე. თვალები არ გაუხელია. გაიღიმა და ჩაიჩურჩულა: ვიცოდი, რომ ნიჭიერად ითამაშებდი. მისი ხელიდან წამოსული ენერგია თითქოს გადმომეცა და მომთენთა. თვალები მეც დამეხუჭა, ოღონდ ეკას ხელი არ გამიშვია.

ისტორია ოცდამესამე
იმედგაცრუების დროული ხიბლი
(მოქმედი პირები: ზურა და თეო)

სხვა  გზა არ დამრჩა, ზურას უნდა დაველაპარაკო. დიტოსთან მისვლას აზრი აღარ ჰქონდა. ერთი მცდელობაც საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რომ ჩემს ახლად გამომცხვარ ძამიკოსა და დიტოს შორის ძველი და ჩახლართული ისტორია თვლემდა. და ერთბაშად ორი „ცისფერი“, ალბათ, მეც კი მეზედმეტებოდა. ირა-მირას ამას ვერც შევბედავდი. ლევანო? აი, ამაზე შევფიქრიანდი, მაგრამ, მასაც საკმარისზე მეტი თავსატეხი აქვს და თან, ისედაც ლაყაფისტია და არა –  კუნფუისტი. ჰო, არც ზურა მყავს შვარცენეგერი, მაგრამ, რატომღაც, ზურა ავირჩიე და მიუხედავად ცუდი წინათგრძნობისა  (აი, ხელები სრულად გამეთოშა და მარჯვენა თვალი ამითამაშდა უმიზეზოდ), გადავწყვიტე, ზურასთან დალაპარაკება. თან, ეს დღეები ისედაც უცნაურად ვარიდებთ თავს ერთმანეთს, თუ მეჩვენება. მაგრამ რაღაცნაირი დაძაბულობა შეიმჩნევა, თუმცა ეს ჩემი აკვიატებაა იქნებ და იმის ბრალიც, რომ სიურპრიზზე ვფიქრობ დღე და ღამეა. მოკლედ, გამახსენდა, რომ საყვარელი მამაკაცი მყავს, რომ მისი ქმრობა მაქვს გადაწყვეტილი და აგერაა გადასარევი შანსი –  იზრუნოს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრების ბედზეც. როგორ ამბობენ? კაცს უყვარს არა ქალი, არამედ ქალზე დახარჯული საკუთარი თავიო. ჰოდა დროა, ღმერთმანი, დავხარჯო ამ მიმართულებით.
– სიხ, როგორ მომანატრე თავი!.. არა, არ გავიპარე, საქმე მქონდა. ჰო, გადაუდებელი. და სასწრაფოდ მჭირდები. ჩემი კნუტი, უნდა მნახო და დამეხმარო, დიახ, მჭირდება დახმარება! არა, არ გეთამაშები, ადამიანო. მომენატრე და საქმეც მაქვს! ახლა ჩვეულებრივი თეო ვარ? რა იყო, სულ არ დაგიძახებ არანაირ სახელს. მჭირდები-მეთქი, რა არის ამაში უცნაური?!
კინაღამ ვიჩხუბეთ! ნერვები, მე კი ვიცი, რომ დაჭიმული მაქვს, მაგრამ ამას რაღა აფსიხებს ნეტა? ვაჰ, ასე რად მელაპარაკები?! ერთ ბოზანდარას მახსენებ, გაჩუმდი, გთხოვო... ნეტა, ვინ გაახსენდა, ან კნუტო რატომ არის ასეთი ცუდი სიტყვა?! მოკლედ, ესეც ვერ არის ამ ბოლო დროს. ისეთი არეული მიდი-მოდის სამსახურში, ხან ბუღალტერთან გადასაგზავნი საბუთები ჩემთან მოდის და ხან ხელმოსაწერი კონტრაქტები ლაშას მაგივრად –  მის მოადგილესთან... ისე, ამ დაბადების დღეზე ფიქრმა სრულიად უყურადღებო გამხადა. ამ ბიჭს რაღაც ჭირს და გამეპარა აშკარად! ნეტა, ასე რამ დააბნია და რაზეა დაძაბული?! ჰო, რას ვიხალისებ, ახლა რომ გამომიცხადოს, სხვა შემიყვარდაო. ლანა მიყვარსო, არც არასდროს უთქვამს და სხვა ხომ შეიძლება, შეუყვარდეს? მაგარი პრიკოლი კი იქნება. ჰო, აი ეს მაკლია მარტო. მოდი, რა, დაყენდი, დედი და დაალაგე აზრები, რაზე უნდა ელაპარაკო. ახლა ზურასთან ჩხუბი არანაირად არ მაძლევს ხელს. სექსის სურვილიც კი არ მაქვს, რომ ლოგინში შევიტყუო. ისეთი გამოფიტული დავდივარ, მასაჟის გარდა, თუ რამეზე ავღელდე...
