კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ დასჭირდა დღეს დასავლეთს საქართველო იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს – დასავლეთი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


  საქართველოს ოთხი უშუალო მეზობლიდან: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, ორს (თურქეთ-აზერბაიჯანს) სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი აქვს, სომხეთთან უბრალოდ კეთილმეზობლური, რუსეთი კი ცალსახად ოკუპანტია. მეორე მხრივ, ეს ოთხი განსაკუთრებით მჭიდროდ ორ-ორადაა დაჯგუფებული: თურქეთ-აზერბაიჯანს ერთმანეთთან სტრატეგიულზე მეტი მოკავშირეობა აკავშირებს, ისევე, როგორც რუსეთ-სომხეთს. მათ შორის ისეთი ურთიერთობაა (ხელშეკრულებებით განმტკიცებული), რომ ერთზე თავდამსხმელი ავტომატურად იქცევა მეორეზე თავდამსხმელად. არის თუ არა ეს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ჩიხი, რომელსაც რეგიონში, სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ, არ ჰყავს ისეთი სისხლისმიერი მოკავშირე, როგორც ჩვენი ზომა-წონის დანარჩენ ორს (სომხეთსა და აზერბაიჯანს) და რა საფრთხეებს შეიცავს ეს ფაქტი ჩვენი სახელმწიფოსთვის, –  ამ კითხვებზე პასუხს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაგვცემს.
– ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ მტერიც გვიტევს და მოყვრებიც არ გვაკლებენ, ოღონდ რბილად და მეგობრულად. მოსალოდნელი იყო, რომ ასეთ გეოპოლიტიკურ ჩიხში აღმოვჩნდებოდით, როდესაც სისხლისმიერი მოკავშირე არ გვყავს რეგიონში?
– ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რომ მოკავშირე სისხლისმიერი და გენეტიკური არ გვყავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენც გვყავს მოკავშირე.
– მე კავკასიელი მოკავშირე ვიგულისხმე.
სამწუხაროდ, კავკასიელები ვერ ვახერხებთ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას და, სამწუხაროდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ახერხებენ კავკასიელების ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებას. ამიტომ ორივე ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობელი ცდილობს, კავკასიის ფარგლებს გარეთ მოიძიოს პარტნიორი და გაძლიერდეს რეგიონში პოტენციალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. სომხეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირია და მათ უკან კიდევ ირანი დგას და ეს სამეული საუკუნეებია, ერთმანეთის ინტრესებს ხშირად ამთხვევს. სომხეთს არ მოვიაზრებთ არც ინტერესის სფეროდ და არც იმ სახელმწიფოდ, რომელსაც იდეოლოგია და სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებს. ეს არ არის ის ერი, რომელიც ერთი ან ორი გენეტიკური ფორმით განისაზღვრება. იქ მრავალი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ერის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისგან შეიქმნა,  ყოველთვის ქვეყნის გარეთ ეძებს მოკავშირეს.
– არ მოეწონებათ მეზობლებს, რასაც თქვენ მათზე ამბობთ.
– 7-8 გენეტიკური ჯგუფის მატარებელი ხალხი ცხოვრობს სომხეთში. ქართველსა და ჩრდილოკავკასიელს აქვთ ერთი და იგივე გენეტიკა. სუფთა კავკასიელად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც ან იბერიელის გენი აქვს და ასეთი გენი აქვს ჩრდილოკავკასიელებს დასავლეთ ჩრდილო კავკასიიდან, ან კოლხის გენი და ასეთი გენი აქვთ ჩრდილოკავკასიელებს ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთიდან. სომხეთმა თავისი არსებობის განმავლობაში ვერ მოახერხა ინტეგრაცია ტრადიციულ კავკასიურ გარემოში, ამიტომ სულ კავკასიის გარეთ ცდილობს დამხმარის მოძებნას, რომ თავისი პოზიციები გაიძლიეროს.
– ბიზანტიის დროსაც ირანის დასაყრდენი ყოფილა კავკასიაში.
