კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა საფრთხეს შეუქმნის ქულათა სისტემის ამოქმედება მძღოლებს და დაზარალდება თუ არა კანონმორჩილი მძღოლი სხვისი შეცდომის გამო

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე


 მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაში შედის – უკვე ცნობილია სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა შეუმცირდებათ.  მძღოლების უმეტესობა ქულათა გრადაციის შესახებ ინფორმირებული ჯერ კიდევ არ არის. რა დარღვევებზე მოაკლდებათ მათ მართვის მოწმობაზე ყველაზე მეტი ქულა და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც მძღოლი გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო დაკარგავს ქულებს, ამის შესახებ „ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს, ვასო  ურუშაძეს გავესაუბრეთ.   
ვასო ურუშაძე:
   100-ქულიანი სისტემა 1 ივლისს  ამოქმედდება.  იმ მოცემულობით, რაც გვაქვს,  ქულების  რაოდენობა, რაც მართვის მოწმობას აკლდება, მოძრაობის წესების დარღვევების სიმძიმესთან  შეფარდებით, უმეტეს შემთხვევაში,  პროპორციულია. თუმცა,  არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგალითად, ღერძულა  უწყვეტი ხაზის გადაკვეთისთვის, მართვის მოწმობას 10 ქულა აკლდება; 15  ქულაა სიჩქარის გადაჭარბებაზე. ორივე შემთხვევაში მეტი ქულის დაწესება შეიძლებოდა, რადგან ორივე საკმაოდ უხეში დარღვევა  და ხშირ შემთხვევაში,  ავტოსაგზაო შემთხვევების გამოწვევაც კი ხდება. საკმაოდ მკაცრად ისჯება მძღოლი სასწრაფოს, სახანძროსა  და სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების  გზის არდათმობისთვის,  რომელთაც აქვთ სპეციალური მანათობლები – მართვის მოწმობას აკლდება 25 ქულა.  ამ პუნქტში გვაქვს საკმაოდ ბუნდოვანი ჩანაწერი, რადგან ზუსტად  არაა განმარტებული, რას ნიშნავს  გზის არდათმობა – აქ  მარტივად  შეიძლება ინტერპრეტირება.   ასეთივე ბუდნოვანება გვაქვს კანონში,  როცა საუბარია ავტომობილის პარკირებაზე,   რომელიც დაკავშირებულია მოძრაობის შეფერხებასა და საცობის წარმოქმნასთან.  კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, იყო საუბარი, რომ  მძღოლს, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, დააკლებოდა ხუთი ქულა. თუმცა, როგორც ვიცი, გათვალისწინებულია ჩვენი რეკომენდაციები და ეს პუნქტი ამოღებულია.  ის, რომ მძღოლს  თან არ აქვს მართვის მოწმობა, არ ნიშნავს, რომ ის რაიმე  საფრთხეს ქმნის. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო, ქულათა სისტემა მიმართულიყო ისეთ დარღვევებზე, რაც პირდაპირ კავშირშია  მოძრაობის უსაფრთხოებასთან  – ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა  და საპირისპირო ზოლში მოძრაობა.  15 ქულაა მობილურ ტელეფონზე საუბარი, 5 ქულა – ღვედის არგამოყენება. მიმაჩნია, რომ  ამ პუნქტში სანქცია  შესაძლოა უფრო მკაცრიც ყოფილიყო.  ყველაზე მეტი ქულა მართვის მოწმობას აკლდება ავტომობილის საჭის მართვის გადაცემისთვის იმ პირზე, რომელიც ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იმყოფება – ეს არის 30 ქულა, განმეორების შემთხვევაში, 40 ქულა.  ორი დარღვევა საკმარისია იმისთვის, რომ  მცირე დარღვევის ჩადენის შემდეგ,  მართვის მოწმობა ჩამოგვართვან.  
– ეს საკმაოდ სადავო  პუნქტია. როგორ უნდა მოხდეს იმის დადგენა, თუ   ავტომობილს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს  გადავცემთ  სამართავად და ის მას შემდეგ აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში?   
– კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ  ქულების დაკლება  ვრცელდება იმ პირზე, ვინც წინასწარი შეცნობით გადასცა ავტომობილის მართვის უფლება პირს, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ, როდესაც ჩვენ  სხვას გადავეცით ავტომობილი სამართავად, ის უკვე არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში.    თუ ჩვენ ავტომობილი გადავეცით  არა თრობის ქვეშ მყოფ მეგობარს, ნაცნობს, ოჯახის წევრს ან სულაც გავყიდეთ ექვსი თვის წინ და  ავტომობილი მასზე ჯერ არ გადაფორმებულა ამ ავტომობილით კი ის ადამიანი გააჩერეს, რომელიც  ჩვენგან დაშორების შემდეგ აღმოჩნდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ჩვენზე სანქცია არ  ვრცელდება.  მარტივი  არ იქნება იმის დამტკიცება, როდესაც ჩვენ გადავეცით სხვას ავტომობილი იყო თუ არა ის ფხიზელი.  პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ  ეს სანქცია, ძირითადად, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ერთ ავტომობილში იმყოფება ავტომობილის მეპატრონე, მგზავრის როლში  და მძღოლი, რომელიც  ნასვამ მდგომარეობაშია. გამოძიებას ასევე, შეუძლია, დაადგინოს ავტომობილის გადაცემის დროს ეს ადამიანი იყო თუ არა ნასვამ მდგომარეობაში. ასე თუ ისე, ეს მუხლი გარკვეულ ბარიერებთან არის დაკავშირებული.  თუ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა,  სიცოცხლის ხელყოფა, ან არიან დაზარალებულები, ტარდება გამოძიება და ძალიან მარტივად შეიძლება, დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა ავტომობილის  გადაცემა.  თუ ავტომობილს მართავთ ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ხდება მყისიერად, ქულების სისტემა ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება.
    ახალი კანონპროექტით  ასევე საუბარია ისეთ დარღვევებზე, რაც რეალურად, დღევანდელი კანონმდებლობით, აღსრულებაში არ არის. მანქანის ტექნიკური მდგომარეობა – გამონაბოლქვი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს,  თუ არ აკმაყოფილებს მართვის მოწმობას აკლდება 5 ქულა. ასევე, 5 ქულა  გვაკლდება თუ ავტომობილი ტექნიკურად  გაუმართავია, დაზიანებულია  საქარე მინა, ან სხვა აგრეგატი. ეს არის ფორმალური ჩანაწერი. ვინაიდან  ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო არ არის,  შესაბამისად, აღნიშნული პუნქტების ამოქმედებაც არ მოხდება.
– რამდენად გამართულია  საგზაო ინფრასტრუქტურა  ახალი კანონპროექტის ასამუშავებლად? ჩვენ ვიცით, რომ უამრავ ადგილზე სწორად არ არის საგზაო  ნიშნები, არ არის დახაზული მოძრაობის გამყოფი ხაზები, ზებრა გადასასვლელი „შედის” ჩიხში. ასეთ  პირობებში  კანონმორჩილ მძღოლსაც კი შესაძლოა, დააკლდეს ქულები მართვის მოწმობაზე.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური  საკითხია. არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა იყო, ქულათა სისტემის  და ეგრეთ წოდებული უკონტაქტო პატრულის ამოქმედებამდე მოწესრიგებულიყო საგზაო  ინფრასტრუქტურა, რაც არ მოხდა. იქ, სადაც არ არსებობს საგზაო მონიშვნები, დარღვევის ალბათობა მეტია. ჩვენ დღეს საქართველოში გვხვდება ადგილები, გზები, ქუჩები, სადაც  ურთიერთგამომრიცხავი საგზაო ნიშნებია განთავსებული, მძღოლი დაემორჩილება ერთს, მაგრამ დაარღვევს მეორე საგზაო მონიშვნას. მსგავსი ხარვეზები ჯერ არ აღმოფხვრილა. ჩვენ გვაქვს პრობლემები რეგიონებში ახალ მაგისტრალებზე. მაგალითად, ქუთაისის შემოვლით გზაზე, არის მონაკვეთები, სადაც კილომეტრობით მანძილზე, საერთოდ არ დგას საგზაო ნიშნები. ასეთივე, პრობლემები გვაქვს იქ, სადაც ახალი შექმნილია ინფრასტრუქტურა, მაგალითად,  თბილისი-რუსთავის  დამაკავშირებელ გზაზე, სადაც საგზაო ნიშნები წესების დარღვევითაა განთავსებული. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას უკონტაქტო პატრულირების  დროს, რაც სატესტო რეჟიმში უკვე დაწყებულია. როცა  მონიტორინგი მთლიანად გადადის ეგრეთ წოდებულ ჭკვიან ფოტო და ვიდეოფიქსატორებზე.  ვიდეოკამერა რეალურად აფიქსირებს დარღვევებს, მაგრამ თუ გვაქვს ინფრასტრუქტურული უწესრიგობა, რის გამოც არღვევს მძღოლი საგზაო მოძრაობას, ამას კამერა ვერ აღიქვამს. აღსანიშნავია,  რომ  მართვის მოწმობაზე ქულები გვაკლდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევას აფიქსირებს   საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერა, მძღოლის იდენტიფიცირება. ვიდეოკამერითა და ფოტოფიქსატორებით  დაფიქსირებულ დარღვევებზე ქულების ჩამოკლება არ ხდება. ამ გზით  გამოწერილი ჯარიმები არ არის კავშირში ქულათა სისტემასთან, მხოლოდ  ფულადი ჯარიმის გამოწერა ხდება იმ პირზე, ვის საკუთრებაშიცაა ავტომობილი.  