ზურამ საკუთარი გასაღებით ჩემი „შტირლიცი“ ჩვეული მოძრაობით გახსნა და დერეფანში ჩემი ნაყიდი პარფიუმის სურნელი შემოიტანა. მიყვარს ეს სურნელი და არც კი ვამხელ, რომ „ლაკოსტას“ დუდუ ხმარობდა. დუდუს სურნელი და ზურას პარფიუმი ისე გადაეჭდო ერთი მეორეს, ახლა ვერც ვაცალკევებ და ზურა უფრო მეტად აღმაგზნებს, როცა „ლაკოსტას“ ხმარობს... მივხვდი, რომ მარტო მასაჟზე თანახმა აღარ ვიყავი. მაგრამ ზურა რაღაცნაირად წელში მოხრილი და თითქოს გაბრაზებული მეჩვენა. მისი მოლურჯო-მოცისფრო თვალები ჩამუქებული და დავიწროებული თითქოს გაბოროტებულიც კი მათვალიერებდა. გრძელი და მოქნილი თითებით ნერვულად ამოაძრო სიგარეტი კოლოფიდან და კოლოფზევე ჩვეული მოძრაობით ერთი-ორჯერ დააფერთხა. ზურას ქურთუკი არც გაუხდია, ისე ჩაჯდა სავარძელში, საფერფლე მიიწია და სიგარეტს მოუკიდა. ხმას არ იღებდა. არადა მიყვარს, როცა მისი ოდნავ ჩახლეჩილი ბარიტონი ჩამესმის. მეც გავჯიუტდი და მეზობლად სავარძელში ჩავსკუპდი, სიგარეტი ამოვაცალე ჯიბიდან და მოვუკიდე. მერე ავდექი, ყავა დავასხი და უხმოდ დავუდგი დაბალ მაგიდზე. უხმოდვე მოსვა. სიჩუმე უკვე უაზროდ გაიწელა და ნერვებმაც მიმტყუნა
– რა იყო, არ მელაპარაკები?
– გელოდები.
– მოხდა რამე? რა უცნაურად იქცევი...
– რა ვიცი, იქნებ მოხდა კიდეც, მაგრამ ახლა შენ დამიძახე საქმე მაქვსო
– აჰა, გასაგებია! მე დაგიძახე საქმეზე! გადასარევია, შესანიშნავია! მე რომ საქმეზე არ დამეძახე, შენ, ესე იგი, საქმე ჩემთან არაფერი გაქვს!
– რა იყო, ჩხუბისთვის მომიყვანე?
– მე?! მე გეჩხუბები? გადასარევი! მოხვედი, ხმას არ იღებ, საქმეო და კიდევ მე?
– არ ვარ, თეო,  ახლა უაზრო „კაპრიზების“ ხასიათზე და თუ მართლა საქმე გაქვს, აგერ ვარ...
– და თუ არა? „იგერ“ წახვალ?
– ჰო, წავალ, –  ზურამ ღრმად დაატყა ნაფაზი და წამოიწია.
ეს უკვე ნამეტანია! რას ჰქვია, წავა? და ვინ გაუშვა? როდიდან მიდის ჩემი სახლიდან ასე?
– შენ, რა, ცუდად ხარ? მე მართლა მჭირდება შენი დახმარება და შენ უცხოსავით  მექცევი.
– გისმენ-თქო, ხომ გითხარი.
როცა ენის ბორძიკით ბაგრატიჩის სასიყვარულო ისტორია მოვუყუვი, შევატყვე, ზურა როგორ დაიძაბა. თავი ჩაღუნული ჰქონდა და თითქოს არც მისმენდა, მაგრამ სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ხელები უთრთოდა. ზურა რაღაცაზე ფიქრობდა და აშკარად რაღაცას მიმალავდა. მაგრამ მე ჩემი სათქმელი დავასრულე და სავარძლიდან წამოვდექი, ზურას მივუახლოვდი, თმა ავუჩეჩე და კისერზე მოვეხვიე.
– ხედავ, რა დღეში ვარ? ახლა რა და როგორ უნდა გავაკეთო, აზრზე არ ვარ. და მხოლოდ შენი იმედი მაქვს, ზუ...
–  და მე რა უნდა გავაკეთო? ჭკუა დავარიგო? „დავუპადიეზდო“ და „ტაბურეტკა“ ვთხლიშო? ჩემგან რას ითხოვ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3