– დიახ. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ის ყარაბაღის ომის შემდეგ, როდესაც მასზე სუსტმა სომხეთმა რუსეთის დახმარებით ტერიტორია წაართვა, იძულებული გახდა, პარტნიორი კავკასიის გარეთ მოეძებნა. საქართველოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ საქართველო ვერ გამოდგებოდა აზერბაიჯანის დამხმარედ, რადგანაც თავადაც წნეხის ქვეშ იყო რუსეთისგან, რაც ოკუპაციით დასრულდა. ამდენად, საქართველოს მხარდაჭერა ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის სასარგებლოდ საკითხს ვერ გადაწყვეტდა. ამიტომ ის თავის ენაზე მოლაპარაკე ძლიერ სახელმწიფო თურქეთს დაუკავშირდა. თუმცა მათი კავშირი რელიგიური არ არის: თურქეთში უმეტესობა სუნიტები არიან, აზერბაიჯანში –  შიიტები. სუნიტებსა და შიიტებს შორის კი მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა.
– დასავლეთი გამოდგება საქართველოსთვის იმ მოკავშირედ, რომელიც გაუნეიტრალებს ამ საფრთხეებს –  მათ შორის არა მხოლოდ სომხეთ-რუსეთის, აზერბაიჯან-თურქეთისა?
საბედნიეროდ, დღეს დასავლეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს დასავლეთი. ეს ასე არ იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, არც 2008 წელს, ანუ პირობითად, 2013 წლამდე. დღეს კი პირიქითაა: თუ დასავლეთს უნდა, რომ სახე შეინარჩუნოს; თუ დასავლეთს უნდა, რომ მისი როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტერესები დაცული იყოს აგრესიული აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობისა და განსხვავებული კულტურის მიჯნაზე, მაშინ მან ძალიან უნდა გააძლიეროს საქართველო და არა მხოლოდ დაეხმაროს მას. ისრაელის დონეზე უნდა გააძლიეროს საქართველო როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით და, რაც მთავარია, მორალურად. მეორე მხრივ, დასავლეთი საქართველოს ვერ შესთავაზებს იმაზე უკეთეს იდეოლოგიას, ვიდრე საქართველოს ჰქონდა ჩვენი წლთაღრიცხვიდან დღემდე. ჩვენ ხომ იდეოლოგიამ გადაგვარჩინა?! თორემ რაოდენობრივად არასდროს ვყოფილვართ იმდენი, რომ ამდენი ურდოსთვის გაგვეძლო. დასავლეთს ახალი იდეოლოგიის მოგონება არ სჭირდება საიმისოდ, რომ საქართველოს მოსახლეობას მოტივაცია გაუღვიძოს და გაუძლიეროს, ანუ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტრადიციული მამაპაპური ცხოვრების წესი, დახვეწოს და ერთიან სისტემაში მოიყვანოს, როგორც თვითგადარჩენის საშუალება. ამისთვის კი ფული საჭირო არ არის: გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავ ფულს გვაძლევს დასავლეთი, რითაც გამდიდრდნენ ერთეული გადაგვარებული ქართველები დანარჩენი საქართველოს გაუბედურების ხარჯზე. ამიტომ მათ უნდა მოგვცენ ტექნოლოგიები, რაც საქართველოში შემოიტანს შრომის ახლებურ კულტურას, რომელიც მოითხოვს განათლებას და ახალგაზრდა თაობებს გაუჩენს მოტივაციასა და მიზანს. მათ ეცოდინებათ, რატომ უნდა ისწავლონ. ამას გარდა, უნდა მოგვაწოდონ უახლესი სამხედრო ტექნოლოგიები, პარალელურად, მაღალი დონის სამხედრო განათლება უნდა უზრუნველყონ; ასევე, უნდა მოგვაწოდონ უსაფრთხოების მეთოდიკა და ტექნოლოგიები, ცხადია, სათანადო საგანმანათლებლო უზრუნველყოფით.
– უნდაო, ამბობთ, მაგრამ დასავლეთს ეტყობა, რომ აქვს ეს სურვილი, ანუ უნდა?