– აქვს მძღოლს საშუალება,  გაასაჩივროს და დაადასტუროს, რომ  დარღვევა  უნებურად, ინფრასტრუქტურული პრობლემიდან გამომდინარე ჩაიდინა?
–    გასაჩივრების პროცედურები რჩება ძველ ფორმატში და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. თუმცა, ჩვენ ვითხოვდით, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, როდესაც იზრდება მონიტორინგის სტანდარტი, ასევე, გაზრდილიყო და გაუმჯობესებულიყო გასაჩივრების სტანდარტი.  გასაჩივრების სისტემა უნდა  გადასულიყო ელექტრონულ ფორმატში.  დღეს ამ მხრივ სისტემა გამართული არ არის.  მძღოლმა, რომელმაც გაუმართავი საგზაო ნიშნების გამო შეიძლება დაარღვიოს მოძრაობის წესები და ამის გამო დაჯარიმდეს, უნდა მიმართოს საპატრულო პოლიციის შენობებს, სადაც ხშირ შემთხვევაში, არის რიგები, ბიუროკრატიული ბარიერები,  რასაც ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. მძღოლს ურჩევნია, გადაიხადოს ჯარიმა და თავიდან აირიდოს განცხადების ჩაბარება ან  სასამართლოში სიარული, სადაც ასევე, გაუთავებელი რიგებია.   ამ პრობლემების მიუხედავად, ქულათა სისტემის ამოქმედება,  მაინც შეცვლის ავტოსაგზაო შემთხვევების მძიმე სტატისტიკას. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რადგან არ გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევის  გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი ანალიზი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქულათა სისტემა  ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და მას  აუცილებლად მოჰყვება თავად  დარღვევების შემცირება.  ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევების ერთგვარი პრევენცია. მძღოლები შეეცდებიან, არ დაკარგონ მართვის მოწმობა, რომლის  თავიდან აღება ხდება ერთი წლის შემდეგ, უგამოცდოდ  და  სამ თვეში,  გამოცდის  თავიდან ჩაბარების შემთხვევაში. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, რომ ერთი წლის შემდეგაც აუცილებელი ყოფილიყო გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ქართველმა პარლამენტარებმა,  კანონის დამტკიცების დროს, როგორც ჩანს, საკუთარ თავზეც იფიქრეს,  გაუჩნდათ შიში და ერთი წლის შემდეგ გამოცდის ჩაბარება აუცილებლობას არ წარმოადგენს. შეჩერებული მართვის მოწმობა ერთი წლის  შემდეგ ავტომატურად დაგიბრუნდებათ. ქულათა სისტემა საფრთხეა ურჩი მძღოლებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ პრობლემა, გადაეხადათ  ფულადი ჯარიმა და  მუდმივად უხეშად  არღვევდნენ საგზაო მოძრაობის წესებს.  ქულათა სისტემა, შეძლებისდაგვარად, თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ყველა მძღოლს. ქულა ყველა მძღოლზე თანაბრად ნაწილდება, იმის მიუხედავად, მათ როგორი ფინანსური რესურსი აქვთ.    
скачать dle 11.3