– უნდა თუ არა დასავლეთს, ეტყობა თუ არ ეტყობა საამისო სურვილი, შეიძლება, პოლიტიკოსებს არ ეტყობათ, მაგრამ ეს არის დასავლეთის სპეცსამსახურების პირდაპირი ინტერესი. ანუ პოლიტიკოსების ნებაზე აღარ არის ეს დამოკიდებული, აუცილებლობაა მათი ქვეყნებისთვის. მაგრამ, თუ სისტემაში არ მოაქცევ შენს შესაძლებლობებს და ვერ შესთავაზებ მეთოდიკას, თუ რაში, როდის და რამდენი ფული უნდა ჩადოს, თვითონ კუდის ქიცინით არ დაგიწყებს დევნას. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მიზანი. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიზანი და სურვილები ერთმანეთში გვერევა. როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს იდეოლოგია. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო მორევში ჩავარდნილი ნაფოტივით ხან ერთ ნაპირს ეხეთქება და ხან –  მეორეს. ჩვენ ძალიან მოკლედ და მარტივად რამდენიმე გვერდზე უნდა ჩამოვწეროთ ჩვენი მიზნები. სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგია უნდა განისაზღვროს რამდენიმე პუნქტით. იმდენად, რამდენადაც თავისი შესაძლებლობები ამოწურა სოციალ-დემოკრატიამ, ქრისტიან-დემოკრატიამ, ლიბერალიზმმა და ნეოლიბერალიზმმაც. ამდენად, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა მივაწოდოთ ჩვენი იდეოლოგია, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება. სავარაუდოდ, უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი გლობალური პოლიტიკური პროცესების საერთო დინებაში, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლური რადიკალური ისლამის წინააღმდეგ მიდის. უნდა ავიღოთ ჩვენი სეგმენტი კავკასიაში ან საქართველოში. მაგალითად, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართველმა თავადაზნაურობამ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ კავკასიის ფრონტის გარეშე ოსმალეთს ომს ვერ მოუგებდა. და საქართველოს თავადაზნაურობამ შესთავაზა, რომ აფხაზეთს აიღებდნენ ქართველები, აჭარას გაათავისუფლებდნენ ქართველები, სანაცვლოდ კი, დაეხმარებოდნენ რუსებს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში და, ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვების დახმარებით, მაგრამ არანაკლებ დავეხმარეთ მათ ჩვენც.
– ძირითადად, ქართველებისგან შედგებოდა ის საჯარისო ფორმირებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ოსმალებისგან გაწმენდაში იღებდნენ მონაწილეობას: გლეხით დაწყებული და თავადით დამთავრებული.
– და ასევე უნდა ველაპარაკოთ დღეს დასავლეთსაც. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით და ბოლო თვეების განმავლობაში, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე ისეთ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელსაც ბირთვული იარაღის ძალა ჰქონდა –  პოლიტიკურად და მორალურად ჩვენს სასარგებლოდ. ახლა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და მეტად დაკონკრეტდეს.
– ცხადია, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, რა შეგვიძლია და რა გვინდა, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ავალდებულებს, დაიცვას ქვეყანა. მარგინალები არიან თუ ფსიქიკურად აშლილ-დალაგებულები, „გირჩები“ მთელი ფრონტით ცდილობენ ღირებულებების გაუფასურებას: რწმენის, სახელმწიფოს განცდის, ადამიანის, როგორც მორალური არსების… აგერ უკვე მეორედ დიდი საპროტესტო აქცია მოეწყო ნარკოტიკის თემაზე. ანუ ამ ქვეყანაში ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებმაც უნდა დაიცვან და იცხოვრონ ამ ქვეყანაში, რეაგირებენ მხოლოდ ნარკოტიკის გამო უფლებების დარღვევაზე, ისინი იბრძოლებენ, თქვენი აზრით?
–  გავიხსენებ ერთ აბზაცს ერთი რუსი ბოლშევიკის მემუარებიდან, არასდროს მოგვითხოვია ქართველი ბოლშევიკებისთვის ისეთი სისასტიკე, რასაც თავიანთი ხალხის მიმართ იჩენდნენო. დღესაც იგივე სიტუაციაა. სულგაყიდული ქართველები თავს აწონებენ პატრონებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ზოგი იმით, რომ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ითხოვს; ზოგი იმით, რომ უნდა, მორალურად გარყვნას ქვეყანა. ასე რომ, ეს ეტაპიც გავლილი გვაქვს და სწორედ ამაზე ვილაპარკე დასაწყისში: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად უნდა გავაანალიზოთ, როგორი საქართველო უფრო სჭირდება დასავლეთს რადიკალურ ისლამთან საზღვარზე: დაბოლილი და გარყვნილი თუ ღირსეული და ბრძოლისუნარიანი. აი, ეს უნდა დავაყენოთ სახელმწიფო პოლიტიკისა და იდეოლოგიის დონეზე და გარწმუნებთ, დასავლეთს კავკასიაში არ სჭირდება ამორალური და დეზერტირი სტრატეგიული პარტნიორი. მას აქ სჭირდება სერიოზული ძალა, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები კავკასიაში და ფესვებში ვგულისხმობ ცხოვრების მამაპაპურ წესს, ტრადიციასა და ადათს და რომელსაც ნებისმიერი მყისიერი და მოულოდნელი შეტევის მოგერიება შეუძლია. სულ მცირე, რამდენიმე დღით შეჩერება მაინც, ვიდრე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები შემოგვეშველებიან, მაგრამ ამაზე ლაპარაკობს ვინმე? მე არ მომისმენია.
– და როგორია მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი?
– ერთი წუთით თავი დავანებოთ პოლიტიკას და მკითხველს ვკითხოთ, როგორი პარტნიორი უნდა, რომ ჰყავდეს? ჯანმრთელი, მორალურად გამართული, ძლიერი და საიმედო, ღირსეული თუ დაბოლილი, ამორალური და დეზერტირი, გაჭირვების დროს რომ დაიმალება და გაიქცევა?! მაგრამ შენ არ სთავაზობ დასავლეთს, რომ ასეთი ხარ. დღეს მოდაშია, რომ ფსევდოპოლიტიკურმა ძალებმა და ფსევდოსაზოგადოებრივმა ელემენტებმა, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და კორპორაციულ ინტერესებს ემსახურებიან, უთხრან მათ, რომ ჩვენ ამორალურები, დეზერტირები და ნაძირლები ვართ და გვინდა, რომ დაბოლილებმა ვიაროთ. არადა ეს ისეთი მესიჯია, რომელიც ყველას არ ეხება და თუკი საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი გარყვნილი, დეზერტირი, ნაძირალა და ამორალურია, დანარჩენი ნაწილი ღირსეულია, ყოველ შემთხვევაში, ღირსეულ ლიდერებს ღირსეულად გაჰყვებიან და საქართველოს ისტორიაში უამრავი ასეთი შემთხვევა ვიცით. როდესაც მიზანმიმართული, მორალური ლიდერი ჩნდება, საზოგადოება მაშინვე მის გარშემო ირაზმება მორალისა და ღირსების გრძნობით სავსე და არნახულ შედეგს აღწევენ. თუ ვინმეს არ ახსოვს, გაიხსენოს, როქის სპის 200-მა მებრძოლმა როგორ აშალ-დაშალა მტრის 200 000-იანი ლაშქარი. ერეკლე მეფის გამარჯვებებს გადახედონ, ქართველი გმირების ისტორია გადაიკითხონ, რა პირობებში ახერხებდნენ ხალხის მოგროვებას, რა ძალებს უპირისპირდებოდნენ და როგორ იმარჯვებდნენ. ჩვენ არასდროს გვყოლია ჩვენზე მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგე. როგორც წესი, 6-12 მტერი მოდიოდა თითო ქართველზე. ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, უბრალოდ, სწორი აქცენტებია დასასმელი და სწორად არის სათქმელი მისატანი ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე და რაც მთავარია, უნდა გავწეროთ სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგია და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარვუდგინოთ.
скачать dle 11.3